პროფესიით მსახიობმა და მოგვიანებით ჟურნალისტმა დამანა მდივნიშვილმა წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა ხელი. მან არაერთი ლამაზი ქალის ფოტო შეაგროვა და წიგნებად გამოსცა. ავტორმა ბევრი უცნობი მანდილოსნის ვინაობა დაადგინა და დავიწყებას გადაარჩინა მათი სახე და სახელები.
"ჩემში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ქალი, თავისი გარეგნული მონაცემებით, საქმიანობითა თუ ლამაზი ოჯახით, დიასახლისობით. მინდოდა, მეც ასეთ მანდილოსნებს დავმსგავსებოდი. თავდაპირველად დავიწყე წერა სწორედ ასეთ საინტერესო ქალბატონებზე და მათ შესახებ მასალებს ვბეჭდავდი. მათ შორის ბევრი მზეთუნახავი შემხვედრია. რა დააშავეს მათ, თუ კინოში არ მოხვდნენ და მათი სილამაზე ამ მხრივ არ გახმაურდა. ვწერდი ქალებზე, რომლებმაც თავიანთი სილამაზე ოჯახის კეთილდღეობას შესწირეს და მათი სახეების უკვდავყოფას შევეცადე. დიდი დრო დასჭირდა ფოტომასალის მოძიებას. მრავალი დღე გამიტარებია არქივებში. ჩემი ინტერესის სფერო მე-19 საუკუნე იყო. ბარათაშვილი ჩემთვის გენიოსი იყო და სწორედ მისი ეპოქის ოჯახებით დავინტერესდი. შემდეგ წიგნებში ჩვენი თანამედროვე ქალებიც შევიდნენ. სხვათა შორის, როცა პირველი წიგნი გამოიცა, მე თვითონ წიგნის გარეშე დავრჩი. ამ ალბომში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ ოჯახის წევრებს ნახულობდნენ და უნდოდათ, წიგნი ჰქონოდათ. ამაზე უარს ვერ ვეტყოდი. ამას წინათ შევედი მაღაზიაში და დავინახე "მშვენიერთა სავანე", მღელვარებისგან მთელი სხეული ამითამაშდა, შემეშინდა, არავის დაესწრო და საკუთარი წიგნი შევიძინე" - ამბობდა ქალბატონი დამანა.
ამჯერად გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანი ანი გიუნტერი მსახიობ დამანა მდივნიშვილს ესტუმრა და მაყურებელს ხელოვანის ცხოვრებისეული და სასიყვარულო ისტორიები გააცნო.
განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა სიუჟეტის დასასრული – 94 წლის ასაკში მსახიობმა შვილიშვილთან, სანდრო ლილუაშვილთან ერთად ტანგო შეასრულა.
„სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, არ მიდიოდნენ, ჩემ გამოსვლას ელოდებოდნენ, შემომეხვეოდნენ გარშემო.. სარკეში ჩემი თავის დანახვა არ მიყვარდა, მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი.. ალბათ, 3-4 წლის წინაც იმაზე ვფიქრობდი, რატომ შემირთო ცოლად [ლაშამ], რა მოეწონა ჩემში? საათი დამიტოვა, ჩემი ხელი გეტყობოდესო, მის გარეშე წლები გავატარე, 15 წელი იყო დაკავებული. ჩავდიოდი, წერილებს ვწერდი.. ჩაცმა ძალიან მიყვარდა. ქალმა უნდა იცოდეს, რა უხდება მას..“ - ამბობს დამანა მდივნიშვილი.