საოცარი ღამე იყო… ნუკი მეორე დღეს გაბრუებული დადიოდა. როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილ ქალად იგრძნო თავი. ისეთი ლამაზი ღამე იყო, ისეთი, ისეთი… გაუჭირდება ამის სიტყვებით გადმოცემა. განსაკუთრებით ის დიალოგი, შუაღამისას რომ გაიმართა მათ შორის.
- რაზე ფიქრობ, ნუუკ? - ჰკითხა გიამ და მკლავი ძლიერად მოხვია შიშველ მხარზე.
- რა ვიცი… ჩემს ხვალინდელ დღეზე.
- და რას ხედავ შენს ხვალინდელ დღეში?
- უშენობას, - სევდიანად უპასუხა გოგონამ.
- რატომ ფიქრობ ასე? საიდან დაასკვენი, რომ ხვალ ერთად არ ვიქნებით?
- გული მიგრძნობს. ასე მგონია, რომ ხვალ სხვასთან გაიქცევი.
- რა სულელი მყავხარ, - გაიცინა მამაკაცმა, - რატომ უნდა წავიდე სხვასთან, როცა შენთან ყველაფერი მაქვს? იცი? არსებობს ასეთი ინგლისური ტერმინი - სხეულის ენა.
- ვიცი, მეც მისწავლია ეგ ფსიქოლოგიაში.
- ჰოდა, აბა, რაღა გინდა? ჩემმა სხეულმა ისე შეიგრძნო შენი სხეული, როგორც არასდროს არავისი. ასეთი რამ იშვიათად მემართება. არ ვაპირებ შენთან ურთიერთობის გაწყვეტას, ეს იცოდე. არასდროს ისე არ დავმშვიდებულვარ არავისთან, როგორც შენთან ვმშვიდდები. შენ მე ყველანაირად მავსებ. ამიტომ ეგ შტერული ვარაუდები ამოიგდე თავიდან.
აი, ასეთი რამეები უთხრა წუხელ გიამ. და მის არც ერთ სიტყვაში, არც ხმაში, არც ინტონაციაში სიყალბე არ შეინიშნებოდა. როგორ არ უნდა დაუჯეროს? მაგრამ რატომ ეშინია ასე? რატომ არ ენდობა მის სიტყვებს? ამაზე პასუხის გაცემა უჭირს. არ იცის, რატომ… რატომღაც… თუმცა, ახლა კარგ ხასიათზეა. ამიტომაც ფრთაშესხმული დადის და გულიანად მუშაობს. თათულიც კი გააოცა, ისე მსუბუქად დაქრის აქეთ-იქით.
- ნუკი! - სწორედ ამ დროს გაისმა მისი ხმა.
- რაო, თათული? - ისე თბილად გამოეპასუხა, თითქოს გუშინდელი და იმის წინანდელი უღიმღამო დღეები არც ყოფილა.
- მე რომ წავიდე, შენ მარტო გაართმევ თავს აქაურობას? - რაღაცნაირი დახშული ხმით ჰკითხა თათულიმ.
- წადი, თუ გინდა, რა პრობლემაა, დარდი არ გქონდეს, ყველაფერს მოვასწრებ, - თბილი ღიმილით დააიმედა ქალი.
- დღეს კი არა, საერთოდ რომ წავიდე… სულ, - იმავე ტონით გააგრძელა თათულიმ.
ნუკიმ წარბები აზიდა გაკვირვების ნიშნად. გამომცდელი მზერა შეავლო ქალს.
- ვერ გავიგე?
- გულს ვერ ვუდებ ამ კერვას. მყავს ერთი ახლობელი, რომელიც ძალიან კარგად კერავს და იმას მოვიყვან ჩემ მაგივრად, - გააგრძელა თათულიმ.
- და შენ სად მიდიხარ? - ნუკი ყურებს არ უჯერებდა.
- ჯერჯერობით არსად… მერე ვნახოთ. ეს ჩემი საქმე არ არის, იცი? ეს სხვა სამყაროა, რომელიც საერთოდ უცხოა ჩემთვის. აქამდე იმიტომ არ წავედი, რომ მინდოდა, შენ დაგხმარებოდი, ხელი წამეკრა… ახლა უკვე აღარ გჭირდები, თავადაც მშვენივრად უძღვები საქმეს. უკვე შეეჩვიე ყველაფერს და აღარ გაგიჭირდება.
- კი მაგრამ… - ნუკი დაიბნა, არ იცოდა, საიდან მოევლო სათქმელისთვის.
- ვიცი, რაც გაწუხებს და მაგაზე არ იფიქრო. იცხოვრე აქ, სანამ გაგიხარდება. მე მაინც არაფერში მჭირდება ეს ფართი. არც ქირა მინდა და არც არაფერი.
- არა, ასე არ გამოვა, თათი, - კატეგორიულად იუარა გოგონამ, - რას ნიშნავს, არ გჭირდება? ეგრე არ არის. აქამდე პარტნიორები ვიყავით და შემოსულ მოგებას შუაზე ვიყოფდით. ახლა უცებ ყველაფერზე უარს ამბობ. ეგ როგორ? არ გინდა, მითხრა, რა ხდება? იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო?
- არაფერიც არ ხდება. განა აუცილებელია, რამე ხდებოდეს? მე სხვა გეგმები მაქვს, არ ვარ მიჩვეული ასეთ სამუშაოს. სიმართლე გითხრა, სხვანაირი სამსახური მინდა დავიწყო. აი, ისეთი, სადაც არსებობს დირექტორი, მოადგილე, კადრები, მდივანი, თანამშრომლები და რა ვიცი… შემპირდა ერთი მეზობელი, მერიაში მოგაწყობო. ეგ მირჩევნია. მე არსად მეჩქარება, გესმის? აიწყვე შენ შენი საქმე. მოაგროვე ფული, გააფართოე ეს ბიზნესი და მერე ვნახოთ. რამდენიმე თვე არაფერს მოგთხოვ. დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ. მეტი არაფერი მითხრა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, გასაგებია? - უთხრა თათულიმ და აღარც ალაპარაკა მეტი.
ნუკის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ვერაფრით მიმხვდარიყო, რა მოხდა ამისთანა, რამ შეცვალა ეს სიცოცხლით სავსე ქალი ბოლო დღეების განმავლობაში. რა მოხდა ისეთი იმ საღამოს, როცა ის და ზურა დაბადების დღეზე წავიდნენ? ზურას თითქოს არაფერი დაsტყობია (ან არ უნდოდა, დაsტყობოდა). იქნებ ის სულაც არ იყო თათულის დასევდიანების მიზეზი? იქნებ გულწრფელია და რასაც ამბობს, სრული სიმართლეა? ყველა ერთნაირი ხომ არ არის? მართლაც და, რა სასიამოვნოა, მთელი დღე გამოჯდეს ნუკისთან ერთად და ვიღაცებისთვის ტანსაცმელი კეროს? რატომ უნდა დაითხაროს თვალები? მით უმეტეს, არ უჭირს მატერიალურად. აქამდე თუ ეხმარებოდა, ალბათ, ზურას ხათრით. ალბათ, მას ვერ უთხრა დახმარებაზე უარი.
- როგორც გინდა, თათული. შენი საქმისა შენ იცი. მადლობის მეტი რა მეთქმის. ვალში ვარ შენთან. ძალიან ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის და ამას არასდროს დაგივიწყებ. ძალიან მიყვარხარ და მინდა, ბედნიერი იყო.
- იცი? მას შემდეგ, რაც ქმარი გარდამეცვალა, გამუდმებით ვცდილობ, დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ ბედნიერებას არ ვიმსახურებ. აქედან გამომდინარე, სიამოვნების მიღების უფლება არა მაქვს, - მოულოდნელად დაიწყო მან, - ყველა მამაკაცი უარვყავი, ვინც კი ჩემთან დაახლოება გადაწყვიტა. ახლა ცოტა შემეცვალა შეხედულება ჩემს ცხოვრებაზე. რატომაც არა? ჯერ არც ისე ბებერი ვარ, ქალად არ ვვარგოდე, - სიმწრით გაიღიმა, - ჯერ კიდევ მაქვს მცირე იმედი იმისა, რომ ვიღაცა შემამჩნევს, ვიღაცას დავჭირდები. იქნებ ღირდეს ცხოვრების თავიდან დაწყება?
- მაგას კითხვა რად უნდა ან დაფიქრება? - გაუხარდა ნუკის, თათული რომ ალაპარაკდა, - საკუთარი თავის მიმართ უმოწყალო არასდროს უნდა იყოს ადამიანი. მით უმეტეს, შენისთანა ლამაზი ქალი. ვინ იცის, რამდენი ნატრობს შენ გვერდით ყოფნას.
ქალს სიცილი აუტყდა.
- კარგი რა, ნუკი, შენ რაღა დაგემართა? ნატრობს არა!.. ისეთი ქალები დადიან ირგვლივ, მე ვის რაში ვჭირდები. თუმცა, ალხანას თავისი ჩალხანა არ დაელევაო, ნათქვამია. მეც ვეცდები. ვნახოთ, რა გამოვა…
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს, თუმცა თათულის თავის წარსულზე სიტყვა არ დასცდენია. არც ზურასთან ურთიერთობას შეხებია. ერთხელ ახსენა მხოლოდ, იმდენად კარგი ადამიანია და იმდენი გაუკეთებია ჩემთვის, მინდა კარგი ქალი შეხვდეს და ბედნიერი იყოსო…
ეს ნუკისაც უნდოდა, თუმცა იმ სხვა ქალში ვერავის მოიაზრებდა… თვით თათულისაც კი… ნუთუ ასეთი ეგოისტია?..
7 7 7
ზურა საშინელ ხასიათზე იყო. მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. აუცილებელი გახდა მისი საზღვარგარეთ წაყვანა სამკურნალოდ. გერმანიაში. უკვე ყველაფერი მოაგვარა. კვირის ბოლოს უნდა გაემგზავროს მამა-შვილი. აქ კი… როგორღაც ისე უნდა მოახერხოს, რომ ნუკი თავის ბინაში დატოვოს. უკვე მოიფიქრა, რაც უნდა უთხრას. მას ვიღაც გადამთიელს (სხვანაირად ვერ მოიხსენიებს)) ვერ ჩაუგდებს ხახაში. თან დედამისსაც ხომ უნდა მიხედვა?
რა ცუდ დროს მოხდა ეს ყველაფერი. როგორ არ უნდოდა ახლა ნუკის მარტო დატოვება. ჯერ კიდევ არ კარგავდა იმედს, რომ გოგონას იმ ახალგამომცხვარ თაყვანისმცემელთან არაფერი გამოუვიდოდა და მას დაუბრუნდებოდა. ჰმ… დაუბრუნდებოდა. განა ოდესმე იყო კი მასთან? ოდესმე რამეს განიცდიდა მის მიმართ? თუნდაც მცირე მოწონებას მაინც? თან იყო ამაში დარწმუნებული, თან არა. ხანდახან ისეთი რამეები (სასიამოვნო) ახსენდებოდა, რაც იმედს უნერგავდა, ხანაც უიმედოდ გადააქნევდა თავს. მირანდა მას არასდროს ეკუთვნოდა. შეიძლება ეჩვენებოდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი (ან თავის მოტყუება) იყო, რათა როგორმე გაემართლებინა თავისი სიყვარული მის მიმართ.
ცოტა მისი ბრალიცაა, ასე რომ შეტრიალდა სიტუაცია. თავიდან გოგონა ისე აღიქვა, როგორც ბავშვი. დაუცველი, საწყალი, დაჩაგრული, ამავდროულად, ძალიან საყვარელი და სიცოცხლით სავსე ბავშვი… რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ რამდენად კარგი იყო. იმაზე, რომ საოცრად მიმზიდველი არსება გახლდათ, სექსუალური, ვნებიანი, ალერსს მოწყურებული, რომელსაც საიმედო, ძლიერი ხელი და ზურგი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრება აეწყო…
ვერა, ვერ გაქაჩა ზურამ. გამბედაობა (გამოცდილებაც) არ ეყო. არ იყო შეჩვეული სერიოზულ ურთიერთობებს ქალებთან. ამიტომაც დაიბნა, ამიტომაც ვერ გაბედა. და აი, ახლა იმკის შედეგს… მწარეს (თან მტკივნეულს).
ამ ფიქრებში იყო ზურა, რომ მოულოდნელად ნუკი ესტუმრა, თითქოს გულმა უგრძნო, რომ მამაკაცს მისი ნახვა უნდოდა.
- კარგ დროს მოხვედი, - ნაღვლიანი ღიმილი გამოესახა მამაკაცს ტუჩებზე, - ახლა მე თვითონ ვაპირებდი შენთან გამოსვლას.
- ხომ მშვიდობაა? - შეშფოთება დაეტყო გოგონას.
- მთლად მშვიდობას ვერ ვიტყოდი ჯერ. მამა მიმყავს გერმანიაში. ცუდადაა ძალიან. შენი დახმარება დამჭირდება.
- ჩემი? მეც უნდა წამოვიდე? - თვალები გაუფართოვდა ნუკის.
ისეთი გულუბრყვილო გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, ზურამ სიცილი ვერ შეიკავა.
- არა, შენ არ უნდა წამოხვიდე. შენ აქ მჭირდები.
- აა! კი ბატონო, თუკი შემიძლია… რა უნდა გავაკეთო?
- პირველ რიგში ის, რომ აქ უნდა იცხოვრო. დედას მიმიხედო, ძალიან ნერვიულობს და არ მინდა მარტო დარჩეს, გესმის?
- ეგ არ არის პრობლემა. ვიქნებით ერთად, სანამ ჩამოხვალ, - მორჩილად დაუქნია თავი.
- და კიდევ… ჩემი მდივანი დაგირეკავს ხოლმე და სამსახურიდან ცნობებს მოგაწვდის, რა როგორ… დაწვრილებით უნდა ჩაიწერო ყველაფერი და როცა მე დაგირეკავ, თავიდან ბოლომდე წამიკითხო. თუ რამე შენიშვნა მექნება, მერე შენ იმას გადასცემ და ასე…
- მაგრამ… შენ რომ დაგირეკოს, არ შეიძლება?
ზურას გაეღიმა. ელოდა მისგან ამ შეკითხვას, ამიტომაც პასუხიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
- არ მინდა გაიგონ, საქართველოდან რომ მივდივარ. ხომ გესმის… როცა სხვაგან დამიგულებენ, შეიძლება თავი აიშვან და არც იარონ სამსახურში. იციან, რომ მამაჩემს უნდა მივხედო და დაახლოებით ათი დღე მის გვერდით უნდა ვიყო საავადმყოფოში. ხანდახან შემოგივლით-მეთქი, მივანიშნე თან. რაც კი რამ მნიშვნელოვანი იქნება, სახლში დარეკეთ და ჩემს ნათესავს ჩააწერინეთ-მეთქი. ასე რომ, გაფრთხილებული მყავს ირმა, ჩემი მდივანი. რაც შეეხება სამკერვალოს, მე თათულის დაველაპარაკები და დროებით სხვას დაიხმარს ვინმეს.
- თათული? იცი რა? თათული წავიდა… აღარ მუშაობს დღეიდან.
- რას ნიშნავს წავიდა? - შუბლი შეიჭმუხნა ზურამ. აშკარად შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ახალი ამბავი.
- მგონი, მერიაში იწყებს მუშაობას. თვითონაც მითხრა, სხვას მოვიყვან ჩემს ადგილზეო. თუმცა, ეგ არ არის პრობლემა. სულ არ ვიმუშავებ ათი დღე, მერე რა? ან აქ მოვიტან ერთ მანქანას და აქ ვიმუშავებ.
- არც ეგ არის ცუდი აზრი. თათულის ამბავი კი გამიკვირდა… ჩემთვის არაფერი უთქვამს.
- ჰო, ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლო ხანებში სულ დაღონებულია. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა აქვს. არაფერს მეუბნება, მაგრამ ვგრძნობ.
- კარგი, ვნახავ ხვალ და გავიგებ, რა ხდება… დარჩები ამაღამ?
- არა, აჯობებს წავიდე.
- მაშინ გაგაცილებ.
- როდის მიემგზავრებით?
- კვირის ბოლოს. გნახავ იქამდე.
- ჰო, რა თქმა უნდა, - უხერხულად გაიღიმა ნუკიმ და თვალი აარიდა მის გამჭოლ მზერას.
8 8 8
კვირა ისე გავიდა, არც ზურა შეხმიანებია ნუკის და არც გია. ეს უკანასკნელი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგო. და საერთოდაც, აოცებდა მისი უცნაურობები. მაშინ გამოჩნდებოდა, როცა თვითონ მოესურვებოდა. ერთი წამითაც არ უფიქრდებოდა იმას, რას განიცდიდა ამ დროს გოგონა, როგორ ნერვიულობდა, როგორ ელოდებოდა მისგან თუნდაც ერთ მესიჯს (სხვას თუ არაფერს). ნუკიმ პირობა მისცა თავის თავს, არამც და არამც არ შეხმიანებოდა, სანამ თვითონ არ გამოჩნდებოდა. დაიღალა უკვე. ის შეიძლება მიჩვეულია ქალებისგან ისტერიკებს, ტირილს, თხოვნას, იქნებ თავი აქვს გაბეზრებული მათი ზარებისგან, მესიჯებისგან. ნუკი მათ არასდროს დაემსგავსება. არავის შესახვეწი არაფერი სჭირს. 17 წლის გოგო ხომ არ არის, ჭირვეულობა დაიწყოს. კეთილი ინებოს და თავად მოიკითხოს, შეიწუხოს თავი. თუ არადა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ნუკი წამითაც არ შეეხვეწება, თავს არ დაიმცირებს მის წინაშე. თუკი მასთან ურთიერთობით შეცდომა (ოღონდ ეგ არა!) დაუშვა, ამასაც გადახარშავს. ვერაფერს იზამ… ქალია და შეცდომისგან არ არის დაზღვეული… როგორც ყველა სხვა ქალი… ამას კი ფიქრობდა, მაგრამ გული ტკივილით ჰქონდა სავსე. აღიზიანებდა მამაკაცის საქციელი. ვერც თავი გაუგო მის პიროვნებას და ვერც ბოლო. გულუბრყვილოდ წამოეგო მის ანკესზე. ახია მასზე! დაეჯერებინა ნელისთვის და ამ დღეში არ ჩავარდებოდა.
არა, ახლა რომც გამოჩნდეს, ასე უსაყვედუროდ არ დატოვებს ამ ამბავს. ყველაფერს პირში მიახლის და კატეგორიულად მოსთხოვს, რაღაც სახელი დაარქვას მათ ურთიერთობას. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ან ერთხელ და სამუდამოდ უთხრას, რას წარმოადგენს ნუკი მისთვის, ან არადა, საერთოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან.
ოჰ, ოჰ, ოჰ! რომ უთხრას, საყვარლად მინდიხარო? მაშინ სად მიდის? დათანხმდება ამაზე? კი, როგორ არა! ამაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება! არამც და არამც! ამას არ დაუშვებს! ურჩევნია, ყველაფერი სანანებელი გაუხდეს და მთელი ცხოვრება ვერ აპატიოს თავის თავს მასთან გატარებული ორი ღამე, ვიდრე წლების განმავლობაში (თუნდაც თვეების) მისი საყვარელი იყოს. ნუკის ქმარი უნდა ჰყავდეს, ოჯახი შექმნას, შვილები გააჩინოს… მისი სურვილი ჩვეულებრივი (ქალური) სურვილია, ცოტათი ძნელი განსახორციელებელი, მაგრამ აუცილებელი და საჭირო. საყვარელი რომ სდომებოდა, როგორმე აქამდეც მოახერხებდა. აჰა! ახლა როგორ აჭიკჭიკდა. რატომ ადრე არ იფიქრა ამაზე? მაშინ რატომ არ მოიშველია ეს «ფილოსოფიური» აზრები, ლოგინში რომ უწვებოდა? იმიტომ, რომ… ალბათ იმიტომ, რომ მის გრძნობებში ეჭვი წამითაც არ შეჰპარვია. ახლა თავის მართლებას აზრი არა აქვს. ან იქნებ არც არაფერი სჭირს თავის სამართლებელი? ხომ შეიძლება, ტყუილად გოდებდეს? იქნებ რაღაც საქმეები აქვს მისი ოცნების მამაკაცს და მალე გამოჩნდება? განა პირველად გადაიკარგა? ადრეც ხომ ყოფილა მსგავსი შემთხვევა… ერთხელ… ორჯერ… მაგრამ ბოლოს მაინც მოვიდა. ჰოდა, მოვა კიდევ… დარწმუნებულია, რომ მოვა, ტყუილად იღლის გონებას ფიქრით.
8 8 8
ზურას გამგზავრების დროც მოვიდა. ნუკიმ თავისი ბარგი ჩაალაგა და ესტუმრა. მამაკაცი უკვე ელოდებოდა.
- აი, ამ ფულს გიტოვებ, - ზურამ მუჭში რამდენიმე ასლარიანი ჩაუდო, - არაფერი მოიკლო, იცოდე. დედა ხვალ გამოვა. ამაღამ უნდა გაგვაცილოს, თავი გაიგიჟა.
- რად მინდა ფული, მაქვს. ეს შენ წაიღე, დაგჭირდება.
- გამომართვი, რომ გაძლევ! - ძალით ჩაუდო მუჭში მამაკაცმა კუპიურები, - და შენ იცი, საღამოობით შინ იყავი ხოლმე, როცა ირმა დაგირეკავს, კარგი? ჩემი გულისთვის როგორმე გაიჭირვე ათიოდე დღე.
- აუცილებლად. აბა, რას ვიზამ, დარდი არ გქონდეს, ზურა, - დამაჯერებლად უპასუხა გოგონამ.
და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ხელი მოხვია და ყელზე დაეკონა… ნუკიმ იცოდა, ზურა რომ აკოცებდა, ამიტომ თვითონაც მთელი სხეულით მიეკრა. ერთხანს ასე ჩახვეულები იდგნენ და ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ…
- დაგვირეკე, როგორც კი ჩახვალთ, - ჩურჩულით წარმოთქვა.
- ჰო, - თქვა მამაკაცმა, ხოლო მზერით უფრო მეტი უთხრა: «მიყვარხარ… ვიცი, შენ ეს არაფერში გჭირდება, მაგრამ თუკი სიყვარული რამეში გშველის, იცოდე, რომ მთელი ჩემი სიყვარული შენთანაა»…
8 8 8
ქალბატონი მანანა მეორე დღესვე გადმოვიდა შვილის ბინაში. ნუკი, რა თქმა უნდა, მთელი დღე შინ იჯდა და ზურას დედის გამოჩენას ელოდებოდა. ქალი საჭიროზე თბილად შეხვდა გოგონას.
- გენაცვალე… როგორ გალამაზებულხარ… - თაფლად დაიღვარა მანანა, - ჩემს შვილს კი ვერ დავაცდევინე, როგორია გარეგნულად-მეთქი, რომ ვკითხე. კარგი გოგოაო, მორჩა და გათავდა… რა სიტყვაძუნწია ის საძაგელი! ამისთანა ანგელოზს მიმალავდა? როგორ შეცვლილხარ, შვილო. რამდენი წელია, არ მინახავხარ, აბა, რას გიცნობდი, სადმე რომ შემხვედროდი? გამიხარდა ძალიან შენი ნახვა, - მერე ხმას ისე დაუწია, ლამის ჩურჩულზე გადავიდა და, თითქოს დიდი საიდუმლო ყოფილიყო, ისე შეეკითხა, - დედაშენის არაფერი ისმის?
- კი, როგორ არა, ბოლო დროს გამოჩნდა.
- რას მელაპარაკები! მერე? რაო ხუტამ, მიიღო?
- ხუტასთან არა, მე დამიკავშირდა… ტელეფონით.
- ახ! ეს რა მითხარი! კარგია, შვილო, კარგი. რაც უნდა იყოს, მაინც დედაა. ყველაფერი ხდება ქვეყანაზე, უნდა აპატიო, აბა, როგორ! სხვანაირად არც შეიძლება. იმიტომ უყვარხარ ჩემს შვილს ასე ძალიან, მართლა კარგი გოგო ყოფილხარ შენ! ტყუილად არ გაქებს.
ნუკის ღაწვები შეეფაკლა. როდის ელაპარაკა ზურა დედამისს მასზე? გამგზავრების წინ თუ უფრო ადრე? ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, თუმცა კითხვის დასმა (არც აპირებდა) არ დასჭირვებია, ქალმა «ნებაყოფლობით» გააგრძელა, - გამოგვიჭედა მე და მამამისს შენზე ლაპარაკით ყურები! ამდენჯერ არასდროს უხსენებია სხვა გოგოების სახელი და ამდენი არ ულაპარაკია. რაც მამიდამისისგან ჩამოვიდა, პირზე სულ შენი სახელი აკერია. გაიხარე, შვილო, იქნებ ახლა მაინც მოვიდეს ჭკუაზე და იფიქროს ოჯახის შექმნაზე. რა უჭირს, ცოტა ახალგაზრდა რომ ხარ? აბა, ბებერი და ასაკოვანი რად უნდა? მაგნაირმა შეიძლება შვილი სულაც ვერ გაუჩინოს, ბატონო! მე კი შვილიშვილი მინდა. აგერ, მამამისიც სიკვდილის პირასაა მისული. ღმერთმა ნუ მომასწროს მაგ დღეს, მაგრამ… ისე რატომ უნდა წავიდეს ამქვეყნიდან, შვილიშვილს ვერ მოესწროს?
ნუკი ნაწილობრივ უსმენდა მანანას. მისი ფიქრები ამწუთას მხოლოდ იმ სიტყვების გარშემო ტრიალებდა, რომელმაც «აუწყა», რომ თურმე ზურა დიდი ხანია, დედასთან მასზე «ჭორაობდა». გამოდის, ნუკი მისთვის მართლა ღირებული ყოფილა. მაშინ რატომ უფრო არ იაქტიურა? რატომ მეტი არ მოითხოვა მისგან? რას მიაწეროს მისი ასეთი თავშეკავება?..
ნეტავ რას ჩაუღრმავდა ამ ამბავს? აინტერესებს კი, ზურა მასზე ფიქრობს თუ არა? არ იცის… იქნებ აინტერესებს და თავს არ უტყდება ამაში? იქნებ ეს უბრალოდ, ხავსია მისთვის, ბოლო წამს რომ უნდა მოეჭიდოს? რადგან გიამ ხელი აიღო მასზე, სასწრაფოდ შემცვლელი იპოვოს? ამის გაფიქრებაზე ისე შეკრთა, თითქოს რაღაც საშინელებაში გამოუტყდა თავის თავსო. შავბნელი აზრები სწრაფად მოიშორა თავიდან და მანანას მორიდებით შეჰღიმა.
- გეშიებათ… ჩახოხბილი გავაკეთე, გაგიცხელებთ…
- არა, შვილო, დიდი მადლობა. ახლა ლუკმა არ გადამივა ყელში, ისე ვნერვიულობ, - ისეთი სახე მიიღო მანანამ, თითქოს ამბობდა, «ჭირი ჭამოს ჩემმა პირმაო», როგორც ჩვევიათ ხოლმე ასაკოვან ქალებს, - როგორ ჩავიდნენ, როგორ მოეწყვნენ… ყოველ წამს ზარს ველი, როდის დამირეკავენ. ამომხდა სული ლოდინში.
- დარეკავენ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. მოდით, ერთად ვისადილოთ.
ნუკი ქალის პასუხს არ დაელოდა, სამზარეულოში გავიდა და დაფაცურდა…
8 8 8
ზურამ გვიან ღამით დარეკა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მშვენივრად მოვეწყვეთ და პროფესორიც ვნახეთო. ხვალ ანალიზებს გაუკეთებენ და ოპერაციასაც დანიშნავენ, სავარაუდოდ, ზეგისთვისო. ქალბატონ მანანას ცრემლები მოერია და მოჰყვა ვიშვიშს. ნუკი მის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა კი ნერვებს უშლიდა ამგვარი რამეები. ვერ იტანდა, როცა ქალები უაზროდ მოჰყვებოდნენ ხოლმე თავში ხელების ცემას და წინასწარ გამოიტირებდნენ ავადმყოფ ადამიანს. ბიცოლამისმა იცოდა ხოლმე ასე წუწუნი, ერთი ვაი-უშველებელს ატეხავდა, როცა ხუტას რამე წამოსტკივდებოდა. წყლული (თორმეტგოჯაზე) ჰქონდა ნუკის ბიძას და ხშირად ემართებოდა შეტევები. ერთხელ სისხლდენაც კი დაეწყო. აი, მაშინ ატეხა თამარამ, თუ ატეხა! მეზობლები ხომ შეყარა, ისეთი კივილი მორთო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში რომ გააქანეს მისი ქმარი, მთლად მოთქმით (მეგრელი ქალივით) დაიტირა, თითქოს უკვე გარდაცვლილი იყო საწყალი ხუტა და სასტუმრო ოთახში («ზალაში») ესვენა.
ნუკი შეეცადა, სხვა რამეზე გადაერთო ქალბატონი მანანა და მოკრძალებით ჰკითხა, როგორ გაიცანით თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთმანეთიო. მანანამ ერთი ღრმად ამოიოხრა, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე სევდიანად დაიწყო თავისი ახალგაზრდობის ამბების მოყოლა…
ორივე ქალი (ხანდაზმული და ახალგაზრდა) გვიან ღამემდე კარგი დაქალებივით უშლიდნენ გულს ერთმანეთს…
8 8 8
ნუკი ადვილად შეეწყო მანანას. თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ, ისე შეეწყვნენ ერთმანეთს. ქალი საქმის გაკეთებას არ ანებებდა გოგონას, როგორც კი ნუკი რამეს ხელს შეავლებდა, ეგრევე გამოსტაცებდა ხელიდან, შენ დაისვენე, მე აქ რისთვის ვარ, შენ რატომ უნდა შეგაწუხოო. საბოლოოდ ისე გამოდიოდა, რომ ნუკი მთელი დღე უსაქმურობაში ატარებდა დროს. სამაგიეროდ, კომპიუტერი ჰქონდა ჩართული. შემძვრალი იყო «ოდნოკლასნიკებში» და გიას გამოჩენას ელოდებოდა… ამაოდ. მამაკაცი არც ერთხელ არ ანთებულა საიტზე. ბოღმა (და ბრაზი) ახრჩობდა. უნდოდა დაერეკა, მაგრამ რამდენჯერაც ხელი წაუცდა დასარეკად, იმდენჯერ გადაიფიქრა. ვერ დაძლია სიამაყე (თუ შიში). იქნებ მართლა უჭირს რამე? ხომ არ მოიკითხოს? იქნებ დაუმესიჯოს მაინც? შეტყობინების გაგზავნით რა დაშავდება? ალბათ არც არაფერი. მაინც იკავებდა თავს…
იმ დღეს კი, ბარბარობას, საბაბიც მიეცა, ბოლოს და ბოლოს, საეკლესიო დღესასწაული იყო. ჰოდა, ამით ისარგებლა. ისეთი, ზოგადი ტექსტი დაწერა, ყველას რომ «მოერგებოდა» და გაუგზავნა… პასუხი არ მიუღია. არადა, წერილი ადრესატამდე ახლაც დროულად მივიდა. რადგან ტელეფონი ჩართული აქვს, ესე იგი, ცოცხალია. თუ ცოცხალია, ესე იგი, წაიკითხავდა და თუკი წაიკითხავდა, თუ რამედ უღირს ნუკი, პასუხიც უნდა მოეწერა. რადგან არ მოსწერა, ესე იგი, არ უღირს… აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული… გული შეეკუმშა. ინანა, რატომ ავჩქარდი და გავუგზავნეო… ისე ანერვიულდა, გაბრაზებულმა კომპიუტერი გამორთო და მას შემდეგ აღარ ჩაურთავს. სამაგიეროდ, სხვა რამეზე გადაერთო. წამოიღო სამკერვალოდან შეკვეთები და მათ გამოჭრა-დაბლანდვას შეუდგა, რათა წინ წაეწია საქმე, სანამ ზურა ჩამოვიდოდა…
ზურას მდივანი ყოველ საღამოს ურეკავდა და «ანგარიშს აბარებდა». ნუკიც «კეთილად და პატიოსნად» იწერდა ირმას ნალაპარაკევს და მერე ზურას უკითხავდა თავის ჩანაწერებს…
ასე გაგრძელდა ათი დღე. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დარჩენილი დღეები პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფეს და როცა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მამა-შვილი თბილისში ჩამოფრინდა…
8 8 8
მანანა წავიდა, ნუკი კვლავ მარტო დარჩა. ზურა ორი დღე არ გამოჩენილა. ამით ისარგებლა გოგონამ და სამკერვალოში დაბრუნდა, იფიქრა, მეტად აღარ ვჭირდები ზურასო… შეცდა. ორი დღის შემდეგ მამაკაცმა დაურეკა და სთხოვა, საღამოს ჩემთან გამოდი, აუცილებელი საქმე მაქვსო. ნუკის უცნაურად შეუფრთხიალდა გული. ვერ მიხვდა, გაუხარდა, თუ შეეშინდა. ისე დააბნია (თუ დაძაბა) მოსალოდნელმა შეხვედრამ, მთელი დღე გული ვერ დაუდო სამუშაოს. ის კი არა, ქვედატანს რომ ბლანდავდა, ნემსიც კი შეერჭო რამდენჯერმე თითში.
საღამოს, მისდა უნებურად (ვითომ?) გამოიპრანჭა, ერთხანს იტრიალა სარკის წინ და გულის ფანცქალით გაეშურა მისი ბინისკენ.
ზურა უცნაურად გამოიყურებოდა, თითქოს უციმციმებდა თვალები. ნუკი შეეცადა, არ შეემჩნია მისთვის აქამდე (რატომღაც) უცნობი მზერა, ამიტომ ჩვეულებრივად მიესალმა გვერდი აუარა და ოთახში შევიდა.
- არ მაკოცებ? - გზაში დაეწია ნაცნობი ხმა.
- როგორ არის მამა? - ისე იკითხა «მამაო», თითქოს თავის მამას გულისხმობდა.
- მგონი, საშიშროება არ გვემუქრება.
- დიდი ჭრილობა აქვს? - ნუკი სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- არა, რა ჭრილობა, ერთი ნახვრეტი აქვს მხოლოდ. ეგ ოპერაცია სხვანაირად კეთდება, გაჭრა არ ხდება.
- ააა! ეგ არ ვიცოდი, - წამოწითლდა ნუკი, შერცხვა თავისი უცოდინრობის.
ზურა ტახტზე მოკალათდა და ხელები საზურგეზე გარდიგარდმო გადააწყო, თან ღრმად ამოიხვნეშა.
- კარგად ხარ? რატომ ოხრავ? - თვალი თვალში გამომცდელად გაუყარა გოგონამ.
მამაკაცმა დანისლული მზერა ესროლა. მისი ხმა (ისევე, როგორც სიცილი) ძალიან ნაზი და ბავშვური იყო, რაც სრულიად არ ესადაგებოდა მისი ტემპერამენტის ქალს, თვალებიდან შიშველ ვნებას რომ ასხივებდა, განსაკუთრებით იქ, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე. თვალწინ დაუდგა მისი ლამაზი ტერფები (მეტაფიზიკური) და კბილი კბილს დააჭირა, იმხელა სიამოვნება მოჰგვარა ამ გახსენებამ.
- ისეთი არაფერი. ჯობია, დაწვე და დაიძინო!
- რა? - ისეთი ტონით იკითხა გოგონამ, თითქოს მოესმაო, - დასაძინებლად დამიბარე აქ? - გაუმკაცრდა ხმა.
- რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე.
- რისი თქმა გინდოდა? - ნუკი კვლავ დაიძაბა.
- მადლობის… დედა ძალიან კმაყოფილია.
- მე ისეთი არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ერთად ვიცხოვრეთ რამდენიმე დღე და მორჩა.
- ვიცი, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება. თან მეც მეხმარებოდი ჩემს საქმეებში.
- ეგ რა დახმარება იყო, ზურა, რაღაც სისულელეებს რომ ვჯღაბნიდი და მერე შენ გიკითხავდი? - სიცილი აუტყდა ნუკის.
მამაკაცს სწორედ მისი ეს სიცილი აგიჟებდა, ადამბლავებდა… ყრუდ დაიკვნესა მოულოდნელად და თავზე წაივლო ორივე ხელი.
- აუ, შენ რაღაც გჭირს… არ გინდა, მითხრა? თავი გტკივა? მითხარი!
- არა, რა თავი… ეს სხვა ტკივილია… - ყრუდ უპასუხა მან, _ რომელზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს! - დაასრულა, თავი ასწია და დაჟინებით მიაშტერდა.
- იქნებ შემიძლია, რამით დაგეხმარო?
არა, ამის ატანა შეუძლებელი იყო! ზურას «ცოდვიანმა» აზრებმა დარია ხელი. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, ჩახუტებოდა თავის საოცარ მირანდას და მოფერებოდა. სწორედ ამიტომ დალია ამ საღამოს ამდენი ღვინო.
- მთვრალი ვარ…
- მთვრალი? იმიტომაც გამოიყურები ასე, არა?
- როგორ ასე?
გაგრძელება იქნება