ბუკა თოლორდავა
ახალი თაობის მსახიობი ბუკა თოლორდავა მსახიობ კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას შვილია. ისინი ფართო აუდიტორიამ როგორც თეატრიდან, ასევე ისეთი ცნობილი ტელესერიალებიდან გაიცნო, როგორებიცაა "ჩემი ცოლის დაქალები" და "შუა ქალაქში". "დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში ბუკა თოლორდავა იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებაში აირჩია: "ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ - ამბობს ბუკა თოლორდავა. ის ახლა რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობს და, პარალელურად, მონაწილეობს ისეთ პოპულარულ პროექტში, როგორიცაა "ცვალებადი ნიშნები".
ნატალია ყიფშიძე
ცნობილი მშობლებისა და ბაბუის გზას აგრძელებს ნატალია ყიფშიძეც, მოდელ კრისტი ყიფშიძისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი. პირველადი პროფესიით ის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
ირაკლი კვირიკაძე
მშობლების გზას საკმაოდ წარმატებულად ნინო ქორიძისა და დათო კვირიკაძის ვაჟი ირაკლი კვირიკაძეც მიჰყვება. ის რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის შვილიშვილია. მსახიობმა, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთავარი როლი ითამაშა ფილმში "TBILISI I LOVE YOU", შემდეგ კი სამსახიობო კურსების გასავლელად Stella Adler Studio-ში გაემგზავრა. ნიუ-ორკში სწავლის დროს რეზო გიგინეიშვილს შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება ფილმ "მძევლებში" შესთავაზა. ასევე ენტონ ჰოპკინსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში "Now Is Everything". ამჟამად მონაწილეობს ახალ ქართულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები", რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკო წარმატებული, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახის შვილია. ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებს. მათ თაკოს გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავთ - ანა ნაცვლიშვილი, დედის და დის მსგავსად, სამოდელო კარიერას მიჰყვება და არაერთი წარმატებაც აქვს, გუგა კი, მამის მსგავსად, კალათბურთითაა დაკავებული და ამჟამად ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. თაკოს, ანას და გუგას ასვე ჰყავთ პატარა ძმა, ანდრია.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია"-ზე გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს წევრი.
მარიამ მამულაშვილი
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ. კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ.