მედეა ჯაფარიძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე. ის 1994 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მედეა ჯაფარიძის სახელი უკვდავია, მის მიერ შესრულებული როლები კი - დაუვიწყარი.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვ.
მისი წარმატების პარალელურად, საინტერესოა მედეა ჯაფარიძის პირადი ცხოვრებაც. ბევრს არ ეცოდინება, რომ უმშვენიერესმა მსახიობმა საკუთარ გვარზე უარი თქვა და დედის გვარი მიიღო. მისი მამა, ვალერიან მაჭავარიანი, მენშევიკი იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მედეამ დედის გვარის ტარება ამჯობინა.
როგორც ცნობილია, მედეას მამა ემიგრირებული იყო, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ კი საფრთხის ასარიდებლად ის დედის გვარზე ოფიციალურად გადავიდა. თავად ყოველთვის ამბობდა, რომ დედა ძალიან უყვარდა და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო, სიმართლე კი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი.
მედეა ჯაფარიძის ბავშვობა და ახალგაზრდობა ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიებმა შეიწირა. ინგლისელებმა ბიძა, დედის ძმა, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს. ამ უბედურებამ სულიერი წონასწორობა დაურღვია დედამისს, ხშირად იწვა საავადმყოფოში, საიდანაც შვილის სანახავად გამოიპარებოდა ხოლმე. თავად მსახიობი ასე იგონებდა: ”ოთხი წლიდან მახსოვს, როგორ მომგლეჯდნენ ხოლმე მის კალთას და საავადმყოფოში მიჰყავდათ. დედა პერიოდულად ხდებოდა ავად და ხშირად გვაშორებდნენ ერთმანეთს. ჩემ მეტი აღარავინ ჰყავდა, ამიტომაც მანებივრებდა განსაკუთრებით და ამიტომაც უჭირდა ჩემთან დაშორება. ხანდახან საავადმყოფოდან გამოიპარებოდა ღამღამობით და სახეზე დადენილი მისი ცრემლი მაღვიძებდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ასე ვიძინებდით. შემდეგ კვლავ მოვიდოდნენ ვიღაც ადამიანები და ძალით მიჰყავდათ“.
ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე ცნობილი ქუთაისელი მსახიობი გრიგოლ (გრიშა) კოსტავა იყო. გრიგოლ კოსტავა მალე ანტისაბჭოური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ბევრჯერ დაიწერა, როგორ შეაწრიალა ახალგაზრდა, სულ რაღაც 20 წლის გოგონამ ლამის მთელი საბჭოთა კავშირი ქმრის გადასარჩენად და მოახერხა დახვრეტის ვერდიქტის გადასახლებით შეცვლა.
თუმცა მედეაზე კარგახელათი უფროსმა გრიშამ, რომელსაც დაბრუნების იმედი არც ჰქონდა, კარგად იცოდა, ასეთ ლამაზ ქალს არ მოასვენებდნენ და ურჩია, თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდებოდა, გათხოვილიყო.
ამ ამბის მერე მედეამ გადაწყვიტა, სწავლისათვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მოსკოვში გაემგზავრა კვლავ, ამჯერად უკვე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად.
"სამხატვრო თეატრს მივაშურე, რათა იქნებ თავისუფალ მსმენელად მივეღე. მიმიღეს, ახდა ოცნება. მე სამხატვრო თეატრის კედლები შემომცქერიან. ვცხოვრობ ჩვენებთან, დედაც ხშირად ჩამოდის და სწორედ ამ დროს გავიცანი რეზო. ეს იყო 1947 წლის დასაწყისი. რეზო იქ სწავლობდა დიპლომატიურზე. მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო. თანაც, მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას. რეზო, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რადგან მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა. თან, ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას.
სტუდიაში თანდათან დავიმკვიდრე ჩემი ადგილი, სერიოზული როლები შემომთავაზეს. ლენინგრადელმა კედროვმა გადაწყვიტა, მოვესინჯე ჯულიეტასა და ოსტროვსკის „უმზითვოში“ ლარისას როლებზე. როცა რეზოს უნდა შევხვედროდი და მეამბნა ჩემი წარმატების შესახებ, მოვიდა ტელეგრამა: „დედა ავად გახდა, სასწრაფოდ ჩამოდი!“ ყველაფერი თავზე დამენგრა. სახლში ტირილი არ შემეძლო, ბიცოლა ავად იყო და მისი შეწუხება არ მინდოდა. არბატზე, სტაროკანიუშენზე ჩემი უფროსი მეგობარი ქალი – ფაინა ცხოვრობდა და იქ წავედი, ბოლომდე რომ გამომეტირა ჩემი დამსხვრეული ოცნებები. რეზოს დავურეკე, სახლიდან ვერ დავურეკავდი ჩვენების შიშით. ისიც წამსვე მოვარდა და მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა.
"დედა მეორედ გათხოვდა, მამაც მალე დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით"
მაშინ მივხვდი, მას ხელს უკვე ვეღარ ვკრავდი. უნდა მეშველა ჩემი თავისთვისაც და მისთვისაც. ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მძიმე გულით დავემშვიდობე სამხატვრო თეატრ-სტუდიას და მთელი სიყვარული ჩემი ჩასვლით უზომოდ გახარებულ დედას დავუთმე. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით ორივე, თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ჰყვარებიათ. ამ დროს მიმდინარეობდა „ქეთო და კოტეს“ გადაღებები. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ვცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს. ნათესავები მირჩევდნენ: დედაშენი საავადმყოფოში დააწვინე და გააგრძელე შენი დაწყებული საქმეო. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორ სძულდა დედას საავადმყოფო. ეს ხომ მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, როცა მის კალთას მგლეჯდნენ და ფსიქიატრიულში მიჰყავდათ. ამიტომ ვერ გავიმეტე და მასთან დავრჩი. რეზოს წერილები თუ მითბობდა სულს.“
„…ნელა, ძალიან ნელა გაიარა აქ უმძიმესმა ექვსმა თვემ. ათასში ერთხელ გადაღებებზე თუ გავიდოდი. ჩამთავრდა ფილმის ქორწილის სცენის გადაღებაც. დედაც მომჯობინდა და კვლავ მოსკოვში წავედი, ამჯერად დედასთან ერთად, მარტო ვეღარ დავტოვებდი. ბიცოლასთან ვერ ვიცხოვრებდი, რადგანაც იმ პერიოდში ისიც ძალიან ცუდად იყო და მათი შეხვედრა ძველ იარას გახსნიდა. ამიტომ, ჩემს მეგობართან, ფაინასთან გავჩერდით არბატზე. გორკის ქუჩაზე იყო ერთი პატარა „კოქტეილ-პოლი“, უკრავდა მუსიკა. ეს მაშინ იშვიათი მოვლენა იყო. ჩასვლისთანავე დავურეკე რეზოს და იქ შევთანხმდით შეხვედრაზე. მაგრამ, ვაი, რომ იმ დღეს მუსიკოსები ისვენებდნენ და ძალიან დაგვწყდა გული. თუმცა, სულ ცოტა ხანში მივხვდით, რომ არავითარი მუსიკა ჩვენ არ გვჭირდებოდა, იმდენად ძვირფასი იყო ერთად გატარებული მონატრების ყოველი წუთი. განაწყენება რომ შევამჩნიე, ავუხსენი რეზოს, თუ რატომ არ ვპასუხობდი მის წერილებს.
კვლავ გაგრძელდა სწავლა სამხატვრო სტუდიაში. ერთ-ერთმა სტუდიელმა მითხრა, სად გაქრი, ჩვენ ყველას გვეგონა, მოსკოვში დიდ კარიერას გააკეთებსო. ეს მერეც უკვირდათ ჩემს კოლეგებს, როცა დედას გამო საბოლოოდ დავანებე თავი სწავლას და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. მათთვის სამსახიობო კარიერა ყოველგვარ პირადულზე მაღლა იდგა. ჩემი მოსკოვში ყოფნისას „ქეთო და კოტეს“ პრემიერა შედგა თბილისში. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ჩემმა უსაყვარლესმა ბატონმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მეორე, დიდი სიყვარული მაჩუქა.
რუსთაველზე ვცხოვრობდით, ისეთ ბინაში, „კომუნალკას“ რომ ეძახიან. აივანზე ვიყავი გადმომდგარი. ამ დროს ჩაიარეს ბატონმა ვახტანგმა და მისმა მეგობრებმა. როგორც მან მითხრა, სწორედ მაშინ დაებადა აზრი ბატონ ვახტანგს, თეატრში ჯულიეტა მეთამაშა. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი პირველი იძულებითი განშორების პერიოდში რეზომ შექსპირის სონეტების დიდი ნაწილი თარგმნა და მე მომიძღვნა. ჯულიეტას როლმა დიდი ბედნიერება მომიტანა. რეზოც ჩამოვიდა პრემიერაზე.”
რეზო თაბუკაშვილმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა, დაბრუნდა თბილისში და მედიკო ცოლად შეირთო. სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ - ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა. თითქოს ასხივებდნენო. მათი დიდი ხნის მეგობარი და შვილის - ლაშას ნათლია, ჯაბა იოსელიანი, იხსენებდა: "ერთხელ მოსკოვში ვარ, ჯერ კიდევ არ ვიცნობ რეზოს და მედიკოს. ვზივარ რესტორანში მეგობრებთან ერთად. დარბაზი ხალხითაა სავსე, უკრავს მუსიკა, ლხენა ზენიტშია და უცებ... დუმდება მუსიკა, ხალხი ირინდება, შემოსასვლელისკენ იმზირება... ისეთი სიჩუმეა, როგორიც სასწაულის წინ შეიძლება იყოს. შევტრიალდი იქით, სადაც ყველას მზერა იყო მიმართული... დარბაზში იდგა ულამაზესი წყვილი, რომელიც თავისუფალ ადგილს თვალებით ეძებდა. მათთან მივიდნენ და მოწიწებით გზა გაუკვალეს კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან. სანამ არ დასხდნენ, სანამ მუსიკა კვლავ არ აჟღერდა, წყვილს ვერავინ მოსწყვიტა თვალი. ესენი ჩემი რეზო და მედიკო იყვნენ..."