_ სამწუხაროდ, ის, რაც დავიწყეთ, ჩემთვის დიდი ხანია დამთავრდა. მინდოდა, დროდადრო მაინც გყვარებოდი, თუ ყოველდღე არა. შეუძლებელს არ ვითხოვდი შენგან. არც შემიწუხებიხარ, არც თავი მომიბეზრებია. ისტერიკები და წუწუნი არ მიყვარს. არც ხვეწნა. გელოდი, ჩუმად, ჩემთვის. რაც უფრო ცუდად ვხდებოდი, მით უფრო ჩუმად ვიყავი… ერთი პერიოდი ვამართლებდი შენს გაუჩინარებას… მერე მივხვდი, რომ შენ მხოლოდ შემთხვევითი ადამიანი იყავი ჩემს ცხოვრებაში, სრულიად შეუფერებელი ჩემი სიყვარულისთვის და მე თავიდან დავიწყე ცხოვრება, ახლიდან, ოღონდ ამ ცხოვრებაში შენ აღარ ხარ. ეს როლი სხვას ერგო უკვე. თუმცა, ჯერ კიდევ მიჭირს ჭიდილი საკუთარ «მესთან». ხანდახან ვორდები ან ვსამდები. ერთს მარტო სურს ყოფნა, მეორეს შენთან, მესამეს სხვასთან.
_ და ვინ არის ის სხვა?
_ ის, ვინც შენ ჩაგანაცვლა.
_ და როდის მოხდა ეს?
_ როცა შენ სხვაგან ერთობოდი.
_ ესე იგი, დავაგვიანე?
_ არა, უბრალოდ, გაზაფხული მოვიდა უფრო ადრე. და შენ გამოგეპარა ეს, რადგან არ იყავი ფხიზლად.
_ გაზაფხული? ჯერ რა დროს გაზაფხულია… გეშლება რაღაც… დრო აგერია, როგორც ჩანს…
_ მე არა… ეს შენ აგერია… და მაშინ მოხვედი, როცა შენი სიყვარულის დრო ამოიწურა… თუმცა, არც მოსულხარ… შემთხვევით გადამაწყდი… თანაც… შემთხვევაც არის და შემთხვევაც… მეტი აღარაფერი მითხრა… აღარ დაგრჩა სათქმელი. კარგად იყავი, _ ცივად დაემშვიდობა, ზურგი შეაქცია მამაკაცს და ზურას მანქანისკენ ამაყად ყელაღერებული გაემართა.
8 8 8
შუადღე გადასული იყო, ნუკი და ზურა თბილისისკენ მიმავალ გზას რომ დაადგნენ. მის იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი წუთით შეუშვეს რეანიმაციაში, რომ ძმისთვის დაეხედა… ძმისთვის, რომელსაც მხოლოდ ხმით იცნობდა… რატის ეძინა, ჯერ კიდევ ნარკოზში იყო. ნუკის სურვილი წვავდა, შეხებოდა მის ხელს, ქალივით ლამაზ სახეს, მაგრამ ეშინოდა, არ გაეღვიძებინა ბიჭი, რომელსაც მშფოთვარე ძილით ეძინა… იგი კვნესოდა, ბორგავდა, არათანაბრად სუნთქავდა… ლოყები უცნაურად აწითლებოდა, უპრიალებდა თითქოს.
_ რატომ არის სახეზე ასეთი წითელი? _ ექთანს ჩურჩულით შეეკითხა.
_ მაღალი სიცხე აქვს და იმიტომ.
_ მერედა, რატომ?
_ იცის, ქალბატონო, ოპერაციის შემდეგ. ცოტა კი არ გადაიტანა! _ უკმაყოფილოდ გასცა პასუხი მკერდმოთიმთიმე მსუქანმა ქალმა და სისტემის სადგამზე ჩამოკიდებულ პლასტმასის ბალიშში შპრიცით კიდევ ერთი წამალი შეუშვა…
_ შემეცოდა დედაშენი, _ ნუკი ფიქრებიდან ზურას ხმამ გამოარკვია.
_ ჰა? _ ნუკიმ უაზრო მზერა მიაპყრო.
_ დედაშენზე ვამბობ… შემეცოდა-მეთქი, _ გაიმეორა და ირიბად გახედა ჩაფიქრებულ გოგონას.
_ როგორც ჩანს, ახლა მიხვდა, რას ნიშნავს შვილი… ახლა, როცა მისი დაკარგვის საშიშროება შეიქმნა. რატის რომ რამე მოუვიდეს, ჩემ მეტი აღარავინ რჩება მის ცხოვრებაში. სწორედ ამის ეშინია. ვერ ხედავდი? მე მეხვეოდა და მასზე მოთქვამდა.
_ არ გეთანხმები. ნუ იქნები ეგოისტი. რომ არა ის, შენი ძმა შენს მოძებნას არ შეეცდებოდა. რადგან მოგძებნა და გამოგეხმაურა, ესე იგი, დედაშენს უნდოდა პირველ რიგში ეს.
_ უცნაურია ცხოვრება… ჩემი _ განსაკუთრებით… საკუთარი დედა ისე შემხვდა, როგორც უცხოს… ვერ მიცნო.
_ აბა როგორ გიცნობდა, როცა…
_ მე როგორღა ვიცანი?
_ შენ ახალგაზრდა ხარ.
_ ეგ რა შუაშია?
_ არ ვიცი, _ ღიმილი ვერ შეიკავა ზურამ, _ გარდა ამისა, ის უბედურებით იყო დაზაფრული, ცნობის უნარიც წართმეული ჰქონდა. შენ კი არა, შეიძლებოდა ღვიძლი ნათესავიც ვერ ეცნო, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს.
_ ნუ ამართლებ…
_ არ ვამართლებ…
_ იქნებ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ? _ უსიამოვნოდ გაისმა ნუკის ხმა.
_ კი ბატონო, შენ დაიწყე და მე აგყვები, _ დათანხმდა მამაკაცი.
_ მე არ ვიცი, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. არაფერი მაგონდება.
_ იქნებ იცი? _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა ზურამ.
ნუკი აილეწა. მიხვდა, საითაც უმიზნებდა მამაკაცი. პასუხი არ გაუცია, თავი მიაბრუნა და ფანჯარაში გაიხედა. კარგა მანძილი ისე გაიარეს, არ ულაპარაკიათ.
_ რა ურთიერთობა გქონდა მასთან, თუ საიდუმლო არ არის? _ ვეღარ მოითმინა მამაკაცმა.
_ ვისთან? _ ვითომ ვერ მიუხვდა ნუკი.
ზურამ დაკონკრეტება საჭიროდ არ ჩათვალა, რის გამოც გოგონა იძულებული გახდა, პასუხი მისი პასუხის მოსმენის გარეშე გაეცა.
_ ჩვენს ურთიერთობას სახელი არ ერქვა.
_ მართლა? საინტერესოა, რატომ? _ ირონია გაისმა მამაკაცის ხმაში.
_ იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა არ იყო და ჩანასახშივე მოკვდა, _ ისეთი ტონით განუცხადა ნუკიმ, რომ ზურა მიხვდა, მეტი შეკითხვა აღარ უნდა დაესვა.
და არც დაუსვამს… მხოლოდ წამით შეხედა გოგონას, რომელიც ჩაფიქრებული წინ გაჰყურებდა სივრცეს და მიხვდა, რომ ის თავის თავში გარკვევას ცდილობდა.
_ იცი, რა-ა? _ უეცრად წამოიწყო ნუკიმ, _ მეგონა, ის კაცი მიყვარდა, მაგრამ როცა ამის გააზრება დავიწყე, მივხვდი, რომ უკვე შემძულდა და მას შემდეგ ვცდილობ, უფრო ძლიერად შევიყვარო სხვა.
_ და როცა გეგონება, რომ შეგიყვარდა და ამის გააზრებას დაიწყებ, მიხვდები, რომ უკვე ისიც შეგძულდა, არა? _ ღვარძლიანად ჩაიცინა ზურამ.
_ არა, ცდები. ამჯერად ასე არ მოხდება.
_ ვითომ რატომ?
_ იმიტომ, რომ ის სხვა სხვანაირად სხვააა და არა მისნაირად.
_ კარგი პასუხია, ვერაფერს ვიტყვი, _ ცალყბად გაიცინა მამაკაცმა და აღელვებულმა სიჩქარეს უმატა.
_ მასთან ისეთი არაფერი მქონია, რომ… _ გააგრძელა ნუკიმ, მაგრამ ზურამ შეაწვეტინა.
_ მე შენთვის ეს არ მიკითხავს.
_ ჩემთვის სულერთია, მკითხავ თუ არა. უბრალოდ, გითხარი, იმიტომ, რომ მინდოდა მეთქვა.
_ არ ვიცი, გიფიქრია თუ არა იმაზე, როგორი გულგრილობით და სიმკაცრით ჩქარობ ჩემს შეყვარებას… გიფიქრია? _ გაღიზიანებული ტონით მიმართა მამაკაცმა.
_ მერე რა?
_ მერე ის, რომ… სწორედ ამან შეიძლება ისეთივე სისწრაფით შეგაძულოს ჩემი თავი, როგორც შემიყვარებ.
_ ირონიის გამოყენება შენი უფლებაა. ყველა ისე იცავს თავს, როგორც შეუძლია. მაგრამ თუკი ერთხელ კიდევ უარს ვიტყვი სიყვარულზე, ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ გული ამომაცალეს. ეს კი არ მინდა.
ზურამ მოულოდნელად დაამუხრუჭა და მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა… ოდნავ გადაიხარა ნუკისკენ. უყურებდა მას და ვერ ხვდებოდა _ ეს იყო მისი ნამდვილი სახე თუ უბრალოდ, გოგონას უნდოდა, მას ასეთი დაენახა.
მოულოდნელად ნუკი შეირხა და მოეხვია, მკერდზე მიეხუტა…
_ იცი, რა მინდა, გთხოვო, ზურა? _ აჩურჩულდა მკვნესარე ხმით, _ მინდა შევეცადოთ, რომ თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი. ვნახოთ. ძალიან არ მინდა ვცდებოდე და ამაში უნდა დამეხმარო. ვიცი, ძნელია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ… თან ისიც ვიცი, რომ შევძლებ…
_ მე ხომ სიყვარულს არ გთხოვ, ნუკი… უფრო სწორად, არ გაჩქარებ. ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, არსად გვაგვიანდება… უბრალოდ, იყავი ჩემ გვერდით და დაივიწყე, რომ უბედური ხარ. ეს მცდარი შეხედულებაა, დამიჯერე.
_ არ ვიცი, შევძლებ თუ არა მშვიდად ცხოვრებას, ყველაზე მეტად ამის მეშინია, _ ნუკი ცდილობდა, არ ატირებულიყო, თუმცა ნიკაპი უკანკალებდა.
_ ცხოვრება მერე დავიწყოთ. ახლა კი მივცეთ შანსს შანსი. შენ იცი, რომ არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება. არ მინდა ვიცხოვრო მხოლოდ მოგონებებით.
_ ვიცი, ზურა… მეც ჯერ ისევ მტკივა ის ადგილები, განსაკუთრებით ხელები და მკერდი, საიდანაც სხვამ სცადა შენი ამოგლეჯა, მტკივა თვალები, ტუჩები, სადაც სიცარიელეა უშენოდ, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენი გული მზად არის, უკან მიმიღოს და დამაჯილდოოს უკეთესი სიყვარულით.
_ არ გაჩქარებ. მინდა, უკეთ გაიგო, ვინ ვარ მე, საიდან ვარ, რისგან გამოძერწილი. შენ ჯერ კიდევ ორჭოფობ, ამიტომ გაცდი, ჩვენ ხომ ჯერაც უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. ჩვენ დიდი ხანია, ორივე თავს ვიკავებთ, ვყოყმანობთ, იმიტომ, რომ არ შეგვისწავლია ერთმანეთის მეორე მხარეები, არ ვიცნობთ ერთმანეთის ნაკლსა თუ საოცარ თვისებებს. ჩვენ ჯერ არ გარდავქმნილვართ ერთ არსებად, არ შეგვიღწევია ერთმანეთის სულში, და როცა ეს მოხდება, გაჩნდება სინაზე, ერთმა შეუვსოს მეორეს ის, რაც მას არ გააჩნია.
_ მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ… ხომ არ აჯობებს, ცოტა ხნით მარტო დავრჩე… რამდენიმე დღე, სულაც კვირა, არ გნახო… იქნებ უკეთესად გავაცნობიერო, რა უფრო მნიშვნელოვანია… _ თქვა ნუკიმ, ხელები შეუშვა მამაკაცს და სავარძელზე გასწორდა.
ჯერ წინ, გზას გასცქეროდა, მერე თვალები დახარა. შემდეგ კვლავ ზურასკენ შებრუნდა და ნელი, ძალიან ნელი მოძრაობით წაიღო მისკენ მარჯვენა ხელი… ქალის თითები მის ტუჩებს შეეხნენ, დიდხანს დახეტიალობდნენ მასზე, თითქოს სურდა, კარგად შეესწავლა იგი. ცოტა ხნის შემდეგ მისმა ხელმა მამაკაცის თმაზე გადაინაცვლა, მერე შუბლზე, ტუჩის კუთხეში მიმალულ ღიმილზე, თვალის უპეებთან განლაგებულ წვრილ-წვრილ ნაოჭებზე, სწორ, ვერტიკალურ ხაზზე, ცხვირს რომ კვეთდა.
_ აბა? რას იტყვი? წავა? _ გაიხუმრა ზურამ.
_ მგონი, არა უშავს, _ ნუკის ღიმილმა გაუპო ბაგე, _ მშვენიერი სიმპათიური სახეა.
_ თუმცა შენ ვერ გჯობია. შენ საოცარი ქმნილება ხარ, ხორცშესხმული სრულყოფილება… ბუნება ხომ ნამდვილი ოსტატია ასეთ სამუშაოებში.
ნუკის უცნაური გრძნობა დაეუფლა… თითქოს მეორედ იბადებოდა ამწუთას…
8 8 8
მომდევნო დღეები მეტად რთული გამოდგა ნუკისთვის. ის თითქოს მართლაც გასამებული იყო _ ერთს მარტო უნდოდა ყოფნა, მეორეს _ გიასთან, მესამეს კი ზურასთან. გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ ამ სამიდან საუკეთესო ვარიანტი ზურას გულისკენ მიმავალი გზა იყო. მაგრამ გია? მისი სიტყვები? დაწყებული გავაგრძელოთო… ვერ იტყვის, რომ მის ნათქვამში სიყალბე იგრძნობოდა… არასდროს შეუმჩნევია მასში ეს. არც ადრე, არც ახლა. მაშინ რა უშლის ხელს? იქნებ არ უყვარს და მხოლოდ თავს იტყუებს? იქნებ მასთან ურთიერთობა მხოლოდ მისი აჩქარების (თუ გამოუცდელობის) ბრალია? იქნებ მოულოდნელად თავს დამტყდარმა თავისუფლებამ გაათამამა (თუ გაალაღა) ასე და ვეღარ მოზომა? არც უამისობაა… ყველა სიკეთესთან ერთად, გია თვალში საცემად სიმპათიური მამაკაცია, მხიარული, მომთხოვნი, ტემპერამენტით სავსე, სექსუალური, ქალების გულთა მპყრობელი…
ზურა კი… ზურა ძალიან გულჩათხრობილია, ინერტული, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, არ იბრძვის მისი გულის მოსაგებად… სამაგიეროდ…
სამაგიეროდ, ძალიან თბილია და მისი ფასი იცის. მთავარი ესაა. გია სულ ატყუებს, ზურას კი ერთხელაც (უფრო სწორად, არასდროს) მოუტყუებია იგი.
მთელი სამი კვირა ებრძოდა თავის თავს. ამ ხნის განმავლობაში ზურა ერთხელაც არ უნახავს, არც დაურეკავს. უნდოდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო თავის თავში. თან გიაზეც ფიქრობდა. კიდევ ერთხელ უნდოდა მისი ნახვა. რას მოელოდა ამ შეხვედრიდან, ამაზე ფიქრსაც კი უკრძალავდა საკუთარ თავს.
კიდევ ერთი კვირა გავიდა… ბოლოს მაინც ქუთაისისკენ გაუწია გულმა. თან საკუთარ ორეულს დაჟინებით არწმუნებდა, რომ იქ გიას სანახავად კი არა, რატის ამბის გასაგებად მიდიოდა…
პალატაში მხოლოდ დედა დახვდა, რომელიც მის დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა და ხელებგაშლილი მიეგება. ჯერ გადაეხვია, მერე ხელებით სახე დაუჭირა და დიდხანს კოცნიდა. ნუკი უხერხულად იღიმოდა მხოლოდ, საპასუხო კოცნა კი ვერ გაიმეტა. რატის ძალიან გაუხარდა მისი დანახვა. ჩაეხუტა. უსიტყვოდ, უთქმელად…
_ თქვენ შემოგევლოთ ჩემო სიცოცხლე, ჩემო ლამაზებო! _ ჯული სიხარულით აღარ იყო.
ნუკის ნერვებს უშლიდა ქალის სიტყვები. დედის ასეთ სიხარულს მხოლოდ უმცროსი შვილის გადარჩენას მიაწერდა და არა დაკარგული ქალიშვილის დაბრუნებას (თუ გამოჩენას).
_ როდის გაგწერენ? _ ნუკი საწოლზე ჩამოუჯდა ძმას და ხელზე ხელი გადაუსვა.
_ მაქსიმუმ, ერთ კვირაშიო, _ ღუღუნა ხმა ჰქონდა რატის.
_ ის რას შვრება?.. ვინც დაგეჯახა? _ სუნთქვაშეკრულმა იკითხა «იმის» ამბავი.
_ გია? _ ჩაერია საუბარში ჯულიეტა, _ ერთი წუთით არ მოგვშორებია საწყალი ბიჭი. სხვის შვილს რა უნდა ვუთხრა, როცა ამის ბრალი იყო ყველაფერი.
_ გეყოფა, დედა! _ უსაყვედურა რატიმ.
_ მეყოფა, მეყოფა! ჰო, რა თქმა უნდა, როცა მართალი ვარ, მაშინვე მაჩუმებ, შენი საქმე არ არისო და რომ გაგიჭირდება, მერე ყველაფერი ჩემი თავსატეხი ხდება!
_ წავიდა უკვე? _ ნუკი კვლავ მტკივნეულ თემას დაუბრუნდა.
_ რა წავიდა, სად წავა! _ კვლავ ჯულიმ გააგრძელა, _ რაც ის გოგო გაიცნო, სულ აქ არის ატუზული. მგონი, ბედი გაეხსნა. კიდევ კარგი, ამას დაეჯახა, თორემ რა ეშველებოდა, _ გაიცინა ქალმა.
_ ვინ გოგო? _ ხმა ჩაუწყდა ნუკის.
_ ამის ღამის ექთანი, ქეთინო. ის რომ მორიგეა, დილიდან დაერჭობა ხოლმე აქ და ფეხს არ იცვლის პალატიდან.
_ მორჩი რა, ქალო! შენ ვინ გეკითხება! _ რატის არ სიამოვნებდა დედის სიტყვების მოსმენა, _ დარჩები დღეს? _ ნახევარდას მიუბრუნდა.
_ ვერა, უნდა წავიდე, _ ნაღვლიანად გაუღიმა ნუკიმ.
_ ცუდია… რა იქნება, ერთხელ ისე ჩამოხვიდე, რომ ცოტა ხნით დარჩე? აი, ფეხზე რომ დავდგები, მერე მაინც.
_ აუცილებლად ჩამოვალ, აბა რა.
საღამომდე დარჩა. დიდხანს ილაპარაკეს სამივემ. მერე რატის ჩაეძინა. ნუკი გარეთ გამოვიდა იმ იმედით, იქნებ სადმე გიას გადავაწყდეო… იმედი არ გაუმართლდა. იმ დღეს მამაკაცი არ გამოჩენილა. არადა, კარგი იქნებოდა, ენახა. ენახა და საბოლოოდ დარწმუნებულიყო იმაში, რომ ნაძირალა უყვარდა _ ყველაზე მატყუარა და ყველაზე უგულო ადამიანი… უყვარდა კი? არა, არ უყვარდა. მხოლოდ იმიტომ უნდოდა მისი ნახვა, რომ ერთი რამ ეთქვა მისთვის, მხოლოდ ერთი რამ _ რომ მისი გამოჩენა ნუკის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომელიც კი ოდესმე ჩაუდენია. ყველაზე შავი ლაქა, რომელიც არასდროს წაიშლებოდა მის გულში. აი, ამის თქმა უნდოდა მხოლოდ.
საღამოს წამოვიდა… მთელი გზა, სანამ თბილისამდე ჩამოაღწევდა, გიასა და ზურაზე ფიქრობდა. თითქოს ერთმანეთს ადარებდა ორივე მამაკაცს. რაც მეტად უღრმავდებოდა, მით უფრო შორდებოდა გიას და უახლოვდებოდა ზურას. თან სინანულს განიცდიდა, რომ ასე ადვილად მოტყუვდა, ასე სულელურად შეცდა არჩევანში. თუმცა, ისიც იცოდა, რომ ამ საბედისწერო ურთიერთობის დამთავრება არ იყო სამყაროს დასასრული, რომ მას სიცოცხლე ჯერ არ დაუმთავრებია, რომ შეცდომებზე ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რომ ეს გაკვეთილი იქნება მისთვის. ბოლოს რომ ნახა, ეგონა, გაუხარდებოდა, მაგრამ არა. მართალია, ის დაბრუნდა, მაგრამ სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ადრე. მას თითქოს სხვა იერი ჰქონდა, სხვა აღნაგობა. მისი ჩაცმულობაც კი სხვანაირი ეჩვენა. ეს ჩვეულებრივი (ალბათ ბუნებრივი) ამბავი იყო ნუკისთვის, რადგან თვითონაც შეიცვალა. უფრო სწორად, გიაზე შეხედულება შეეცვალა. ასეთ დროს სხვა მხრიდან (სხვა კუთხიდან) ხედავ ადამიანს, უყურებ და გიკვირს, აქამდე რატომ მოგწონდა იგი, რა ღირსების გამო, რომელი თვისებები გხიბლავდა… და საყვედურით ავსებ საკუთარ თავს, კიცხავ, ადრე რომ ვერ შეამჩნიე მისი ნაკლოვანებები, მისი უარყოფითი მხარეები და ასე შემდეგ.
«არა უშავს, რაც იყო, იყო. მე მოვერევი ულმობელ ცხოვრებას, მე ვიღებთ მის გამოწვევას, გადავბუგავ ბოლოს და ბოლოს ჩემს უსიამოვნო წარსულს და როცა დავამარცხებ მას, ამ ნახანძრალზე სიყვარულის კოცონს დავანთებ. ამაში კი ზურა დამეხმარება!» _ თითებმომუშტული ფიქრობდა გოგონა.
წავიდეს ახლა და სდიოს ღამის ექთანებს! ის ნუკის სიყვარულის ღირსი არასდროს ყოფილა! ამის გაფიქრებაზე უცნაურად გაეღიმა… გაეღიმა და შვება იგრძნო, რადგან მიხვდა, რომ გიას ცხოვრებაში სხვა ქალის გამოჩენამ მას არჩევანის გაკეთება გაუადვილა…
და ისეთი შვებით ამოისუნთქა, თითქოს ძალიან დიდი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან… ტვირთი, რომელიც თითქოს ძალად (თუ განგებ) აჰკიდეს ზურგზე და რომელიც მას არასდროს უნდა ეზიდა…
8 8 8
უკვე ბნელოდა, თბილისში რომ ჩამოვიდა. როგორც კი სამკერვალოში შევიდა, ფეხზე გაიძრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საწოლზე მიესვენა. ტერფები უხურდა. გარდიგარდმო გადაწვა საწოლზე, ფეხები მაღლა ასწია და კედელს მიადო. ერთხანს წრიულად ათამაშა ფეხის თითები… ლამაზი, კოხტა თითები… მერე წამოდგა და სააბაზანოში შეიკეტა, წყალი გადაივლო. დიდხანს, დიდხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ, თითქოს საბოლოოდ სურდა ჩამოერეცხა ის ტკივილი, რომელიც ახლო წარსულში ყველაზე სანუკვარმა ადამიანმა მიაყენა. ეს თითქოს მისი ერთხელ და სამუდამოდ დავიწყების რიტუალი იყო.
გამოვიდა… თმა გაიშრო და სარკეში თავის თვალებს შეაჩერდა. თითქოს გადაწყვეტილებას იღებდა. თითქოს შიშმაც გაირბინა მის თვალებში… წამიერად… მყისიერად და მსწრაფლ მიიმალა სადღაც… დღეს იანვრის ბოლო დღეა… მოხდეს, რაც მოსახდენია…
და კმაყოფილმა გაიღიმა.
_ მე ვიცი, რასაც ვიზამ და ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება ახლა, ამწუთას! _ მხიარულად შესძახა და წამოდგა, _ ან ახლა, ან არასოდეს! _ და საწოლის ქვეშ შედებული სამგზავრო ჩანთა ამოიღო, რაღაცას გამალებით დაუწყო ძებნა…
8 8 8
ზურას გული უცნაურად უცემდა. ასეთი აღელვებული დიდი ხანია, არ ყოფილა… ერთდროულად სასიამოვნოც იყო ეს აღელვება და შიშნარევიც… ნუკიმ დაურეკა, შენი ნახვა მინდა და შინ თუ ხარო… არის, აბა სად იქნება? რომც არ ყოფილიყო, გამოიქცეოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ყველაფერს მიატოვებდა და გამოიქცეოდა… ნუკი ისე არ დაურეკავდა. ალბათ გადაწყვეტილება მიიღო. ისეთი აღელვებული ჩანდა, ისეთი… როგორიც ახლა თვითონაა. რას ეტყვის? არაო? არაფერი გამოვაო? ჩემი იმედი არ გქონდესო? თუ… თანახმა ვარო? შენთან მინდაო? როგორ უნდა, მალე მოვიდეს, რომ რაც შეიძლება, დროზე მოეღოს მის წამებას ბოლო! ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, შეიძლება თუ არა მას ნუკისთან მომავალი ჰქონდეს, თუ აბსურდია ეს ყველაფერი და ილუზიით (თუ ოცნებით) იტყუებს თავს! არა, ჯობია, ცოტა დაიგვიანოს. ჯერ ვერ მოუფიქრებია, როგორ ელაპარაკოს «არას» და «ჰოს» შემთხვევაშიც… მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი (თან ხშირად) უფიქრია…
ზარი დაირეკა. «მოვიდა», _ ზურას სხეული დაეჭიმა. კბილი კბილს დააჭირა და კარის გასაღებად გაემართა. სანამ გააღებდა, შემოსასვლელში დაკიდებულ ოვალურ სარკეში ჩაიხედა. თვალი თამამად გაუსწორა თავის ორეულს და დაბნეულად გაუღიმა, თითქოს ამხნევებსო, შემდეგ დარჩენილი ორიოდე ნაბიჯიც გადადგა და გასაღები გადაატრიალა.
_ საღამო მშვიდობისა, _ შემოჰღიმა ნუკიმ და პალტო გაიხადა.
_ რა ლამაზი ხარ! _ ზურამ ხარბად შეათვალიერა გოგონა.
იგი დაღვრემილი უყურებდა. მის ამ განწყობას თითქოს ყველაფერი უწყობდა ხელს _ შავი კაბა, შავი ჩანთა, საყურე, ბეჭდები, ხავერდის შავი ლენტი შუბლზე და ზუსტად ასეთივე _ ყელზე.
_ ჰო, შევეცადე…
_ საინტერესოა… _ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა მამაკაცმა, _ რისთვის? თუ ვისთვის?
ნუკიმ არ უპასუხა, ალმურმა აჰკრა სახეზე მხოლოდ.
_ მარტო ხარ? _ იკითხა გოგონამ, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ სრულიად ზედმეტი იყო ეს შეკითხვა, მაგრამ რაღაც უნდა ეთქვა და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
_ არა, მარტო არ ვარ, _ თავი გადააქნია ზურამ და კარი ჩაკეტა.
_ მართლა? ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
_ პირიქით, ძალიან კარგ დროს მოხვედი. თუმცა ჩემს სტუმარს არ გაუხარდება შენი მოსვლა, _ ეშმაკურად იღიმოდა მამაკაცი.
_ ვინ სტუმარია? _ შეშფოთდა გოგონა.
_ უცხო არავინ. მე და ჩემი მარტოობა ვართ ერთად. ახლა შენ შემოგვიერთდი და გავმხიარულდებით, ოღონდ მხოლოდ მე და შენ. მას კი მოუწევს აქაურობის დატოვება… იმედია, სამუდამოდ, _ თქვა ზურამ და გამომცდელი მზერა მიაპყრო ნუკის, რომელიც მართლაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
გოგონას ლოყები შეეფაკლა.
_ შეუდარებელი ხარ, _ ხმადაბლა წარმოთქვა მამაკაცმა, _ და თუ ცუდი ამბის სათქმელად ხარ მოსული, მაინცდამაინც ამ საღამოს ნუ მეტყვი ამას, ნუ გამიფუჭებ იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც შენმა დანახვამ შემიქმნა.
_ არ ვაპირებ, _ მორცხვად მინაბა თვალები ნუკიმ და შუა ოთახში შეჩერდა, თან რაღაცის მთქმელი მზერა მიაპყრო სიმპათიურ მასპინძელს.
_ ეს კარგია, _ ზურა ცდილობდა, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე და აღელვება არ შეტყობოდა, _ დალევ რამეს?
_ არა, არ დავლევ… მინდა ჩემი სათქმელი ფხიზელმა გითხრა, _ თითქოს მის ხმასაც დაჰკარგოდა სიმშვიდე.
_ მითხარი, მე გისმენ, ოღონდ არ ინერვიულო, კარგი? _ ამშვიდებდა მამაკაცი მას მაშინ, როცა თავად საჭიროებდა დამშვიდებას, _ მოდი, ჩამოვჯდეთ, ფეხზე ხომ არ ვიდგებით?
ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, სავარძლებში. ნუკიმ მკერდთან მიტანილი თითები ერთმანეთში გადახლართა და ძლიერად მოუჭირა…
_ შენ მე თვალები ამიხილე, ზურა, _ დაიწყო ოდნავ გასაგონი ხმით ნუკიმ, _ და დამიბრუნე იმედი შეუძლებლის შეძლებისა. ხომ გესმის, რა ძნელია ეს _ ამდენი თვის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ჯერ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ვიცი, რას ვითხოვ… მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი _ არ ვითხოვ ბევრს. შენ დამიბრუნე სურვილი, ვიგრძნო თავი ქალად… მიჭირს ახლა სიტყვებს თავი მოვუყარო… თან მრცხვენია… ძალზე უმწეოდ ვგრძნობ თავს… ალბათ ძალიან სუსტი ვარ და ამის აღიარება არ მინდა.
_ არსებობს მდუმარე სისუსტე, თუმცა მის უკან ყოველთვის მოიაზრება მხოლოდ ერთი რამ: ბრძოლა, _ ზურა მისკენ გადაიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, _ შენ ახლა შენს თავს ებრძვი. მე ხომ გითხარი, არ გაჩქარებ-მეთქი… სანამ სათქმელს ბოლომდე იტყვი, ცოტა ხნით მე მომისმინე, კარგი? _ თქვა და ფრთხილად შეეხო მის ერთმანეთში გადახლართულ თითებს, თან მხოლოდ რამდენიმე წამით, შემდეგ კვლავ თავის მუხლებს დაეყრდნო, უხერხულად შეიშმუშნა და გააგრძელა, _ მე ცხოვრების წლები ჯერ კიდევ წინ მაქვს, შემიძლია შენ გაჩუქო იგი. მე ისეთი სიყვარულით მიყვარს ერთი ქალი, ამიტომ დანებებას არ ვაპირებ… მთავარია, შენ მომენდო… მე მესმის შენი გულისცემა და თითქოს ვხედავ, რა ხდება იქ… იქ ძალიან დიდი თავისუფალი ადგილია. ჩემთვის ეს ზედმეტია. ვიცი, რასაც გეუბნები. შევეცდები, დაგეხმარო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში… და თუ არაფერი გამოგვივა, ვიმეგობროთ, ეს ხომ მაინც არ არის შეუძლებელი.
_ რა თქმა უნდა, ეს ერთადერთია, რაც ჯერ კიდევ არასდროს უცდიათ ქალს და მამაკაცს, _ ნუკიმ გაღიმება სცადა.
_ არ მინდა მხოლოდ სხვის ჯინაზე გიყვარდე. ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ჩემთვის… და შენთვისაც. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, ხომ ხვდები…
_ ეს არც მე მინდა. მხოლოდ ის მინდა, რომ მიყვარდე ისე, როგორც შენ გსურს ეს. ჩემთვის მხოლოდ ეს არის საუკეთესო გამოსავალი.
_ თან ერთადერთი… ნუ ტირი.
_ ცრემლები სიხარულმაც იცის, სხვათა შორის.
_ ჰო-ო? მაშინ სწორად იქცევი, რომ ტირი.
_ ვეღარ დავალაგე სათქმელი…
_ სამაგიეროდ, მე ვიცი, რაც უნდა გითხრა. სანამ მოხვიდოდი, არც მე მქონდა დალაგებული და ვნატრობდი, იქნებ დააგვიანოს-მეთქი. ახლა კი, გიყურებ და ზუსტად ვიცი, რაც უნდა გითხრა… ის უნდა გითხრა, რასაც განვიცდი, რასაც ვგრძნობ შენ მიმართ. და რაც აქამდე არასდროს მითქვამს. მე შენ მჭირდები.
_ მეც მჭირდები, თანაც უფრო მეტად, ვიდრე შენ. მე არაფერს წარმოვადგენ, ამიტომ ყოველთვის გამიძნელდება საიმედო ადამიანის პოვნა. შენ კი… შენ ისეთი მამაკაცი ხარ, რომლის გვერდით ყოფნაზე ნებისმიერი ქალი იოცნებებს.
_ როგორც ჩანს, საშინელი დღე გქონდა, _ ხმამაღლა გაიცინა ზურამ, _ საიდან მოგაქვს ასეთი აზრები? საოცნებო ქალი შენ ხარ და ჩემზე უკეთ იცი ეს. ნუ სულელობ რაღაცებს.
ნუკი სლუკუნებდა. ზურა ბედნიერი იყო. ისინი ერთად იყვნენ…
_ მე ვეცდები, იმაზე ძლიერად შეგიყვარო, ვიდრე შენ გჭირდება ეს, _ ცრემლიანი თვალები შეანათა გოგონამ.
მან გაიცინა.
_ ფრთხილად, ზედმეტი არ მოგივიდეს, _ გახუმრება სცადა.
_ შეგიძლია არ ინერვიულო. ზედმეტი სიყვარული არავის ვნებს, _ ღიმილმა გაუნათა სახე.
_ როგორ უხდება ერთმანეთს ცრემლი და ღიმილი, ვერ წარმოიდგენ.
_ მართლა? არ ვიცი, არასდროს მინახავს ისინი ერთად.
_ წამოდი, განახვო! _ ზურა წამოდგა, ნუკის ხელი ჩაავლო და შემოსასვლელში, ოვალურ სარკესთან მიიყვანა.
გოგონამ ჩაიხედა… გაიღიმა… მერე თავი გააქნია, მოტრიალდა და მამაკაცს მკერდზე მიეყრდნო. ზურამ მკლავები მოხვია და მძლავრად ჩაიხუტა. ნუკის ესმოდა მისი გულის ძგერა. არეული, დარეული, როგორც მისი სიტყვები, მისი სახე, მისი ქმედება… უეცრად მოეშვა, ბოლომდე მოეშვა და მიენდო ამ გულის ძგერას, ამ ფართო მკერდს, რომელიც ერთადერთ თავშესაფარს ჰგავდა, სადაც უშიშრად შეეძლო დამალვა, სადაც ვერავინ შეაწუხებდა… და მიხვდა, რომ საბოლოოდ სწორედ ამ მკერდზე იპოვა სავანე, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომელსაც უბედურება ჯერ კიდევ არ შეხებოდა. სადაც მათ ერთად არაფრის შეეშინდებოდათ.
_ არასდროს ეძებო იოლი გზები, ნუკი, _ უთხრა ზურამ ჩურჩულით, თან თმაზე აკოცა, _ არ თქვა უარი სიყვარულზე, იმ კაცს ნუ გამოიყენებ ამის საბაბად. ის საზიზღრად ხარბი ნაძირალაა და არ მინდა შენით გამოიკვებოს. ის არ იმსახურებს იმას, მსხვერპლად შესწირო შენი თავი. გამიგე?
ნუკის სუნთქვა შეეკრა. გიას ხსენებამ წამით თავზარი დასცა. ასე ეგონა, მამაკაცი ხვდებოდა, რაც მის წარსულში მოხდა.
_ კარგია, რომ დროზე გაშიფრე, თორემ სინანული ცხოვრების ბოლომდე გაგყვებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნებოდი შენ გვერდით თუ სხვა, მასზე უსიამოვნო მოგონებები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არასდროს მოგცემდა, _ ჩურჩულით აგრძელებდა მამაკაცი.
ნუკი კვლავ დაიძაბა, თუმცა მალევე კვლავ მოეშვა. ზურა ვერაფერს ხვდებოდა. ეს კარგი იყო, მას არაფრის ახსნა არ მოუწევდა. ეს კი აშკარად გაუადვილებდა მასთან ურთიერთობას… თავი ასწია და თვალებში შეხედა.
_ რა იყო, კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? _ წარბები აზიდა ზურამ და თბილად ჩახედა ცრემლით სავსე თვალებში.
_ ჰო.
_ აბა, მითხარი. ყურადღებით გისმენ.
_ ამაღამ შენთან ვრჩები.
_ ეგ ახალი ამბავი არ არის ჩემთვის. ადრეც ბევრჯერ დარჩენილხარ აქ. ის კი არა, ცხოვრობდი კიდეც ჩემთან, ნუთუ დაგავიწყდა?
_ არა, არ დამვიწყებია, მაგრამ ამაღამ სხვანაირად ვრჩები.
_ სხვანაირად? აბა, ერთი ამიხსენი, რაში გამოიხატება ეს სხვანაირი დარჩენა?
ნუკიმ ჩაახველა, მერე თავი გაითავისუფლა მისი მკლავებიდან, ოდნავ უკან დაიხია და თვალი თვალში გაუყარა.
_ მინდა, შევამოწმო, რომ არ ვცდები იმაში, რასაც გული მკარნახობს. მე შენთან მინდა… ახლა, ამწუთას… იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
მამაკაცს თვალები გაუფართოვდა. საოცარი სისწრაფით ეცვლებოდა სახეზე გამომეტყველება. ბოლოს ყრუდ იკითხა.
_ და თუ მიხვდები, რომ შეცდი?
_ არ ვინანებ, რადგან ჩემი სურვილით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ და გარკვეული მოთხოვნილებები მაქვს…
წამით ზურას თათულისთან გატარებული ის ერთი, საბედისწერო ღამე გაახსენდა. ნუკიც, ისევე როგორც თათული, გააზრებულ ნაბიჯს დგამდა, თუმცა წინასწარ არც ერთმა არ იცოდა, რას მოუტანდა ეს ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ თათულის უყვარდა ის, ხოლო ნუკი ახლა ცდილობდა მის შეყვარებას, ეს ორი შემთხვევა ძალიან წააგავდა ერთმანეთს. ორივე ქალი საკუთარ ბედნიერებასთან მისავალ გზას ეძებდა. ზურა თითქოს გზაჯვარედინზე დამაგრებული ტრაფარეტი იყო _ «მარჯვნივ წახვალ, დაიღუპები, მარცხნივ წახვალ, მაინც დაიღუპები»… და მაინც, ერთსაც და მეორესაც უღირდა რისკის გაწევა… იქნება და… ბედს სწეოდნენ… სამწუხაროდ, თათულის არ გაუმართლა, რადგან ზურამ არ ისურვა, გამართლებოდა. ნუკის? ნუკისაც შეიძლებოდა არ გამართლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნუკი თვითონ არ მოისურვებდა ამას.
_ დარწმუნებული ხარ? _ ფრთხილად დასვა შეკითხვა.
_ როგორც არასდროს, _ მტკიცედ უპასუხა გოგონამ და თვალი თვალში გაუყარა.
მამაკაცმა მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მხოლოდ ერთი…
შემდეგ წუთებში ზურა ისეთი გამაოგნებელი სინაზით ჰკოცნიდა გოგონას, როგორითაც მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. იგი თითქოს აიძულებდა ნუკის, მოშვებულიყო, მოეხსნა დაძაბულობა, რომელსაც ძლიერად შეებორკა მისი სხეული, ბოლომდე გახსნილიყო, დაჰყოლოდა მის ნებას და მთლიანად მინდობოდა მას.
_ შენ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი სრულყოფილი… _ ვნებიანად ჩასჩურჩულებდა ყურში.
კარგა ხანს დახეტიალობდა ზურა ცხელი ტუჩებით ნუკის სახეზე და ნუკის ეგონა, რომ მისი ტუჩების შეხება ცეცხლოვან ზოლებს ტოვებდა მის გახურებულ კანზე. ეჩვენებოდა, რომ სწორედ ამ მამაკაცისთვის იყო შექმნილი და რომ მათი სხეულები სრულ ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან. როცა ზურამ მხრები მოუშიშვლა და, როგორც იქნა, მის მკერდს შეეხო, გოგონას ყრუ კვნესა აღმოხდა… როგორ უნდოდა, თავბრუდამხვევი სიამოვნება განეცადა, იმაზე მეტი, ვიდრე იმ სხვასთან განუცდია, რომლის სახელის გაფიქრება ამწუთას სულაც არ უნდოდა.
ზურამ კაბის ელვა აცახცახებული თითებით შეუხსნა და ნელა ჩააცურა დაბლა. ნუკიმ გაიგონა, როგორ შრიალით დაეფინა მისი ულამაზესი შავი კაბა იატაკს. გული საგულიდან ამოხტომას ლამობდა, სუნთქვა გაუხშირდა და არათანაბარი გაუხდა, ხოლო გულის ცემას გუგუნივით გრძნობდა ყურებში.
მოულოდნელად ზურა გაჩერდა და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
_ შენ ამაზე ნებაყოფლობით უნდა წახვიდე. არ მინდა ჩემ გამო მსხვერპლი გაიღო. შენზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტ. კიდევ ერთხელ დაფიქრდი, სანამ გვიან არ არის.
_ მე მინდა შენთან. უკვე ვიფიქრე ამაზე. ხვალისაზე ხვალ ვილაპარაკოთ, _ ჟინმორეულად დაიჩურჩულა და მწველი კოცნით დააკვდა ყელზე მამაკაცს.
ზურას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ხელში აიტაცა ბუმბულივით მსუბუქი გოგონა და თავისი ოთახისკენ გაემართა…
8 8 8
ქალაქის ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა. თვალი გაახილა და მარცხნივ გაიხედა. მის გვერდით ადგილი ცარიელი იყო, ზურა ამდგარიყო. შემდეგ ჭერს ახედა. ბროლის ჭაღის «ცრემლები» ისე ირხეოდნენ, თითქოს უღიმოდნენ გოგონას. მამაკაცს სარკმელი გამოეღო და ზამთრის ცივი ქარი ოთახში დანავარდობდა. სწორედ ეს აკრთობდა ჭაღზე ჩამოკონწიალებულ ბროლის «ცრემლებს». მსწრაფლ წამოდგა საწოლიდან, შიშველ სხეულზე საბანი მჭიდროდ შემოიხვია და ფანჯარაში გაიხედა… სახურავებიდან თითქოს სხვა მზე ანათებდა _ უფრო დიდი, უფრო ნათელი და უფრო მწველი… ეს მზე თითქოს ზამთრისას არ ჰგავდა. კმყოფილი ღიმილი გამოესახა სახეზე. არა, არ შემცდარა. ის, რაც წუხელ მოხდა, სულაც არ იყო სანანებელი. ის, რაც წუხელ მოხდა, ძალიან სასიამოვნო იყო, იმაზე მეტად სასიამოვნო, ვიდრე მოელოდა…
ტელეფონის ზარი არ წყდებოდა, ზურა კი ყურმილს არ იღებდა. გაუკვირდა. სირბილით გამოვიდა სასტუმრო ოთახში, მაგრამ ვეღარ მიუსწრო, როგორც კი ტელეფონთან მივიდა, ზარი შეწყდა. ზურას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერსად აღმოაჩინა. ალბათ მარკეტში თუ ჩავიდაო, იფიქრა და საძინებელში შესულმა თვალებით თავის ტანსაცმელს დაუწყო ძებნა… მამაკაცს კოხტად დაეკეცა მისი კაბა, საცვლები და სკამზე დაედო. სამკაულებიც ზედ დაეწყო კაბაზე… ზანტად შეუდგა ჩაცმას, თან ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
უეცრად გასაღების ჩხაკუნის ხმა მისწვდა მის სმენას. თავი ასწია და კარისკენ გაიხედა. შემდეგ ნაბიჯები მოისმა _ ერთი, ორი, სამი… და ფრთხილი დაკაკუნება მოხურულ კარზე _ ერთი, ორი, სამი…
_ გღვიძავს? _ გარედან დაუძახა ზურამ.
_ შემო, _ მორცხვად გასძახა და მის შესახვედრად დაიძრა.
კარი არ გაიღო. ნუკიმ წარბები შეკრა და როცა მამაკაცმა შემოსვლა დააგვიანა, თავად ჩამოსწია სახელური…
მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა… ზურას მუჭში მიწიდან ძირიანად ამოღებული ენძელები ეჭირა, რომელსაც გამლღვალი ყინვის წვეთები შერჩენოდა ფოთლებზე.
_ ვიპოვე… მეგონა, ვერ მივაგნებდი, მაგრამ მივაგენი, _ თვალები უბრწყინავდა მამაკაცს.
_ ზურა… _ ჩურჩულით აღმოხდა ნუკის, გაოგნებული ხან ენძელებს მიაშტერდებოდა, ხანაც მის ბედნიერებით გაცისკროვნებულ სახეს, _ საიდან…
_ გინდა, ერთად შევხვდეთ გაზაფხულს?
_ მინდა, _ კვლავ აჩურჩულდა.
_ აჰა, მაშინ… თებერვალი მინდა გაჩუქო თავისი ენძელებით. ნაადრევ გაზაფხულს გილოცავ, მეტაფიზიკურო გოგონავ! _ მამაკაცმა ენძელებიანი ხელები ასწია, ნუკის თავს ზემოთ გადაუტარა, ჩაეხუტა და ტუჩებზე მოწყურებულად აკოცა…
8 8 8
დღეს ისინი ერთად არიან და ავსებენ ერთმანეთს, როგორც ჰაერი სივრცეს, როგორც მზე სამყაროს. ესმით ერთმანეთის სიხარული, ტკივილი, სურვილიც, სუნთქვაც… ერთი რამ არის მხოლოდ… საიდუმლო, რომელსაც ნუკი მას არ უმხელს. მას კი არა, თავის თავსაც არ ახსენებს იმ ორ ღამეს, ასე რომ დაუბზარა სულ-გულის კედლები. სინდისი ხშირად ქენჯნის ამის გამო, მაგრამ თავის იმით იმშვიდებს, რომ ეს ყველაფერი იქამდე იყო, სანამ ზურას შეიყვარებდა. წარსული კი… წარსული ისეთი რამ არის, რომელიც მხოლოდ ფიქრებში რჩება, როგორც ვირტუალური ცხოვრება, წარმოსახვითის მსგავსი, რომელიც იყო და აღარ არის.
მერე რა? ერთი ასეთი «მორცხვი» საიდუმლო ხომ ყველა ქალის გულის ბუნაგის ერთ ბნელ კუთხეშია ჩაკირული? ის სულის ტყვეა, მარადიული და უკვდავი ტყვე, რომელიც დღის სინათლეს ვერასდროს იხილავს…
დასასრული