ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება. ამასთან, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა - ძირითადად, იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.
ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.
12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ.
დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს, სანდრო თაქთაქიშვილი — მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.
ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს ლიკა ქავჟარაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც მსახიობი დედის შესახებ საუბრობდა:
"დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა... არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება იმისა, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემ მაგივრად აკეთებდნენ სხვები, ხან ვინ, ხან ვინ - ყველა, ჩემ გარდა. "ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა ჩაიცვა" - სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა.
მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი - უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა; სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია… 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წლები იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.
ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი, ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი…
მეე? მე ვცდილობ, არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა". - იხსენებდა მსახიობი.