სანდრო… ჩემი ტკივილი და შვება, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ყველაზე შავი წერტილი ერთდროულად. ბედისწერაა, ალბათ, ჩვენი ხელმეორედ შეხვედრა. შეხვედრაც არის და შეხვედრაც, არაფრად ჩამაგდო, არც კი გამომელაპარაკა, თითქოს ვიღაც უცხო ვყოფილიყავი. არადა, ერთ დროს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი…
ჩვენი ურთიერთობა თოთხმეტი წლის წინ დაიწყო, ქარიან ამინდში. სამედიცინოზე ვსწავლობდი, პირველ კურსზე. ზამთარი იყო. ლექციები დაგვიმთავრდა და ნიტასთან ერთად გარეთ გამოვედი. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა, თან წვიმდა, ყინულივით ცივი წვეთები სახეში მცემდა. სუნთქვა მიჭირდა. თავი ქურქის საყელოში ჩავმალე, მაგრამ ვერას ვხდებოდი, გაავებულ ქარს ვერ დავემალე. შემოვტრიალდი და ასე, უკუსვლით განვაგრძე სიარული, რომ ცოტა ამომესუნთქა. ამ დროს ვიღაცის ხმა მომესმა ზედ ყურთან.
- რა დედამ გშობა ასეთი მზეთუნახავი, ჭირიმე!
გაოცებული მოვტრიალდი და ულამაზეს შავ, დიდრონ თვალებს წავაწყდი, რუსული «უშანკა» ქუდის ქვეშ რომ მიმალულიყო.
«რა სიმპათიური ბიჭია და რა გოიმურ რაღაცებს ლაპარაკობს», - ესღა გავიფიქრე და აბეზარ თაყვანისმცემელს ზურგი ვაქციე.
- რა გქვია? აქ სწავლობ? - გვერდით ამომიდგა მაღალი მამაკაცი და ჩემთან ერთად უკუსვლით გააგრძელა სვლა.
თვალებით ნიტას დავუწყე ძებნა, ვერსად დავლანდე.
- სად გაქრა ეს გოგო! - ჩემთვის ვთქვი და ისევ შევტრიალდი, რომ ნიტა დამენახა.
ის წინ მიდიოდა. კი არ მიდიოდა, გარბოდა გაჩერებისკენ. სიცილი ვერ შევიკავე, ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა სიცივით მოკუნტული დაქალი.
- არ მეტყვი, რა გქვია? ხომ იცი, თუ მოვინდომე, მაინც გავიგებ, - არ მეშვებოდა მამაკაცი.
- ჰოდა, მოინდომე, - მივახალე გაბრაზებულმა და ადგილიდან მოვწყდი, ნიტას გავეკიდე.
სანამ გაჩერებას მიუახლოვდებოდა, დავეწიე და ხელკავი გამოვდე.
- რას გამოქანდი, ვერ დამელოდე? - ვუსაყვედურე მეგობარს.
- რა დაგელოდე, შენც ახლა მოგინდა იმ ვიღაცასთან მუსაიფი, ამ მწარე სიცივეში? სხვა დროს ვერ ნახავდი? - აქეთ შემომიტია ნიტამ.
- გეფიცები, თუ ვიცოდე, ვინ არის. ისეთი ქაჯური რამეები მითხრა, კინაღამ სიცილი ამიტყდა, - ძლივს გადავიკისკისე კბილებაკაწკაწებულმა.
- რა ვიცი, თვალებს კი უჟუჟუნებდი და…
- ოჰ! ძაან კი ნახავდი შენ ჩემს თვალებს, აი! - ვიწყინე დაქალის შენიშვნა.
- სად ცხოვრობთ, გოგოებო, მანქანით მიგაცილებთ შინ! - ის უცხო ბიჭი ისევ მოგვიახლოვდა და გვერდით დაგვიდგა.
- კარგს იზამთ, თორემ გავიყინეთ, ავტობუსიც არ ჩანს, - წამოიძახა უცებ ნიტამ.
განრისხებულმა შევხედე, მან კი თვალი ჩამიკრა, რა გენაღვლებაო.
მამაკაცმა ერთი დაუსტვინა, ხელი აიქნია და შავი «ბმვ» ზედ ჩვენს ფეხებთან გაჩერდა.
- ჩასხედით, თქვენს განკარგულებაში ვართ! - უკანა კარი გამოაღო უცნობმა.
ნიტა ეგრევე ჩახტა მანქანაში. საჭესთან კიდევ უფრო სიმპათიური «დუბლიონკიანი» მამაკაცი იჯდა. შევყოყმანდი, რა მინდოდა ამ უცხო ადამიანებთან, ეს რა ქნა ამ გოგომ, რამ გააგიჟა, ვფიქრობდი ჩემთვის.
- მოდი, მოდი, ჩქარა ჩაჯექი! - ნიტამ ჩაიწია და ადგილი დამითმო.
უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემდა უნებურად დავჯექი მანქანაში და მძღოლს მივესალმე.
იმ ბიჭმა კარი მომიხურა, თვითონ წინ დასკუპდა და დავიძარით.
- აბა, საით მივდივართ? - მხიარულად შესძახა ჩემმა თაყვანისმცემელმა და ქუდი მოიხადა. შავი თმა ჰქონდა, მოკლედ შეჭრილი და ძალიან ლამაზი თავის ფორმა. ასეთი ქართველებს იშვიათად აქვთ.
- ვაჟაზე, მეექვსე კვარტალში, - დამასწრო ნიტმა და კვლავ თვალი ჩამიკრა.
- არის, ვაჟაზე, სრული სვლით, - ბოცმანივით გვიპატაკა მამაკაცმა და თავის მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი, - შენ იცი, ჯიმი, არ შემარცხვინო.
აბა, ჯიმიო, და, ისეთი სიცილი ამიტყდა, ვერ გავჩერდი. საქართველოში თუ ვინმეს ჯიმი ერქვა, ვერ წარმოვიდგენდი. ნეტავ ამას რა ჰქვია? რაჯი ხომ არა? ან ჯონი, იქნებ ჯონდი?
- რატომ იცინით? რა ვთქვი ასეთი სასაცილო? - უცნობი ჩვენკენ მოტრიალდა და მკლავით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო, - ახლა თქვენი სახელები მითხარით, ლამაზებო, რა გქვიათ?
- მე ნიტა, ამას სოფიო, - უპასუხა ნიტამ.
- ვაჰ, რა სახელებია! ბეზპადობნა პრიიატნა, - რატომღაც რუსულად გააგრძელა მან, - მე სანდროს მეძახიან, ამას კი ჯიმის. მართალია, ჯიმშერი შეარქვეს დაბადებიდან, მაგრამ მერე ძმაკაცებმა შევკვეცეთ და ჯიმიდ ვაქციეთ. ხომ კარგად მოვიქეცით?
- გადასარევად! - საოცარი სარკაზმით წამოვისროლე.
- ჩვენთან სწავლობთ, გოგოებო? - სანდრო თვალებით მჭამდა, ერთი წამით არ მაცილებდა მზერას.
- კი, სამკურნალოზე. თქვენ? - ნიტა ძალიან აქტიურობდა.
- მეც, უკვე დამამთავრებელ კურსზე. ჯიმი «გეპეიჩნიკია», ოღონდ მარადიული სტუდენტი, ორი წლის წინ უნდა დაემთავრებინა, მაგრამ რად გინდა, არ უშვებენ. ლექტორებს ისე გვიყვარხარ, ჯერ ვერ დაგამთავრებინებთო, გამოუცხადეს, - გაიხუმრა სანდრომ და ისეთი ხმით გაიცინა, ენა ჩამივარდა.
ასეთი ლამაზი სიცილი მამაკაცისგან ჯერ არ მსმენია. არც ისეთი გოიმი ყოფილა, როგორც პირველად მომეჩვენა.
- გინდათ, ერთი კარგი წინადადება შემოგთავაზოთ? - ჯიმიმ სარკეში ჩაიხედა და იქიდან შემოგვხედა.
- არ გვინდა, - წამოვიძახე, სანამ ნიტა კიდევ რამე ჩემს საპირისპიროს იტყოდა.
- რატომ, რატომ, იქნება და, რას გთავაზობთ? - ჯიმიმ მანქანის სვლა შეანელა.
- ჩვენ სახლში გვეჩქარება, - ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.
- მერე ვინ გიშლით? სახლი არსად გაიქცევა. არა, მართლა, თუ რამე ისეთი საქმე არა გაქვთ, სადმე კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
- არა! - ისეთი განწირული ხმით ვიყვირე, თითქოს მოტაცებას მიპირებდნენ, - არავითარ შემთხვევაში!
- რატომ, დედამ გაგაფრთხილა, უცნობ ძიებს არ ჩაუჯდე მანქანაშიო? - ეს სანდრო იყო.
შუბლშეკრულმა ნიტას მუჯლუგუნი გავკარი, დამეხმარე-მეთქი.
- სოფიოს თუ ეჩქარება, მივიყვანოთ სახლამდე, მე კი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან ერთად. ახლა ცხელი ყავა ნამდვილად არ მაწყენდა, თანაც ასეთ სიმპათიურ საზოგადოებაში, - ნიშნისმოგებით თქვა ნიტამ და ფანჯარაში გაიხედა.
მისი წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვალები დავაჭყიტე. როდის იყო, ასეთ სითამამეს იჩენდა, უცნობებთან კი არა, ნაცნობებთან არ გაუკეთებია მსგავსი რამ.
- შენ რა, გაგიჟდი? - ხმადაბლა ვუთხარი.
- სოფი, გთხოვ, წამოდი ჩვენთან ერთად, - ჩემი სახელი რატომღაც შეამოკლა სანდრომ, - კაციჭამიები ნამდვილად არა ვართ, ბოლოს და ბოლოს, ერთ შენობაში ვსწავლობთ, ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს და ზეგაც, ასე არ არის, ნიტა? - იგი ჩემ დაყოლიებას ცდილობდა.
- არა, გმადლობთ. საქმე მაქვს, ტელეფონის ზარს ველოდები. ჩემმა ძმამ უნდა დამირეკოს მოსკოვიდან, - სასტიკ უარზე დავდექი.
- ნუ აძალებ, სანდრიკ, თუ არ სცალია, ხომ ვერ ვაიძულებთ ადამიანს. ჩვენ სამნი წავიდეთ, ხვალ კი სოფიოც შემოგვიერთდება, - თქვა ჯიმიმ და სისწრაფეს უმატა.
- კარგი, ბატონო, როგორც გინდათ, - სანდროს თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში, ზურგი შემაქცია, სავარძელში გასწორდა და წინ გადაიხარა.
რამდენიმე წუთში ვაჟას ძეგლს მივუახლოვდით. იქ გავაჩერებინე ახალგაცნობილ ბიჭებს მანქანა, მადლობა გადავუხადე და გადმოვედი.
- არ გადაიფიქრე? - ვკითხე ნიტას და მკაცრად შევხედე.
- არა, მოგვიანებით დაგირეკავ, - დარცხვენილი ღიმილით მითხრა და კარი ფრთხილად მიხურა.
გაწბილებული ავედი შინ. რა უცებ ჩაიქნია ხელი ჩემ დაყოლიებაზე იმ ბიჭმა, როგორ განვიხიბლე…
ჩანთა და ქურქი საწოლზე მოვისროლე და სარკეს მივუახლოვდი, ჩემს ყველაზე ერთგულ მესაიდუმლეს, რომელიც ყოველთვის იმას მიმტკიცებს, რომ ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მთელი დედამიწის ზურგზე. არა, მთლად ასე არ არის, მაგრამ თბილისში ნამდვილად ვარ. ამას მარტო ჩემი სარკე არ აღიარებს, სხვებსაც უთქვამთ. ჯერ წინიდან შევხედე ჩემს თავს, მერე გვერდიდან. აბა, როგორ დამახასიათებს ჩემი სარკე? მაღალი, აშოლტილი, გრძელი, ჩამოსხმული ფეხები, ვიწრო წელი, მაღალი თეძოები, ლამაზი მკერდი, შავი თმა და ნაცრისფერი თვალები… იშვიათობაა, არა? თქვენც ხომ მეთანხმებით? ცხვირი? ტუჩები? ნუ იტყვით, თოჯინასავით დახატული გოგო ვარ. მართლა ძალიან ლამაზი ვარ, არ ვაჭარბებ. კაცები ჭკუას კარგავენ ჩემზე, ქალები კი შურით სკდებიან. ცხრამეტი წლის ვარ, კარგი ოჯახის შვილი, სტუდენტი, პერსპექტიული საცოლე. მყავს უნიკალური მშობლები და უსაყვარლესი ძმა. ისინი მოსკოვში არიან. მამა და ძმა იქ მუშაობენ, მსხვილი ბიზნესი აქვთ, დედა კი მათ ეხმარება, ქალი ხომ სჭირდებათ მამაკაცებს. მე მარტო დამტოვეს აქ, იმიტომ, რომ იციან, თავქარიანი არ ვარ, ცუდს არაფერს გავაკეთებ. ისე ძალიან მიყვარს ჩემი თავი, ადვილად ვერავინ დამჩაგრავს. გარდა ამისა, კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ზედმეტად თავს არავის გავუყადრებ. მყავს უამრავი თაყვანისმცემელი, მათ მოგერიებას ხანდახან წლობითაც კი ვუნდები.
ახლა, ამ ასაკში, როცა ამ ყველაფერს გიყვებით, ოცდაცამეტი წლის ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, ისევ გაუთხოვარი და პერსპექტიული საცოლე, მაქვს საკუთარი ბინა და ავტომობილი «პეჟო», თაყვანისმცემლებიც არ მელევა, მაგრამ გულთან ახლოს ჯერჯერობით არავინ მოდის. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, თუ სანდროსნაირი სხვა ვერავინ ვიპოვე. ის განსაკუთრებული იყო, დღემდე ვერ დავივიწყე. რამდენი წელია, არ მინახავს, მაგრამ მასზე მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ, ჩემს ფანტაზიებში მხოლოდ სანდრო არსებობს, მხოლოდ მას აქვს უფლება, შემეხოს, მომეფეროს, დამეუფლოს… მე ჩემი ვირტუალური სამყარო მაქვს, პატარა სახელმწიფო, სადაც მხოლოდ მე და სანდრიკა ვცხოვრობთ… ჯერჯერობით. მეც მინდა, რომ მისი ადგილი ახლა სხვამ დაიკავოს, მისნაირმა ან მასზე უკეთესმა, ძალიან მინდა, მაგრამ უშედეგოდ. განა არ არის დრო, ახალი სიყვარული გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში? მე ხომ სიყვარულში ყოველთვის მიმართლებდა? ყველა მამაკაცი, ვისაც კი ოდესმე თვალი დავადგი, ფეხქვეშ გამეგო, ჩემს იქით სხვა ქალს ვეღარ ამჩნევდნენ, მაგრამ სანდროს გარდა, ყველასთან უინტერესო გამოვიდა ურთიერთობა. ბოლოს, წლების მერე, თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, ერთ რამეს მივხვდი - მხოლოდ ისეთი მამაკაცი მიზიდავდა, რომლის მოხიბვლაც ძნელი იქნებოდა, რომელთან დაახლოებაშიც დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ასეა. ალბათ, იმიტომ, რომ კაცები დანახვისთანავე ვერ მალავენ აღფრთოვანებას, პირველი წუთებიდანვე თავზე დამფოფინებენ, იხარჯებიან, რომ როგორმე მოიგონ ჩემი გული. ეს კი, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელია. უფრო დამაინტრიგებელი ის არის, როცა მამაკაცი ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, თითქოს ვერ გამჩნევს და შენ გიწევს «ჩალიჩი», როგორმე შეგამჩნიოს, აღმოგაჩინოს, დაგინახოს, თურმე რა კარგი ხარ, სად იყო აქამდე, როგორ გამოეპარა ასეთი რამ. აი, ეს უფრო საინტერესოა. ამიტომ, ალბათ, ყველაფერს ჯობია, მაინცდამაინც გამორჩეული გარეგნობის არ იყო, რომ გარჯამ, წვალებამ მოგიწიოს, ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწიო მიზანს. ალბათ ასე მოპოვებული სიყვარული უფრო მოსაფრთხილებელი იქნება. არ ვიცი, მე რატომღაც ასე მგონია. სწორედ ასე იყო სანდროს შემთხვევაშიც.
…რაც შეეხება ნიტას, ორი წელია მას ვიცნობ. ერთად ვემზადებოდით ფიზიკასა და ქიმიაში. იქიდან დავმეგობრდით. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ, ორი კვარტლის მოშორებით, გამოცდებიც ერთად ჩავაბარეთ, ერთად ჩავირიცხეთ და ერთ ჯგუფშიც მოვხვდით. დღედაღამ ერთად ვართ, ძალიან გვიყვარს და საოცრად გვესმის ერთმანეთის, გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. ერთი ისაა, რომ ტანსაცმელი არ გვერგება ერთიმეორის. ის ჩემზე ცოტათი დაბალია, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მოსული, დიდი მკერდი აქვს და ლამაზი თაფლისფერი თვალები, გაბუსხული, საოცრად ვარდისფერი ტუჩები, პატარა ცხვირი და მრგვალი ნიკაპი. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, რასაც საგულდაგულოდ მალავს: მუხლს ზემოთ ერთი ფეხი მეორეზე წვრილი აქვს. თვითონაც არ იცის, რატომ. ექიმებმაც ვერაფერი გაუგეს. ამიტომ უფრო ხშირად გრძელი კაბები აცვია, მოკლეს იშვიათად ხმარობს, შარვალსაც არ იცვამს, ეშინია, არ შემეტყოსო.
ორი ლამაზმანი მთელ ფაკულტეტზე ეგრევე «დავფიქსირდით». როცა დერეფანში გამოვდიოდით, ასობით წყვილი თვალი ჩვენ მოგვჩერებოდა. რა თქმა უნდა, გვსიამოვნებდა სხვების ყურადღება, განსაკუთრებით, ბიჭების. ამიტომ ამაყად თავაწეულები და ყელმოღერებულები დავდიოდით ხოლმე. მალე ისეთი პოპულარულები გავხდით, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, ყველას ჩვენთან უნდოდა მეგობრობა - გოგოსაც და ბიჭსაც. ეს სასიამოვნო იყო.
მე და ნიტას ერთმანეთთან არასდროს გვიჩხუბია, უბრალო შეკამათებაც კი არ მოგვსვლია. დღეს კი… რა ჩაიდინა? რა იყო ეს, რა ეტაკა? ნამდვილად გაგიჟდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ მის საქციელს. მოვიდეს ერთი, ნახავს, რას ვუზამ…
ტანსაცმელი გამოვიცვალე, უგემურად ვისადილე და პრაქტიკულის წერას შევუდექი, მაგრამ აზრები სხვაგან გამირბოდა. როცა მეცადინეობას მოვრჩი, საწოლზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე. რა ცუდი გოგოა, დღეს კინოში უნდა წავსულიყავით, მან კი იმ ვიღაცებში გამცვალა. ადგილს ვერ ვპოულობდი. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შეკვეთა მივეცი მოსკოვში, დედას დაველაპარაკე. ორ დღეში ფულს გამოგიგზავნიო, შემპირდა. სულ არ აპირებს აქეთ ჩამოსვლას, მთლად აიღო ჩემზე ხელი. ამათ ხელის შეწყობა სჭირდებათ, შენ რა გიჭირს, ისწავლე და იყავი შენთვისო, გამეხუმრა. მესიამოვნა დედასთან საუბარი, რამდენი თვეა, არ მინახავს, სექტემბრის ბოლოს წავიდა და დარჩა და დარჩა იქ. სანამ გამოცდები მქონდა, გვერდიდან არ მომცილებია, ჩემზე მეტად ნერვიულობდა. სტუდენტი გავხდი თუ არა, მაშინვე მოადუნა ყურადღება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თორემ დედას ამქვეყნად ყველაზე ძალიან ვუყვარვარ და ყველაზე მეტად აქვს ჩემი იმედი.
მთელი დღე სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ნიტა და ის ბიჭები მიტრიალებდა გონებაში. ამასობაში დაღამდა. ნიტამ არ დარეკა, არც მოგვიანებით და არც მერე, საღამოს. მეც შეგნებულად არ ვურეკავდი, მაინტერესებდა, სანამ გასტანდა მისი დუმილი. იქნებ მეც უნდა წავსულიყავი? კარგი ვქენი, მეგობარი უცხო კაცებთან ერთად მარტო რომ გავუშვი? იქნებ რამე მოხდა? იქნებ რამე დაუშავეს? მანქანის ნომერიც რომ არ დამიმახსოვრებია? ამის გაფიქრებაზე კანი ამებურძგლა. ეს როგორ არ ვიფიქრე. მეც მოვიმიზეზე რა, ჩემი ძმის ზარი. როდის იყო, მერაბი თავს იწუხებდა ჩემთან დარეკვით. რაში დამჭირდა ტყუილის თქმა. არა, არა, ძალა უნდა დამეტანებინა ნიტასთვის, გადმოსულიყო მანქანიდან. რა სულელი ვარ! ახლავე დავურეკავ.
შეშფოთებული მივვარდი ტელეფონს და ნომერი ავკრიფე. რამდენიმე ზუმერის მერე ნიტას ნამძინარევი ხმა გაისმა.
- გისმენთ.
- ცოცხალი ხარ?
- მკვდარი რატომ უნდა ვიყო?
- რატომ არ დამირეკე?
- როგორ არ დაგირეკე, მაგრამ სულ დაკავება იყო, მერე კი ჩამეძინა. ვის ელაპარაკებოდი?
- დედაჩემს.
- მართლა? როგორ არიან? როდის ჩამოდის?
- ჯერ არ აპირებს, რა ვიცი. რა ქენი, სად იყავით, მომიყევი ერთი, რას ნიშნავდა შენი დღევანდელი გამოსვლა?
- ვაიმე, სოფიო, არ იცი, რა ბიჭები არიან. შენ რაღა დაგემართა, რომ წამოსულიყავი, რა მოხდებოდა, ვითომ? მე ჭკუა გადამეკეტა სანდროზე, კინაღამ შევიშალე, რომ დაილაპარაკა. რა ხმა აქვს, რა თვალები, შეიძლება გარეკო.
- ღმერთო, რა სულელი ხარ, - გამეცინა ნიტას ნათქვამზე, თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში, რაღაც ჩამწყდა, რაღა სანდრო მოეწონა?
- მაგრამ მგონი შენ მოსწონხარ, სულ შენზე მეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებდა.
- ნუ იგონებ, რა! - ვთქვი, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ნათქვამი.
- დედას გეფიცები, ენა არ გაუჩერებია. ვინ არის, ვისი შვილია, რამდენი წლისაა, როგორი გოგოა… ტვინი წაიღო, მთელი ორი საათი შენი სახელი ეკერა პირზე.
- ის მეორე როგორი ტიპია? - რატომღაც ჯიმიზე გადავიტანე აქცენტი.
- ისა? მეორე? ის ცოლიანია. კარგი ბიჭია, მაგრამ რად გინდა, საჩვენო არ არის, წვრილშვილის პატრონია. იცი, სანდრომ რა თქვა? დედაჩემი ლექტორიაო, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, რა საგანს ასწავლის. შეიძლება ჩვენც გვიკითხავს ლექციას.
- მოგატყუა ალბათ.
- არა, არა, რატომ უნდა მოვეტყუებინე, რაში სჭირდებოდა. ხვალ, ლექციების შემდეგ დაგვხვდებიან და რესტორანში წაგვიყვანენ.
- შენ ხომ არ გაგიჟდი, გოგო, რა გეტაკა!
- რა იყო, რა ვთქვი ამისთანა?
- მე არსად არ მოვდივარ, შენ რაც გინდა, ის ქენი.
- მაგარი ტიპია, აი, ახლოს გაიცნობ და თვითონ დარწმუნდები.
- ვერ გავიგე, ქალბატონო, შენ ჩემთვის ჩალიჩობ თუ შენთვის?
ნიტამ გადაიკისკისა.
- თუ შენთან არაფერი გამოუვა, აქ არ ვარ? ხომ დამითმობ?
- შენი იყოს, ახლავე, აქედანვე, - ღიმილი ვერ შევიკავე, თუმცა ვგრძნობდი, სანდრო ნამდვილად არ მემეტებოდა არავისთვის, ნიტასთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, რაღაცამ მიმიზიდა მასში.
- ძალიან მაგარი ვიღაცაა, სულაც არ არის ქაჯი, საიდან მოიტანე?
- როდის გითხარი, ქაჯია-მეთქი? - გამიკვირდა.
- შენ არ თქვი, ქაჯობები მითხრა, სიცილით მოვკვდიო?
- ჰო, ეგ დამავიწყდა, იზვინი.
- მგონი, შენც დაგევასა და იმიტომაც დაგავიწყდა. ჰა, გამოტყდი ახლა, ხომ დაგევასა?
- ნუ სულელობ, რა დამევასა, ერთხელ ვნახე ადამიანი.
- მერე რა, ერთი ნახვით შეყვარება არ გაგიგია თუ რა?
- მოიცა ერთი, რა დროს ეგ არის.
- ეგ არის, ეგა, ჩემო ნაცრისფერთვალებავ, შენ თვითონ ვერ გრძნობ, როგორ გიახლოვდება სიყვარული.
- აბა, აბა. მერე რა უნდა ვქნათ მე და შენ? ერთი მამაკაცი როგორ უნდა გავიყოთ? არ გეშინია, რომ ვიჩხუბოთ?
- რას ამბობ, სოფიო, რა უნდა ვიჩხუბოთ. ეგ გამორიცხულია. ისე ვთქვი, კარგი ბიჭია-მეთქი, თორემ სხვა კი არაფერი. კაცს შენ მოსწონხარ და მე როგორ დაგაწერო?
- კარგი, კარგი, ნუ გაილექსე. პრაქტიკულზე რა ქენი, დაწერე?
- ვაიმე, როგორ დამავიწყდა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, სულ ამომივარდა თავიდან. ახლა დავჯდები და დავწერ.
- მიდი, მიდი, მიხედე საქმეს და ხვალ არ დააგვიანო. შენა… ხვალ მაინც წავიდეთ კინოში, კარგი? თუ გინდა, დღევანდელი დღე გაპატიო, უარი არ მითხრა.
- ხვა-ალ? - ნიტა შეყოყმანდა, - კარგი წავიდეთ. იქნებ ისინიც წამოვიდნენ, რა იცი.
- «ისინი» არ გამაგონო! თუ წავალთ, მხოლოდ ჩვენ ორნი, გასაგებია? - შორს დავიჭირე.
- კარგი, ოღონდ შენ არ გაბრაზდე და როგორც იტყვი, ისე გავაკეთოთ. აბა, პაკა.
- ხვალამდე. ლექციაზე არ დააგვიანო.
- არ დავაგვიანებ, გპირდები…
ყურმილი დავკიდე და მოსმენილით კმაყოფილმა გავიზმორე. ესე იგი, მოვწონვარ. ესე იგი, მაგარი ტიპია. ვნახოთ, ვნახოთ. თუ ჰგონია, რომ ჩემი მოთვინიერება ასე ადვილია, მაგასაც ნახავს. ჩემს სიყვარულს დამსახურება უნდა, ეგრე კი არ არის.
ასე კი ვამბობდი, მაგრამ გულის სიღრმეში სხვა რამეს ვფიქრობდი… უკვე მაინტერესებდა უცნობი სანდრო, მამაკაცი, რომელმაც ჩემი გაცნობა ძალზე ბანალური ფრაზებით დაიწყო…
გაგრძელება იქნება