შეუძლებელია, ერთხელ მაინც ანა კორძაია-სამადაშვილის მიერ მოყოლილი ამბავი მოგესმინათ და არ მონუსხულიყავით, ან მისი გამორჩეული ლექსიკა, თხრობის მანერა და გულწრფელობა, მაშინაც კი, როცა სულაც არ გესმით, რაზე საუბრობს ის, დაგავიწყდეთ.
ანა ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წ. მისი მოთხრობების კრებულმა "ბერიკაობა", სოფიო კირვალიძის ფსედონიმით.
მწერალს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა "ზინკა ადამიანი":
"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც, განსაკუთრებით კი ისინი, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობდნენ, იფიცებოდნენ, ჩვენი ქალაქი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია და აქ ისეთები ხდება, სხვა ქალაქებს არც დაესიზმრებათო.
სწორედ ამ ქალაქში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში, ცხოვრობდა ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, რომელსაც ბედმა ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა, მაგრამ იმავე ბედმა გაუღიმა კიდეც და განუყრელი აკორდეონი რავიატა, უახლოესი მეგობრები – კოტიკო და დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა აჩუქა.
ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“ სწორედ ამ ადამიანების ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი, მაგრამ ამ ისტორიებში, როგორც ნაკვერჩხალში – ჯადოსნური სასახლე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება."
მიუხედავად იმისა, რომ ანას მხატვრულ ჩანაწერებში ძნელია, გაარჩიო, რა არის სინამდვილე და რა - ფანტაზია, ის სამოქალაქო პიზიციასა და საკუთარ დამოკიდებულებას სოციალური საკითხების მიმართ ყოველთვის მკაფიოდ და გასაგებად გამოთქვამს. საინტერესოა მწერლის მოსაზრება ქართველი ქალებისა და მათი სოციალური ფუნქციის შესახებ:
"ჩემს ქვეყანაში ქალები არიან ძალიან ლამაზები, ძალიან ძლიერები, უთავბოლოდ ჭკვიანები, უგზოუკვლოდ განათლებულები და ისეთი მოყვარულები, რომ, იმის გამო, რომ მათ მეტის გაკეთების შანსი აქვთ, თავიანთი არაჩვეულებრივი კაცებისთვის გაუთავებლად იბრძვიან. ხოლო მოძალადე, არამზადა, ბოროტი, ღირსების ქუდის მომხდელი, ალბათ, ყოველთვის, ყველგან არის..." - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
"ბედოვლათის სინდრომი, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირიდან გვერგო, მე მგონი, დღემდე მუშაობს. ძალიან სიმპათიურია ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი აქვს, ჩამოგრძელებული ცხვირი, უნებლიე შარდვა, ფული არ აქვს, ცოლმა მიატოვა, ლოთია – მაგრამ “ისეთი კარგი ბიჭია!..” რატომღაც ეს სტერეოტიპი არსებობს, სიმპათიურ გმირად გამოგვყავს რაღაცა სრულიად დაუდგენელი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუსაძლისი და აუტანელია.”
