გამოცდები დაგვეწყო, ამიტომ ყოველდღე მიწევდა ინსტიტუტში სიარული. იმ ღამით, შინ რომ დავბრუნდი, მაშინვე ნიტას დავურეკე, ვერ ვითმენდი, ვინმესთვის რომ არ მომეყოლა სანდროსთან შეხვედრის ამბავი. მართალია, ყველაფრის ბოლომდე თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც… ბებიამისმა მითხრა, ეს წუთია, შენთან წამოვიდაო. ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. გამიკვირდა. ვიფიქრე, ალბათ ჯიმის უნდა შეხვედროდა და თავისიანებს დაუმალა-მეთქი, ამიტომ მეტჯერ აღარ დამირეკავს.
დილით გვიან გამეღვიძა. მთელი ღამე ისე ტკბილად მეძინა, ფეხი არ გამიქნევია, გვერდიც კი არ შემიცვლია. ფართხაფურთხით ჩავიცვი და გავვარდი. ნიტა არც ინსტიტუტში მოვიდა. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია, რამე ხომ არ შეემთხვა? ავწრიალდი, გული ცუდს მიგრძნობდა. ერთი სული მქონდა, საქმეები მომეთავებინა და სახლში წავსულიყავი. არც სანდრო მოვიდა. გულში რაღაც ჩამწყდა, ხომ შემპირდა, ხვალ გნახავო, რატომ მომატყუა? რაღაც ხდება. ჯიმიც აქ ტრიალებდა ხოლმე ოცდაოთხი საათი და ისიც დაიკარგა. არ მომწონს ეს ყველაფერი.
როგორც კი შინ მოვედი, ტელეფონს ვეცი და ნიტასთან დავრეკე.
_ წუხელ შენთან არ იყო, შვილო? _ ტკბილად მკითხა ბებიამისმა.
_ ა…რა, იცით?.. არ მოსულა ჩემთან… _ დავიბენი, არ ვიცოდი, ტყუილის თქმა ჯობდა თუ სიმართლის.
_ აბა სად წავიდა, ასე თქვა, სოფიოსთან დავრჩები, უნდა ვიმეცადინოთო, _ შეშფოთდა ქალი.
_ არ ვიცი, ქსენია ბებო, წარმოდგენა არა მაქვს._ იქნებ ინსტიტუტშია?
_ არ ყოფილა, ახლა მოვედი იქიდან.
_ გადავირევი ქალი. რა ვქნა ახლა მე? _ აწრიალდა ბებია.
ტელეფონი გავთიშე და სანდროსთან დავრეკე სახლში. ყურმილს არავინ იღებდა. იქნებ გამორთული დარჩა? გუშინ მთელი დღე გამორთული ჰქონდა, რადგან ერთად ვიყავით, ასე თქვა, არ მინდა ვინმემ ერთად ყოფნის იდილია დამირღვიოსო. ალბათ დაავიწყდა ჩართვა.
არა, მეტის მოთმენა არ შემეძლო. საბაბიც მომეცა სანდროს სანახავად, ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი…
ბინა გამოკეტილი დამხვდა. ზარიც დავრეკე, ვაბრახუნე კიდეც, არავინ გამომეხმაურა. რას გავაწყობდი, კვლავ უკან დავბრუნდი და ახალი ამბის მოლოდინში შინ ჩავიკეტე. რა გამოშტერებული გოგოა, იმ ჯიმის ხომ არ გაჰყვა ცოლად? ისე შეიცვალა ბოლო ხანებში, მისგან არ გამიკვირდება. ეს სანდრო სადღა აორთქლდა?
საღამო ხანი იყო, კარზე კაკუნი რომ გაისმა. გულამოვარდნილი ვეცი საკეტს, მეგონა, ნიტა მოვიდა. მამამისი შემრჩა ხელში, ბატონი გიორგი.
_ გამარჯობა, ნიტა, _ კაცი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
_ გაგიმარჯოთ, გიორგი ბიძია.
_ სად არის? _ ოთახში შემოვიდა და მიიხედ-მოიხედა.
_ არ ვიცი, გეფიცებით, არაფერი ვიცი. ბოლოს გუშინწინ საღამოს ვნახე.
_ რამეს ხომ არ მიმალავთ, გოგოებო? _ თვალი თვალში გამიყარა.
_ არა, რა არის დასამალი. რომ ვიცოდე, რატომ დავმალავდი? _ კანკალმა ამიტანა.
_ ხვდებოდა ვინმეს?
_ არა… არ ვიცი, _ სიტყვები ერთმანეთში ამერია.
_ არა თუ არ იცი? _ ახლა გამჭოლი მზერა მესროლა გიორგიმ.
_ შეყვარებული რომ არ ჰყავს, ეს დანამდვილებით ვიცი. ისე, ვიღაც-ვიღაცებს მოსწონდათ, მაგრამ ნიტა ზედაც არ უყურებდა.
_ აბა, მითხარი, ვინ არიან ის ვიღაც-ვიღაცები? _ ცხვირზე ხელი მოისვა ნიტას მამამ და ახლაღა შევამჩნიე, როგორ უცახცახებდა ხელები.
_ სიმართლე გითხრათ… მე არ ვიცნობ. ერთია, ჯიმი ჰქვია, ჩვენი ლექტორის შვილის მეგობარია.
დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი, მერე მტრული მზერა მესროლა და დამარცვლით წარმოთქვა.
_ იცოდე, სოფიო, ნიტას თუ რამე დაემართა, შენ მოგთხოვ პასუხს.
_ მე რა შუაში ვარ? _ საწყალობლად შევხედე.
_ იმას გაგიკეთებ, რასაც მას გაუკეთებენ, _ თქვა და გავიდა.
ძრწოლამ ამიტანა. რას ნიშნავს, იმას გაგიკეთებ, რასაც მას გაუკეთებენ? ეგ კაცი ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? იქნებ ნიტა თავისი სურვილით გაჰყვა? მის შვილს კაცი უნდოდეს, მე რა დავაშავე?..
8 8 8
ასე გავიდა ორი დღე. ინსტიტუტში უკვე დაირხა ხმა, ნიტა სანდროს ძმაკაცმა მოიტაცაო. სანდროს დედა, ქალბატონი ნათელა ეს დღეები განადგურებული დადიოდა, სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. როგორც ჩანს, განიცდიდა ამ ამბავს. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიტა ჯიმის გაჰყვა ცოლად, მაგრამ თავად სანდრო რა შუაში იყო ამ ყველაფერში, ვერ ვხვდებოდი.
ოთხი დღე გავიდა ნიტას გაუჩინარებიდან. საღამო ხანი იყო, დედას ველაპარაკებოდი მოსკოვში. გაბმული ზარი დაირეკა კარზე. სასწრაფოდ დავემშვიდობე დედაჩემს და შემოსასვლელში გავედი. გაოცებისგან შევყვირე _ ზღურბლზე გაფითრებული ნიტა იდგა.
_ ღმერთო, რას დამსგავსებიხარ, რა მოხდა? _ ხელი მოვხვიე და საძინებელში შევიყვანე.
_ ნიტა როგორ ხარ, სად იყავი, სად დაიკარგე? _ კითხვები დავაყარე.
_ მომიტაცა იმ მხეცმა, მომატყუა და ისე წამიყვანა, _ ცრემლები წასკდა.
_ სად წაგიყვანა? ვისთან იყავი? რა მოხდა?
_ ვიღაც ნათესავთან, მცხეთაში. კიდევ კარგი, ნორმალური ხალხი აღმოჩნდა, ახლოს არ გააკარეს ჩემთან. ჭკუაზე არ იყო, ანგრევდა იქაურობას, ეს თუ ჩემი ცოლი არ გახდა, ყელს გამოვჭრიო.
_ მერე?
_ რა მერე, ორი დღე აწყნარებდნენ, ასე არ შეიძლება, ჯერ პირველ ცოლს გაშორდი და მეორეზე მერე იფიქრეო. სანდრო ცალკე ჩასჩიჩინებდა…
_ სანდროც იქ იყო? წესიერად მომიყევი ყველაფერი, რა ნაჭერ-ნაჭერ მელაპარაკები, _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.
_ კვირას დამირეკა, ღამით. გამოდი, საქეიფოდ მივდივართო. სანდრო და სოფიოც მოდიანო. მოვატყუე ჩემები, გამოცდისთვის ვემზადებით და სოფიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი.
_ ეგ ვიცი, ბებიაშენმა მითხრა.
_ ჰოდა, დაბლა დამხვდა, სადარბაზოსთან. ისინი სად არიან-მეთქი, სანდროსთან გველოდებიანო. კი გამიკვირდა, სოფიოს სანდროს სახლში რა უნდა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. წავედით სანდროსთან. ჯიმი ავიდა. კარგა ხანს შეაგვიანდა. მერე მასთან ერთად ჩამოვიდა. ისიც უხმოდ ჩაჯდა მანქანაში, ძლივს მომესალმა. არ ველოდი ასეთ შეხვედრას, სხვა დროს თბილად მომიკითხავდა ხოლმე. ახლა სოფიოს გავუაროთო, მხიარულად შესძახა ჯიმიმ და დავიძარით. რა ვიცოდი, მცხეთაში თუ მივდიოდით, თავში აზრადაც არ მომივიდოდა. გვიან მოვეგე გონს, გვიან მივხვდი, რაც ხდებოდა. რას ვიზამდი, კივილს და პანიკას აზრი არ ჰქონდა. სანდროს მივუბრუნდი, დამეხმარე და ეს კაცი გონს მოიყვანე-მეთქი. ის ხმას არ იღებდა. არ ვიცი, ასეთი რა უთხრა ჯიმიმ, რით დაანამუსა, მაგრამ ბიჭი მკვდარივით იყო, რობოტივით მოქმედებდა.
თავისი მამიდის სახლში მიმიყვანა მცხეთაში. იქ ამბავი ატყდა-ა-ა! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. დაიწყო საქმის გარჩევა, ესაო, ისაო, მერე მამიდამისი მე მომიბრუნდა ყვირილით, პატრონი არ გყავსო? ღმერთო, რამდენი ვიტირე. არავის ესმოდა ჩემი. ბოლოს ჯიმის მამიდაშვილმა გამიყვანა ცალკე ოთახში და მას მოვუყევი, რაც ხდებოდა… ერთი სიტყვით, გამარიდეს ჯიმის, არაფრით არ მოუშვეს ჩემთან. სამი დღეა, არ გამოფხიზლებულა და არც უძინია, არც სანდროს იცილებდა გვერდიდან. დღეს დილით, ბოლოს და ბოლოს, მოწყდა კისერი და ჩაეძინა. ჰოდა, ამით ვისარგებლეთ და სანდრომ გამომაპარა.
_ სანდრომ? სად არის სანდრო? _ გული ამიჩქროლდა ამის გაგონებაზე.
_ სახლში წავიდა, აქამდე მომიყვანა და წავიდა, ჩემებს ვნახავო.
_ ღმერთო, ახლა რას აპირებ?
_ უნდა დამეხმარო, სოფიო, შენ გარდა ვერავისთან მივიდოდი, მხოლოდ შენ შეგიძლია გამიგო.
_ მითხარი, რა გავაკეთო?
_ მამაჩემთან უნდა მიხვიდე და უთხრა ყველაფერი.
_ არა, ოღონდ ეგ არა, არ შემიძლია, _ ხელები გავასავსავე და მოვუყევი, მამამისმა რაც მითხრა.
_ მთლად გაუბერა იმ კაცმა, ვერ არის, რა, _ ამოიოხრა ნიტამ, _ სოფიო, ჩემი საქმე წასულია, მამა ამას არასდროს მაპატიებს. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ორივეს ციხეში ჩასვამს.
_ როგორ და გაშორდეს ცოლს და შენ მოგიყვანოს. ამის პატიება არ შეიძლება, ბავშვი ხომ არა ხარ! _ შევუძახე.
_ გაგიჟდი? მაგას ცოლად არასდროს გავყვები, არ იცი, როგორ მეზიზღება, დანახვაც არ მინდა. ნამდვილი პირუტყვია!
გადავწყვიტეთ, გიორგისთვის ყველაფერი გვეთქვა და მას გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ უარის თქმაც არ შემეძლო მეგობრისთვის. წავედი მათთან და მისი ოჯახის წევრებს გავაგებინე მომხდარის შესახებ. კაცი მთელი ნახევარი საათი გაქვავებული სახით იჯდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე, თვალიც კი არ დაუხამხამებია მგონი.
_ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, _ თქვა ბოლოს მუქარის ტონით და მეორე ოთახში გავიდა…
8 8 8
ნიტა სახლში დააბრუნეს. მასთან დაკავშირება ამიკრძალეს, ვერც ვრეკავდი, ვერც ველაპარაკებოდი. მთელი კვირით გამოკეტეს შინ. იქ, ჯიმისთან რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. არც სანდრო გამოჩენილა მას შემდეგ, ახლოს არ გამკარებია, თითქოს გამირბოდა. რამდენიმე დღე სრულ ვაკუუმში ვიყავი. ერთი გამოცდა ძლივს ჩავაბარე, მეცადინეობას გულს ვერ ვუდებდი. ცალკე სანდროზე ვფიქრობდი, ცალკე _ ნიტაზე.
იმ დღეს კი… იმ დღეს ისეთი რამ მოხდა, თავზარი დამეცა. ინსტიტუტში მისულმა ფოიეში ქალბატონი ნათელა შევამჩნიე, გოგოები რაღაცას ულოცავდნენ. ჩემს დანახვაზე ისედაც დანაღვლიანებული სახე უფრო შეეცვალა, თვალი ამარიდა. ვიფიქრე, ალბათ დაბადების დღე აქვს და იმას ულოცავენ-მეთქი, მივუახლოვდი, მივესალმე.
_ დაბადების დღე გაქვთ, ქალბატონო ნათელა?
_ არა, _ თქვა და რაღაცნაირად შემომხედა.
_ რძალი მოიყვანა, მიულოცე, _ მითხრა ერთმა გოგომ.
_ მართლა? რა კარგია, სულით და გულით გილოცავთ. რომელმა? არ მითხრათ, რომ აკაკიმ დაასწრო ძმებს.
_ საქმეც მაგაშია, რომ არა, _ თავის კანტურით ამოთქვა ლექტორმა.
გულმა რეჩხი მიყო. თითქოს სული შემიგუბდა. ნუთუ სანდრომ? არა, ეს დაუშვებელია, მას არ შეეძლო ამის გაკეთება.
_ სანდრომ? _ ჩურჩულით ვიკითხე და პასუხის მოლოდინში გავქვავდი.
_ ჰო, სანდრომ. თავისი ჭკუით, გამაბედნიერა… ეს რა ქნა, როგორ დამღუპა ქალი, _ თვალები ცრემლით აევსო ქალს.
_ მომილოცავს, _ ვთქვი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მილოცვის ტონი, ჭირისუფლისთვის თანაგრძნობის გამოცხადებას უფრო ჰგავდა, ჩემსავე ხმას ვერ ვცნობდი, _ იმედია, კარგი გოგო იქნება.
_ გოგოს რა უშავს, არ არის ცუდი. ცუდი სხვა რამეა, სოფიო, სულ სხვა რამე, _ ცხვირსახოცი ამოიღო ნათელამ და თვალები ამოიწმინდა, _ ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ნიტა შეირთო.
ასე მეგონა, ჩემ ირგვლივ მთელი სამყარო დატრიალდა…
* * *
აი, ასე… ჩემი ერთადერთი სიყვარული ჩემმა ერთადერთმა დაქალმა «დამაწერა». ნებსით თუ უნებლიეთ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი ის იყო, რომ სანდრო მე უკვე აღარ მეკუთვნოდა. ჩემთვის განკუთვნილ საალერსო სიტყვებს სხვას უძღვნიდა, ჩემთვის მოსახვევ მკლავებს სხვას უწვდიდა, ჩემი წილი კოცნით სულ სხვა ქალს ანაყრებდა. ძნელი იყო ამასთან შეგუება.
როგორც მოგვიანებით გავიგე, ნიტას მამას ორივე _ სანდრო და ჯიმი დაუბარებია, თავი გაუგიჟებია, ჩემი ქალიშვილის პატიოსნებას ადვილად არავის გავათელინებო და ულტიმატუმი წამოუყენებია _ ან სანდრო შეირთავს მას ცოლად, ან ორივე ციხეში აღმოჩნდებითო. არჩევანი გაკეთდა _ პატიმრობას აშკარად ჯობდა ცოლი. სანდრომ ყველაფერი თავის თავზე აიღო, პირველ რიგში, დედის მუდარა გაითვალისწინა და… დაქორწინდა.
მას შემდეგ ინსტიტუტში არც ნიტა გამოჩენილა და არც სანდრო. ეს უკანასკნელი ორჯერ ვნახე მხოლოდ, ერთხელ _ ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ _ შემთხვევით გადავაწყდი «ბავშვთა სამყაროს» წინ. როგორც კი დამინახა, შეტრიალდა და შენობაში შევიდა. რა გული მომითმენდა, სასწრაფოდ უკან მივყევი. მეორე სართულზე დავინახე, სუნამოების სექციასთან იდგა და ვიტრინას დასჩერებოდა.
_ ნიტასთვის არჩევ? _ ვკითხე და მეც ჩავიხედე გამჭვირვალე ვიტრინაში.
მძიმედ მოატრიალა თავი და შემომხედა. მის მზერაში ყველაფერი ერთად იყო ნათქვამი _ თავი დამანებე, ჩემი გაჭირვება მეყოფა, ნუ დამცინი, ასე იყო საჭირო და ა.შ.
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მიყურებდა.
_ მოგეხმარები, კარგად ვიცი მისი გემოვნება, _ გავაგრძელე კბენა, _ ჰო, მართლა, გილოცავ. მთავარი კინაღამ დამავიწყდა.
_ გმადლობ, _ მწარედ ჩაიცინა და თავი დამიქნია.
_ ნიტა როგორ არის?
_ რა უჭირს, კარგად.
_ მომიკითხე…
_ აუცილებლად.
_ ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? _ არ ვეშვებოდი.
ისევ არ მიპასუხა, მზერა ამარიდა და წინ გაიხედა.
_ ის მაინც მითხარი, გიყვარდი? ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი პასუხი უფრო გამიადვილებს ცხოვრებას.
_ პასუხი არ მაქვს, _ როგორც იქნა, ამოთქვა.
_ არა, ასე არ მინდა. ან «ჰო» მითხარი, ან «არა».
ამაოდ ველოდი მისგან რამის თქმას, ისევ ისე, უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს.
_ გასაგებია… დუმილი საუკეთესო იარაღია თავის გასამართლებლად, არა? _ ირონიულად ჩავიცინე, _ ბედნიერებას გისურვებთ… ღრმა სიბერემდე, _ რაც შეიძლებოდა კეკლუცად წარმოვთქვი და გავტრიალდი.
ფეხარეული მივდიოდი, რადგან ვგრძნობდი, როგორ მიმაცილებდა მისი თვალები _ ყველაზე მეტყველი, ყველაზე დამნაშავე და ყველაზე ნაღვლიანი თვალები მთელ ქვეყნიერებაზე.
მერე, დიდი ხნის მერე, მის ძმას, აკაკის მოვუყევი ამ შეხვედრის შესახებ და დავაყოლე, ვერ გავიგე, მისი დუმილი რას ნიშნავდა-მეთქი.
_ რა თქმა უნდა, თანხმობას, _ გაიღიმა აკაკიმ, _ დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია.
ამის გაგონებაზე გული დამესერა. როგორ ვერ ვიფიქრე ეს მაშინ, როგორ ვერ ვიფიქრე! იმწუთას მისი დუმილის არსს რომ ჩავწვდომოდი, ადგილიდან არ დავიძროდი, ჩავეხუტებოდი და არსად გავუშვებდი, არ მივცემდი ჩემი მიტოვების უფლებას…
მაგრამ გვიან მივხვდი ამას.
მას მერე კიდევ ერთხელ ვნახე. საბედისწერო ქორწინებიდან სამი თვის თავზე დედა გარდაეცვალა. ქალბატონი ნათელა დილით ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს. გულმა უმტყუნაო… თქვეს. პანაშვიდზე მივედი, ნიტა თვალცრემლიანი იჯდა ჭირისუფლებს შორის. მივუსამძიმრე. თავდახრილმა გადამიხადა მადლობა, არ შემოუხედავს. მერე კართან მდგარ სანდროს მივეახლე, ხელი ჩამოვართვი… საჭიროზე მეტხანს დაყოვნდა ჩემი თითები მის ხელისგულში. ვაკოცე, მაგრამ არა ისე, როგორც ჭირისუფალს კოცნიან… და თანაგრძნობის სიტყვებიც ვუთხარი.
_ დიდი მადლობა, სოფი, _ ზედ ყურთან მიჩურჩულა და ოდნავ შემახო ტუჩები ყურის ბიბილოზე…
თითქოს ყველაფერი დატრიალდა, წამით ისე გავითიშე, სამყაროს მოვწყდი, მეგონა, ჰაერში ავიწიე, თავბრუ დამეხვა და შევტორტმანდი.
გარეთ გამოსვლამდე ნიტას გავხედე… გამჭოლი მზერა ჰქონდა, სწორედ ისეთი, როგორსაც მოველოდი _ მის თვალებს არაფერი გამოჰპარვია…
ინსტიტუტს არც ერთი დაბრუნებია და არც მეორე. მათ ამბავს ერთი პერიოდი აკაკისგან ვიგებდი. დედის ორმოცის შემდეგ ორივენი რუსეთში გაემგზავრნენ თურმე. სანდროს იქ ჩაუბარებია სამედიცინოზე, ნიტას კი უარი უთქვამს სწავლის გაგრძელებაზე, რადგან უკვე ორსულად იყო და ბავშვს ელოდებოდა. წლის თავზე გოგონა შეეძინათ, ნათია დაარქვეს, ბებიის სახელი… მერე აკაკიც დამეკარგა და საბოლოოდ გაწყდა მათთან კონტაქტი…
მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა. და აი, ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს, თანაც _ საკმაოდ უჩვეულო ატმოსფეროში. დღეიდან ჩვენ ერთ ჭერქვეშ უნდა გვემუშავა _ ერთ ახალ, საკმაოდ დიდი ოჯახში. ხომ ამბობენ, სამსახური მეორე ოჯახიაო. ოღონდ ჯერ არ ვიცოდი, ამ ახალ ოჯახში რომელს ვისი როლი უნდა შეგვესრულებინა…
8 8 8
ბევრი რამ შეიცვალა ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში. არ გავთხოვილვარ, მაგრამ სექსუალური პარტნიორი მყავდა. იყო ერთი ასეთი _ ვატო ერქვა. სულ რაღაც ნახევარი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ეს სხვა ისტორიაა და მის მოყოლას არ შევუდგები. დიდი სიყვარული და ვნებათაღელვა არ ყოფილა, უბრალოდ, ვავსებდით ერთმანეთს და შეიძლება ქორწინებითაც დამთავრებულიყო ჩვენი რომანი, რომ არა ის ტრაგიკული ავარია, ვატოს სიცოცხლე რომ შეიწირა…
ძალიან განვიცადე… მას შემდეგ დაახლოება არავისთან მიცდია. ასე მეგონა, მამაკაცებისთვის მხოლოდ უბედურება მომქონდა, საბედისწერო ქალის «დიაგნოზი» დავუსვი საკუთარ თავს და ოცნების მამაკაცზე ფიქრს შევეშვი. სანდროზე მოგონებებით ვცოცხლობდი მხოლოდ, წარსული დღეების გახსენება მასულდგმულებდა.
ახლა კი… თავდაყირა დადგა ყველაფერი. თითქოს იგივე მეორდებოდა, თითქოს თავიდან იწყებოდა ცხოვრება. სანდრო კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე და ჩემმა გულმა, რომელიც დიდი ხანია, მე აღარ მეკუთვნის, კვლავ დაიწყო ფორიაქი. სანდროსთან მიმართებაში დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მთელი ამ წლების მანძილზე გამომყვა. ჩვენ ხომ სექსი არ გვქონია. არადა, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სულ სხვა განცდა იქნებოდა. სექსი როგორ არ მქონია, ვნებათაღელვაც ყოფილა, სიმოვნებაც და დარწყულებაც, მაგრამ ეს არ იყო საყვარელ ადამიანთან განცდილი საზღვრებახსნილი ნეტარება. უსიყვარულო სექსი, ჩემი აზრით, მხოლოდ მათთვის არის ნუგეში, ვისაც სიყვარული არ განუცდია. შეიძლება ამიტომაც დარჩა ასე დიდხანს ჩემს გულში სანდროს სახება. მე ყველაზე მთავარი დამაკლდა მისგან _ ის მიწიერი, რომელსაც ხორციელი ლტოლვა ჰქვია. მისი სიყვარული ჩემთვის ხანძარივით იყო, რომელიც დღემდე ბობოქრობდა და რომელსაც წყალი ვერავინ დაასხა, რომ ჩაექრო. ვიცოდი, ათი პარტნიორიც რომ გამომეცვალა, ვერაფერს შევცვლიდი _ ამ ალმოდებული გრძნობის ჩაცხრობა მხოლოდ სანდროს შეეძლო, _ მას და სხვას არავის. ჩემი ერთადერთი ოცნება მასთან სექსი იყო.
და აი, წლების შემდეგ, სწორედ ამის შანსი გამიჩნდა… ახლოს ვიყავი ჩემს ოცნებასთან, ერთი ხელის გაწვდენაღა დამრჩენოდა მხოლოდ…
8 8 8
…ორშაბათს საგანგებოდ გამოპრანჭული გამოვცხადდი სამსახურში. ქარი ჩამდგარიყო, ნამდვილი გაზაფხულის ამინდი იდგა, ახლადამწვანებული ფოთლების სურნელი ტრიალებდა ჰაერში. წითელი, წელში გამოყვანილი გრძელი კაბა მეცვა. მსუბუქი მაკიაჟი და მკვეთრი ფერის პომადა თითქოს რომანტიკულ იერს მანიჭებდა. მომწონდა ჩემი თავი, ზედმეტად ლამაზი ვიყავი, დღეს _ განსაკუთრებით.
თავაღერებული მივაბიჯებდი დერეფანში და ვგრძნობდი, რამდენი წყვილი თვალი მაყოლებდა მზერას ინტერესით _ ნეტავ ვინ არის?
გეზი პირდაპირ კადრების განყოფილებისკენ ავიღე, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობდა. კართან შევჩერდი და მიმოვიხედე იმ იმედით, რომ იქნებ სადმე სანდროსთვის მომეკრა თვალი. რამდენიმე მეტრში, ლიფტთან, ჩემკენ მომზირალი ორი მამაკაცი შევნიშნე, ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე _ დაბალი და მსუქანი. იმ მაღალმა თავი განზე გასწია და გამომხედა… ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა… და თითქოს რაღაც შემესო მკერდში… თითქოს პატარა ამური იჯდა მის მხარზე და, დრო იხელთა თუ არა, გამოსტყორცნა თავისი ლეგენდარული ისარი, სიყვარულის შხამით გაპოხილი… იმწუთას რაღაც მოხდა ჩემში, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ გავაცნობიერე. ერთ რამეს მივხვდი მხოლოდ, ის «რაღაც» იმ მაღალი და გამხდარი მამაკაცის თვალებმა გამოიწვია. თვალები ჰქონდა-ა-ა! დიიდი-დიიდი! დიდრონი-დიდრონი! ლურჯი და მერე როგორი ლურჯი! რატომღაც, მელ გიბსონი გამახსენდა, ალბათ მას ჩამოჰგავდა და იმიტომ. თმა _ სწორი, მოკლე და სრიალა, მხარ-ბეჭი _ განიერი, ტუჩები _ მსხვილი და თითქმის უფერო, მაგრამ ვნებიანი… არა, უფრო სექსუალური… არ ვიცი, რომელი უფრო მეტყველი ჰქონდა _ თვალები თუ ტუჩები, სამაგიეროდ, კარგად ჩანდა, რომ ორივე ერთნაირად მოუსვენარი იყო, ცელქი თუ ურჩი, აი ისეთი, პატრონს რომ არაფერს უჯერებენ და თავის ნებაზე რომ «დადიან». საიდუმლო სიგნალი ერთდროულად მივიღე _ თვალები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ტუჩები _ ნდომას… გამიჭირდა ღიმილის შეკავება _ ასეთი მამაკაცისგან ამგვარი რეაქცია აშკარად სასიამოვნო იყო. არისტისტული ჟესტით დავაკაკუნე კარზე და კადრების განყოფილებაში თვითკმაყოფილი სახით შევედი…
გაგრძელება იქნება