საბავშვო მუსიკალური პროექტიდან "რანინა" ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო უნიჭიერესი ვაჩე ღვინიაშვილი. ის, თავის მეგობრებთან ერთად, გამორჩეული ხმის ტემბრის, განსაკუთრებული გულწრფელობისა და სილაღის წყალობით, საზოგადოებამ მალევე შეიყვარა.
ამჯერად ვაჩე გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. პატარა მომღერალმა აღნიშნა, რომ ის შეყვარებულია, საკუთარი რჩეულის ერთგულია და ამ გზას არასდროს გადაუხვევს:
„ვიღაც გოგოები მწერენ. „როგორ ხარო“, მეკითხებიან. ვინც მეც მომეწონება, ვპასუხობ. რომ მეუბნებიან, მიყვარხარო, მანდ ვჩერდები, იმიტომ, რომ მე მყავს ჩემი გულისსწორი და იმის ერთგული ვარ მუდამ. მის ვინაობას არ გავამხელ, იმიტომ რომ მგონია, მას არ ესიამოვნება.
გულისსწორი დაახლოებით ერთი წელია მყავს. პასუხიც მივიღე. მალევე არ მიმიღია პასუხი, ლექსები დამაწერინა“. – ამბობს ვაჩე და დასძენს, რომ ისიც ამოუცნობი რამაა, სიყვარული. ბავშვობაში თეორიასავით მქონდა, რომ სიყვარული დაავადებაა და მისგან გათავისუფლება ძალიან რთულია.
მგონია, რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი თვისება. მგონი კუკარაჩაში ვნახე, რომ „უბედურია ადამიანი, ვისაც ეს თვისება არ გამოუცდია“ და ვისაც ეს თვისება არ გამოუცდია, არის მართლა უბედური. კახი კავსაძესაც აქვს ნათქვამი, რომ „ჩვენ მაშინ ვიქნებით ბედნიერები, როდესაც შევძლებთ სიყვარულით გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა.“
ვაჩე ლექსებსაც წერს და ერთ-ერთი მათგანი მაყურებელსაც წაუკითხა.
„ბიჭი სასწაული, საოცრება! თითქოს სხვა სამყაროდან არის ეს ბავშვი. ასეთი არაფერი მინახავს, გაოცებული ვარ მისი აზროვნებით, ნიჭით, დონით, გემოვნებით. მჯერა, რომ ის მომავლის ქართველია, თან როგორი საამაყო“, „სანამ ვაჩესნაირები იბადებიან ჩვენს სამშობლოში, მანამდე არაფერი სადარდებელი არ არის! წარმატება იყოს ამ კეთილშობილი გენიოსის მეგზური", „მე ვინატრებდი, რომ ჩვენს საქართველოს ჰყოლოდა ბევრი ვაჩესნაირი ვაჟკაცი. საქართველოს გადაშენება არ უწერია", - წერენ სოციალურ ქსელში.
ვაჩემ ეთერიდან ემიგრანტებსაც მიმართა.
„ემიგრანტებს მინდა მივმართო: მალე ჩამოსულიყავით სამშობლოში და შეგეგრძნოთ ეს ჰავა. მე მინდა შევქმნა კომპანია, სადაც დავასაქმებ ხალხს და აღარავის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა და მინდა, ძალიან პოეტური მესიჯი გავგზავნო მთელ საზოგადოებაში „ყოველ ზამთარს გაზაფხული მოსდევს“. ამით მე ყველაფერი ვთქვი“, - თქვა მან.