"ჩემი უსიმპატიურესი მამიკო. ყოველთვის განვიცდი ხოლმე იმ დროს, რასაც ჩემს მშობლებს ვაკლებ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ, რაც არ უნდა დრო გავიდეს, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რასაც მშობელთან მიმართებაში განიცდი" - წერს ნუცა ბუზალაძე სოოციალურ ქსელში და მამასთან ერტად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
ქართველი მომღერალი, კონკურს „ახალი ტალღა 2014“-ის გამარჯვებული, 26 წლის ნუცა ბუზალაძე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია. ნუცამ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ პროექტ "ამერიკის ვარსკვლავში" და ფართო აუდიტორიას უფრო მეტად გააცნო საკუთარი შესაძლებლობები.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014"-ის გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
წარმატებული კარიერის მიღმა, ყოველთვის დიდ ინტერესს იმსახურებდა ნუცა ბუზალაძის პირადი ცხოვრებაც. მომღერალი ხშირად საუბრობს დედაზე, რომელსაც მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის:
„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა, რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: "თქვენი შვილი გვიყვარს". სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები.
დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა. შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – ამბობდა ნუცა ბუზალაძე.
რაც შეეხება პირად სასიყვარულო ურთიერთობას, ამის შესახებ საჯაროდ საუბარს მომღერალი ერიდება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ახლა თავს ბედნიერად გრძნობს. ცოტა ხნის წინ კი ნუცამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა: "ასე მღერის ნუცა, როცა შეყვარებულია" - წერს ის.