გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის, ნათია საგინაშვილის რომანიდან „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ ნაწარმოები კონკურსის მეორე ტურში გადავიდა.
ნათია საგინაშვილს პატარაობისას უნდოდა, სცენარისტი გამოვსულიყო და პირველი სერიოზული ოცნებაც საკუთარი სცენარის მიხედვით .ფილმის გადაღება იყო. 14 წლის ასაკში კი, გამოგონილი სცენარის მიხედვით, წიგნის დაწერა გადაწყვიტა, პირველი 20 გვერდის შემდეგ თავი დაანება. მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა მისი პროფესიული ოცნებები და გატაცებები, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა: ლიტერატურული თვალსაზრისით, მუდმივად სიახლეებს ეძებდა.
„რაც თავი მახსოვს, არასდროს მხიბლავდა დეტექტიური ჟანრის წიგნები, თუმცა ჩემი პირველი დასრულებული რომანი სწორედაც რომ დეტექტივი აღმოჩნდა და ახლა ის თქვენ წინაშეა!“ - აღნიშნავს ნათია.
„ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - რამდენად მარტივად, სულელურად თუ უინტერესოდაც უნდა ჟღერდეს ამ სიტყვათა ერთობლიობა, უმჯობესია, ისევ და ისევ წიგნის სათაური იყოს, ვიდრე, მაგალითისთვის, ფრაზა, რომლის წარმოთქმასაც სიკვდილის წინ დააპირებდით.
****
წითელი ხავერდის მასიური ფარდა შუაზეა გაყოფილი. სკამების რიგები მოჩანს და არენაც, თუმცა ბევრი ადამიანი ირევა და ამის გამო შეუძლებელია ასე შორიდან დაინახოთ ჯამბაზი. ყველა ინტერესით აკვირდება ცხედარს და შიშშეპარული ხმით გაურკვეველ თემებზე ჩურჩულებს.
- ბატონებო, გზა მოგვეცით! - მიმართავს თეიმურაზი იქ შეკრებილ საზოგადოებას და მხოლოდ ერთ წევრს აძლევს უფლებას, ადგილზე დარჩეს და ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტია, - აბა, ელენე, მომახსენე საქმის დეტალები!
გოგონამ სურათების გადაღება შეწყვიტა და დეტექტივს მიუბრუნდა. ელენე სულ რაღაც ხუთი წელია, რაც შემოუერთდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გუნდს. თავდაპირველად ძალიან უჭირდა საერთო ენის გამონახვა თეიმურაზთან. მოხუცი საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა, განსაკუთრებით, მუშაობის დაწყებიდან პირველ დღეებში, როცა ელენემ შემთხვევით ცხელი ყავა გადაასხა გამხმარ ხელზე და საყვარელი სათვალე მარტივ მამრავლებად დაუმსხვრია. ერთდრულად მომხდარი ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელიწადში ძლივს გამოიდარა და დეტექტივის სიუხეშეც გაქრა. ალბათ, იმიტომ, რომ როსტომის დაჟინებულ თხოვნას ასრულებს - „გემუდარები, ახლობლის შვილია და ცოტა ნაკლები უკმაყოფილება გამოხატე მის მიმართ. ძალიან აშკარადაც ნუ აგრძნობინებ ყველაფერს! არ მინდა, ასე მალე მიატოვოს სამსახური და აქედან გაიქცეს!“ - ან იმიტომ, რომ გოგონამ თეიმურაზს აფრიკული ტომის მიერ დამზადებული წელის ტკივილის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური მალამო ჩამოუტანა და მას შემდეგ მოხუცი ასე ძალიან აღარ უჩივის ასაკს. დიახ, სავსებით ცხადია, რომ პირველი მიზეზი უფრო ლოგიკური და მისაღებია.
ელენე სულ რაღაც 25 წლისაა. მოგზაურობა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც დღისით სიცხისგან მოკვდები, ღამით კი სიცივისგან. ოქროსფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა მუდამ მოღიმარი სახით შედის დეპარტამენტში და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გაუწყლოებული ბედუინივით სულმიხდილი ტოვებს იქაურობას.
თეიმურაზი გვამს უყურებს. მარცხენა თვალიდან ჩამომავალმა გაშავებულმა ცრემლმა, რომელმაც ლოყა გადაკვეთა და ყურისკენ ჩაიკარგა, გიშრისფერი ბილიკი დაამჩნია გათეთრებულ სახეს. ნიკაპზე საღებავი გამხმარა და დაბზარულა. პირის ირგვლივ წითელი ტუჩსაცხი გათხაპნოდა. საყელოსთან დამაგრებულ ვარდისფერ ბაფთას პირვანდელი ფორმა დაეკარგა. მრგვალი ფუმფულა ცხვირი კი უკანასკნელი გაბრძოლების დროს მომძვრალა და ფეხთან მიმალულა. ჯამბაზის ჩაცმულობას ათასი ფერი ამშვენებდა, თუმცა ნელ-ნელა სხეულის სიცივე ეპარებოდა მათაც და უკარგავდა სიკაშკაშის ელფერს.
„რა საცოდაობაა, მოკვდე როგორც ჯამბაზი!“ - თავისთვის ფიქრობს თეიმურაზი და გულდასმით უსმენს ელენეს სიტყვებს.
- მსხვერპლის სახელი და გვარია ჯამლეტ კერესელიძე, სასცენო სახელი კი - ბაჟუ. ხუთი წელი რუსული საცირკო დასის წევრი იყო. გარდაცვალების მიზეზი მოგუდვაა. პირის ირგვლივ გათხაპნილი ტუჩსაცხი, სავარაუდოდ, დამნაშავის მიერ აფარებული ხელის გამოა. მარჯვენა, ნუ ჩვენი ხედვიდან კი მარცხენა თვალის ქვეშ მკვლელის ცერა თითის კვალია, რაც იმას მიანიშნებს, რომ მარჯვენა ხელით გაგუდეს. მეორე ლოყაზე დანარჩენი ოთხი თითიც ეტყობა. აშკარაა, რომ უკნიდან მიეპარა და ისე მოკლა. მკვლელობას მოწმე არ ჰყავს.
- კამ.. კამერების ჩანაწერები?
- ახველებს. - ბატონო თეიმურაზ, საქმე ისაა, რომ როგორც დირექტორმა მითხრა, ძლიერი ქარისგან მოტეხილმა ტოტმა სადენი დააზიანა და კამერები გაითიშა, ისევე, როგორც განათება მთლიან შენობაში. ისინი საერთო დენის წყაროზე მუშაობენ, ამიტომ როდესაც ცირკს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, კამერებმაც შეწყვიტეს ჩაწერა.
ამ დროს მოხუცს გიზოს მანქანა გაახსენდა.
- და კიდევ, აი, ეს ვიპოვე მის ჯიბეში, - გოგონამ გამჭვირვალე პაკეტში ჩადებული ქაღალდის დაჭმუჭნილი ნაგლეჯი გაუწოდა. ზედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა:
„როცა ერთი ვარსკვლავი ქრება, მაშინ მეორე იწყებს ნათებას!“
წაიკითხეთ რომანის პირველი და მეორე ნაწილი ონლაინ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.
R