ზურამ თავი გადააქნია. მიხვდა, ნუკისთან ლაპარაკი წყლის ნაყვას ჰგავდა. შეიძლება, თავის მხრივ, მართალიც იყო მისი «მირანდა». იქნებ ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მსუბუქი ფლირტია და სხვა არაფერი? რა საჭიროა სიტუაციის ასეთი დრამატიზება? ტყუილად შეაშინა თათულიმ. მართალია, ნუკი გამოუცდელი ჩანს მამაკაცებთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ისეთი მიამიტია, კარგი და ცუდი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს.
მერედა, თუ ასეა, ზურა რატომ ვერ შეამჩნია? დაიჯეროს, რომ ის ვიღაც ზურაზე უკეთესია? იქნებ მაინც ასაკია გადამწყვეტი?
- რამდენი წლისაა? - მისდა უნებურად ხმამაღლა გამოუვიდა ნაფიქრი, თორემ ამ კითხვის დასმას არც აპირებდა… იკითხა და ინანა კიდეც.
- შენზე ახალგაზრდაა… ბევრად, - თითქოს ნიშნის მოგებით გამოუვიდა ცალწარბაზიდულს.
ამის თქმა და ზურას წამოხტომა ერთი იყო. თითქოს მდუღარე წყალი სახეში შეასხესო… სიბრაზისგან ნესტოები დაებერა, სახე წამოუჭარხლდა და ცუდი რომ არაფერი წამოსცდენოდა, სასწრაფოდ გასასვლელისკენ დაიძრა.
- მიდიხარ? - მსწრაფლ დაუთბა გოგონას ხმა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ თვალი გააყოლა მიმავალს.
ზურა შედგა. თავი შემოაბრუნა და ცივად ჩაილაპარაკა:
- შენ მართალი ხარ… როგორც ყოველთვის… შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და იცი, რასაც აკეთებ… იმედია, მაპატიებ, ცხვირი უდიერად რომ ჩავყავი შენს პირად ცხოვრებაში.
- მე ეს არ მითქვამს…
- მაგრამ იგულისხმე, - მამაკაცი მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა და მზერით გაბურღა.
- როგორც ჩანს, შენ სხვანაირად გაიგე… საქმე ის არის, რომ მთელი ეს წლები სხვები განაგებდნენ ჩემს ცხოვრებას… უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც იმ სხვებს მოესურვებოდათ. უნდა მეკეთებინა ის, რაც სხვებს სიამოვნებდათ და ჩემზე ამ დროს არავინ ფიქრობდა. ახლა ასე აღარ არის და, ბოლოს და ბოლოს, მინდა დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ შემიძლია, ვიყო თავისუფალი, ჩემით მივიღო გადაწყვეტილება და თვითონვე ვმართო ჩემი პირადი ცხოვრება. დამოუკიდებლობა მინდა, გესმის? მგონი, მაქვს ამის უფლება. ასე არ არის?
- ასეა… გაქვს… აბა, შენ იცი… ერთი რამ იცოდე მუდამ… მე შენი მხოლოდ კარგი გამიხარდება და თუ რამეში დაგჭირდე, შენ გვერდით ვარ…
- ვიცი… და დიდი მადლობა ამისთვის.
- ჰო… წავედი, - თავისთვის წაიდუდუნა ნირწამხდარმა მამაკაცმა და კარი უხმაუროდ გაიხურა…
ნუკიმ მისდა უნებურად ამოისუნთქა… თითქოს შვებით… თითქოს არც… რაღაც მძიმედ აწვა გულზე, რაღაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება (თუ შებოჭილობა) დაეუფლა… თავადაც არ იცოდა, რა აწუხებდა, უბრალოდ, ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე ვერ იყო, როგორც უნდა (თუ უნდოდა) ყოფილიყო… რა იყო ეს? ზურას ვერ ელეოდა? არც ამას გამორიცხავდა… იქნებ მართლა შეცდომას უშვებდა? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაფიქრებულიყო ამაზე ცივი გონებით? რამდენად მართებულია, გიასთან რომ გააბა რომანი? რას მოუტანს ეს ურთიერთობა? მორალი ამაზრზენი სენია. მიიღო სიამოვნება მამაკაცისგან, რომელსაც თითქმის არ იცნობ, ნევრასთენიაა მხოლოდ, ისტერიკა. ამაზე უფიქრია? არა, არასდროს. რა იცის მის შესახებ? თითქმის არაფერი. მერე? მერე… მერე… ამის იქით ნუკის ფიქრი ვერ მიდიოდა… მის გულში ახლა სრულ ქაოსს დაესადგურებინა…
8 8 8
ზურა გამძვინვარებული მიუყვებოდა ქუჩას. კიდევ კარგი, უმანქანოდ წამოვიდა, თორემ ალბათ სადღაც მიალეწავდა კიდეც, ასეთი გაშმაგებული რომ მისჯდომოდა საჭეს. შუბლი სუსხიან ნიავს შეუშვირა. ესიამოვნა ცივი ჰაერი… «როცა ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრებულია, როცა ერთადერთ სიყვარულს კარგავ, ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადოდ არ გყვარებია», - გამალებით ფიქრობდა და სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ, - «რატომღაც, მგონია, რომ მას არაფერი გამოუვა და ბოლოს აუცილებლად დამიბრუნდება. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე ყველაფერი, ჩემმა სიმარტოვეს შეჩვეულმა ცხოვრებამ, ჩემმა გაზარმაცებულმა სულმა… დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა! მამაკაცები, ქალები, ქვეყნები - ჩვენ ყველას ისე შეგვეყარა დამოუკიდებლობის სენი, რომ ვერ გავხდით დამოუკიდებელნი. უბრალოდ, მარტივად გავიძახით ამას, ეგ არის და ეგ! როცა უფრთხილდები ამ დამოუკიდებლობას მხოლოდ და მხოლოდ შენთვის, განწირული ხარ სიმარტოვისთვის. რა სულელური, ასე ვთქვათ, «ტექნიკური მიზეზების» გამო დავკარგე საოცნებო ადამიანი… საკმარისი იყო, თავის დროზე ცოტა მეაქტიურა, ცოტა, სულ ცოტა და… ყველაფერი კარგად იქნებოდა…»
ზურამ მწარედ ჩაიცინა და ხელი აიქნია. მიხვდა, რომ თავს იცავდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რა იყო სიყვარული და იმაზეც უარის თქმა უწევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ გული ამოაცალა… ადრე ამაზე არასდროს დაფიქრებულა. ნუთუ ტკივილი ცხოვრების ნორმად უნდა ექცეს? და მარტოსულობაც? ნუთუ არ ეყოფა ამდენი სიმარტოვე? ნუთუ თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფრის შენება? ეს ხომ ძალიან დამღლელია…
ალბათ ასეა საჭირო. ყველა ადამიანის ბედი ხომ ზეცაში წყდება… ალბათ ასე უნდა მომხდარიყო… უკეთესი იქნება, დაივიწყოს ბანალური აზრი მეორე ნახევრის პოვნის შესახებ, რომელსაც მარტო მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს… ორი გულის შეკავშირებისას ძნელია განსაზღვრო, რომელია მზე და რომელი - მთვარე. ეს სხვა სამყაროს არსებებია. შეიძლება ნუკიმ ზურა უარყოს, მაგრამ ზოგიერთი რამ მათი ნაცნობობიდან ღრმად ჩაეჭედება გონებაში და ვერასდროს წაშლის. მერე კი, წლების მერე, მოვა დრო, ყველაფერს გაიხსენებს და მწარედ ინანებს… იქნებ ამას არც კი დასჭირდეს წლები და ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში ან კვირაში მოხდეს? დაელოდება… თვალს მიადევნებს, რა მოხდება და როგორ. ხელს არ შეუშლის. თუკი ნუკი მიიჩნევს, რომ იმ სხვასთან უფრო ბედნიერი იქნება, დაე, ასე იყოს. ზურას სულაც არ სურს, მისგან ბედნიერება ვალად დაიდოს. ზრდასრული ქალია და თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი!
8 8 8
ნოემბერი წვიმებით დაიწყო. სამი დღე გადაუღებლად წვიმდა და წვიმდა. უჟმურმა ამინდმა ნუკის გუნება-განწყობილება წაუხდინა. ვერც სამუშაოს უდებდა გულს. ამ ყველაფერს თათულის დაუმთავრებელი უხასიათობაც (დეპრესია) დაერთო. ქალი ყოველ დილით თვალებდასიებული მოდიოდა სამკერვალოში. გეგონებოდათ, მთელი ღამე ტირილში გაატარაო. შეიძლება ასეც იყო, ნუკი ამას საიდან გაიგებდა, როცა ქალი ხმას არ იღებდა, რაღაც ძალიან დიდ ტკივილს უხმოდ ინახავდა გულში.
გიასგან კვლავ არაფერი ისმოდა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაარკვია. არც საიტზე გამოჩენილა, არც მესიჯებს წერდა. ის კი არა, იქაური ნომერი ბოლო დღეებში სულ გამორთული ჰქონდა. ბოლოს, როცა იმედი თითქმის (სრულიად) გადაეწურა, გადაწყვიტა, ნელისთან გასულიყო, იქნებ მისგან მაინც გაეგო რამე. ან სულაც, ყველაფერი არ მოეყოლა დაქალისთვის… ან გაამხნევებდა, ან დატუქსავდა. მეტს რას უზამდა? ისე იყო დამძიმებული ამ გაურკვევლობით, უარესი რაღა უნდა დაემატებინა მეგობარს?
არადა, ამ თავსხმა წვიმაში როგორი იყო გარეთ გასვლა? ძალიან ეზარებოდა. ტელეფონით არ ღირდა ასეთ «საჭირბოროტო» თემაზე საუბარი. მაინც წასვლა გადაწყვიტა. ტაქსი გამოიძახა და ნახევარ საათში უკვე დაქალთან იყო.
- ვა! რა ქარმა გადმოგაგდო? - ნელის გაუხარდა მისი დანახვა, - კარგ დროს მოხვედი, ყავას ვადუღებდი, ხომ დალევ?
- დავლევ, რა ვიცი, ოღონდ მსუბუქი გამიკეთე, ნახევარი კოვზი ჩამიყარე, კარგი?
- კარგი… როგორ ხარ? რას შვრება შენი რომანი? - ნელი თან საქმიანობდა, თან ნუკის ელაპარაკებოდა.
- რომელი რომანი? - გაწითლდა გოგონა.
- ზურა როგორ გყავს?
- ოო! რა რომანი, კარგი რა. არის თავისთვის. მაგას ქალი და, მით უმეტეს, ცოლი არ სჭირდება. უკვე მივედი მაგ დასკვნამდე.
- რას მელაპარაკები! აკი ყველაფერი კარგად იყო?
- ოოჰ, მოიცა რა! ის მარტოობასაა მიჩვეული და ასე ურჩევნია. ხომ იცი, მაგ ასაკში კაცებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. შენ ის მითხარი… ის რას შვრება… რა ჰქვია?.. გია, მგონი, ხომ? ძალიან სიმპათიური რომ გვყავს მე და შენ მეგობრებში.
- «კრასავჩიკ ჯორჯი»? რა ვიცი, არის რა. გუშინწინ ვნახე, სადღაც გარბოდა. ორი წუთით ძლივს გავაჩერე ქუჩაში. რატომ მეკითხები?
ნუკიმ იგრძნო, როგორ მისდიოდა ფერი (გულიც)… თითქოს მოეყინა თითები… თვალებზე ლიბრი ნელ-ნელა გადაეკრა, დაბრმავდა თითქოს…
- არაფერი, ისე… - ძლივს ჩაილაპარაკა ლამის გონდაკარგულმა და დანაღვლიანებულმა ფანჯარაში გაიხედა.
რა საშინლად უცემდა გული… წამითაც არ ემორჩილებოდა ნუკის… თითქოს თავისთვის «მიერეკებოდა», თითქოს ეჩქარებოდა სადღაც… ამ სიჩქარეში კი ხანდახან ისე წაიბორძიკებდა, საცაა, საგულიდან ამოვარდება და მიწას დაასკდებაო… რა ურჩია ხანდახან გული…
- მამამისი როგორ არის? - ჩაესმა ნელის ხმა.
- ვინ მამამისი?
- ზურას მამაზე გეკითხები! - ნელიმ ამასობაში სუფრა გააწყო და ნუკი მაგიდისკენ გამოემართა.
- რა ვიცი, არის რა… აგროვებს ინფარქტების კოლექციას.
- კიდევ გაუმეორა?
- ჰო, უკვე მესამედ ჰქონდა და მაინც გადარჩა.
- კოსმონავტის გული ჰქონია, - ნუკის თითქოს შორიდან ჩაესმოდა ნელის ხმა, სრულიად სხვაგან ქროდა მისი გონება.
მეგობარი დიდხანს ლაპარაკობდა რაღაცაზე (თუ ვიღაცაზე). ნუკი უაზროდ იღიმოდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი მონაყოლიდან.
- სადღაც სხვაგან ხარ… რა გჭირს? - გაშლილი ხელი ფსიქიატრივით გაუქნია ცხვირწინ დაქალმა.
- არაფერი. გადავიღალე ამდენი მუშაობით.
- გაგიცივდა ჩაი. შენ ხომ არ გიყვარს თბილი ჩაი, თუ შეეჩვიე? - ქვემოდან დაკვირვებით ახედა ნელიმ.
- უნდა წავიდე… - ჩაიჩურჩულა მოულოდნელად ნუკიმ, წამოდგა და აჩქარებით გაემართა კარისკენ.
- მოიცა, სად მიდიხარ? რა გეტაკა? ნუკი, რა გჭირს? - გაოგნებული ნელი ფეხდაფეხ გაეკიდა.
- მერე მოგიყვები, მაპატიე, ახლა უნდა წავიდე. არაფერი მკითხო, გთხოვ, - ცრემლიანი თვალები მიანათა მეგობარს გოგონამ და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.
წვიმა (ქარიც) სახეში სცემდა. ქუჩაში კანტიკუნტად თუ შეხვდებოდა ვინმეს… ახლა შეეძლო თავისუფლად (თან ხმამაღლა) ეტირა, ვერავინ შეამჩნევდა კოკისპირულ წვიმაში მის ცრემლებს… იტირა კიდეც. მიდიოდა და გულამოსკვნით ტიროდა, არავის (და არაფერს) აქცევდა ყურადღებას. უეცრად შედგა, თითქოს რაღაც მოაფიქრდაო. ჩანთაში ჩაყო ხელი და მობილური ტელეფონი მოიძია. იქვე, სადარბაზოს შეაფარა თავი და მესიჯის აკრება დაიწყო: «ნეტავ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?» - და გიას ნომერზე გააგზავნა ისე, რომ არც შეუმოწმებია, მამაკაცს ჩართული ჰქონდა თუ არა ტელეფონი. იმწამსვე მოუვიდა შეტყობინება, რომ წერილი ადრესატამდე «მშვიდობით» მივიდა. ესეც ასე! გაიგოს, რომ მისი ჩამოსვლის ამბავი უკვე იცის. მატყუარა, საზიზღარი! ვინ ჰგონია თავი, რას ეთამაშება? ერთხანს დაელოდა, იქნებ პასუხი მომწეროსო, მაგრამ მესიჯი იგვიანებდა…
კვლავ გააგრძელა გზა. გადაწყვიტა, სამკერვალომდე ფეხით მისულიყო… მიდიოდა… მიდიოდა… დიდხანს, ძალიან დიდხანს… გზა არ დაილია… არც მისი სევდა…
8 8 8
გიამ მხოლოდ მეორე საღამოს დაურეკა. ნუკი უკვე აღარ ელოდა მისგან მესიჯს (ზარს, მით უმეტეს). მამაკაცი უგუნებოდ ჩანდა. იქნებ არც იყო უგუნებოდ და პასუხის დაგვიანების გამო აჩვენებდა თავს უხასიათოდ? არც ეგ იყო გამორიცხული. საყვედურის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გიამ მიაყარა და მიაყარა.
- მაპატიე, ნუკი, ვეღარ შეგეხმიანე. ვიცი, გაბრაზებული ხარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, სიხარულო. ერთი კვირაა ჩამოვედი, მაგრამ მაშინვე ბათუმში მომიწია გამგზავრება. პრობლემები შეგვექმნა საქმეში. ვიფიქრე, როცა ყველაფერს მოვაგვარებ, მერე შევხვდები, მშვიდ ატმოსფეროში-მეთქი. სიგიჟემდე მინდა შენი ნახვა. რომ მოვიდე, წამოხვალ ჩემთან?
სასოწარკვეთამდე მისული გოგონა უეცრად მოლბა, გიას ხმამ ყველა წყენა (საყვედურიც) დაავიწყა და მსწრაფლ დათანხმდა. ოღონდ კი ენახა და აღარაფერს დაეძებდა.
- მაგრამ ჩემთან უნდა დარჩე ამაღამ, კარგი?
- ვნახოთ, არ ვიცი… - მაინც დაიზღვია თავი გოგონამ.
…ერთი საათის შემდეგ ნუკი უკვე გიას მანქანაში იჯდა…
რომელიღაც კორპუსის რომელიღაც სადარბაზოსთან დაამუხრუჭა მამაკაცმა. არც ერთი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ერთხელ მოხედა გიამ და იდუმალი ღიმილი ესროლა. ნუკიმ «გაატარა» მისი ღიმილი, ნაკვთი არ შერხევია, თითქოს სახე გაქვავებოდა. რომ არ დასველებულიყვნენ, სირბილით შევარდნენ სადარბაზოში. მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და როცა კაბინაში შევიდნენ, თითი მეხუთე სართულის ღილაკს მიაჭირა…
- აი, უკვე ადგილზე ვართ. არ ვიცი, რას იფიქრებ ჩემზე, ალბათ, ძალიან სასტიკი მოგეჩვენები, მაგრამ დროა, გავიცნოთ ერთმანეთი. მე გიორგი მქვია, წარმოშობით მთიული ვარ, ვცხოვრობ თბილისში. ვარ ბიზნესმენი, თუმცა არცთუ მდიდარი, სიმაღლით - მეტრი და ოთხმოცდათორმეტი, ოცდაცამეტი წლის და მოცემულ მომენტში ვდგავარ საბურთალოზე მდებარე ერთი კორპუსის მეხუთე სართულის მოედანზე, ერთი ქალის გვერდით, რომელიც ასევე არსებობს სინამდვილეში. არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ გამაჩნია, ამწუთას სწორედ ამ ადგილას ვიმყოფებოდე და არა სადმე სხვაგან. ეს ის არის, რასაც შექმნილ ვითარებას უწოდებენ: შემთხვევით შევხვდით, შემთხვევით გავუწოდეთ ერთმანეთს ხელი და ვცდილობთ, ერთმანეთს ბედნიერება ვაჩუქოთ… რას იტყვი, კარგად გამომივიდა? - მისმა საოცარმა სიცილმა და ბუბუნა ხმამ სიამოვნების ჟრუანტელი მოჰგვარა ნუკის, თავბრუს მამაკაცის სიახლოვეც ახვევდა.
ბინაში შესულმა ცნობისმოყვარე (და დაკვირვებული) მზერა მოავლო იქაურობას. სასტუმრო ოთახი ძალიან (ზედმეტადაც) ნათელი იყო. ფანჯრიდან აკაციის ნახევრად გაძარცვული ხეები მოჩანდა. ლარნაკში გამხმარი ყვავილები ეწყო, თუმცა ძნელი მისახვედრი იყო, საიდან უნდა მოხვედრილიყო უქალო ბინაში ერთ დროს ცოცხალი ყვავილები. იქნებ სხვა ქალისთვის იყიდა და იმას დარჩა? ამის გაფიქრებაზე ძრწოლამ აიტანა. გიამ ტელევიზორი ჩართო. ოთახში ფლეიტის მელოდია დაიღვარა, რომელიც თითქოს ერწყმოდა ოთახში დასადგურებულ სიმარტოვეს. მამაკაცმა ლაბადა ჩამოართვა გოგონას, ჩანთაც, ქუდიც და სადღაც წაიღო.
კვლავ მიმოიხედა ნუკიმ. არეული იყო იქაურობა. იგრძნობოდა, რომ ამ სახლში ქალი არ ცხოვრობდა. მუქმწვანე ნაჭრის სავარძელში ჩაჯდა და მოკუნტული დაელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. გია დაბრუნდა, მაგრამ არ დამჯდარა.
- გშია? - ჰკითხა გოგონას, მის წინ ჩაიმუხლა და ხელები წელზე მოხვია.
- არა, - ჩამწყდარი ხმით უპასუხა ნუკიმ და შეეცადა, შუმჩნევლად გადაეყლაპა ყელთან გაჩხერილი ნერწყვი. მთელი სხეული ციებიანივით უთრთოდა.
- მოდი, ჩამეხუტე, - ყრუ ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, ვეება მკლავები მძლავრად მოხვია და აკანკალებულმა მკერდზე მიიკრა სიფრიფანა სხეული, - როგორ მომნატრებიხარ, რომ იცოდე, როგორ მომნატრებიხარ… - ვნებიანად ჩურჩულებდა იგი და ხარბად კოცნიდა ქალის ყელს…
8 8 8
ნუკი ხმაურმა გამოაღვიძა. თავი წამოსწია და მიიხედ-მოიხედა… ერთხანს გაოგნებული იყურებოდა იქით-აქეთ, ვერ გამოერკვა, სად იმყოფებოდა. უეცრად სააბაზანოს კარი გაიღო და გია გამოვიდა. გოგონას სუნთქვა გაუჩერდა მამაკაცის დანახვაზე. კიდევ კარგი, ჩაცმული იყო, თორემ ალბათ გულიც წაუვიდოდა. მისდა უნებურად, სახეზე საბანი აიფარა.
- გაიღვიძე? - ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს მათ შორის წუხელ არაფერი მომხდარიყო.
- ჰო, - ყრუდ უპასუხა გოგონამ, წამოიწია და თვალებით ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.
ვაი, სირცხვილო! მისი ტანსაცმელი იატაკზე უწესრიგოდ ეყარა! სასწრაფოდ წამოხტა და გამალებით შეუდგა ჩაცმას.
გიამ ტელევიზორი ჩართო. ნუკიმ თავი მოიწესრიგა და ოთახში გავიდა. გია გულგრილად იჯდა სავარძელში და ეკრანს მისჩერებოდა.
- ყავას დალევ? - გაუბედავად ჰკითხა გოგონამ.
- კი, დავლევ. იქ არის, სამზარეულოშია ყველაფერი.
ნუკი სამზარეულოში გავიდა და ყავის მოდუღებას შეუდგა, თან წუხანდელი ღამის აღდგენას ცდილობდა გონებაში… რაღაც ახსოვდა, რაღაც არა… მთავარი ის იყო, რომ ვერაფრით მიხვდა, ამ ერთმა ღამემ სიამოვნება მიანიჭა თუ უსიამოვნება… ყველაფერი ნაჩქარევად მოხდა… მიუჩვეველი იყო მამაკაცთან ყოფნას, მით უმეტეს - ერთ საწოლში, მით უმეტეს - მოფერებას…
ამ დროს გია შემოვიდა.
- რატომ ხარ ასე ჩუმად? - ჰკითხა და თმაში შეუცურა თითები.
გოგონას ჟრუანტელმა დაუარა.
- რა ვიცი… რა უნდა ვთქვა?
- არ გინდა, შთაბეჭდილებები გამიზიარო? - იდუმალი ხმით ჩაეკითხა მამაკაცი.
ნუკიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
- ეგ არის შენი პასუხი? - გიამ თავისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა.
გოგონამ მზერა აარიდა.
- თვალებში შემომხედე! - ნიკაპი დაუჭირა მამაკაცმა.
- ყველაფერი ძალიან კარგი იყო, - ჩურჩულით ამოთქვა ნუკიმ.
- ჰო-ო? მართალი მითხარი.
- ჰო. უბრალოდ, ცოტა დავიძაბე და… მიჭირს იმის აღქმა, რაც წუხელ იყო… დიდი ხანია, ასე არ ყოფილა.
- მე უარესს ველოდი, რომ იცოდე.
- უარესს? რას, უარესს?
- მეგონა, ქალიშვილი იყავი.
- მე ეგ შენთვის არასდროს მითქვამს, - თვალი თვალში გაუყარა ნუკიმ.
- მაგრამ არც ის გითქვამს, არ ვარო, - გაიღიმა გიამ.
- და შენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს? - ცივად შეეკითხა.
- არა, რა თქმა უნდა. ისე ვთქვი, უბრალოდ…
- შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
- 2 კოვზი.
ნუკიმ ზურგი შეაქცია მამაკაცს და საქმე გააგრძელა. გია ოთახში გავიდა და კვლავ სავარძელში ჩაჯდა.
ყავა ისე დალიეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია. მერე ნუკიმ მაგიდა აალაგა და ჭურჭელი დარეცხა. გია ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, ალბათ მესიჯებს თუ კითხულობდა.
- მე წავალ, - ჩამქრალი ხმით თქვა გოგონამ.
- გაგაცილებ…
- არ მინდა! არ გამაცილო! - ისე იუარა, მამაკაცმა გაკვირვებით შეხედა.
- მოხდა რამე?
- არა, არაფერი. წავალ მე.
- დაგირეკავ, ნუუკ. არ ინერვიულო. გგონია, ვერ ვხვდები, რაც გაწუხებს? არ იფიქრო არაფერზე. მე შენ მიტოვებას არ ვაპირებ. გესმის? ამ დღეებში შეგეხმიანები, - მხარზე ხელი გადახვია მამაკაცმა, კარამდე მიაცილა, ერთი გემრიელად აკოცა და იქამდე გაჰყურებდა გოგონას, სანამ იგი ლიფტში შევიდოდა…
8 8 8
მთელი კვირის კვირის განმავლობაში გიას ერთხელაც არ მოუკითხავს ნუკი. არც ზარი, არც მესიჯი… არაფერი, არაფერი… ვერაფერს აკეთებდა, თავზარდაცემული (და ნირწამხდარი) დადიოდა წინ და უკან… აღარაფერი ახარებდა. თათულის არ გამოჰპარვია მისი ხასიათის ცვალებადობა. უნდოდა, ეკითხა, რა გემართებაო, მაგრამ თავს იკავებდა, თვითონაც ხომ არაფერს უყვებოდა თავისი პირადის (მით უმეტეს, ზურას) შესახებ. ამიტომ ამჯობინა, არაფერი ეკითხა. თუ ასე გაგრძელდებოდა, იქამდე მივიდოდა საქმე, რომ მუშაობის გაგრძელებას ვერც ერთი შეძლებდა და სამკერვალოსაც დახურვა დაემუქრებოდა. რაღაც უნდა ეღონა ან ერთს, ან მეორეს, რომ სიტუაცია როგორმე გამოესწორებინა. ამის უნარი კი, ჯერჯერობით, არც ერთს არ ჰქონდა.
ზუსტად ერთი კვირის თავზე, გვიან ღამით, ნუკის მობილურზე სასურველი მელოდიის ხმა გაისმა. გოგონას სუნთქვა შეუგუბდა, ხელის კანკალით აიღო ტუმბოზე დადებული ტელეფონი და საოცრად სევდიანი ხმით უპასუხა სასურველ მამაკაცს. გია შეხვედრას სთხოვდა, მინდა, ოცნებები ბოლომდე აგისრულოო. იმდენად მაცდუნებელი იყო მამაკაცის წინადადება, ნუკი ხმას ვერ იღებდა, სიბნელეში წამწამებს ახამხამებდა მხოლოდ (როგორც სჩვეოდა დაბნეულობისას). ახლავე გამოგივლი და ჩემთან წამოდიო, სთხოვდა გია. აბა, როგორ ეტყოდა ასეთ რამეზე უარს? მაშინვე წამოხტა და ჩაცმას შეუდგა…
მერე გიას მთელი გზა ჩაბღუჯული ჰქონდა მისი ხელი. შიგადაშიგ ტუჩებთან მიიტანდა გოგონას ხელის ზურგს და ნაზად კოცნიდა. ნუკის ციებიანივით გააჟრიალებდა ხოლმე - ხან წამოხურდებოდა, ხანაც კანკალი აიტანდა.
- ძლივს გავძელი ერთი კვირა, ძლივს, ძლივს, - ვნებამორეული აჩურჩულდა მამაკაცი, როგორც კი ოთახში შევიდნენ და მოეხვია…
შუქის ანთებაც კი არ უცდია, ისე წაეტანა გოგონას. ჩქარობდა… ჩქარობდა მამაკაცი, მისი თითები მოუთმენლად ხდიდნენ ნუკის ტანსაცმელს, თითქოს ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება, ჩქარა ეხილა ქალის შიშველი სხეული და შეხებოდა (და შერწყმოდა) მას… თან წარამარა იკრავდა გულში, ძლიერად, უფრო ძლიერად, თუმცა ამაზე ძლიერად ალბათ შეუძლებელიც იყო…
ნუკის გული ბუდიდან ამოხტომას ლამობდა, უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ენა არ ემორჩილებოდა… უნდოდა, კოცნაზე კოცნით ეპასუხა, მაგრამ ვერ ახერხებდა… მამაკაცის თავბრუდამხვევ სურნელს ისრუტავდა მხოლოდ, ჩუმად, მალულად და თანდათან ისე ბრუვდებოდა, თითქოს ძლიერმოქმედი ნარკოტიკის მოქმედების ქვეშ ყოფილიყო…
პირველ შეხვედრაზე ვერ აღიქვა, რა ხდებოდა მის თავს. ახლა კი… თითქოს გაორმაგებული ვნებიანობით გრძნობდა, საყვარელი მამაკაცი რომ ეფერებოდა. სუნთქვაგახშირებული მთელი სხეულით (არსებით) მიიწევდა მისკენ. ჰო, ეს ნამდვილად ის იყო, რაც მას სურდა. ყველა ის ქალური საწყისი, რაც მასში იყო, ამ მამაკაცის სიღრმისეულ ენერგიას უერთდებოდა…
- ეს ის არის, რისთვისაც ვართ შექმნილი, - უჩურჩულა გიამ, - ეს ის არის, რაც უნდა იყოს ჩვენ შორის. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რას მოგვიტანს ეს ურთიერთობა. არჩევანი შენ უნდა გააკეთო.
ნუკი დაიძაბა. რატომ ეუბნება ამას? ნუთუ ვერ ხედავს, რა ემართება მისი შეხებისას? ნუთუ ვერ გრძნობს? მეტი რაღა უნდა გააკეთოს? რას მოითხოვს მისგან სხვას? რამე განსაკუთრებულად უნდა მოიქცეს? დაბნეულმა არ იცოდა, რა მოემოქმედა. ხმას არ იღებდა, ღონემიხდილი სახეს და ყელს უშვერდა აღგზნებულ მამაკაცს და აცახცახებული ემორჩილებოდა მისი მომთხოვნი მკლავების ყველა სურვილს…
გაგრძელება იქნება