_ რაღაც სხვანაირი ხარ… ვერ ავხსნი…
_ პირველად მნახე მთვრალი?
_ მთვრალი კი… ნასვამი ბევრჯერ ყოფილხარ, მაგრამ მთვრალი არასდროს.
_ ცუდად ვარ… _ ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა
_ რა გავაკეთო? რით დაგეხმარო? შემიძლია რამე? მითხარი.
_ მგონი, შეგიძლია, _ უეცრად ხმა გაებზარა ზურას, _ მოდი, აქ გადმოჯექი!
_ სად, აქ? _ ნუკი თრთოლვამ აიტანა.
_ აი, აქ! _ უპასუხა მამაკაცმა და ხელისგული მის გვერდით, ცარიელ ადგილს მოუთათუნა.
გოგონამ ჩიხში მომწყვდეული შვლის თვალებით გახედა, მაგრამ მაინც ადგა.
_ მოდი და განახვებ, სად მტკივა… ხელი დამადე მტკივან ადგილას, იქნებ მეშველოს…
«არ მჯერა, რომ ეს მე ვთქვი!» _ გაიფიქრა გულში მამაკაცმა, _ «ნუთუ სასმელმა გამათამამა? თუ მისი დაკარგვის შიშმა?»
ნუკი მიუახლოვდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საშიშროების ნიშნების პირველივე გამოვლინებაზე მზად იყო, უკან დაეხია.
_ აბა, სად გტკივა? _ ფრთხილად ჰკითხა და კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ნუთუ ეს მან უთხრა? და ვის, ნუკის? დაუჯერებელია! როგორ მოახერხა? _ გოგონას გული ხმაურით უცემდა. ან ძალიან გალეშილია, ან ძალიან დიდი ნაძირალაა და აქამდე არ ავლენდა! არა, არა… არც ერთია მართალი და არც მეორე! აი, როგორ გაუღიმა… თბილად, საყვარლად… ნაძირალა ნამდვილად არ არის. მთვრალი? შეიძლება მთვრალია, მაგრამ გალეშილი არ არის…
და აი, სწორედ ამ მომენტში დაუშვა შეცდომა… გვერდით დაუჯდა მამაკაცს და მხარზე შეეხო… მერე თავი ასწია და თვალებში შეაჩერდა, რომ გაეგო, რა აწუხებდა «პაციენტს».
_ სანამ შანსი გქონდა, უნდა გაქცეულიყავი, _ დახშული ხმით ამოთქვა ზურამ, მერე უეცრად მკლავი მოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა…
«ყოველ შემთხვევაში,» _ უთხრა მოგვიანებით (ცოტა მოგვიანებით) ზურამ თავის თავს, _ «იმდენი გონი მაინც მეყო, რომ საწოლისკენ არ გავაქანე». ის, რაც მოხდა, მოხდა შემთხვევით, დაუგეგმავად (უფრო სპონტანურად). კარგად ხანს არჩევდა საჭირო სიტყვას გუნებაში მამაკაცი. რა მოხდა მერე, აკოცა და მოეფერა, მეტი ხომ არაფერი? ამით დიდად არ დაუშავებია.
ადრეც უკოცნია მისთვის. ეს არ იყო პირველი. უბრალოდ, ახლა უფრო თამამად მოქმედებდა, უფრო მომთხოვნად. აქამდე თითქოს «უცოდველად» გამოსდიოდა, უმწიკვლოდ. ადრე ისეთი კოცნები იყო, რომელსაც ზიანის მოტანა არ შეეძლო ნუკისთვის და არ დამუქრებია სხვა, უფრო უმართავ პროცესში გადასვლა, რადგან მკაცრად აკონტროლებდა თავის თავს და გრძნობებსაც.
ახლა კი… ახლა გადამთვრალი იყო… აქედან გამომდინარე _ უფრო საშიშიც. იმდენი ჰქონდა ღვინო დალეული, სრულიად საკმარისი იყო, საღად აზროვნების უნარი დაეკარგა. ახლა შეიძლებოდა დიდი შეცდომა დაეშვა და… დაუშვა კიდეც!..
მისი სუნთქვა გოგონას ხმამაღალ სუნთქვას ერწყმოდა. თავდაპირველად თითქოს ნუკიც აჰყვა ცდუნებას, რამდენიმე კოცნაზე კოცნით უპასუხა, მაგრამ შემდეგ, როცა მამაკაცმა მისი მკერდი ჩაბღუჯა, ხელი ჰკრა და წამოხტა.
_ გაწყენინე? _ სევდით სავსე თვალები მიაპყრო ზურამ.
_ არა… არც ისე… არ ვიცი, _ ალუღლუღდა აცახცახებული გოგონა.
_ მაპატიე… სასმლის ბრალია ყველაფერი…
_ ვიცი.
_ ყალბი თავის მართლებაა, ამაზე უარესის მოფიქრება შეუძლებელია…
_ ვიცი.
_ იმისთვის არ მითხოვია მოსვლა, რომ ეს გამეკეთებინა, გეფიცები…
_ ვიცი.
_ მერე?
_ არ გინდა, ნუ იმართლებ თავს… არ გამოგდის, ხომ ხედავ? _ შემცბარმა გაღიმება სცადა.
_ შენ ყველაფერი იცი მოკლედ… ყველაფერი იცი და მაინც…
_ რა მაინც?
_ მაინც არ მაძლევ საშუალებას, ბოლომდე გავიხსნა.
_ მაბრალებ… მე შენთვის არაფერი დამიშლია, _ თავი გააქნია ნუკიმ და ფეხი მოინაცვლა.
_ დაჯექი, ხელს არ გახლებ, პირობას ვიძლევი.
_ არ მინდა, ფეხზე დგომა მირჩევნია, _ არ ენდო მის პირობას.
_ გეშინია?
_ არ მეშინია. რაც უნდა მოხდეს, ამით არაფერს დავკარგავ. ქალიშვილი დიდი ხანია, არ ვარ.
_ ვიცი.
_ იცი? საიდან? _ ნუკის თვალები გაუფართოვდა.
_ რა მნიშვნელობა აქვს? ასეთი რამეები არ იმალება.
_ მერე?
_ რა მერე?
_ ეს შენთვის რამეს ნიშნავს? _ ეს სწორედ ის შეკითხვა იყო, რომელიც ამას წინათ გიას დაუსვა.
_ აბსოლუტურად არაფერს. შენს წარსულთან მე რა ხელი მაქვს… ჩემთვის შენ ხარ მთავარი, სხვა არ მაინტერესებს.
ნუკიმ პასუხი არ გასცა. სასიამოვნო მოთენთილობამ შეიპყრო. არ ეგონა, ზურას თუ ასეთი შეხედულება ექნებოდა «არაქალიშვილებზე». ალბათ «ამერიკული სკოლა» თავისას შვრება. ამის გაფიქრებაზე ღიმილი ვერ შეიკავა.
_ რატომ მითხარი, სანამ გქონდა შანსი, უნდა გაქცეულიყავიო?
_ მე გითხარი? _ წარბები აზიდა მამაკაცმა, _ მართლა მე ვთქვი ეს სისულელე?
_ ჰო, თანაც სულ რამდენიმე წუთის წინ… _ ირონიულად შენიშნა გოგონამ.
_ აი, რას ნიშნავს სიმთვრალე… აღარ მახსოვს… _ ჩაიცინა, _ არა, მახსოვს… მართალი ხარ… გამახსენდა… მართლა ვთქვი.
არ შეეძლო თავისი სიტყვების უკან წაღება. არადა, უკვე ნანობდა თავის საქციელს. ხომ იცოდა, რომ ნუკის არ უყვარდა, რატომ მოიქცა ასე? რას მოელოდა მისგან? რატომ ეგონა, რომ მის ნებას დაჰყვებოდა? არ უნდა დაერეკა! არ უნდა მოეყვანა აქ! არ უნდა დანახვებოდა ამ მდგომარეობაში. თავი გასცა, თან ტყუილად. არაფერი გამოვიდა მაინც. მას ზურა არ სჭირდება.
«შენ რა გჭირდება, ზურა?» _ თავის თავს დაუსვა «საჭირბოროტო» შეკითხვა. «არ მკითხო!» _ სწრაფადვე გაუპასუხა გონებას.
ნუკი შეირხა. დაიღალა ერთ ადგილას დგომით, მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა. ვერც წასვლა გადაეწყვიტა. მამაკაცმა ახედა… რა ლამაზია მისი ნუკი (თუ მირანდა)… თან ნამდვილი, თან გამოგონილი… მიწიერიც და არამიწიერიც ერთდროულად… ფიზიკურად აქ არის, მის წინ დგას, მაგრამ თან არ არის… მასთან არ არის… სხვაგან დაფრინავს სადღაც, მიუწვდომელია მისთვის…
«შენ რა გჭირდება, ზურა?» _ კვლავ გაუმეორა თავის თავს გულში კითხვა… რომც უყვარდეს ნუკის, არის კი მზად, ცოლად შეირთოს? უნდა კი ოჯახური უღელი დაიდგას? არ იცის… თითქოს უნდა, თითქოს არც უნდა… იქნებ იმიტომ არ უნდა, რომ დარწმუნებულია, რომც მოითხოვოს, უარს მიიღებს? იქნებ ამიტომ იმშვიდებს თავს? მთლად აირია… თავგზა აუბნია ამ ნახევრად ნამდვილმა და ნახევრად მეტაფიზიკურმა ნუკი-მირანდამ. არა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ის ყველაზე მეტად ამქვეყნად თავისუფლებას აფასებს. ამიტომაც გაუსხლტა მშობლებს და გაემგზავრა შორეულ ამერიკაში. რათა მისთვის ხელი არავის შეეშალა, რათა თავად ემართა თავისი ცხოვრება. ნუკისაც ხომ იგივე სურს? განა ასე არ უთხრა ამას წინათ? მინდა, თავად ვმართო ჩემი ცხოვრებაო? დამოუკიდებელი მინდა ვიყოო? მერედა, ის ვიღაც? დაიჯეროს, რომ იმასაც იგივეს ეუბნება? ჰო, მართლა… «ის» ახლაღა გაახსენდა.
_ შენი რომანის ამბავი როგორ მიდის? _ მოულონელად დასვა შეკითხვა…
იმდენად მოულოდნელად, რომ ნუკის გააჟრჟოლა. მზერა აარიდა მამაკაცს.
_ არანაირი რომანი არ ყოფილა, _ ჩაილაპარაკა გოგონამ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, სავარძლისკენ, აღარ შეეძლო ფეხზე დგომა, მით უმეტეს, ამ საშინელი შეკითხვის შემდეგ.
_ ნუთუ?
_ არ გჯერა? _ ნიშნის მოგებით გახედა გოგონამ, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და სავარძელში ჩაეშვა, _ ნუ გჯერა… როგორც გინდა.
_ რაღაც მცდელობა ხომ გქონდა-თ! _ ბოლო ბგერას მახვილი დაასვა მამაკაცმა.
_ თითქოს, _ გაურკვეველი პასუხი გასცა ნუკიმ და ფეხზე შემოდებული ფეხი ააქანავა.
_ აღარ დაფრინავ, ესე იგი, ღრუბლებში? დაეშვი მიწაზე?
_ არც არასდროს დავფრინავდი! _ ცივად მოუჭრა, _ ამისთვის დამიბარე?
_ არა, ამისთვის არა. უბრალოდ, საჩუქარი ჩამოგიტანე და მინდოდა გადმომეცა, _ შემრიგებლური ღიმილით დააჯილდოვა.
_ საჩუქარი? რა საჩუქარი? რა საჭირო იყო? _ დაიბნა გოგონა.
_ შენ ძალიან დამეხმარე. მე კი არ მინდოდა, ვალში დავრჩენილიყავი. გარდა ამისა, დედაჩემსაც უნდოდა, შენთვის რამე კარგი ჩამომეტანა.
_ დედაშენს? რას ამბობ!
_ რასაც ვამბობ. დედას ძალიან მოსწონხარ. რამდენჯერაც ველაპარაკე, იმდენჯერ შენზე ჩამომიგდო საუბარი. რა ჩემია ბრალია, თუკი რძლად მოსწონხარ?
«შენ კი არ მოგწონვარ?» _ კინაღამ წამოცდა, თუმცა დროზე დააჭირა ენას კბილი.
_ და მეც მომწონხარ… თუმცა, არა მგონია, შენთვის ეს რამეს ნიშნავდეს.
_ ტყუილად გგონია, _ მისდა უნებურად ხმამაღლა წამოსცდა ნაფიქრი, ამჯერად ვერ დაიმორჩილა ენა.
_ როგოოორ?! _ წარბები შეჭმუხნა მამაკაცმა და მზერით გაბურღა.
ნუკი მიხვდა, უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.
_ როგორ და… ტყუილად გგონია, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მსიამოვნებს, რომ მოგწონვარ. ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მამაკაცს მოსწონს… _ «გამოასწორა» შეცდომით წამოსროლილი ფრაზა.
_ სულ ეგ იყო, რაც უნდა გეთქვა? _ მწარედ გაეღიმა ზურას.
_ ჰო… წავალ ახლა მე, თუკი საჩუქარს მომცემ. რახან ჩამომიტანე, სხვა გზა არ მაქვს, უნდა გამოგართვა, არ მინდა, უმადურობაში ჩამეთვალოს.
_ არსადაც არ წახვალ. დარჩი აქ და შენს ოთახში დაიძინე! _ მკაცრად გაისმა მისი ხმა.
_ მაინცდამაინც კარგი აზრი არ მგონია ეგ! _ ჯიუტად გადააქნია თავი ნუკიმ და ფეხები ერთად შეატყუპა, თითქოს საშიშროების მოახლოება იგრძნო და გასაქცევი პოზიცია უნდა დაიკავოსო.
_ მე კი პირიქით მგონია. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომც მთხოვო, მაინც ვერაფერს შევძლებ. ჰა-ჰა, ერთი-ორჯერ გაკოცო მხოლოდ და მორჩა! თუმცა, არც მაგას ვაპირებ. წადი, დაწექი, მეც დავწვები და დავიძინებ. საჩუქარს კი ხვალ მოგცემ, დილით.
ნუკის სახე მოეღუშა. ვერ გადაეწყვიტა, წასვლა აეჩემებინა, თუ დარჩენილიყო.
_ დარჩი-მეთქი, ვთქვი მე! _ ახლა უკვე ძალიან მკაცრად წარმოთქვა მამაკაცმა, რადგან მიხვდა, ნუკი რომ ყოყმანობდა.
_ კარგი, დავრჩები… ჩემგან კიდევ გინდა რამე?
_ ბარემ კი მინდა, მაგრამ… _ ეშმაკურად ჩაიცინა ზურამ, მის სითამამეს საზღვარი აღარ ჰქონდა, _ ამაღამ მხოლოდ «ბორჯომს» დავჯერდები. თუ არ შეწუხდები, გამომიტანე, სამზარეულოს მაგიდაზე დევს გაუხსნელი ბოთლი.
_ ახლავე, _ ნუკი მკვირცხლად წამოხტა, გახარებული, რომ ოთახიდან გასვლამ მოუწია და სამზარეულოში შევარდა.
როცა ბოთლით ხელში უკან შემობრუნდა, ზურა ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა და თითით ანიშნა, ახლოს მოდიო.
_ თამარაა, შენთან ლაპარაკი უნდა, _ თქვა და მობილური გოგონას მიაწოდა.
ნუკი დაიბნა. საიდან გაახსენდა თამარას? რა უნდა? რა იცოდა, ზურასთან რომ იყო? ათასმა კითხვამ გაუელვა თავში.
დაბნეულმა გამოართვა მამაკაცს ტელეფონი და ყურთან ფრთხილად მიიდო.
_ ალო!
_ ნუკი. შვილო, როგორ ხარ? ძლივს მოგაგენი, მოკლედ. რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული? კიდევ კარგი, ზურასთან დავრეკე. ვიფიქრე, მაგას ეცოდინება, როგორ გიპოვო-მეთქი. ძალიან ცუდად გამოვიდა მაშინ ყველაფერი. მე რომ ვყოფილიყავი სახლში, ის ამბავი არ მოხდებოდა, ჩემო გოგო. ეკამ რა იცოდა, იმ მეტიჩარას აღებული თუ იყო…
ნუკი აღარ უსმენდა ბიცოლას. ზურას მისჩერებოდა ირონიული ღიმილით, თითქოს ეუბნებოდა, ამასთან ლაპარაკის თავი არ მაქვსო. მოულოდნელად მამაკაცი ზეზე წამოიჭრა, მობილური ხელიდან გამოსტაცა და გათიშა.
_ ვითომ დაჯდა ბატარეა… არ მიყვარს ასეთი სიყალბე… ეკამ ყველაფერი იცოდა, ზუსტად ვიცი! _ კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა.
_ რატომ დარეკა? _ გაოგნებულმა ნუკიმ მხრები აიჩეჩა.
_ იმიტომ, რომ ბიძაშენი აპირებს ხვალ ჩამოსვლას და ამიტომ სჭირდება, შენ თავის მოქონვა, რომ ეკაზე გაგულისებულმა არ ილაპარაკო. იცის ხუტას ამბავი, თავზე დაამხობს მაგათ ყველაფერს.
_ არც ვაპირებდი არაფრის თქმას. უკვე აღარ მადარდებს ეგ ამბავი. პირიქით, მადლობელიც კი ვარ ეკასი, იმ ტყვეობიდან რომ გამათავისუფლა… და კიდევ შენი.
_ ჩემიც? რა კარგია! _ მხიარულად შესძახა ზურამ, _ მაშინ, სანამ ჩემი ლოგინისკენ ავიღებ გეზს, ერთი სამადლობელი კოცნა მაჩუქე… ხომ უნდა დავიჯერო, რომ გულწრფელი ხარ?
ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა. ისე საწყალობლად მისჩერებოდა მამაკაცი, აუცილებლობადაც კი ჩათვალა, ერთი ლამაზი კოცნით დაეჯილდოებინა.
თვალები ეშმაკურად მოწკურა, ბორჯომის ბოთლი მკერდზე მიიხუტა და თავაღერებული გაემართა ტახტზე გვერდულად მიწოლილი მამაკაცისკენ…
8 8 8
ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, რომ ნუკი მობილური ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. თვალი გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ვერც გააცნობიერა, სად იმყოფებოდა. საწოლიდან ხელი გადაჰყო და იატაკზე დადებულ ჩანთაში მოაფათურა. როგორც იქნა, მიაგნო აპარატს და ნომერს დახედა… ეუცხოვა. მაინც უპასუხა.
_ ნუკი ბრძანდებით? _ უცხო მამაკაცის ხმა იყო.
_ დიახ. რომელი ხართ? _ გული შეუქანდა, ეგონა, გიას დავალებით ურეკავდნენ.
_ მე რატის მეგობარი ვარ, თქვენი ძმის…
_ რატის? _ გაკვირვება ვერ დამალა, _ დიახ, გისმენთ…
_ იცით?.. ავარიაში მოყვა… საავადმყოფოში წევს და დედათქვენმა მთხოვა, დამერეკა… იქნებ ჩამოხვიდეთ.
_ სად, ქუთაისში?
_ ჰო, რეანიმაციაშია, ახლა დამთავრდა ოპერაცია და ჯერ ისევ ნარკოზშია.
_ ოპერაცია? _ შეძრწუნებული ნუკი საწოლიდან წამოხტა და ცალი ხელით ჩაცმას შეუდგა.
_ ფარული სისხლდენა ჰქონდა მუცლის ღრუდან.
_ კარგი, ახლავე მოვდივარ! _ ნუკიმ ტელეფონი გათიშა და გიჟივით გამოვარდა საძინებლიდან, თან ფიქრობდა, გაეღვიძებინა თუ არა ზურა.
არადა, მისთვის რომ ეთქვა, მანქანით წაიყვანდა. სად უნდა ეწოწიალა ამ დილაუთენია ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით? იქნებ ყოველი წუთი ძვირფასია? ამ ფიქრებში იყო, რომ სამზარეულოდან ზურა გამოვიდა საცვლების ამარა. ორივე შეცბა…
_ მაპატიე, არ გელოდი ასე ადრე… _ დაიბნა მამაკაცი.
_ იცი? ჩემი ძმა ცუდადაა, _ გაფითრებულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი, თვალები ცრემლით აევსო.
_ რომელი ძმა? ის… დედაშენის შვილი?
_ ჰო.
_ მერე? სად არის? რა ჭირს? _ უარესად დაიბნა ზურა.
_ ქუთაისში… ოპერაცია გაუკეთეს, რეანიმაციაშიაო… მანქანა დაჯახებია.
_ უნდა წახვიდე?
_ აუცილებლად. რა გამაჩერებს!
_ მე წაგიყვან! _ ისე მტკიცედ წარმოთქვა მამაკაცმა, ნუკის გული სითბოთი აევსო.
_ მერედა, გცალია ჩემთვის?
_ შენთვის ყოველთვის მცალია! ახლავე ჩავიცვამ! _ მოკლედ მოჭრა და ოთახში შევიდა.
_ არ გაგიჭირდება ნაბახუსევზე ამხელა გზაზე მანქანის ტარება? _ გასძახა ნუკიმ, მაინც მოერიდა.
_ არ ვარ «პახმელიაზე», დაწყნარდი! _ ცივად გამოეპასუხა მამაკაცი.
ზურა ათ წუთში მზად იყო.
_ წავედით! _ თითქოს ბრძანებებს იძლეოდა იგი, ისეთი ტონით გამოთქვამდა სიტყვებს.
სანამ კარში გავიდოდნენ, ნუკიმ მხარზე შეახო ხელი. მამაკაცი მოტრიალდა. გოგონამ ფეხის წვერებზე აიწია და შუბლზე აკოცა… ნაზად… მგრძნობიარედ… უთრთოდა ტუჩები…
ეს სამადლობელი კოცნა იყო…
8 8 8
რეანიმაციის კართან მისული ნუკი შედგა და დაძაბულმა შეათვალიერა იქ მყოფი უამრავი ადამიანები. თვალებით დედას დაეძებდა… აი, ისიც…
ჯულიეტა გაქვავებული იდგა. გაწეწილი თმა, ცრემლიანი სახე, ნაცრისფერი, გაუუთოებელი კაბა, შალის გრძელი მოსასხამი… ყველაფერი ეს ყინულის ცივ ქანდაკებას მოაგონებდა გოგონას. რაღაც საზიზღრობის მოახლოებას გრძნობდა. სულმა აჯანყება დაუწყო. ცდილობდა, თავი მტკიცედ დაეჭირა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერც დაიმალებოდა სადმე.
_ გამარჯობა, _ ჩამწყდარი ხმით მიესალმა ქალს.
მან უსიცოცხლო თვალებით ამოხედა. აშკარად შეეტყო, ვერ იცნო და ვერც მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყო იგი.
_ ვერ მიცანი? _ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ნუკიმ… იქნებ არც გაიღიმა…
_ ვერა, დედა, რატის მეგობარი ხარ?
_ არა… ნუკი ვარ, _ ცივად წარმოთქვა და ზიზღით (თუ სიძულვილით) აევსო სახე.
_ შვილო… შვილოოოო! _ აღმოხდა ჯულიეტას და ხელები ქალიშვილისკენ გამოიშვირა.
ნუკი ადგილს მიელურსმნა. ვერც წინ გადადგა ნაბიჯი, ვერც უკან. არადა, თითქოს უკან ეწეოდა სხეული. ქალმა მხრებზე მოხვია ხელები და ძლიერად ჩაიკრა მკერდში წლების უნახავი შვილი…
დედის გულსაკლავმა მოთქმამ გააყრუა დერეფანი. ნუკის ცრემლი მოადგა თვალზე, მხოლოდ ეს არ იყო სიბრალულის ცრემლი, ეს სულ სხვა ცრემლი იყო… სხვა, რადგანაც დედას (როგორ ეუცხოვებოდა ეს სიტყვა) ამწუთას მასთან შეხვედრის სიხარული კი არ ატირებდა, არამედ მეორე, თავისი გაზრდილი შვილის დაკარგვის შიში.
_ ხედავ, რა დამემართა, დედაააა! _ მწარედ მოთქვამდა ჯულიეტა, _ როგორ დამსაჯა ღმერთმა, როგორ გამწირააა!
ნუკი გაბრუებული იდგა და ცრემლიან ნერწყვებს ყლაპავდა მხოლოდ. კიდევ ცოტა და უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს… როგორც მიხვდა, ნათესავები _ დეიდები, მათი ქმრები, დეიდაშვილები, მათი მეუღლეები, მათი შვილები… ყველა ეცნობოდა, ის კი მათ დამახსოვრებას ვერ ასწრებდა, უხერხულად უღიმოდა მხოლოდ, ყველას სათითაოდ.
_ როგორ არის? _ როგორც იქნა, თავი გაითავისუფლა ხვევნა-კოცნისაგან და რატის მდგომარეობა იკითხა.
_ რა ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, გვამშვიდებენ. სტაბილური მდგომარეობააო. თუ არაფერი გართულდა, ხვალ გადავიყვანთ პალატაშიო. ყველაფერი დაზიანებული აქვს მუცლის ღრუში, ერთი ორგანო არ დარჩენია მთელი, _ უპაასუხა მაღალმა, ხმელ-ხმელმა მამაკაცმა, დეიდის ქმარმა.
_ ვინ დაეჯახა? სად მოხდა, როგორ?
_ ამის ბრალია, შვილო, თვითონ დაიღუპა თავი! _ ისევ დაიწყო მოთქმა ჯულიეტამ, _ მთვრალი ატარებდა თურმე მანქანას. რა ეშმაკად უნდოდააა! ასჯერ ვუთხარი, არ დაჯდე მთვრალი საჭესთან, არ დაჯდე, არ დაჯდე-მეთქი, ვინ გამიგონაააა!
_ ის ბიჭი გვერდიდან არ მოშორებია, ვინც დაეჯახა, სულ აქ ტრიალებს, ერთი თეთრი არ დაგვახარჯინა, _ ნინო დეიდა ჩაერთო ლაპარაკში, _ გაახარებს ღმერთი. სხვა რომ ყოფილიყო, მიატოვებდა და გაიქცეოდა! ღმერთმა უშველოს.
_ დაჯახებისას ეტყობა, საჭემ გულ-მუცელი შეუნგრია. გარედან არაფერი ეტყობოდა, მაგრამ შიგნიდან ფარული სისხლდენა დაწყებია და გათიშულა მაშინვე.
ნუკიმ უკან მოიხედა. ზურა ობოლი ბავშვივით მიმდგარიყო განზე და შორიდან უყურებდა დერეფანში დატრიალებულ სცენას. გოგონამ იგი ნათესავებს გააცნო. ყველამ მუშტრის თვალით (ალბათ სავარაუდო სასიძოდ მიიჩნიეს) შეათვალიერა მამაკაცი. ნუკი გვერდით ამოუდგა ზურას. თვითონაც ვერ ხვდებოდა, როდის და როგორ, მაგრამ ის უკვე ისეთი ახლობელი გამხდარიყო მისთვის, რომ ამის გააზრებაც ვერ მოასწრო. ხელზე ხელი ჩასჭიდა მამაკაცს და ოდნავ მოუჭირა, თითქოს მადლობას უხდიდა თანაგრძნობისთვის.
_ კარგი ვქენით, რომ წამოვედით, _ უჩურჩულა იმანაც და მის თმას ოდნავ შეეხო.
ნუკის გააჟრჟოლა. თავბრუ დაახვია ამ შეხებამ.
_ ჰო, _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ღაწვები გაუხურდა, _ ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ, კარგი?
ზურამ თავი დაუქნია, ხელჩაკიდებული გატრიალდა და გოგონაც თან გაიყოლა.
_ აბა? რას იტყვი? კმაყოფილი ხარ შენებთან შეხვედრით? _ ჰკითხა მამაკაცმა, ეზოში რომ გავიდნენ.
_ არ ვიცი… ჯერ არ ვიცი, რას ვგრძნობ…
_ კი ატირდი და… _ გაუღიმა ზურამ და შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, _ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც გიყვარს… ის ხომ დედაა შენი… შეიძლება ვერ აცნობიერებ, მაგრამ ასეა.
_ მინდა მართალია ვიყო… პირველ რიგში, საკუთარ თავთან… მე თავის გასამართლებელი მაქვს, იცი? შეიძლება არა წინასწარგანზრახულად, მაგრამ იგი დამნაშავეა ჩემს მიტოვებაში… ამის პატიება ადვილი არ არის. თანაც, არათუ მიმატოვა, ლამის დამივიწყა კიდეც.
_ იცი, რა ამარცხებს ადამიანს პირველ რიგში? სისუსტე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს სისუსტე გვაძლევს უნარს, გავძლიერდეთ. უნდა აჯობო შენს სისუსტეს. ვიცი, დაბნეული ხარ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. თითო შეცდომა ყველას დაგვიშვია, შეიძლება საბედისწეროც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების გაგრძელების უფლება არ გვაქვს, ან პატიების… პირველ რიგში, ამის უნარი უნდა გაგვაჩნდეს. არ დავიწყებ ბანალურ ტირადებს იმაზე, რომ სულგრძელი უნდა იყო და ა.შ. ვიცი, რომ ასეთი ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატიებაც შეგიძლია. და ისიც ვიცი, რომ უკვე აპატიე. ეს შენს თვალებში ჩანს, თუმცა არ გინდა ამაში გამოტყდე. არც არის საჭირო… დრო ყველაფერს გამოასწორებს, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი, აგერ ნახავ.
_ შენ საოცარი ადამიანი ხარ, ზურა, დიდი მადლობა, _ ჩურჩულით თქვა ნუკიმ, უფრო მოუჭირა თითები მამაკაცის თითებს და გული უცნაურად შეუთრთოლდა.
_ ნუკი? შენ ხარ? _ მოესმა მოულოდნელად ზურგიდან და ამ ხმის გაგონებაზე ისეთი შეხტა, თითქოს დანა გაუყარესო, ერთ წამში დაპატარავდა თითქოს, ისე მოიბუზა.
მძიმედ შეტრიალდა… მის წინ ოფლში გახვითქული, გაწამებული სახით… გია იდგა…
_ შე-ენ? _ ნუკიმ საკუთარი ხმა ვერ იცნო, თითქოს ხავილი აღმოხდა და გაფითრებულს პირი გაუშრა…
_ აქ საიდან მოხვდი? ვინმე გიწევს? _ ისეთი სათნო ღიმილი დასთამაშებდა მამაკაცს ტუჩებზე, თითქოს ყველაზე პირნათელი ადამიანი ყოფილიყო ნუკის ცხოვრებაში.
_ ჰო… ჩემი ძმა მოყვა ავარიაში და…
_ შ…შ…შენი… ძმა-ა? რა…რატი შენი ძმაა? _ მოულოდნელად ენა დაება და სახე შეეცვალა გიას.
ნუკის თითქოს რაღაც უგრძნო გულმა. ცალი წარბი ოდნავ მაღლა აზიდა და თვალებით გაზომა მის წინ მდგარი დიდი ხნის (საუკუნის) უნახავი ოცნების მამაკაცი.
_ რატი ჩემი ძმაა, _ ხაზგასმით, მკაცრად გაიმეორა და დაჟინებით მიაჩერდა, _ შენ საიდან იცნობ მას? შემთხვევით… _ აღარ დაასრულა.
_ ჩემი ბრალი არ იყო… _ მზერა აარიდა გიამ.
_ ეგ უკვე მითხრეს, _ კიდევ უფრო გაუცივდა ტონი ნუკის, _ ჰო, მართლა, გაიცანი… ეს ზურაა, ჩემი მეგობარი… ეს კიდევ გია, ჩემი ნაცნობი, _ ბოლო სიტყვა განსაკუთრებული სარკაზმით წარმოთქვა.
მამაკაცებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და სასიამოვნოაო, ზრდილობის გულისთვის ჩაიდუდღუნეს.
ზურა მიხვდა… რაღაცას მიხვდა… ნუკის ხმამ მიახვედრა იმ რაღაცას… ნუკის ლაპარაკის ტონმა… და ყურადღებით შეათვალიერა ყოფილი (იქნებ არც) მეტოქე… არ მოეწონა… თუმცა, რა არ მოეწონა, ამის თქმა გაუჭირდებოდა… ამას ვერ მიხვდა. სამაგიეროდ, იმას მიხვდა, რომ ეს ერთობ სიმპათიური (მასზე სიმპათიურიც) მამაკაცი მას ვერ აჯობებდა, რომ ის ვერასდროს გააბედნიერებდა ნუკის ისე, როგორც თავად შეეძლო ამის გაკეთება…
ახალგაცნობილი თითქოს მტრულად შესცქეროდა, თითქოს ომს უცხადებდა ჯიქური მზერით, თითქოს საბრძოლველად იწვევდა…
და ზურა კიდევ ერთ რამეს მიხვდა _ ერთადერთი ისღა რჩებოდა, მიეღო ეს ომი და მედგარი ჯარისკაცივით ჩაბმულიყო მასში, რათა მოწინააღმდეგეს გასროლა არ დაესწრო და არ დამარცხებულიყო. მას უნდა შეენარჩუნებინა სიცოცხლე, რათა გაეგრძელებინა სიყვარული. თითქოს გრძნობდა დამძიმებულ ქუთუთოებს, რომლებიც უძილობას ებრძოდნენ, გრძნობდა ნუკის ტუჩებს (დილანდელს) შუბლზე, ნაზად რომ კოცნიდნენ, მის ჩრდილს… ოღონდ არ დაეცეს ბრძოლის ამ ველზე, ოღონდ არ დამარცხდეს! მან უნდა გადაარჩინოს ეს გოგო! უნდა გადაარჩინოს… იმისთვის, რომ თვითონ იყოს ბედნიერი! ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა… დროებით წინა ხაზიდან უკან გადაინახვლოს, ზურგში… და ასეც მოიქცა…
მან ჩაახველა და თქვა.
_ მე წავალ, მანქანაში ჩავჯდები, კარგი? _ მერე ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონას და პასუხს არ დაელოდა, ისე გაემართა მანქანისკენ (არეული ნაბიჯებით), თან სიმწრის ოფლი ასხამდა.
ის ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო… ის უნდა მოქცეულიყო ასე… მათ სალაპარაკო ჰქონდათ, ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. ნუკი არჩევანის (თუმცა კი მძიმე) წინაშე იდგა, მას თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მომავალს აჩუქებდა თავის თავს _ ზურასთან თუ მის გარეშე… გიასთან თუ მის გარეშე…
ნუკი და გია მარტონი დარჩნენ. ერთხანს არც ერთი ხმას არ იღებდა.
_ ჩემზე ნაწყენი ხარ, არა? _ ბოლოს მამაკაცმა დაარღვია დუმილი.
გოგონამ მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
_ ქუთაისში საიდან მოხვდი? აქ რა გინდოდა? _ მკვახედ ჰკითხა.
_ პრობლემები მქონდა. რაღაც საქმეებს ვაგვარებდი. მინდოდა, შენთვის დამერეკა და მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე, როცა მოვაგვარებ, მერე ვნახავ-მეთქი. არ მინდოდა, გენერვიულა… ვიცი, თავის მართლება მიწევს, მაგრამ…
_ მე არ მითხოვია შენთვის თავის მართლება, _ გააწყვეტინა ნუკიმ, _ და საერთოდ, ვერ ვიტან, როცა მამაკაცი თავის იმართლებს. ეს ძალიან ასაწყლებს მას, უმწეოს აჩენს… შენსიგრძე კაცს კი არ უხდება, როცა უმწეოდ გამოიყურება…
_ ვიცი, მაგრამ…
_ არ გინდა, გია… არაფრის თქმა არაა საჭირო…
_ შენი ძმის გამო მიბრაზდები? მართლა არ იყო ჩემი ბრალი.
_ რა შუაშია ჩემი ძმა? შენ ვერ ხვდები…
_ მაშინ რა გჭირს? გაბრაზდი, ამდენ ხანს რომ არ შეგეხმიანე?
_ შენი პრობლემები არ იყო მთავარი მიზეზი შენი არშემოხმიანებისა, შენც ხომ იცი ეს!
_ ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ შენც უნდა გამიგო. მართალი ხარ, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი… მე მარტოხელა მგელივით ვცხოვრობ, წლებია უკვე. არ ვარ მიჩვეული ქალთან ურთერთობას… სიყვარულიც უცხო ხილი იყო ჩემთვის, სანამ შენ გამოჩნდებოდი… დრო მჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეჩვიო, გამიგე?
_ დაგაგვიანდა, გი…
_ არა, არ დამაგვიანდა. მე შენ ისეთი სიყვარულით მიყვარხარ, როგორითაც მხოლოდ ქალს შეუძლია უყვარდეს. ეს უკვე ვიგრძენი, ამიტომ დანებებას არ ვაპირებ.
_ მაგრამ შენ ქალი არა ხარ… ამიტომ ვერასდროს შეიყვარებ ისე, როგორც ქალს შეუძლია შეიყვაროს.
_ შენ მე ძალზე ამაღლებული გამხადე, ლამის გამაღმერთე. გგონია, ვერ მივხვდი? მაგრამ მე მხოლოდ უბრალო ადამიანი ვარ, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამაღლებული…
_ გაღმერთება სიყვარულს არ ნიშნავს. ძალიან გთხოვ, ნუ გაილექსე! შენ უკვე დაკარგე ქალი, რომლისთვისაც ყველაფერს წარმოადგენდი და ახლა ცდილობ, შენი სიყვარულის წონა ქალისას შეადარო. არ გინდა, ზედმეტია ეს…
_ ცხოვრება იწყება, გრძელდება და მთავრდება. მოდი, გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ, სანამ დამთავრებულა. მე გამოვსწორდები… შენ მხოლოდ მაპატიე და…
გაგრძელება იქნება