- მორჩი ახლა, გეყოფა! - ცივად გამოუვიდა სანდროს, - სოფი, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, ყველაფერი! ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი გამისინჯავს, რომ იცოდე! - იდუმალად გამიღიმა და ჯიმისკენ გაემართა.
- ჰოდა, შენც დარჩი, სხვა რამეებსაც გასინჯავ, - ღვარძლიანად წარმოთქვა ჯიმიმ და მტრულად შეხედა მეგობარს.
- წამო, წამო, თვითონ არ იცი, რას ლაპარაკობ, - მხარზე ხელი მოუთათუნა სანდრომ და შემოსასვლელისკენ უბიძგა მთვრალ ძმაკაცს.
უკან მივყევი. კარგა ხანს ხელებგადაჯვარედინებული ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აცმევდა სანდრო ჯიმის «დუბლიონკას». მერე თვითონაც ჩაიცვა და შემომხედა.
- იმედია, კიდევ გნახავ…
- იმედია, - ნაძალადევად გავუღიმე და ნაღვლიანი მზერა გავაყოლე მიმავალთ.
როგორ მინდოდა, კიდევ ერთხელ ეკოცნა დამშვიდობების წინ, კიდევ ერთხელ ჩამხუტებოდა… რატომღაც, არ მოინდომა.
- მეც წამიყვანეთ, რა, აქ არ დამტოვოთ, - მოულოდნელად ჩემ ზურგს უკან ნიტას ხმა გაისმა.
- შენ საიდან გაჩნდი აქ, რატომ არ გძინავს? - გავოცდი.
- შინ მინდა… ჯიმი, სანდრო, დამელოდეთ! - იყვირა.
- გაგიჟდი? მოგკლავს მამაშენი, ასეთ დღეში რომ დაგინახავს, - მისი შეჩერება ვცადე.
- მე პატარა გოგო აღარ ვარ, სოფიო, გავიზარდე დიდი ხანია, - ნიტამ პალტო მოიხურა და უკან მოტრიალებულ სანდროს მიაჩერდა.
- არ წახვიდე, გთხოვ, დარჩი ჩემთან, - შევეხვეწე.
- წამოვიდეს, სოფი, რა პრობლემაა, ჩემი ხელით ავიყვან სახლში, არ მენდობი? - ისე გულწრფელად ამბობდა სანდრო, გული დამეწვა.
- ეგ რა შუაშია, უბრალოდ, არ მინდა მამამისმა ამ მდგომარეობაში ნახოს, ჩხუბს დაუწყებს.
- არავინ არაფერს არ დამიწყებს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.
- შენც წამოდი, თუ გინდა, ერთად მივიყვანოთ, - შემომთავაზა სანდრომ.
- მერე მე… მეც ტვირთად დაგაწვეთ? - ავღელდი.
- უკანვე წამოგიყვან, ასეთი სასიამოვნო ტვირთის ტარებაზე მთელი ცხოვრება არ ვიტყვი უარს.
გახარებულმა სასწრაფოდ გადავიცვი ქურთუკი…
8 8 8
ბედად, ნიტას მამაც მთვრალი დაგვხდა, უკვე ეძინა. ბებიამისმა თავში შემოირტყა ხელი, ეს რა გიქნია, ამდენის დალევა როგორ გაბედეო. მე მადლობა გადამიხადა, შინ «უვნებლად» რომ მივაცილე მისი ერთადერთი შვილიშვილი, თან გამომკითხა, სად იყავით, ვისთან ქეიფობდითო. ავუხსენი, ჩემთან შევიკრიბეთ ჯგუფელები და ყველამ დავლიეთ-მეთქი. ქალი ვიშვიშით დამემშვიდობა და კარი მიიხურა.
ჯიმის მანქანაში ჩასძინებოდა. ძილში რაღაცას ბოდავდა თავისთვის.
- სოფი, მოდი, ჯერ ამას მივიყვან სახლში და მერე შენ მოგემსახურები, კარგი? - მითხრა სანდრომ.
- როგორც გინდა, მე არსად მეჩქარება, - ბედნიერებისგან ვცახცახებდი, კვლავ მარტო რომ მომიწევდა მასთან დარჩენა.
ჯიმი სვანეთის უბანში ცხოვრობდა. იტალიურ ეზოსთან გააჩერა სანდრომ მანქანა და დაასიგნალა. ცოტა ხანში მაღალი, ტანადი ქალი გამოვიდა, თმა უკან აეწია და კუდივით დაემაგრებინა. ლამაზი ქალი იყო.
- სოფი, გაიცანი, ეს ჯიმის მეუღლეა, თეა, - გამაცნო სანდრომ ძმაკაცის ცოლი.
- სასიამოვნოა, - ხელი ჩამოვართვი ქალს.
- რას ჰგავს ეს უპატრონო, სულ მთვრალი როგორ უნდა იყოს, - აბუზღუნდა თეა და ქმრის გაღვიძებას შეეცადა.
ძლივძლივობით გადაიყვანეს ჯიმი მანქანიდან. გალეშილი რაღაცას ბურტყუნებდა. ნიტას სახელიც წამოსცდა ერთი-ორჯერ.
- ეს ნიტა ვიღაა, რას ამოუჩემებია, სანდრო, ხომ არ იცი. შემთხვევით, საყვარელი ხომ არ გაიჩინა ამ უბედურმა? - ჩემს სმენას ეზოში შესული თეას ხმა მოსწვდა.
- სადა აქვს მაგის ტრ… ჩემო თეა, ვერ ხედავ, რა დღეშია? - იცინოდა სანდრო.
შეაგვიანდა. გული გადამეწურა ლოდინით. ბოლოს სირბილით გამოვიდა ეზოდან და მანქანაში ჩაჯდა.
- აუ, რა ცივა! მაპატიე, სოფი, ძლივს გავხადეთ სამმა კაცმა, გამოიღვიძა და უნდა ვიქეიფოთო, ყურები გამოგვიჭედა. ხომ მაპატიებ, რომ დავიგვიანე?
- მთავარია, რომ მოხვედი, დაგვიანებას არა უშავს, - გავიღიმე და ცხვირ-პირი ქურთუკის საყელოში ჩავმალე.
- შემომხედე ერთი, - ჩემკენ მოტრიალდა მოულოდნელად სანდრო.
შემკრთალმა შევხედე, ვერ მივხვდი, რა უნდოდა.
- იცი, როგორ გიბრწყინავს თვალები? კატასავით. შემთხვევით, კაწვრაც ხომ არ იცი?
- მე ყველაფერი ვიცი, - დავიტრაბახე.
- ხეზე ასვლაც? - ისევ ამყვა ფლირტში სანდრო.
- ხეზე ასვლაც.
- მე არ მასწავლი?
- რატომაც არა.
- კარგი, ამას დავიმახსოვრებ. წავედით?
- წავედით.
მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. სანდროს ნელა მიჰყავდა მანქანა, თითქოს უნდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო გზა, მაგრამ ისე უცებ მივედით ჩემს სახლამდე, თითქოს მხოლოდ ორი წუთი ვყოფილიყავით მარტონი.
- მოვედით, - თქვა სანდრომ და ამოიხვნეშა.
- არ შემოხვალ? ყავას დაგალევინებ.
- არა, უკვე გვიანაა, მეზობლები რას იტყვიან.
- მეზობლებს მე მოვუვლი, შენ თუ გინდა, წამოდი.
- მინდა, მაგრამ აჯობებს, არ წამოვიდე.
- რატომ?
- ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და იმიტომ.
- მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ყველაფერზე თანახმა ვარ, რომ იცოდე.
- სწორედ ეგ მაშინებს, სოფი. შენ ჯერ ბავშვი ხარ, წარმოდგენა არა გაქვს, ცხოვრება რა ჭუჭყიანია, ზედაპირულად უყურებ ყველაფერს.
გავჩუმდი, პასუხის გასაცემად სიტყვები ვერ მოვიძიე.
- მაკოცე, რა, - ჩურჩულით მთხოვა სანდრომ.
თავი ნელა შევატრიალე მისკენ, ასევე ნელა გადავიხარე და თვალებდახუჭულმა გავიწიე მისი ტუჩებისკენ. ძებნა არ დამჭირვებია. მხრებში ჩამავლო ხელი და ტუჩებზე მთელი გრძნობით დამაკვდა. კვნესა აღმომხდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. სანდროს მარჯვენა ხელით ჩემი თავი ეჭირა, მარცხენით კი ქურთუკის ღილების შეხსნა დამიწყო, ჩემს მკერდს ეძებდა. კინაღამ გული წამივიდა, როცა მისი თითები ჩემს ძუძუსთავებს შეეხო. მთელი არსებით მივიწევდი მისკენ, ახლა მართლა ყველაფერზე თანახმა ვიყავი, თუნდაც მანქანაში მოესურვებინა ჩემი დაუფლება, უკან არ დავიხევდი.
- მიყვარხარ, სანდრო, სიგიჟემდე მიყვარხარ, - აგონიაში მყოფივით ვჩურჩულებდი.
ჩემმა სიტყვებმა ისევ უარყოფითად იმოქმედა მასზე. მოულოდნელად გაშეშდა, ხელი შემიშვა და სავარძელში გადაწვა.
- რა გემართება, რა გითხარი ასეთი? - საყვედური გავურიე ხმაში.
- შენ რა იცი, რა არის სიყვარული, - თქვა დახშული ხმით.
- ვიცი, - გაბუტული ბავშვივით წამოვიძახე.
- მითხარი მაშინ, - სანდროს არ შემოუხედავს ჩემთვის, წინ იყურებოდა და ისე მელაპარაკებოდა.
- ეს ის არის, რასაც… რასაც ახსნა არა აქვს, - დავიწყე სიყვარულის განმარტება, - ერთადერთი გრძნობა, რომელიც არ იცი, საიდან მოდის, როდის მოდის და რა დოზით მოდის. ერთადერთი გრძნობა, რომელსაც ორი ერთმანეთის საპირისპირო თვისება ახასიათებს - ერთდროულად ტკბილიც არის და მწარეც. ეს საწამლავია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედს ერთნაირად ედება და…
- ესე იგი, ტკბილ-მწარეა, არა? - ოდნავ მოტრიალდა და შემომაჩერდა.
- შენთან მინდა დავწვე, - ყველაზე გაბედული რამ ვთქვი და თვითონაც გამიკვირდა, რადგან ასეთი ურცხვი არასდროს ვყოფილვარ.
- და შენ გგონია, მზად ხარ ამისთვის? - იჭვნეულად მკითხა.
- მზად ვარ, - თავდაჯერებით ვუპასუხე.
- კარგი, მე ვიფიქრებ მაგაზე, - თქვა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.
- ამის მეტი არაფერი გაქვს სათქმელი ჩემთვის?
- არ მინდა ცხოვრება გაგიმრუდო, სოფი, შენ კარგი გოგო ხარ, ბედნიერი უნდა იყო. მე ეს არ შემიძლია. მე ნარკომანი ვარ.
- ვიცი.
- იცი? მერე? გინდა ახლა შენ ნარკომანი ქმარი?
- რა აუცილებელია, ჩემი ქმარი გახდე? არ შეიძლება, ისე ვიყოთ ერთად, სანამ…
- სანამ რა?
- სანამ არ მოგბეზრდება?
- მერე რას იზამ, როცა მომბეზრდები? ამაზე გიფიქრია?
- არ მინდა ამაზე ფიქრი, მე წარსულით ვცხოვრობ და არა მომავლით.
- არც აწმყოთი? - ხელზე ხელი წამავლო და მომიჭირა.
- აწმყო იმდენად ცოტა ხანს გრძელდება, რომ ფაქტობრივად, არც არსებობს, - ამოვიოხრე და მის თითებს თითები გავუსვი, - ერთ საათში ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შორის ხდება, წარსულში გადაინაცვლებს უკვე. მე კი დავწვები ლოგინში და სწორედ იმ წარსულში დავბრუნდები, იმ წარსულით გავაგრძელებ ცხოვრებას. სულ ეს არის.
- გასაგებია. მაშინ მოდი, ასე მოვიქცეთ. ხვალ დილით, თორმეტ საათზე, ჩემთან გელოდები, სახლში. რაც მოსახდენია, მოხდეს. რადგან ასე გსურს, ასე იყოს, - მტკიცედ წარმოთქვა, მისამართი მიკარნახა, მერე ჩემკენ გადმოიხარა, ხანგრძლივი კოცნით კიდევ ერთხელ დამშანთა და დამემშვიდობა.
ახლა კი ნამდვილად მქონდა მიზეზი, ღამე თეთრად გამეთენებინა…
* * *
«სკვერიდან რომ შემოხვალ, სამი კორპუსი დგას, მე მეორეში ვცხოვრობ, მაგრამ დაიმახსოვრე, მეორე კორპუსი სინამდვილეში შენგან მესამეა, არ შეგეშალოს. მხოლოდ სახელური ჩამოსწიე, კარი ღია დაგხვდება,» - დილით სახლიდან გასულს ჯერაც სანდროს ჩურჩული ჩამესმოდა ყურში.
ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, მინდოდა ფეხით გამევლო, იქნებ ცოტათი დავწყნარებულიყავი. ვერაფერს ვუხერხებდი საკუთარ თავს. ცივი ქარი სახეში მცემდა, თმას მიწეწავდა. ისე ყინავდა, საკუთარი სუნთქვის ანაორთქლი უმისამართოდ იფანტებოდა ჰაერში. მიხარია, ქარი რომ ამოვარდა. ეს ყოველთვის კარგად მაქვს დაცდილი. ესე იგი, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვამხნევებდი თავს. გზად გამვლელებს ვათვალიერებდი, ნეტავ რომელიმე თუ მიდის ახლა ჩემსავით პაემანზე, თანაც როგორ პაემანზე? პირველად უნდა დავუწვე მამაკაცს და ჩემი ქალწულობა ჩავაბარო. საინტერესოა, რა მაწერია სახეზე? ვინმე თუ მატყობს, როგორ ვნერვიულობ, რა აფორიაქებული ვარ? რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, მით უფრო ხმაურობდა გული. რაღაც მომენტში გამოტრიალება დავაპირე, ეს რა სისულელეს ჩავდივარ, აჯობებს, გონს მოვიდე-მეთქი, მაგრამ ფეხები თავისით მეწეოდა იქითკენ.
აი, მივედი კიდეც, ეს უნდა იყოს. კორპუსს ავხედე, ჩვეულებრივი ცხრასართულიანი იყო, არაფრით სხვებისგან განსხვავებული. მუხლებაკანკალებულმა ავირბინე სამი სართული და კიბიდან მარჯვენა მხარეს მდებარე კარის სახელური ჩამოვწიე. არ გაიღო. ასე მეგონა, გული გამიჩერდა. როგორც ჩანს, შემეშალა, სხვაგან მოვხვდი. სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე. ახლა მეორე კარს მივადექი, ისიც დაკეტილი დამხვდა. შემრცხვა, თან შემეშინდა, ვინმე არ გამოვიდეს და თავი არ მომეჭრას-მეთქი. გამოვტრიალდი. გარეთ გამოსულმა ისევ შევათვალიერე კორპუსები. სამი ერთმანეთის გვერდით. ჰო, ასეა. მეორე შუაშიაო. ესეც სწორია, მაშ რა შემეშალა? სართული? იქნებ სხვა სართული მითხრა? მეოთხეო, ასე გავიგე. მარჯვნივ გავიხედე. ღმერთო, აქაც სამი კორპუსი დგას, ზუსტად ერთნაირი, ოღონდ - თექვსმეტსართულიანი. იქნებ ეს არის? სხვა გზა არ მქონდა, იქაც უნდა მეცადა. თავდახრილი შევვარდი სადარბაზოში, რომელიმე ნაცნობს არ წავაწყდე-მეთქი. არ ვიცი, რისი მეშინოდა. ბოლოს და ბოლოს, ვიტყოდი, ახლობელთან მივდივარ-მეთქი, ვინ შემამოწმებდა? ხელები გამეყინა ნერვიულობისგან. აი, ეს იქნება უეჭველად. ფრთხილად შევავლე ხელი კარის სახელურს და ნელა ჩამოვწიე… გაიღო. მადლობა ღმერთს, მოვედი. შვებით ამოვისუნთქე - პირველი ბარიერი გადალახული იყო.
ოთახში შევედი, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მეგონა, კართან დამხვდებოდა ჩემი გამოჩენის მოლოდინში, შენც არ მომიკვდე, არავინ გამომეგება. პირდაპირ ავიღე გეზი, სამზარეულოში აღმოვჩნდი. იქაც არავინ იყო. გამოვბრუნდი და გვერდითა ოთახის კარი შევაღე…
შევაღე და… მუხლები მომეკვეთა. სანდრო საწოლში იწვა, საბანი სახეზე აეფარებინა და მხოლოდ თვალები მოუჩანდა - გამოუცნობი მზერით მომზირალი თვალები.
- მოხვედი? - ხმადაბლა მკითხა.
თავი დავუქნიე, მეტყველების უნარი წამერთვა, ნერწყვი გამიშრა, სიტყვას ვერ ვძრავდი.
- გაიხადე და შემოწექი, ძალიან ცივა, - ისე მშვიდად თქვა, თითქოს ყოველდღე დავდიოდი მასთან ამ საქმისთვის.
ვერ გეტყვით, რა დამემართა. ძალიან განვიხიბლე. ლამის თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი. სულ სხვა რამეს მოველოდი და რა? ნუთუ მამაკაცები ასეთი გულგრილები არიან? ნუთუ მათთვის სულერთია, ქალისთვის პირველი სექსია თუ მეასე? ნუთუ ვერ ხვდება, რას განვიცდი? თითქოს ერთ ადგილს მიველურსმნე, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან.
- სოფი, რა მოგივიდა? - იდაყვებზე წამოიწია სანდრო და შეთმიანებული შიშველი მკერდი და მხარ-ბეჭი გამოუჩნდა. რაღაც უსიამოვნო ტალღამ დამიარა, ავძაგძაგდი.
- მე წავალ, - ვთქვი პირგამშრალმა და ტუჩებზე ენა მოვისვი.
ამის თქმა და წამოხტა, მომიახლოვდა, მხარზე ხელი გადამხვია, თავი უკან გადამიწია და ტუჩებში მეძგერა. წამით გავითიშე მისი კოცნით გონდაკარგულმა. წვერი საგულდაგულოდ გაეპარსა, ისე უპრიალებდა ლოყები, მსიამოვნებდა მისი შეხება.
თან მკოცნიდა, თან ტანსაცმელს მხდიდა. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ისე ვიყავი ძალაგამოცლილი. რამდენიმე წუთიც და თბილ ლოგინში აღმოვჩნდით.
რა არის ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება? ამ კითხვას ალბათ ყველა ქალი სხვადასხვანაირ პასუხს გასცემს. ჩემთვის? ჩემთვის არაფერია იმაზე ღვთაებრივი, როცა საყვარელ მამაკაცს შიშველ სხეულზე შიშველი ეხები. სექსუალურ აქტს არ ვგულისხმობ. აქტი მაშინ არც ვიცოდი, მაგრამ იქამდეც სასიამოვნო იყო ეს მომენტი, უდიდესი ნეტარება. ამ დროს შენ ხარ სიტუაციის გამგებელი, შენ ხარ მესაკუთრე, ამ სხეულის ბატონ-პატრონი. შეგიძლია მოეფერო მას, როგორც გინდა, რამდენ ხანსაც გინდა, გაილაღო მის სხეულზე, თევზივით ისხმარტალო… ამ გრძნობას ვერანაირი სხვა გრძნობა ვერ შეედრება… იმწუთას სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმას ვგრძნობდი, როგორ ვეხებოდი სანდროს შიშველ ტანს, როგორ მეხვეოდა მისი ცხელი მკლავები, როგორ მთანგავდა მისი ტუჩები… ხმამაღლა სუნთქავდა, თითქოს ისრუტავდა ჩემს სურნელს, თითქოს გამოუცნობ, იდუმალ ძალას მაცლიდა თავისი ალერსით. ენით აუწერელი იყო ეს სიამოვნება.
- არ გადაიფიქრე? - მკითხა უცებ, ხელი შემიშვა და გულაღმა გადატრიალდა.
გავშრი. სიცივემ მთელ სხეულში დამიარა, თითქოს ქარმა დაუბერაო.
- არა, - ვთქვი და ჭერს მივაშტერდი.
- მე ამას არ გავაკეთებ, სოფი, მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მინდა, - იმავე ტონით გაიმეორა.
ცოტა ხანს შევყოვნდი, ვფიქრობდი, რა მეპასუხა.
- მაშინ რისთვის მომიყვანე აქ?
- შენი გაბედულების წონა მინდოდა შემემოწმებინა, - სიცილით თქვა და ჩემკენ გადმოტრიალდა, მარჯვენა ხელი ძუძუზე შემახო და მომეალერსა.
ნეტარებისგან თვალები დავხუჭე, თრთოლვამ ამიტანა, მაგრამ ისე ვიყავი გაწბილებული, არ გავნძრეულვარ.
- თუ ჩემი სიყვარულის წონა? - ცივად გამომივიდა.
- ეგეც იყო, არ დაგიმალავ. არ მეტყვი, რა მოგეწონა ჩემში? რაში გჭირდები? არ გიფიქრია იმაზე…
- ხვალ რა იქნება? - გავაწყვეტინე.
- ჰო, იმაზე, ხვალ რა იქნება?
- რაში მაინტერესებს, ხვალ რა იქნება? ხომ გითხარი, მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ-მეთქი?
- არ გეშინია, ინანო?
- არ მეშინია, - მტკიცედ ვთქვი.
ისევ გაიცინა და კვლავ გულაღმა გაიშოტა.
- ბავშვი ხარ, იმაზე მეტად ბავშვი, ვიდრე მეგონა. სიმართლე გითხრა, არ მემეტები გასაფუჭებლად. შენ რომ უბედური იყო, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. მოვა დრო და მადლობას მეტყვი.
- მე მიყვარხარ, სანდრო, ძალიან მიყვარხარ, - გულსაკლავად ამოვთქვი და სატირლად გავემზადე.
- ამისთვის სულაც არ არის იმის გაკეთება საჭირო, რისთვისაც აქ მოხვედი, გაიგე? ადექი, ჩაიცვი და წადი შინ, საქმეს მიხედე, - ცივად თქვა და წამოდგა.
უხმოდ შეუდგა ჩაცმას, ჩემკენ ზურგით შეტრიალებული. როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი, ამას ვერასდროს ვაპატიებდი. ხელები მოვმუშტე გამწარებულმა. ცოტა ხანში მოიხედა, გაოცება შეეტყო სახეზე.
- არ დგები? რაღას უცდი?
- მაგდებ?
- ჰო, გაგდებ, შინ წადი, მერე გნახავ.
ძლივს ავითრიე ტანი. სანდრო ოთახიდან გავიდა. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი, ცრმლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე, თვალებიდან ვერ ვიყურებოდი. პალტოს ღილები შევიკარი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და მის მოლოდინში კედელს მივეყრდენი. რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა, სახე დაწყნარებოდა. მომიახლოვდა, ხელები მომხვია და გულში ჩამიხუტა.
- რა ჩურჩუტი ხარ, სოფი, ძალიან ჩურჩუტი. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. შენ ზედმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ ჩემი იყო.
- სულ არ გიყვარვარ? - ლოყა მის პრიალა ლოყას მივადე და გავიტრუნე პასუხის მოლოდინში.
- მე სიყვარული არ ვიცი. არც მჭირდება და არც ვფიქრობ ამაზე. ვიცი, რომ კარგია შენთან, მაგრამ… არის ერთი «მაგრამ», რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი.
- სხვა გყავს? - ფრთხილად ვკითხე.
- არა, ერთი და კონკრეტული არ მყავს, თუ ეგ გაინტერესებს. თუ სექსი მომინდა, ამისთვის არსებობენ ქალები. ისე არავინ მყავს, მუდმივად არავისთან დავდივარ, დამშვიდდი?
- ნაწილობრივ, - ლოყაზე გავეხახუნე და ყელზე ვაკოცე, - არ მესმის, რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება, ნუთუ ასე ბევრია შენთვის? მე სულ ცოტას გთხოვ, ძალიან ცოტას, ხანდახან მაინც მომეცი უფლება, მოვიდე და ასე მოგეფერო. სხვა არაფერი მინდა, სანდრო.
- კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მაცალე ცოტა, ვიფიქრებ. ვნახოთ. შენ იმდენს იზამ, ვატყობ, ცხოვრების წესს შემაცვლევინებ, - გაიცინა და შუბლზე მზრუნველად მაკოცა, - ძალიან მაგარი ვიღაცა ხარ. ახლა კი წადი.
- ცოტა ხანს დავრჩები, გთხოვ, სულ ცოტა ხანს, არ მოგეკარები, მხოლოდ გიყურებ. მე ამაზეც თანახმა ვარ.
არ ვიცი, ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა თუ უბრალოდ, შევეცოდე, ისევ მოფერება დამიწყო, კოცნით დამიფარა მთელი სახე, მერე ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა.
- რა იქნებოდა, ცოტა ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, ცოტა ადრე, - ჩურჩულებდა ვნებამორეული.
- როდის, სამი წლის წინ? - ვეკითხებოდი ხასიათზე მოსული.
- არა, სამი არა, ხუთი-ექვსი წლის წინ.
- რას ამბობ, მაშინ ხომ მთლად პატარა ბავშვი ვიყავი, - სიცილით თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან.
- მერე რა, ჩემს გემოზე გამოგზრდიდი და საკუთარ თავსაც სხვანაირს გავზრდიდი.
- არასდროს არ არის გვიან, მთავარია სურვილი გქონდეს, - დავმოძღვრე.
- და გგონია, შენ შეძლებ ამ სურვილის გაღვიძებას ჩემში?
- რატომაც არა, მე ბევრი რამ შემიძლია, - დავიკვეხნე.
- ჩურჩუტი ხარ, ჩურჩუტი, ვნახოთ ერთი, რა შეგიძლია, - ძლიერად მიმიხუტა და საბანი გადამაფარა.
- რომ იცოდე, რა საამო სურნელი ასდის შენს სხეულს, - თქვა უცებ.
- რისი?
- როგორ აგიხსნა…
- ოღონდ არ მითხრა, რომ ახალმოთიბული ბალახის ან ხმელი თივის, - გამეცინა.
- არა, ქარს შემოყოლილი ქალის სუნი გაქვს. შეგიმჩნევია ოდესმე, რა სურნელი ტრიალებს ჰაერში, როცა ქარი ქრის? სწორედ ასეთი სურნელი აგდის, ქარიდან მოსული ქალის სურნელი.
მისი სიტყვები მუსიკის ჰანგებივით ჩამესმოდა. ვუსმენდი და მსიამოვნებდა, ვუსმენდი და ბედნიერებისაგან მეცხრე, მეათე, მეასე ცაზე დავფრინავდი. საზღვარი არ ჰქონდა ამ სიხარულს, რომელსაც ერთდროულად შიშიც ახლდა და სევდაც - განშორების და უარყოფის.
ცოტა ხანში ისე დამცხა, სუნთქვა აღარ შემეძლო. პალტოთი ვიწექი ლოგინში. ხმას არ იღებდა, ჩემი თავი მკლავზე დაედო და თავისთვის ფიქრობდა. ცოტა ხანში თანაბარი სუნთქვის ხმა შემომესმა, როგორც ჩანს, ჩაეძინა. ხელი დამიბუჟდა, მაგრამ განძრევას ვერ ვბედავდი, არ გავაღვიძო-მეთქი. როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ეს ბედნიერების მწვერვალი იყო.
მთელი ღამის უძინარს მალე მეც მომერია რული. მალე ძილმა მეც წამართვა თავი…
ოფლში გაწურულს გამეღვიძა. თავი ავწიე, სანდრო არსად ჩანდა. ფანჯარაში გავიხედე, ჩამობნელებულიყო, საღამოს ბინდბუნდი შემოპარულიყო ოთახში. ღმერთო, ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? ლოგინიდან წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი ჩემს პალტოჩანთიანად. სანდროს მაგიდა გაეშალა, ჩაის ადუღებდა.
- ხომ ივახშმებ ჩემთან ერთად? უარი არ მითხრა, მაინც არ მივიღებ, - არ შემოუხედავას, ისე თქვა.
- დაღამებულა, - ბედნიერი ხმით წარმოვთქვი.
- ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი, - მითხრა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
- თუ გინდა, სულ არ წავალ, ამაღამ შენთან დავრჩები. ოღონდ უარი არ მითხრა, მაინც არ მივიღებ, - გავიმეორე მისი სიტყვები და ზუსტად მისნაირად შევხედე.
- რა ეშმაკი ხარ, სიტყვაში ვერ მოგიგებს ადამიანი, - სიცილი ვერ შეიკავა და ჩაიდანს დაწვდა, - გაიხადე, ვივახშმოთ.
- ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი, - ღიმილით მივუახლოვდი.
- გნებდები, ვხედავ, რომ წავაგე. ჯერ ვივახშმოთ და კითხვებს მერე ვუპასუხოთ, - მზრუნველად მითხრა, თავზე მაკოცა და პალტოს გახდაში დამეხმარა…
დაუვიწყარი საღამო იყო. ასე ყველაფრით სავსე ჯერ არ ვყოფილვარ - სიხარულით, ბედნიერებით, სითბოთი, ალერსით, საჭმლით, სასმლით… ნუთუ ასე ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის. და ნუთუ ასე ცოტა არ ემეტება სანდროს ჩემთვის. საოცარია…
- მიყვარხარ, სანდრიკ, - პირველად მივმართე ასე და გავწითლდი.
პასუხად მხოლოდ გამიღიმა. ქუჩაში ვიდექით, მაცილებდა. რა უსინდისოა, ერთხელაც ვერ დავაცდევინე, მიყვარხარო. ჰმ, როგორი კეთილმოსურნეა, უნდა, რომ «კარგი გოგო» გავიზარდო, «ბედნიერი ქალი» გავხდე. ეგ კარგია, მაგრამ მის გარეშე ეს საქმე არ გამოვა, კარგი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად უნდა იყოს.
- მე ვიბრძოლებ შენი სიყვარულისთვის, - დაქადნებით ვთქვი.
- მე კი შენი ბედნიერებისთვის, - ეშმაკურად გამიღიმა.
ტაქსი გააჩერა, ჩამსვა და ფულიც გადამიხადა. ხვალ ინსტიტუტში გნახავო, მითხრა და თითქოს ნიშნის მოგებით დამიქნია ხელი. დიდხანს ვიყურებოდი უკან, სანამ თვალთახედვიდან არ გაქრა…
არა, მე მის დათმობას არ ვაპირებდი, არაფრის და არავის გულისთვის ამქვეყნად.
გაგრძელება იქნება