"სიუზანი ბაღში სეირნობისას ნაპოლეონ III-ის მეუღლეს შეუნიშნავს, პატარა ასულს მშვენიერ სახეზე მოჰფერებია და აღფრთოვანებით უთქვამს, ეს რა საყვარელი ბავშვიაო".
"გივის არაფერი უსწავლია და დროს მხოლოდ უზომო გართობაში ატარებდა. მამას უამრავ ფულს ართმევდა თავშესაქცევად".
მხატვრისა და მოცეკვავის გრძელი გზა აღიარებისკენ ბრაზილიასა და საფრანგეთში
შორეული ბრეტონიდან, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სოფელ ლამპალუზ-პლუარზელიდან ჩემ მიერ ჩამოტანილ საარქივო მასალას შორის ერთი ძველებური ფოტო გამოირჩევა. მასზე გამოსახულია გოგონა თავსაკრავით გაყოფილი წაბლისფერი თმით, ლამაზი პირისახითა და სევდიანი თვალებით. როგორც ჩანს, მას იისფერი, იასამნისფერში გარდამავალი მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა.
XIX საუკუნის შუა ხანებში ეს მომხიბვლელი გოგონა ინჟინერ მეუღლესთან ერთად, რომელიც ტრანსციმბირული რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდა, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. აქ წყვილს ქალიშვილი - სიუზან იოანესი შეეძინა. სამწუხაროდ, იგი უიღბლო აღმოჩნდა - 3 წლისას ჯერ მამა, შემდეგ კი დედა გარდაეცვალა. დაობლებული გოგონა ნათლიამ საფრანგეთში წაიყვანა და იქ დედათა მონასტერს მიაბარა. იოანესის ქალიშვილი მონასტერში 18 წლამდე იზრდებოდა.
ნათლია დაობლებულ გოგონას მონასტრის პანსიონატში ხშირად აკითხავდა. ის სიუზანის გონიერებითა და სილამაზით ტკბებოდა. გოგონას ჰქონდა მოოქროსფრო-წაბლისფერი თმა, ღიღილოსფერი თვალები, რძისფერი პირისახე, ღია ხორბლისფერი კანი, წითელი და საოცრად მოხატული ტუჩები, სახის სუფთა ოვალი და კლასიკური ცხვირი. ერთი სიტყვით, პატარა მარგალიტი გახლდათ.
ერთხელ სიუზანი ბაღში სეირნობისას შემთხვევით საფრანგეთის დედოფალს, ნაპოლეონ III-ის მეუღლეს, ევგენია მონტიხს შეუნიშნავს. გვირგვინოსანი პატარა ასულისკენ დახრილა, მშვენიერ სახეზე მოჰფერებია და აღფრთოვანებით უთქვამს, ეს რა საყვარელი ბავშვიაო. სიუზან იოანესი დიდხანს იგონებდა დედოფლის ძვირფას, მოხდენილ კაბას - შავი და თეთრი ლენტების მონაცვლეობით გაწყობილ შანტიის მაქმანებიან კრინოლინს.
სრულწლოვან სიუზან იოანესს ნათლიამ შეძლებულ ფრანგზე ქორწინება შესთავაზა, მაგრამ გოგონამ მტკიცე უარი განუცხადა. მას რუსეთის იმპერიაში სურდა დაბრუნება. სურდა ის ადგილები მოენახულებინა, სადაც დაიბადა და სადაც მშობლები გარდაეცვალა. სწორედ ამიტომ ეძებდა რუსულ ოჯახს, რომელიც მას მოსამსახურედ აიყვანდა. სიუზანის ჩანაფიქრი მალევე ასრულდა, რადგან თავის ნაცნობთა შორის იპოვა ისეთი რუსი გენერალი, რომელიც ტფილისში მცხოვრები მეგობარი ქართველი თავადის ქალიშვილებისთვის ფრანგ გუვერნანტს ეძებდა.
სიუზან იოანესი მალე საქართველოში, დაქვრივებული ქართველი თავადის, ჯორჯაძის სახლში აღმოჩნდა... მის აღსაზრდელთა შორის იყვნენ ახალგაზრდა გუვერნანტის თითქმის თანატოლი გოგონები და მასზე ოდნავ უფროსი ვაჟები. ჯორჯაძის ასულები ძალიან მოიხიბლნენ ფრანგი გუვერნანტით. სიუზანი უკრავდა პიანინოზე, აკეთებდა მომხიბლავ ჩანახატებს და საინტერესო დღიურებს წერდა.
"თქვენ უნდა დაემსგავსოთ ქალბატონ სიუზანს, იგი თვით სრულყოფილებაა!" - ხშირად ეუბნებოდა თურმე თავის ქალიშვილებს დაქვრივებული თავადი ჯორჯაძე. სიუზანის შესანიშნავი გარეგნობა და მომხიბლავი მანერები არც თავადიშვილებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. შეუმჩნეველი კი არა, ერთ-ერთ ჯორჯაძეს თავდავიწყებით შეუყვარდა მოსამსახურე ქალიშვილი და მამის ლოცვა-კურთხევის შემდეგ ცოლად შეირთო... ქართველი თავადიშვილის ახალშერთულმა მეუღლემ მალევე შეისწავლა ქართული და რუსული ენები. იგი ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა წვეულებაზე - ყველგან ანათებდა და კაშკაშებდა, ჩრდილავდა გარშემო მყოფთ. მეტიც, ყველა ზეიმის უცილობელი დედოფალი იყო.