ტატიანა რომანოვა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ქალიშვილი იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გარეგნობით, თავის ულამაზეს დედმამიშვილებს შორისაც კი. მისი გრაციოზული ფიგურა, სხივჩამდგარი დიდრონი თვალები, იდეალური პროფილი, გამჭრიახი გონება და საოცარი პიროვნული თვისებები იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ტატიანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა.
პირველი მსოფლიო ომის წლებში ის მოხალისე მედდად მსახურობდა ცარსკოსელსკის ჰოსპიტალში, სადაც დაჭრილ მეომრებს უვლიდა. დაჭრილებს შორის იყო მამაცი გერმანული წარმოშობის რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი დიმიტრი მალამა.
დიმიტრი მალამა 1891 წელს ეკატერინოსლავსკაიას პროვინციაში დაიბადა. მამამისი რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი იყო - 1904-1906 წლებში საქართველოს დიდი გენერალი. მას კავკასიელი ხალხი დიდად თაყვანს სცემდა.
დიმიტრი იმპერიულ კორპუსში მიიღეს - იმპერიული რუსეთის ყველაზე ცნობილ სამხედრო აკადემია - პირველი მსოფლიო ომის პირველ კვირას მალამამ დიდი გმირობა გამოიჩინა, როდესაც მის პოლკს თავს დაესხნენ მტრის ძალები. მძიმედ დაიჭრა ფეხში, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვა. ამ საქციელისთვის ის პირადად იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნამ დააჯილდოვა. შემდეგ მალამა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწორედ იქ გაიცნო ტატიანა - ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი, რომელიც ომის დროს დედასთან და უფროს დასთან, ოლგასთან ერთად მედდად მსახურობდა.
"დიდი ჰერცოგინია ტატიანა ხშირად ჩერდებოდა მალამას საწოლთან. ჩვეულებრივ, დედაზე ადრე იწყებდა პალატების შემოვლას. ბოლო პალატაში - მალამას და ჩემი - დედას ელოდებოდა. ის ყოველთვის მალამასთან იჯდა. ”- ვკითხულობთ ვინმე სტეპანოვის ჩანაწერებში, რომელიც საავადმყოფოში მალამასთან ერთად მკურნალობდა.
როგორც ცნობილია იმპერატრიცა ქალიშვილის თანაუგრძნობდა და მალამას შესახებ მეუღლესაც მისწერა:
„ჩემო ძვირფასო, უნდა ვაღიარო, რომ ის შესანიშნავი სიძე იქნებოდა. რატომ არ ჰგვანან მას უცხოელი მთავრები?" -წერდა ალექსანდრა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მალამა სამხრეთით გაემგზავრა თეთრ არმიაში საბრძოლველად. 1917 წლის რევოლუციისა და ხელისუფლებაში ბოლშევიკთა მოსვლის შემდეგ სამეფო ოჯახის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბოლშევიკური ხელმძღვანელობის ძირითად იდეად იმპერატორისათვის ღია სასამართლოს ჩატარება იქცა. 1918 წლის აპრილში რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა რომანოვების მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი მეფის სასამართლოსთვის გადაცემას ემხრობოდა ვლადიმერ ლენინი, ნიკოლოზ II-ის მთავარ ბრალმდებლად ლევ ტროცკი მოიაზრებოდა. თუმცა გაჩნდა ცნობები, რომ მეფის გატაცების მიზნით „თეთრგვარდიელთა შეთქმულება“ იგეგმებოდა, და რომ ამისათვის ტიუმენსა და ტობოლსკში „შეთქმული ოფიცრები“ იყრიდნენ თავს. ამიტომ 1918 წლის 6 აპრილს რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა სამეფო ოჯახის ურალში გადაყვანა გადაწყვიტა. სამეფო ოჯახი ეკატერინბურგში, იპატიევის სახლში გადაიყვანეს.
სამეფო ოჯახის ყველა წევრის, ექიმ ბოტკინისა და სახლში მყოფი მოსამსახურეების დახვრეტის ორგანიზება განსაკუთრებული დანიშნულების სახლის კომენდანტს იაკობ იუროვსკის დაეკისრა.
„მე ყველას წამოდგომა შევთავაზე. ისინი ადგნენ, დაიკავეს მთელი კედელი და ერთი გვერდითა კედელი. ოთახი ძალიან პატარა იყო. ნიკოლოზი ჩემკენ ზურგით იდგა. მე გამოვაცხადე, რომ ურალის მუშათა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ურალის ქრისტიანთა და ჯარისკაცთა დეპუტატებმა მათი დახვრეტა დაადინეს. ნიკოლოზი მომიბრუნდა და კითხვა დამისვა. მე გავიმეორე ნათქვამი და გავეცი ბრძანება „ცეცხლი“. პირველმა მე ვისროლე და ნიკოლოზი მოვკალი. სროლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ჩემი იმედი, რომ ხის კედელი ტყვიას არ აისხლეტდა, არ გამართლდა. უწესრიგო სროლა დიდხანს ვერ შევაჩერე. მაგრამ როდესაც, როგორც იქნა, შევძელი და შევაჩერე სროლა, დავინახე, რომ ბევრი მათგანი კიდევ ცოცხალი იყო. მაგალითად, ექიმი ბოტკინი მარჯვენა ხელის იდაყვზე დაყრდნობილი იწვა, თითქოს ისვენებდა. მე მას რევოლვერიდან გასროლით მოვუღე ბოლო. ალექსეი, ტატიანა, ანასტასია და ოლგაც ცოცხლები იყვნენ, ცოცხალი იყო დემიდოვაც. ამხანაგ ერმაკოვს ხიშტით უნდოდა საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა არ გამოუვიდა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა (გოგონებს ზედა ტანზე ბრილიანტებიანი ჯავშანივით სამოსი ეცვათ). იძულებული გავხდი, ყველა მათგანი რიგ-რიგობით დამეხვრიტა". - იხსენებდა იაკობ იუროვსკი. (სწორედ მას დაეკისრა განაჩენის სისრულეში მოყვანა)
რომანოვების ოჯახის დახვრეტის ცნობა მსოფლიოს მოედო - გამონაკლისი არც დიმიტრი მალამა ყოფილა. ახალგაზრდა ჯარისკაცი იმ დროს ფრონტზე იმყოფებოდა და ბოლშევიკებს ებრძოდა. იგი ცარიცინთან გამართულ ბრძოლაში დაიჭრა, რის შემდეგაც ბოლშევიკებმა ხმლებით აჩეხეს.