ამბობს, რომ ცხოვრებაში ორჯერ იგემა დიდი გამარჯვება და ორივეჯერ ცეკვის წყალობით შეაყვარა ფართო საზოგადოებას თავი. ერთხელ ფილმში "გაღმა ნაპირი" სასოწარკვეთილი პატარა ბიჭის ცეკვით, მეორედ კი პროექტით - "ცეკვავენ ვარსკვლავები". ჩვენი სტუმარია თედო ბექაური.
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონი ჩემი ცხოვრების მეორე ტრიუმფია, რომელმაც ხალხის დიდი სიყვარული დამიბრუნა, უფრო სწორად, განმიახლა.
- როგორ მოხვდი პროექტში?
- ტელევიზიაში "პრაიმ შოუს" ჩაწერაზე მივედი და რომ დავამთავრეთ, ნოე სულაბერიძემ გამაჩერა, თუ გიცეკვია ოდესმეო? ბავშვობაში-მეთქი. "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტს ვიწყებთ და თუ მიიღებ მონაწილეობასო, მკითხა. რატომაც არა-მეთქი. მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი.
- მართალია, იმ ფილმში, რომლითაც ფართო საზოგადოებას შეაყვარე თავი, საოცრად ცეკვავ, მაგრამ ეს არ არის შენი ქორეოგრაფიული განათლების ნაყოფი. პროექტამდე ცეკვაში როგორი გამოცდილება გქონდა?
- ფილმში ყველაფერი ექსპრომტი და იმპროვიზაციაა. მე-8-9 კლასებში რამდენიმე თვე დავდიოდი ცეკვაზე, ეს იყო და ეს. პროექტის პირველ ტურში ბაჩანა ჭანტურია დამეხმარა, ცეკვა მან დადგა, ფინალში კი რაც ვიცეკვე, ჩემი დადგმული იყო. ბაჩანამ მითხრა, მოდი, ფილმში როგორც იცეკვე, აქაც ისე იცეკვეო. რა მახსოვს-მეთქი, შევჩივლე. სანამ ფინალამდე მიხვალ, გაგახსენდებაო, დამაიმედა. ასეც მოხდა.
- ფილმში ცეკვისას დათუნიკა სხირტლაძე გამხნევებდა. გახსოვს, ის ცეკვა როგორ დაიდგა?
- კასტინგზე რომ მივედი, დათუნიკაც იქ იყო. რომ ვიცეკვე, რეჟისორს უთხრა, ეს ბავშვი ზუსტად ისე ცეკვავს, როგორც ფილმის გმირი უნდა ცეკვავდესო. არ სჭირდება ამას არაფრის დადგმა და სწავლებაო. რა თქმა უნდა, გიორგი ოვაშვილს მოვწონდი ამ როლისთვის, მარტო დათუნიკას გადაწყვეტილება ხომ არ იყო, მაგრამ მან გადამიწყვიტა, რომ ის კარგი ცეკვა იყო. ბავშვური, თბილი მოგონება მაკავშირებს დათუნიკა სხირტლაძესთან. მახსოვს, მერიდებოდა, ცეკვა არ მინდოდა. რა იყო, ბოშო, იცეკვე, რა მოგივაო, გამიღიმა და ტაში შემოსცხო, კომპლიმენტებით შემაგულიანა. მას ოვაშვილი აჰყვა, მაგიდაზე დაუკრა და მეც გავთამამდი. რომ ვცეკვავდი, მეუბნებოდა, ყოჩაღ, როგორც მინდა ზუსტად ისე ცეკვავო. ბოლოს გამაფრთხილა, სანამ გადაღება არ იქნება, არსად იცეკვოო. გადაღება დამთავრდა, ამდენი წელიც გავიდა და აი, ვიცეკვე.
- იცეკვე და შენს ცხოვრებაში ახალი ფერები შეიტანე. როგორი იყო ამ ორ ცეკვას შორის შენი ცხოვრება?
- ორბეთში ვცხოვრობდი. ნახირშიც მივლია, კარტოფილიც დამითესავს, კაკალიც დამიბერტყავს, შეშაც დამიჩეხია, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც გლეხს შეეფერება, ვცხოვრობდი და ვცხოვრობ სოფლურად. არაფერი შეცვლილა არც ფილმის და არც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მერე. ჩემი სახლი, ჩემი სოფელი ყველაზე მეტად მიყვარს. რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო, ჩემი საძირკველი ჩემი სოფელია. ორი ძმა მყავს. ვეხმარებით მშობლებს, ერთმანეთს ვუდგავართ მხარში.
- ალბათ, ყველა გადარეულია სიხარულით...
- დედა და მამა ორბეთიდან მგულშემატკივრობდნენ, დედას გული წასვლია სიხარულით. ჩემი ძმები ჩემთან ერთად იყვნენ დარბაზში. ჩემი მეუღლე და ბავშვიც. ჩემი შვილი იყო ფინალზე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ოღონდ ეძინა... მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ყოველი გამოსვლის წინ მეუბნებოდა, ეს დღე შენიაო.
- ორბეთში ცხოვრებაზე კი მესაუბრე, მაგრამ ვიცი, რომ თბილისშიც ცხოვრობდი.
- ახლაც ქირით ვცხოვრობ თბილისში, ცენტრალური გათბობის მაღაზიაშიც ვმუშაობდი. ელიავას ბაზრობიდან ბევრი გულშემატკივარი მყავდა.
- ზოგს სცენაზე გასვლის წინ აქვს თავის რიტუალი, ცრურწმენები, შენ როგორ გადიხარ?
- პირჯვარს ვიწერ. ბევრი სირთულე იყო, ღამეების გათენება ილეთების განსამტკიცებლად, შემეძლო ერთი ილეთი 20 წუთის განმავლობაში მეკეთებინა, რომ როგორც საჭიროა, ისე შემესრულებინა. მტკიცე ნებისყოფა მაქვს, ძალიან ჯიუტი ვარ.