მთელი ღამე არ მიძინია. თვალწინ გამუდმებით სანდრო მიტრიალებდა. როდის-როდის წამართვა ძილმა თავი, თითქმის თენდებოდა. ნიტას ვაფრთხილებდი, ლექციაზე არ დაიგვიანო-მეთქი და ლამის მე დავაგვიანე. ჩვენს ლექტორს ერთი ნაბიჯით შევასწარი აუდიტორიაში. ნიტამ საყვედურებით ამავსო, მე კი არაფერი მესმოდა, გონებით სხვაგან დავქროდი. ერთი სული მქონდა, როდის დაირეკებოდა ზარი და როდის დამთავრდებოდა ლექციები. მის ნახვას ვეშურებოდი…
გარეთ გადაუღებლად წვიმდა. მე და ნიტა უსიტყვოდ მივუყვებოდით გრძელ დერეფანს, თან აქეთ-იქით ვაცეცებდით თვალებს, მათ ვეძებდით, ახალგაცნობილ ბიჭებს.
- გამარჯობა, გოგოებო, - ჰოლში, განცხადებების დაფასთან, ჯიმი ატუზულიყო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
ნიტას სახე გაუბრწყინდა, დიდი ოვაციებით შეხვდა ჯიმის, მე ზრდილობის გულისთვის გავუღიმე და მზერა მოვავლე ირგვლივ, სანდროს ვეძებდი, რომელიც არ ჩანდა.
- შენი მეგობარი სად არის? - ნიტამაც მიმოიხედა.
- დღეს ვერ მოვიდა, საქმე ჰქონდა. სამაგიეროდ, მე აქ ვარ, მიმსახურეთ, როგორც გაგიხარდებათ! - გულზე მუშტი დაიბრაგუნა ჯიმიმ და ისე შეხედა ნიტას, კინაღამ თვალებით შეჭამა.
«ეს კაცი მგონი შეყვარებულია უკვე”, - გავიფიქრე ჩემთვის.
- წავედით? - იკითხა მამაკაცმა.
- რა ვიცი, წავედით, - უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიტამ, როგორც ჩანდა, მასაც გაუფუჭდა ხასიათი.
- სად აპირებ წასვლას? - შუბლი შევკარი და დაქალს უკმეხად გავხედე.
- სახლში, სხვაგან სად უნდა წავიდეთ, - მხრები აიჩეჩა ნიტამ.
- რა სახლში, რა დროს სახლია, რესტორანში გეპატიჟებით ორივეს.
რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ჯიმიმ შემაწყვეტინა.
- ახლა არ დამიწყოთ ალია-ბალია. ხომ მოვილაპარაკეთ გუშინ, არა? არ უთხარი შენს მეგობარს, რასაც ვაპირებდით? - ნიტას მიუბრუნდა.
- ჰო, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენც საქმე გვაქვს, არ გვცალია, სხვა დროს იყოს, - რატომღაც ნიტამაც უარი თქვა გართობაზე.
ეს გამიკვირდა. ნუთუ ამასაც სანდრო მოსწონს? ჩემდა უნებურად, რაღაც მეწყინა. არა, ნამდვილად არ მინდოდა, ასე ყოფილიყო.
ჯიმი ბევრს გვეხვეწა, მაგრამ ვერ დაგვითანხმა. სხვა რა გზა ჰქონდა, სახლამდე მიგვიყვანა ორივე და დაგვემშვიდობა.
ჩემთან ავედით. საუბარი ვერ აეწყო, არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
- წავალ მე, დავიძინებ, - თქვა ბოლოს ნიტამ.
- როგორც გინდა, - გამიხარდა, ეს რომ თქვა, ისე ძალიან მინდოდა მარტო დარჩენა.
და წავიდა…
და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან…
რატომ არ მოვიდა? რა მოხდა გუშინ? იქნებ სანდროსა და ნიტას შორის ხდება რამე და ამიტომაც არ ისურვა მან დღეს ჩემთან შეხვედრა? რა მემართება? რა მინდა? დიდი ამბავი, თუ ასეა. ეს ხომ სიყვარული არ არის. მხოლოდ ერთი დღეა, რაც ვიცნობ. ბოლოს და ბოლოს, გადამივლის. ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს, ჩემი რა მიდის, რას ვკარგავ? არა, რაღაცაშია საქმე, რაღაც მოხდა, ნამდვილად მოხდა. მაგრამ რა? ფიქრით თავს ვიმტვრევდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ის ღამეც თეთრად გავათენე…
სანდრო არც შემდეგ დღეებში გამოჩენილა. კვირამ ისე ჩაიარა, მის შესახებ ვერაფერი გავიგე. არც ნიტა იღებდა ხმას, ამ თემაზე ლაპარაკი არ ჩამოუგდია ჩემთან. ჯიმი ყოველდღე გვხვდებოდა შემოსასვლელთან, მაგრამ ნიტა ჯიუტად უარს ეუბნებოდა შეხვედრაზე. ის კი არა, მანქანაშიც კი არ ჩაუჯდა მესამე დღეს. დარჩა ბიჭი გაწბილებული.
პარასკევს ინსტიტუტში არ წავსულვარ. სიცხემ ამიწია და ლექციები გავაცდინე. ერთით მიხაროდა, რომ არ წავედი, მისი შეხვედრის მოლოდინი მაინც არ მექნებოდა. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის მომაკითხავდა ნიტა, იქნებ ახალი გამეგო რამე. ის იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე ველოდი.
- იცი? ახალი ამბავი გავიგე.
- რა ამბავი?
- ნათელა ხომ იცი, პრაქტიკულს რომ გვიტარებს.
- ჰო, მერე?
- შენ რომ ეხვეწებოდი, შენი რძალი გავხდებიო.
- და მერე რა? თქვი, ნუ ამომხადე სული.
- სანდრო მისი შვილი ყოფილა.
- რას ამბობ! - თვალები შუბლზე ამივიდა, - რომელი?
- უფროსი, ყველაზე სერიოზულიაო, რომ ამბობდა.
- აჰა!
გამახსენდა, როგორ ვეხუმრებოდი ქალბატონ ნათელას, ნამცხვრები გყვარებიათ და თუ რძლად წამიყვანთ, ამ სიამოვნებას არ მოგაკლებთ, ისეთი ნუგბარების გამოცხობა ვიცი-მეთქი. შემოგვჩივლა, სამი ბიჭი მყავს, სამივე უცოლო, არც ერთი ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობსო. უფროსი ძალიან სერიოზულია, ქალებისკენ საერთოდ არ იყურება, მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა მთელ თბილისში; შუათანას საცოლე ჰყავს, მაგრამ არ ჩქარობს მოყვანას, ხოლო უმცროსი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, რა დროს მაგისი ცოლიაო. აბა, რას ვიფიქრებდი. ნეტავ იცოდეს, როგორ გავიცანი მისი ვაჟი და როგორ მომეწონა. საინტერესოა, რომ გაიგოს, როგორ შეხვდება ამ ამბავს.
მოიცა, გავიხსენო, ზუსტად როგორ თქვა? მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა თბილისშიო? აბა, მე რატომ დამადგა თვალი? რა ნახა ჩემში განსაკუთრებული? და თუკი ნახა, მერე რატომ ჩაიქნია ხელი? მერე რატომ დაიკარგა? განიხიბლა? რის გამო? იქნებ ნიტას წამოცდა რამე ისეთი ჩემზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია?
- მთელი ნახევარი საათი მელაპარაკა შენზე.
სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებაზე.
- ვინ გელაპარაკა, რა მითხარი? - შემეშინდა, ამ ფიქრში მისი ნათქვამიდან რამე ხომ არ გამომრჩა-მეთქი.
- ვინ და ნათელა! სანდრომ და სოფიომ როგორ გაიცნეს ერთმანეთიო.
- იმან საიდან იცის, რომ გავიცანი?
- სანდროს უთქვამს.
- რა უთქვამს, არ გადამრიო! - უფრო და უფრო მიპყრობდა გაოცება.
- შენზე გამოუკითხავს რაღაც-რაღაცები, ვინ არის, რა გვარია, ვისი სტუდენტია, რომელ ჯგუფში სწავლობსო. მერე დედამისისთვის უკითხავს, როგორი გოგოაო. იმას უთქვამს, არაჩვეულებრივი სტუდენტია, უნიჭიერესი, გადასარევად სწავლობს, კარგი მომავალი აქვსო.
- მერე?
- მერე და მერე! ეგ საჩემო არ ყოფილაო და გატრიალებულა.
- ნიტა, თუ ქალი ხარ, წესიერად მომიყევი. რას ნიშნავს საჩემო არ ყოფილაო, გიჟია თუ რა?
- მე მაგას ბედნიერებას ვერ შევპირდები, კომფორტულად ვერ ვაცხოვრებ, ცუდი ადამიანი ვარ და ტყუილად ცხოვრებას გავუფუჭებო, უთქვამს.
- მატყუებ! - აღვშფოთდი.
- დედის სულს გეფიცები, არ გატყუებ.
- რატომ არის ცუდი ადამიანი?
- როგორც გავიგე, ნარკომანი ყოფილა. აი, ამიტომ.
- მართლა? - სული შემიგუბდა, კინაღამ სასულეში გადამცდა ნერწყვი ნერვიულობისგან, - ეგ ვიღამ გითხრა?
- მაცაცომ, მაგის კარის მეზობელია.
- ჩვენი კურსელი მაცაცო?
- ჰო. ნათელას რომ ველაპარაკებოდი, იქვე იდგა და გვისმენდა. მერე ჩემთან ერთად წამოვიდა და გზაში მომიყვა. ერთხელ თურმე ზედმეტი მოსვლია დოზა და კინაღამ მომკვდარა, ძლივს გადაურჩენიათ.
- ნიტა, მოდი, ამაზე მეტჯერ ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? - ლამის ავტირდი, ნიკაპი ამიკანკალდა.
- როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ნიტამ, გამებუტა და წავიდა.
ის დღე იყო და ის დღე, სანდრო არ გამომლაპარაკებია. რამდენჯერმე შემხვდა დერეფანში, თბილად მომესალმა, ახლოს მოსვლა არც უფიქრია, თვალი ამარიდა და გვერდით ჩამიარა.
ასე განმეორდა ბევრჯერ. ნიტასთან უფრო იპოვა საერთო ენა. მასთან დადგებოდა კიდეც, ემასლაათებოდა, იცინოდნენ, რაღაცებს ჰყვებოდნენ, მე კი ყოველთვის განზე ვრჩებოდი. ნიტას შეგნებულად არ ვეკითხებოდი არაფერს, ისიც ჯიუტად დუმდა, რადგან ერთხელ უკვე ავუკრძალე სანდროზე ლაპარაკი.
არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა. საახალწლო კარნავალი გვქონდა. მე, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს, კონცერტში მონაწილეობა შემომთავაზეს, «სამბა» უნდა მეცეკვა ვინმე პატარა აკაკისთან ერთად. სიამოვნებით დავთანხმდი, ძალიან მინდოდა, რამით გამომეჩინა თავი, რომ სანდრო გამეგიჟებინა ჩემი ტალანტით. იცით, ყველაზე საოცარი რა იყო? პატარა აკაკი სანდროს უმცროსი ძმა აღმოჩნდა. არ არის ბედის ირონია? ვფიქრობ, რომ არის.
რეპეტიციებს სააქტო დარბაზში გავდიოდით. კარგი ბიჭი იყო აკაკი, მალე დავმეგობრდით. მიყვებოდა, როგორ არ გაჰყვა დედ-მამის კვალს და როგორ თქვა უარი ექიმობაზე, თავისი გაიტანა და ეკონომიურზე ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მშობლები კი დატოვა იმედგაცრუებული, მაგრამ თვითონ კმაყოფილია თავისი არჩევანით. აბა, ყველა ექიმი ხომ არ იქნებაო, ქვა რომ ააგდო, ექიმს ან იურისტს დაეცემა თავშიო, მეხუმრება. მოვა დრო და შენ და შენნაირები ყველანი უმუშევრები დარჩებით, მე კი ორი სამსახური ერთად მექნებაო, ღადაობს. მერე მოხვალ ჩემთან და მე მთხოვ, მდივნად დამაწყებინე შენთან მუშაობაო. აი, ასეთი კარგი ბიჭია აკაკი.
ცეკვაში მშვენიერი წყვილი გამოვდექით. დედის ხათრით ცეკვავს ჩვენს კარნავალზე, თორემ რა უნდა უნივერსიტეტის სტუდენტს სამედიცინო ინსტიტუტში, დედას ვერ უთხრა უარი, ამ თხოვნას მაინც შევუსრულებო, გულწრფელად იღიმის და ისე მესაუბრება აკაკი.
8 8 8
30 დეკემბერიც გათენდა. დღეს კარნავალი გვაქვს. დილაადრიან სალონში გავვარდი ვარცხნილობის გასაკეთებლად. საგანგებოდ შევიკერე ოქროსფერი საღამოს კაბა, რომ რაც შეიძლება ლამაზად გამოვიყურებოდე. მინდა ყველას ყურადღების ცენტრში ვიყო, ყველა მე მიყურებდეს. რა ვქნა, მიყვარს ასეთი რამეები. თან ნომინაციებიც არის, იქნებ რომელიმეს გამოვკრა ხელი.
საღამომდე კიდევ ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია. აკაკი აღტაცებული მიყურებდა.
- ისეთი ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებ. ცოტა დიდი რომ ვიყო, მოგიტაცებდი, ჩემი ძმასავით კი არ დავიხევდი უკან, - მითხრა და ფართოდ გამიღიმა.
სახე შემეცვალა სანდროს ხსენებაზე, მგონი, გავფითრდი.
- შენი ძმა რა შუაშია? - ხმის კანკალით ვკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი.
- უბრალოდ, ისე ვთქვი, ის ერიდება გოგოებთან ურთიერთობას, ვერ პოულობს მათთან საერთო ენას, - დაიბნა ბიჭი და ამით ეცადა თავისი ნათქვამის გამოსწორებას.
- შეყვარებული არ ჰყავს? - დრო ვიხელთე ჩემთვის საჭირო ინფორმაციის გასაგებად.
- არა და არც არასდროს ჰყოლია, უკარებაა ნამეტანი, - ირონიულად გაიცინა.
- შენს ძმაზე ამბობენ… - დავიწყე და მაშინვე გავჩერდი, დროზე დავაჭირე ენას კბილი.
- მართალია, რასაც ამბობენ… მამაჩემი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, - სახეზე ჩრდილმა გადაურბინა ბიჭს.
- რატომ? მილიონი საშუალება არსებობს, ბოლოს და ბოლოს, უმკურნალონ, ხომ შეიძლება? დედაშენს ეგ არ გაუჭირდება, არც მამაშენს, ქვეყნის ვიღაცას იცნობენ.
- საქმე მაგაში სულაც არ არის, სოფიო. თვითონ სანდროს არ უნდა. ასე ურჩევნია. მისთვის სხვა სიამოვნება არ არსებობს. წამო, წავედით, თორემ შეიძლება უჩვენოდ დაიწყოს კონცერტი, - მითხრა ბოლოს, ხელი ჩამჭიდა და სასადილოსკენ წამიყვანა.
რა ლამაზად მოურთავთ აქაურობა. ბრჭყვიალა «წვიმები”, გირლანდები, ნაძვის ტოტები, სათამაშოები, ბუშტები… მაგიდებიც ათასნაირი კერძით გაუწყვიათ. ყველა ფაკულტეტს თავისი მაგიდა ჰქონდა აღებული.
ჩემი ჯგუფელები შორიდანვე დავლანდე. ხელი დამიქნიეს. აკაკის დროებით დავემშვიდობე და ჩვენი მაგიდისკენ წავედი. ნიტას წითელი კაბა ეცვა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო.
- რა მაგარ ფორმაში ხარ, რომ იცოდე, - გადამკოცნა ნიტამ.
- შენც, სხვათა შორის, - არც მე დავრჩი კომპლიმენტის ვალში.
- ისიც აქ არის, იცი? - საიდუმლოდ ჩამჩურჩულა ყურში.
გავწითლდი, თითქოს ტყუილში გამომიჭირესო.
- ვინ ის, ჯიმი? - ვითომ ვერ მივუხვდი.
- ჯიმიც და სანდროც, - ორაზროვნად შემომხედა და თავი დამიქნია, თან თვალი მარცხენა კუთხისკენ გააპარა, იქით გაიხედეო.
გავიხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გავუღიმე, მანაც გამიღიმა, ხელიც კი დამიქნია. ლამის მივესიყვარულე თვალებით, მან კი მოულოდნელად ზურგი შემაქცია და ვიღაცასთან საუბარი გააბა. კინაღამ მოვკვდი, ისე მეწყინა, რაღაც ჩამწყდა გულში, რომელიღაც სიმი, მთავარი სიმი, რომელიც მასთან მაკავშირებდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ლამის ჩავიკეცე. სკამს დავეყრდენი და ჩამოვჯექი, რომ არ წავქცეულიყავი. ვიგრძენი, როგორ გავფითრდი.
- რა მაგარ ფორმაშია, არა? - თქვა ნიტამ და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
- რა ვუყო მერე, იყოს რა, - ვეცადე, გულგრილად მეთქვა, თითქოს სულაც არ მაინტერესებდა.
- არც არაფერი, ისე ვთქვი.
საბოლოოდ გამიფუჭდა გუნება, ყველაფრის ხალისი დავკარგე. ხანდახან გავაპარებდი მზერას განაპირა მაგიდისკენ, სადაც სანდრო მეგულებოდა. ის კი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, თავის ჯგუფელებში ჩამჯდარიყო, რაღაცას ჰყვებოდა და გულიანად იცინოდა სხვებთან ერთად. ჯიმიც იქვე იყო, ჩემსავით ისიც უხასიათოდ გამოიყურებოდა. ალბათ, ნიტას გამო, ვერა და ვერ მოიგო ნიტას გული, ერთხელაც ვერ დაითანხმა შეხვედრაზე. არადა, ბიჭი ყურებამდე იყო შეყვარებული. დღედაღამ ჩვენს ინსტიტუტში დახეტიალობდა, დაკვირვებული ადამიანი იფიქრებდა, აქაური სტუდენტიაო. ყოველდღე აკითხავდა ნიტას, ის კი შეუვალი იყო, ახლოს არ იკარებდა ჯიმის.
საღამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ლექტორების თუ სტუდენტების მილოცვები და სიტყვით გამოსვლები ერთმანეთს ცვლიდა, მერე ნომრების გამოცხადება დაიწყეს. ზოგმა იმღერა, ზოგმა ლექსი წაიკითხა, ზოგმაც იცეკვა… ჩემი და აკაკის ჯერიც დადგა. ცეცხლოვანი «სამბას» მელოდიამ დარბაზიც აიყოლია. ყელმოღერებული გავედი სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, აკაკი უკან მომყვებოდა. ძალიან ლამაზი წყვილი ვიყავით, ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა.
დავიწყეთ… თავიდან ცოტა გაუბედავად ვცეკვავდი, მერე და მერე აზარტში შევედი, ყოველგვარი დაძაბულობა და კომპლექსი მომეხსნა, საერთოდ გადამავიწყდა, სად ვიყავი, თამამად გავშალე ხელები და… ავიწყვიტე. ვცეკვავდი ისე, როგორც არასდროს, მთელი გრძნობით, მთელი გზნებით, სხეული მიხურდა. ჩემი ყოველი მოძრაობა სიყვარულის ახსნას ჰგავდა. ეს მისთვის იყო განკუთვნილი, ჩემი ყველა მოძრაობა მას ეძღვნებოდა, ყველა გამოხედვა, ყველა მიმიკა, ღიმილი თუ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი… ეს სიყვარულით ნაკარნახევი ცეკვა იყო, ვნებით აალებული გულის ფეთქვა… ჩემი ცეცხლისფერი კაბით შემოსილი სხეული ცეცხლის ალივით ირხეოდა გირლანდების შუქზე, იკლაკნებოდა, ეძებდა მას და ეძახდა მას, თავისთან უხმობდა… ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მოესურვებინა, ოღონდ მოენდომებინა…
ტაშის გრიალმა გამომაფხიზლა. დარბაზს გადავხედე, ყველა ფეხზე იდგა, ყველა «ბრავოს» ყვიროდა. აკაკი ჩამეხუტა და მაკოცა.
- ეს საღამო შენია, სოფიო, შენ ყველა დაიპყარი, გიხაროდეს, - ჩამჩურჩულა ყურში და ხელზე ხელი მომიჭირა.
გული საგულეში არ ეტეოდა, ეს ყველაზე ბედნიერი საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში, საღამო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
იქით გავიხედე. ის არც ტაშს უკრავდა, არც არაფერს ყვიროდა, ფეხზეც კი არ ამდგარა. იჯდა თავისთვის, მიყურებდა და კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თვალებში კი… თვალებში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა - შენ მე მეკუთვნი…
მეც ეს მინდოდა…
ოვაციები კარგა ხანს არ დამცხრალა, ჩვენი ცეკვის გამეორებას ჯიუტად ითხოვდა ყველა. ცივ უარზე დავდექი, მეორედ ასე ვერ ვიცეკვებდი. ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ნიტამ ლოყაზე მაკოცა.
- კინაღამ ვიტირე, ისეთი კარგი იყავი, - გულწრფელად მითხრა დაქალმა.
გამიხარდა…
კონცერტი რომ დამთავრდა, ნომინაციების გამოცხადება დაიწყეს. მგონი, ყველას ყველაფერი შეხვდა, ჩემ გარდა… ნიტამ ყველაზე მომხიბვლელი ქალის ტიტული მოიპოვა. რა თქმა უნდა, არ მწყენია, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში, თითქოს შურმა გამკრა. ნუთუ მე არაფერი მერგება? აბა, რისთვის ვიცეკვე ასე?
- ახლა კი, ყველაზე მთავარი, - გამოაცხადა წამყვანმა, - ჩვენ ვირჩევთ კარნავალის დედოფალს.
ყველა გაისუსა. დავიძაბე. რატომღაც, ჩემი თავი მოვიაზრე ამ აპლუაში.
- და ერთხმად, ხმათა ასი პროცენტით… მეჯლისის დედოფალი გახდააა… სო-ფი-ო-ო-ო! - მთელი ხმით იყვირა კონფერანსიემ.
სმენა დამეხშო, ყურები დამიგუბდა. კიდევ ერთხელ დაინგრა დარბაზი, ყველანი ახმაურდნენ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა…
სცენაზე გამიწვიეს, საჩუქრები გადმომცეს. თავი სიზმარში მეგონა, ან ზღაპარში… კონკიად წარმოვიდგინე ჩემი თავი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. ოვაციები არ ცხრებოდა.
- როცა ტირი, უფრო ლამაზი ხარ, - ჩამესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა ზედ ყურთან.
შევკრთი, მოვიხედე და… სანდრო შემრჩა ხელთ. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა სცენაზე, როგორ ვერ შევამჩნიე მისი მოახლოება.
- მივმართავ მამაკაცებს, ვისაც გერჩით გული, გამბედაობა და სიმამაცე, ეცეკვეთ საღამოს დედოფალს! - ისევ საზეიმო ხმით გამოაცხადა წამყვანმა და მაგიდებს გადახედა.
თუმცა… ყველაზე მამაცი, გამბედავი და ყველაზე სასურველი უკვე ჩემ გვერდით იდგა. სანდრომ ხელი გამომიწოდა და შტრაუსის ვალსიც ჩაირთო. მე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, თითქოს დავბრმავდი, თითქოს დავყრუვდი, მხოლოდ სანდროს ხელს ვგრძნობდი, წელზე რომ მქონდა შემოხვეული და მის მხურვალე მკერდს, მძლავრად რომ მიკრავდა გულში… ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი. საოცრად მსუბუქად ცეკვავდა, ლაღად, ერთხელ არ შეშლია ფეხი, როგორც ჩანს, ძმასავით ცეკვის კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი…
- რომ შემეძლოს, მთელი ცხოვრება ასე ფრენა-ფრენით ვივლიდი შენთან ერთად, - ჩამჩურჩულებდა ყურში ვნებიანი ხმით, - მთელი ცხოვრება ასე ჩახუტებულს გატარებდი, სანატრელო!
არ იცით, რა სიამოვნება იყო ამ სიტყვების მოსმენა. ქვეყანა ჩემი მეგონა, ნეტარების მორევში ვიყავი შთანთქმული. ალბათ, ღრუბლებში ფრენის სიამოვნებაღა თუ შეედრებოდა ამ წუთებს.
- მიყვარხარ, სანდრო, - აღმომხდა ჩემდა უნებურად, - უსაშველოდ მიყვარხარ!
და… მოულოდნელად გაჩერდა, ხელი შემიშვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. დანისლული მზერა ჰქონდა, ნაღვლიანი, თითქოს ჩამქრალიყო ის ნაპერწკალი, წეღან ასე რომ უბრწყინავდა თვალებში.
მერე თითქოს გონს მოეგოო, ისევ მომხვია მკლავი და დამატრიალა… ლოყა ლოყაზე მივადე ბედნიერებისგან გათანგულმა, თან მისი საქციელით ოდნავ შეცბუნებულმა.
- სოფიო, - ჩამესმა ყურში მისი ხმა.
- გისმენ, სანდრო, - მუსიკის ფონზე ჩემი ხმა ჩაიკარგა, ალბათ ვეღარც გაიგო, რადგან გაიმეორა.
- სოფიო…
თავი ავწიე და შევხედე.
- ბატონო…
- ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო, იცოდე, - ისევ დანაღვლიანებოდა სახე, ისევ ისეთი ჩამქრალი მზერა ჰქონდა.
- რატომ?
- თორემ ძალიან მეწყინება, - გააგრძელა მან, ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- რატომ-მეთქი, გეკითხები, არ გინდა ამიხსნა?
- ასეა საჭირო და იმიტომ.
- ეგ პასუხი არ არის, ამ პასუხს არ მივიღებ. კონკრეტული ახსნა მჭირდება, - კატეგორიული ვიყავი.
- მე სხვა მიყვარს და იმიტომ, კონკრეტული ახსნა ეს არის. გასაგებია? - თქვა და ისევ გაჩერდა, ისევ შემიშვა ხელი.
არ მახსოვს, როგორ მოეშვა სხეული, როგორ მოვდუნდი და ჩავიკეცე… ისღა მახსოვს, ვიღაც სახეში რომ მილაწუნებდა, ვიღაც წყალს მასხამდა… მივხვდი, რომ გონება დავკარგე და მასულიერებდნენ.
ასე დამთავრდა ჩემი ერთი ყველაზე ბედნიერი საღამო.
კიდევ ერთი ღამე გავათენე თეთრად, ამჯერად - ტირილში…
8 8 8
არავის ვუსურვებ ისეთი ახალი წლის გათენებას, მე რომ გამითენდა. შინ ჩავიკეტე, ტელეფონი გამოვრთე და ლოგინში შევწექი. რამდენჯერმე ვიღაცამ დააბრახუნა კარზე, არ გავუღე. ვიცოდი, ნიტა იქნებოდა. აღარაფერი მახსოვდა, არც ჭამა მინდოდა, არც არავის ხმის გაგონება. მხოლოდ სანდროს ხმა ჩამესმოდა ყურში, მხოლოდ მისი სიტყვების შინაარსი მიფორიაქებდა სულს. «მე სხვა მიყვარს და იმიტომ, კონკრეტული ახსნა ეს არის. გასაგებია?» - თითქოს ჩაქუჩივით მხვდებოდა თავში ეს საბედისწერო წინადადება.
მციოდა და გაზქურის ანთება მეზარებოდა, მშიოდა და ჭამის სურვილი გამქრობოდა, ბნელოდა და შუქის ანთება არ მინდოდა. არაფერი არ მინდოდა, სიკვდილის გარდა. რა მიქნა ამ ბიჭმა, როგორ დამშალა, როგორ გამანადგურა… რა უნდა ჩემგან, რას მერჩის… ფიქრი ფიქრს ცვლიდა. ნეტავ სად არის ახლა, თუ ვახსოვარ მაინც? დავიჯერო, არ ფიქრობს ჩემზე? იქნებ მართლა სხვა უყვარს? იქნებ ტყუილი თქვა? იქნებ… იმდენი «იქნებ» დაგროვდა, გზა და კვალი ამერია.
არა, მორჩა! უნდა დავურეკო და ველაპარაკო! ასე გაგრძელება არ შეიძლება. სულ არ მაინტერესებს, ნარკომანია თუ არა, ჩემთვის სულერთია, ვინც გინდა იყოს, ოღონდ მოვიდეს, ოღონდ შემიყვაროს, ოღონდ არ მიმატოვოს… მე მასთან მინდა, მხოლოდ მასთან და სხვა არავისთან. ყველაფერზე თანახმა ვარ, სანდრო. მხოლოდ შენთან ვიქნები ბედნიერი, მხოლოდ შენთან…
ტელეფონი ჩავრთე და ნიტას დავურეკე, შინ არ აღმოჩნდა, საქეიფოდ იყო წასული. ვისთან? იქნებ ჯიმისთან და სანდროსთან ერთად? როგორ გავიგო? დავიჯერო, არ დარეკავს? ვინ იცის, იქნებ რეკავდა კიდეც, მე კი ტელეფონი გამორთული მქონდა. რატომ გამოვრთე, რატომ, რატომ? ახია ჩემზე! ვტუქსავდი თავს.
ისე მოსაღამოვდა, არავის გავხსენებივარ. რვა საათი იქნებოდა, გაბმული ზარი რომ გაისმა. ეს მოსკოვი იყო, დედა მირეკავდა შეშინებული, ხომ კარგად ხარ, წუხელ ღამის მერე გირეკავ და ხმა ვერ მოგაწვდინეო. მოვატყუე, კარნავალი გვქონდა და ღამე ინსტიტუტში გავატარეთ-მეთქი. ძლივს დავამშვიდე. თუ ასე გააგრძელებ, ჩამოვალ და შენ გვერდით ვიქნები, ნერვიულობის თავი არა მაქვსო. დავაწყნარე, ვეფერე, ახალი წელი იყო, შინ ხომ არ დავჯდებოდი მარტო, ჯგუფელებთან გავერთე-მეთქი. როგორც იქნა, დავარწმუნე.
ნიტა კი, თითქოს განგებ, არ მირეკავდა.
გაგრძელება იქნება