რამდენიმე დღის წინ ინდირა ჯგერენაიას მიერ ნამღერმა იტალიურმა სიმღერამ Ancora, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიდეო მისგან დამოუკიდებლად, მეგობარმა გაავრცელა და მის შესრულებას აღარ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამით ვინმეს აწყენინოს.
მარტოხელა დედა წლებია რაც 7 წლის ანდრიას ზრდის. ამბობს, რომ არ გასჭირვებია, რადგან დედა ძალიან ეხმარება. ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე იწვევენ. მუშაობს ბევრს და აღარ ფიქრობს პირადი ცხოვრების მოწყობაზე, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილია და მის გამო, შესაძლოა, ბევრ რამეზეც თქვას უარი, მათ შორის, სიყვარულზეც...
- ინდირა, სად ხართ ახლა, როგორ ვითარდება თქვენი მუსიკალური კარიერა?
- ბოლო წლებია, ძირითადად, გზაში ვარ, თბილისსა და ქუთაისს შორის. არა უშავს, მთავარია, საქმეს ვაკეთებ და ტყუილად არ დავდივარ და ამ საქმეს კარგად ვუძღვები. მუდმივად ქუთაისში ვცხოვრობ, თბილისში ცხოვრებას არც განვიხილავდი, დედაქალაქში შვილს ვერ გავზრდიდი, რადგან ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ნახევარი ცხოვრების გატარება საცობში მომიწევდა. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარება. ვამბობ ხოლმე, ის რომ არ მყავდეს, არაფერი ქალი არ ვიქნებოდი-მეთქი.
ანდრია ახლა 7 წლის არის. ძალიან მოსწონს მომღერალი დედა, მაგრამ არა დატვირთული, ხანდახან ამის გამო პროტესტიც აქვს. ჯერჯერობით კარიერას და ბავშვთან ყოფნას, შემდეგ ვნახოთ. ანდრიას მუსიკალური ნიჭი აქვს, სმენაც, ხმაც, მაგრამ მე მგავს, ჯიუტია. ამიტომ არ ვაძალებ, რომ მაინცდამაინც იმღეროს. მჯერა, რომ ერთხელაც ამოხეთქავს ეს ნიჭი.
- მარტოხელა დედა ხართ, ამას რა სირთულეები ახლავს თან?
- არ არის რთული, თუ სწორად გაქვს გააზრებული, რომ არავისი იმედი არ უნდა გქონდეს. მაგრამ როცა დამხმარე არ გყავს, წარმოუდგენელია. მე ისეთი დედა ვარ, რომ სხვას შვილს ვერ ვანდობ. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ჩემი საქმე მე გავაკეთო, რის გამოც, მერე დროის განაწილებაზე მექმნება პრობლემა, ბევრ რამეს ვეღარ ვასწრებ. მიუხედავად ამისა, რაც ანდრიას ეხება, ყველაფერში ჩართული ვარ. შეიძლება ამის გამო ახლობლებს, მეგობრებს რამე დავაკლო, იმიტომ, რომ ჩემთვის პრიორიტეტი შვილია.
- როდესაც მის დაბადებამდე გააცნობიერეთ, რომ ბავშვის გაზრდა მარტოს მოგიწევდათ, როგორ შეხვდა ამ ამბავს მაშინდელი ინდირა?
- რამაც არ მომკლა, ყოველთვის გამაძლიერა-მეთქი, ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ძალიან კარგია, რომ ანდრია დღეს ჩემს ცხოვრებაშია.
- კარიერის გასაგრძელებლად სხვა ქვეყნის არჩევაზე არ გიფიქრიათ? თქვენი თაობის მომღერლებიდან ბევრმა დატოვა საქართველო...
- ყოველთვის შიშით ვუყურებ ემიგრანტებს. არასოდეს არავინ გამიკიცხავს, რატომ დატოვა შვილი, მაგრამ ეს ჩუმი შიშია, მშობლის შიში. ღმერთს ყოველთვის იმას ვეხვეწები, ისე არ გამიჭირვო, რომ ავდგე და შვილი დავტოვო-მეთქი. ამ ურთიერთობას ვერაფრით ვეღარ ვიყიდი. იმიტომ ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ მჯერა, სადღაც გამიმართლებს.
- ინდირა, ძირითადად, სად მღერით?
- კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილია ეს თუ ნათლობა. ასევე გამოვდივარ კონცერტებზე.
- თქვენი ნიჭის ადამიანისთვის, რომელსაც სცენაზე ყოფნისას აღმერთებდნენ და რამდენიმე წლის წინ ეუბნებოდნენ, რომ წინ დიდი მომავალი ჰქონდა, არ გიფიქრიათ რომ ეს მინიმუმია?
- რა გავაკეთო, მითხარით და ვიზამ. ჩემი შვილი ცოტა კიდევ უნდა გაიზარდოს, რომ მისი დატოვება თუნდაც რამდენიმე თვით შევძლო.
ინდირა ჯგერენაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ
- ბოლო წლებში კონკურსებში მონაწილეობა აღარ გიცდიათ?
- უკრაინის „ვოისში“ ამიყვანეს, უკვე წასვლას ვაპირებდი, ომი რომ დაიწყო. არ ვიცი, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ არ უნდა წავსულიყავი.
- მომღერლების ნაწილი სადღესასწაულო პერიოდში ამბობს ხოლმე, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იბლოკებიან. თქვენ თუ გიგრძნიათ საკუთარ თავზე მსგავსი დამოკიდებულება?
- არავინ არსად არ მბლოკავს, თუმცა ვცდილობ, პოლიტიკაში მაქსიმალურად არ ჩავერიო. დამბლოკავენ და თვითონ დაიბლოკებიან. არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც ვინმე უსამართლოდ მომექცა და შემდეგ არ მიიღო... ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია. ყველგან ვარ, ქუთაისშიც ვიმღერე საახალწლო კონცერტზე და თბილისშიც, ორბელიანის მოედანზე.