გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს. ამჯერად ის სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
"პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი, ასე, მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა - არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.
"მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული... ცხოვრება გრძელდება" - გიორგი კეკელიძის ემოციური სიტყვა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული
გიორგი კეკელიძისა და ტაქსის მძღოლის ემოციური ამბავი: "გავცოცხლდი! როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო... ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა..."
მოკლედ, დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.
სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე - მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი - მგონი, ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა, მოკლედ.
- რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? - მკითხა ბაბუამ - ორიანი მიიღე?
- ვარესი, - ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
- ერთიანი? - მკითხა თენგულიამ.
- თეონა დამშორდა! - აღმომხდა მე, არადა - ,,ერთიანი არ არსებობს" - თქმას ვაპირებდი.
- რეიზა? - მკითხა ორივემ.
- არ ვიცი! - ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
- მაი აფერი! - თქვა შაქრომ - ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? - თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
- ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა, - განაგრძნო ბაბუამ - ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა - წარმეიდგენდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
- მალადეც ჰემინგუეი! - თქვა თენგულიამ.
ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათად დარჩენა გადაწყვიტა.
- სადაა ომი? - ვიკითხე მე, უკვე მზადყოფმა წასასვლელად.
- ომი ყველგანაა! - მიპასუხა ბაბუაჩემმა.
- მაი, რაფერ? - დაინტერესდა თენგულია და მგონი, ჩერჩილიც.
- იმფერ, - თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა - ომი არის ყველგან! ომს იპოვი - მთავარია, წახვიდე!
მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა" - წერს გიორგი კეკელიძე.