„ნიკოლოზის კითხვების“ 2024 წლის პირველი გადაცემის სტუმრები ყველასთვის საყვარელი ორი ჯუჯა იყო. ვახტანგ ტატიშვილმა თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ისაუბრა.
„ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „ლევად“ წახვალ. ახლა სად წავალ, მაგრამ ადრე... მე მაგას ღალატს არ ვეძახი, პატარაზე რომ წაისეირნებ. მაგას მე ვარჯიშს ვეძახი. იცოდა ჩემი მოთხოვნილებები ჩემმა მეუღლემ, ოთხი თვით რომ მივდიოდი პაეზდკაში, აბა, ხომ ვიქნებოდი ვინმესთან. არც მეკითხებოდა ამაზე არაფერს. იცოდა, როგორ მიყვარდა“, – ამბობს ვახტანგ ტატიშვილი.
ვახტანგ ტატიშვილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ღირსების ორდენის კავალერი (1994), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011), სსრკ-ის „საკავშირო კონკურსის“ ლაურეატია (1977). ტატიშვილი დაიბადა 1941 წლის 24 ნოემბერს ბათუმში.
1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა.1965-1968 წლებში იყო ანსამბლ „ტრიოს“ წევრი (მარეხი გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად). 1968 წლიდან ფილარმონიის ანსამბლ „ივერიის“ სოლისტია.
ფოტოალბომი: ვინ არიან ცნობილი ქართველების შთამომავლები
მონაწილეობა აქვს მიღებული კონცერტებში: „ივერია, სიყვარული და“ (1973), „უმცროსი და...“ (1977), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1984); „არგონავტები“ (1986) და სხვ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ მას არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:
"ჩემი ბავშვობით დავიწყებ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ და კოლორიტულ ქალაქში - ბათუმში გავატარე. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ქართული სიმღერის სიყვარულს ადრეული ასაკიდან ვეზიარე, მაგრამ ასე არ ყოფილა. რატომ?.. რუსულ ბაღში დავდიოდი და რუსული სკოლა დავამთავრე. ეს მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ ქართული მუსიკის სიყვარული ჩემს გულში ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ჩემი მშობლები ბოტანიკოსები იყვნენ და შეიძლება ითქვას, ჩემს და-ძმასთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გავიზარდე. ჩვენი მშობლები მეცნიერები იყვნენ და მუშაობდნენ, ჩვენ კი ამქვეყნიურ სამოთხეში ვიზრდებოდით. მახინჯაურის სკოლაში ვსწავლობდი, იქამდე 5 კილომეტრი იყო, რომელიც ფეხით უნდა გამევლო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბოტანიკურ ბაღში ხილი ბლომად იყო, ხან რა მწიფდებოდა და ხან - რა, თუმცა ზოგჯერ დაუმწიფებელსაც სიამოვნებით მივირთმევდით: ყველანაირი ციტრუსი, ვაშლი, მსხალი, ხურმა - ვინ იცის, რა არ მოდიოდა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რჩება. 1941 წელს ვარ დაბადებული, ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საკვები ძალიან ჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიგრძნია. ამიტომაც ვამბობ, რომ მე ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
- ესე იგი, ბათუმთან ყველაზე თბილი მოგონებები გაკავშირებთ...
- დიახ, ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. სხვათა შორის, ომი რომ დამთავრდა, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. როცა გავიგე, ომი დამთავრდა, მეგონა, რომ ღომი გათავდა და ტირილი დავიწყე. გუშინდელივით მახსოვს, დედაჩემმა ძლივს დამამშვიდა და ამიხსნა, რომ ღომი არაფერ შუაში იყო... ბათუმთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც მეათე კლასში მეწვია. რაც შეეხება პირველ "არაფორმალურ სიყვარულს", ეს უკვე 17 წლისამ გამოვცადე: მაშინ ბათუმში ბევრი ტურისტული ბაზა და დასასვენებელი სახლი იყო. სწორედ ასე გავიცანი სვეტა. ღამის 2 საათზე ვიპარებოდი სახლიდან და მასთან მივდიოდი მწვანე კონცხზე. ამ ყველაფერს დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ბათუმში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მართლაც დაუვიწყარი იყო. სკოლის დასრულებისთანავე ინსტიტუტში მოვეწყვე, 21 წლის ასაკში უკვე ფიზიკის მასწავლებელი ვიყავი და თბილისის ერთ-ერთ რუსულ სკოლაში ვასწავლიდი. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ჩემი გატაცება მუსიკით.
- თავდაპირველად სად მღეროდით?
- თავიდან ჯემალ ბაღაშვილმა შემომთავაზა, მარეხ გოძიაშვილის ტრიოში შევსულიყავი. ამ ტრიოში მე, ჯემალი და მარეხ გოძიაშვილი ვმღეროდით. სწორედ ასე გავხდი ფილარმონიის მომღერალი. ამ ტრიოთი მთელი საბჭოთა კავშირი და უცხოეთი მოვიარეთ. მასწავლებლობას თავი დავანებე და მუსიკოსის ურთულესი გზა ავირჩიე. ტრიომ 3 წელი იარსება, მერე კი ბუთხუზ ბასილაიასთან, ჯემალ ბაღაშვილსა და გოგი ლეონიძესთან ერთად კვარტეტი ჩამოვაყალიბეთ. ეს 1968 წელს მოხდა და ანსამბლ "ივერიას" საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა. იმის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა და წავიდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი ყოველთვის რჩებოდა ბუთხუზ ბასილაიას ხელმძღვანელობით. პირველ რიგში რა გამოარჩევდა "ივერიას"?.. ჩვენთვის მაყურებლის სიყვარული და პატივისცემა პირველ ადგილზე იყო. მეც ამდენი ხანია ვმღერი და როცა სცენაზე გამოვდივარ, მაინც ვღელავ. მაყურებელს ვერ მოატყუებ, მან შეიძლება თავიც დაგიქნიოს, ტაშიც დაგიკრას, მაგრამ ყოველთვის ამჩნევს, როდის იყავი გულწრფელი და როდის - ყალბი. ვაღიარებ, რომ განსაკუთრებული ხმა მე არ მქონია, შეიძლება კარგი სმენა მქონდა, მაგრამ ისეთი გამორჩეული ხმით, როგორიც თემურ წიკლაურს ჰქონდა, როგორიც ნუგზარ კვაშალს ან მანანა თოდაძეს აქვთ, მე ვერ დავიკვეხნიდი, თუმცა ყველა ანსამბლში ასე ხდება: 1-2 კაცს აქვს განსაკუთრებული ხმა, დანარჩენები კი სულ სხვა ფუნქციას ასრულებენ. "ივერიელებმა" რასაც მივაღწიეთ, მუდმივი წვის და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. გული მტკივა, როცა მახსენდება, რამდენი ნიჭიერი ხელოვანი წავიდა "ივერიიდან" და იმქვეყნიურ საუფლოში გადასახლდა!" - ამბობდა ის.