ერთ ქალს დავუახლოვდი ძალიან, გიზელა ჰქვია. ორმოცდახუთი წლის იქნება, თუმცა ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება. ფსიქოლოგად მუშაობს ჩვენთან. კარგი სპეციალისტია, ამასთან - კარგი მოსაუბრეც. მისი სიტყვები ისეთივე დახვეწილია, როგორიც მანერები. ძალიან ეშხიანია, კოხტა სხეულით, ვიწრო წელით და მრგვალი თეძოებით. არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს, დანახვისთანავე თვალში მოგხვდება. არაბუნებრივად მეტყველი თვალები აქვს, რომც არ ლაპარაკობდეს, მის მზერაში ამოიკითხავ ყველაფერს. არ ვიცი, ასეთ სწორ დასკვნებს გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებს თუ თავისი დარგის ცოდნით, მთავარია, რომ მასთან არ მოგწყინდება. დღე არ გავა, არ შემოვიდეს ჩემთან, არ მომიკითხოს. ძალიან შევეჩვიე. მომწონს მასთან ურთიერთობა, მასაც მოვწონვარ. ისეთ რჩევებს მაძლევს, რომლებიც ასე ძალიან მჭირდება დღეს. ქალი-სევდა შემარქვა. მასი ლაპარაკის ტონი მამშვიდებს, თითქოს ძალას და ენერგიას მმატებს. უნდა ნახოთ, როგორი შესაშური, არისტოკრატიული მანერით ეწევა სიგარეტს, ძალიან უხდება. გაკვრით მოვუყევი ჩემ შესახებ. რა თქმა უნდა, ჩემი სიყვარულის ისტორიის მთავარი გმირი რომ სანდრო იყო, არ მიხსენებია, სხვა არაფერი დამიმალავს.
- ამ ცხოვრებაში ხელჩასაჭიდი თავად უნდა იპოვო, ჩემო სოფიო, - მითხრა ერთხელ, - ხელმეორედ არასდროს უნდა მოეჭიდო იმ საყრდენს, რომელიც უკვე მოირყა. საკუთარ თავს მეორე და გინდ მესამე შანსი იქამდე უნდა მისცე, ვიდრე ამის ვარიანტი არსებობს.
- რატომ არის ცხოვრება ასე მოწყობილი, გიზელა? ნუთუ არ შეიძლება, ერთად ვიყოთ, ნუთუ ეს ასე ძნელია?
- შეუძლებელი არ არის, ერთად იყოთ, სოფიო, მაგრამ ამით თქვენ შორის რომელიღაც აუცილებლად დაზარალდება და არამარტო თქვენ შორის, შეიძლება სხვაც, იქ, გარეთ.
- ვიცი, ვიცი და ამიტომაც განვიცდი ასე ძალიან, - ამოვიოხრე, თვალზე ცრემლი მომადგა.
- პირველ რიგში, დანაკარგთან შეგუება უნდა ისწავლო. თუ ამას არ გააანალიზებ, გაგიჭირდება ცხოვრების გაგრძელება. მერე რა, რომ არ გაგიმართლა. მეორედაც უნდა სცადო, მესამედაც… სანამ ახალი, უფრო ძლიერი სიყვარული არ გეწვევა. აბა, დაფიქრდი, არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, როცა ვიღაც გიყვარს? ამაზე უკეთესს ვერაფერს გამოცდი ცხოვრებაში.
- მაგრამ სიყვარულს რომ ტკივილი ახლავს?
გიზელამ ხელზე ხელი დამადო, თავისი მეტყველი თვალებით შემომხედა და ჩვეული დახვეწილობით მითხრა:
- მართალია, ტკივილი ახლავს, მაგრამ სიყვარული ერთადერთია, რასაც ამქვეყნად აზრი აქვს, ჩემო კარგო. არასდროს მისცე მამაკაცს უფლება, გმართოს. ბარბის ასაკის აღარ ხარ უკვე… ქალი-სევდა… მომწონხარ ასეთი, სხვა ქალებს არ ჰგავხარ.
მისი სიტყვები შვებას მგვრიდა. მასთან საუბრის შემდეგ დადებითი ემოციით ვივსებოდი მუდამ. სხვა საქმეა, რამდენად ვითვალისწინებდი მის რჩევებს. თითქოს ყველაფერს ვუჯერებდი, მისი «რეცეპტებით» ვმოქმედებდი, მაგრამ საკმარისი იყო, სანდროსთვის მომეკრა თვალი, მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა. ვცადე, ბექაზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ არ გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მხოლოდ ერთი რამ მქონდა აკვიატებული - სანდროს ვერავინ შეცვლიდა.
8 8 8
საღამო ხანი იყო. გვიან გამოვედი კლინიკიდან, წამლების აღრიცხვა გამიგრძელდა. დერეფანში სანდროს შევეფეთე. მის დანახვაზე ძველებურად ამიჩქროლდა გული, მან კი ზედაც არ შემომხედა.
- ნახვამდის, სანდრო, - მაინც ვუთხარი, სანამ გვერდით ჩავუვლიდი.
რაღაც ჩაიბურტყუნა და გზა ისე გააგრძელა, ნაბიჯი არ შეუნელებია. გულმა მტკივნეულად დამიწყო ფეთქვა, ასეთ დამოკიდებულებას სასოწარკვეთამდე მივყავდი. მინდოდა გავკიდებოდი, გამოვლაპარაკებოდი, აეხსნა მაინც, რას მერჩოდა, რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, თითქოს ერთიანად დავიშალე. ახლა, ასეთი აფორიაქებული, სათქმელს ნამდვილად ვერ მოვუყრიდი თავს და ვინ იცის, რა სისულელეების როშვას დავიწყებდი. ჯობდა, გავცლოდი.
ბარბაცით ჩავედი ეზოში. ის იყო, მანქანაში ჩავჯექი და კარი მოვიხურე, რომ მინაზე ვიღაცამ დამიკაკუნა. მოულოდნელობისგან შევკრთი, ბექა იყო.
- ხომ არ შეგაშინე? - ღიმილით მკითხა.
- თანაც როგორ, - მეც გავუღიმე.
- არ გინდა, სახლამდე მიმიყვანო? ბენზინს ჩაგისხამ, - ისეთი სახით მკითხა, ვერ მივხვდი, მეხუმრებოდა, თუ სერიოზულად მეუბნებოდა.
- შენი მანქანა სად არის? - ეზოში მიმოვიხედე.
- ხელოსანთან, პატარა რეაბილიტაცია სჭირდებოდა და…
- დაჯექი, მიგიყვან, აბა, რას ვიზამ, - ვთქვი და ჩემი შავი «პეჟო» დავქოქე.
- ასე დიდხანს რატომ შემორჩი? ჩვენი მთავარი ექიმი ხომ არ შეგიყვარდა? - გამეხუმრა.
- არა, მთავარი ექიმი არა, მისი მოადგილე, - ხუმრობას ხუმრობით ვუპასუხე.
- რას მელაპარაკები! ამას მიმალავდი? - მამაკაცი წინ გადაიხარა და გვერდულად გამომხედა, - იმასაც რომ უყვარხარ, თუ იცი?
- ნუ იტყუები, არ გიხდება.
- მართლა? შენი აზრით, ტყუილიც კი შეიძლება მოუხდეს ან არ მოუხდეს ადამიანს? პრობლემური «აქსესუარი» ყოფილა, ვერაფერს იტყვი.
- ყველა ქალს ასე ატყუებ? - მივუბრუნდი უეცრად.
წამით გაჩუმდა, თითქოს რაღაცას ფიქრობსო, მერე შეცვლილი ხმით თქვა:
- ტყუილი არ გამომდის, სოფი, ყველაფერი ვისწავლე და ტყუილის თქმა - ვერა, არც არასდროს გამომდიოდა, - გასაოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა ბექას, მომნუსხველი.
მისმა სიტყვებმა და დადარდიანებულმა ხმამ ისე დამაბნია, შენელების მაგივრად პედალს მივაჭირე ფეხი და მანქანა მთელი სისწრაფით გავარდა წინ.
- შენ რა «ადსკი ვადიტელი» ყოფილხარ, ფრთხილად, არაფერს შევასკდეთ, - დაფრთხა.
სვლა შევანელე.
- შეგაშინე? - სიცილი ამიტყდა.
- მეგონა, სამაგიეროს მიხდიდი. გამოგიტყდები, შემეშინდა, მაგრამ არა იმის, რომ მე მომივიდოდა რამე. შენს სიცოცხლეს ვუფრთხილდები, თუ დამიჯერებ.
- განა ასე ძვირფასია შენთვის ჩემი სიცოცხლე? - ისევ მოვიღრუბლე.
- ატრაქციონი «მხიარული გორები» ხომ იცი? აი, იმას მაგონებ ახლა.
- რატომ?
- ხან მხიარული ხარ, ხან სევდიანი, ვერ გაიგებ კაცი, - მერე ხმა შეიცვალა და დიქტორივით ჩამოარაკრაკა, - «ახლა გაგაცნობთ ექიმ სოფის ხასიათის ცვალებადობას ხვალინდელი დღისთვის. დღის პირველ ნახევარში მოიღრუბლება, მოსალოდნელია ცრემლების წვიმა, ზოგან - სიტყვების სეტყვა, დღის მეორე ნახევარში დარია გამოცხადებული, ღიმილი მის სახეზე მზესავით გამოანათებს. ხასიათის ტემპერატურა მთაში იქნება მინუს ორი გრადუსი, ხოლო ბარში, როცა ექიმი სოფი მანქანით დაქრის, პლუს ოცდაათი.» ჰა, როგორი იყო? - მხიარულად შესძახა.
- გადასარევი. მგონი, სინოპტიკოსობა უფრო მოგიხდებოდა. საით მივდივართ?
- ჩემთვის სულერთია, სადაც გინდა, იქ წამიყვანე.
- ვიცი, რომ დიღომში ცხოვრობ, მისამართი მაინც მიკარნახე.
- ჩემი გულის ხმას მიჰყევი და პირდაპირ ჩემს სახლამდე მიგიყვანს.
- სამწუხაროდ, შენი გულის ხმა არ მესმის, ბექა, - დახშული ხმით ვთქვი და შევხედე.
- პატარა იმედი მაინც მომეცი, გოგო, ვერ ხედავ, რა დღეში ვარ?
- ვერა, ვერ ვხედავ. აბა, ერთი მითხარი, რა სჭირს მთავარი ექიმის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს და ასე შემდეგ?..
- «და ასე შემდეგს» სიყვარულის ზღვიდან აზვირთებული ტალღა დაეჯახა და ფსკერისკენ მიაქანებს. იხრჩობა საცოდავი, მაშველი კი არსაიდან ჩანს.
- ნუ დარდობ, გამოჩნდება.
- რაღა სხვას ველოდო, როცა შენ აქ მყავხარ? სანამ სხვა მოვა, დავიხრჩობი კიდეც.
- ჩემ გარდა ვერავინ ნახე? მაშველების მთელი არმია არსებობს, როგორც ვიცი.
- სამაგიეროდ, შენ ყველაზე ახლოს ხარ, სოფი. სხვებმა შეიძლება პირიქით, უფრო დააჩქარონ ჩემი დახრჩობის პროცესი, შენ კი, ვიცი, აუცილებლად გადამარჩენ.
- რატომ გგონია? - კეკლუცად გავუღიმე.
- იმიტომ, რომ გული მეუბნება ამას. ის კი ჯერ არ შემცდარა ქალების შეფასებაში.
- კარგი, ვეცდები გადაგარჩინო.
- გინდა, გასწავლო, პირველადი დახმარება როგორ აღმომიჩინო?
- როგორ? - სიცილით ვიგუდებოდი, ძლივს გავმხიარულდი.
- ტუჩებზე უნდა დამაკვდე და სული შთამბერო… მერე იცი, რა მოხდება? ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდება ისე, როგორც ზღაპრებში. მე ყოველდღე მეყვარები, დილიდან საღამომდე.
- კი მაგრამ, ღამე?
- ღამე? ღამე უნდა ვიძინო, სად მცალია სიყვარულისთვის.
სიცილისაგან სახის კუნთები მეტკინა.
- ეჰ, რომ ვიცოდე, მართლა ასე იქნება, ახლავე შევვარდებოდი წყალში და სიამოვნებით დავიწყებდი დახრჩობას შენ მოლოდინში… ბანალურია, არა?
- თანაც როგორ!
- მაინც შეგაყვარებ თავს, აი, ნახავ! - დამექადნა.
- ახლა საით წავიდე?
- პირდაპირ და მერე მარჯვნივ… აი, აქ გამიჩერე.
დავამუხრუჭე. ბექამ კარი გამოაღო.
- მინდა ერთი რამ გთხოვო, თუ წინააღმდეგი არ იქნები, - უცებ დასერიოზულდა.
- თხოვნას გააჩნია, - მხრები ავიჩეჩე.
- ვიცი, ახლა რომ სადმე დაგპატიჟო, არ წამოხვალ, ამას შენი თვალები მეუბნება, მაგრამ იქნებ ხვალ…
- პაემანს მინიშნავ, ბექა? - ცალი თვალი მოვჭუტე გაღიმებულმა.
- რა ვიცი, რაც გინდა, ის დაარქვი. გთხოვ, ხვალ უმანქანოდ მოდი და საღამოს სადმე გავისეირნოთ, ფეხით. ღამით ძალიან ლამაზია თბილისი.
სიცილი ვერ შევიკავე.
- დავიჯერო, ასეთი რომანტიკოსი ხარ?
- რა, ესეც ბანალურია?
- ყველაზე უფრო.
- ერთხელ შენც სცადე, იყო ბანალური. იქნებ ამაშიც აღმოაჩინო რამე ახალი, - თავისი უცნაურად ლამაზი თვალები შემომანათა და საჩვენებელი თითი ცხვირზე გამკრა. - ქალი-სევდა, ქალი-ნაღველი.
- ეგ გიზელამ გითხრა, არა?
- ეგ ყველამ იცის სამსახურში, გიზელა რა შუაშია. მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ ხარ ასეთი.
- ეს შენი საქმე არ არის.
- ვიცი, ამიტომაც არ გეკითხები… ჰა, რას იტყვი, ჩემი წინადადება არ დაგიჯდა ჭკუაში?
- მოვიფიქრებ.
- არა, ასე არ მინდა. ახლავე ველი პასუხს.
წამით შევყოყმანდი. სანდრომ რომ ეს გაიგოს, ვიცი, არ მოეწონება. თუმცა… რაში მაინტერესებს, მას რა მოეწონება? ვცდი.
- კარგი, ხვალ ფეხით ვსეირნობთ… მე და შენ და შენ და მე.
- მაგარია! ბანალური, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი. გინდა, კიდევ უფრო ბანალური რამ გითხრა?
- მინდა, - მხიარულად დავუქნიე თავი.
- მე შენ მას დაგავიწყებ.
ამის გაგონებაზე სახე შემეცვალა. ბექას არ გამოჰპარვია ჩემი რეაქცია.
- არ ვიცი, ვინ არის ან რა დანაშაული მიუძღვის შენ წინაშე, მაგრამ ამას გავაკეთებ. სიტყვას გაძლევ. მაქსიმუმ ნახევარი წელი და…
- და რა?
- მეშენუგონოდშეგიყვარდები, - სხაპასხუპით მომაყარა ერთ სიტყვად ქცეული წინადადება, თვალი ჩამიპაჭუნა, კარი მოხურა და სადარბაზოში შევიდა.
შუბლით საჭეს დავეყრდენი. გაბმულად ჩამესმოდა ყურში ბექას ნათქვამი «მეშენუგონოდშეგიყვარდები», ყველაზე ორიგინალური და ალბათ ყველაზე გრძელი სიტყვა ქართული ენის ლექსიკონში.
8 8 8
დილით შემოვლაზე დამაგვიანდა. გვიან დავიძინე წუხელ, ოთხ საათამდე ბექას ვემესიჯებოდი. მთელი ღამე არ მომასვენა. ერთი მხრივ კი კარგი იყო, დროებით დამავიწყა სანდროს არსებობა, მაგრამ მეორე მხრივ დამაზარალა - სამსახურში დავიგვიანე. კართან ჟენია დამხვდა, ჩვენი სანიტარი, თავისი განუყრელი ჭუჭყიანწყლიანი ვედროთი.
- უი, ჩვენი ანგელოზი მოსულა. რატომ დაგაგვიანდა, შვილო? მიდი, მიდი, მესამე პალატაში არიან, მგონი, იმ ბიჭს ხელახალი ოპერაცია სჭირდება.
- რომელ ბიჭს? - გავიოცე, ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა.
- გიგუშას, შვილო, დეიდაშვილმა რომ დაჭრა. ამბობენ, თირკმელი ამოსაღებიაო.
- რას ამბობთ! - შევიცხადე და ხალათის სახელოებში ჩქარ-ჩქარა გავუყარე მკლავები, - საცოდავი, როგორი დასუსტებულია, გადაიტანს კი? - შემეცოდა პაციენტი, რომელსაც დედა არ ჰყავდა, არც ცოლი და არც შვილი, ძმა და რძალი ადგნენ თავს.
- რა ვიცი, ჯანმრთელია, გული მაგარი აქვსო, სანდრო ექიმმა, - მომაძახა სანიტარმა.
შეშინებულმა შევყავი თავი პალატაში.
- შეიძლება? - ჩურჩულით ვიკითხე.
- მოდი, სოფიო, მოდი, - ბატონმა მიხეილმა სათვალის ზემოდან გამომხედა.
ბექა მის უკან იდგა, თვალი ჩამიკრა, ხელისგულები ერთმანეთთან მიატყუპა, ლოყაზე მიიდო და მანიშნა, მეც ჩამეძინაო.
- მაპატიეთ, დამაგვიანდა…
- არა უშავს, ამჯერად გაპატიებთ. მოვამზადოთ ეს ყმაწვილი საოპერაციოდ, სხვა გზა არ არის. ხელწერილი დაადებინეთ მისი ოჯახის წევრებს. აბა, სანდრო, შენ იცი. ახლა ყველაფერი შენზე და სოფიოზეა დამოკიდებული.
- რა თქმა უნდა, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა სანდრომ და შემომხედა, თუმცა მაშინვე გულგრილად ამარიდა მზერა.
ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ამ თვალების შემოხედვას ვერ ვუძლებდი.
- დღე-ეს? - გაკვირვებისგან თვალები დავაჭყიტე.
- რატომ, პრობლემაა რამე? აბა, რას ვუცადოთ? ცუდად არის კაცი, შველა სჭირდება, - ხელები გაშალა მთავარმა ექიმმა.
- ყველაფერი რიგზეა, ბატონო მიხეილ, მივხედავთ ამ საქმეს, - ვაკური აქცენტით, ზედმეტად განაზებული ხმით წარმოთქვა ნანკამ, სანდროს გვერდით ამოუდგა და ხელკავი გაუკეთა.
ვაჟამ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები და ყურის ბიბილო დაისრისა. გავწითლდი, თითქოს დანაშაული ჩამედინოს.
- აბა, ვაჟკაც, შენ როგორ ხარ? - მიხეილი გუჯას მიუახლოვდა, ეს ის პაციენტი იყო, კენჭები რომ ამოაცალეს შარდის ბუშტიდან.
- მგონი, კარგად, პატივცემულო, - მამაკაცმა თავქვეშ ამოდებული ხელები ჩამოიღო და ოდნავ წამოიწია საწოლზე.
მთავარმა ექიმმა საბანი გადახადა და მუცელზე რამდენიმე ადგილას დააჭირა ხელი.
- ყველაფერი რიგზეა, ორ დღეში გაგწერთ. რა იყო, გაგიხარდა? - გაიცინა მიხეილმა.
- იმ სომხის ამბავი როგორ გადაწყდა, გელა, ჩივილს ხომ არ აპირებენ? - პატარა გელას მიუბრუნდა ბოლოს მთავარი ექიმი.
გელამ უზარმაზარჩარჩოიანი სათვალე საჩვენებელი თითით ნერვულად შეისწორა ცხვირზე, ერთი დაიქსუტუნა და თითქოს პატაკს აბარებსო, მონოტონური ხმით ჩამოარაკრაკა:
- სწორედ გუშინ ველაპარაკე მის შვილს, შალვოვიჩ. ყველაფერი ავუხსენი. როგორც იქნა, გავაგებინე, რომ მამამისს სიმსივნე მთელ ორგანიზმში ჰქონდა მოდებული და ვერ გადავარჩენდით. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ.
- მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. დავიშალოთ მაშინ და საქმეს მივხედოთ. ამ ყმაწვილის ექოსკოპიის ხელმეორე პასუხი შემომიტანეთ, კიდევ ერთხელ გადავხედავ.
პალატიდან მეც სხვებთან ერთად გავედი. დილით ყავის დალევაც ვერ მოვასწარი, ერთი სული მქონდა, როდის დავლევდი ცხელ სითხეს.
- ნათი, ყავა არ გინდა? - «მტირალა» თერაპევტს დავუძახე, ჟენიას ელაპარაკებოდა.
- ახლავე, სოფიო, ორ წუთში მოვალ.
- მოგიდუღო?
- მე თვითონ მოვადუღებ, სულ ორი წუთი, კარგი?
კაბინეტში შევედი. ღმერთო, როგორ მეზარებოდა დღეს ოპერაცია. არ გინდა რამდენიმე საათი სანდროს უჟმურ სიფათს უყურო? არა, მე ამას ვერ გავუძლებ. მგონი, აშკარად მეტყობა, მასზე რომ ვარ შეყვარებული. ამას ვიღაც აუცილებლად შეამჩნევს ერთ მშვენიერ დღეს და ჭორის ობიექტი გავხდები. რა საშინელებაა, როცა ჭორაობენ. ჩემზე ძალიან მოქმედებს ასეთი რამ, მით უმეტეს, თუ თავად ვარ სამიზნე.
გასაგებია, რომ ადამიანს არ ძალუძს აკონტროლოს თავისი გრძნობები, მაგრამ მისი დამალვა ხომ არის შესაძლებელი? ეს უნდა შევძლო, სხვანაირად არ იქნება. თუ ვერ შევძელი, მომიწევს სამსახურიდან წასვლა, ინტრიგებს და გადაჩურჩულება-გადმოჩურჩულებას ვერ ავიტან.
ნათია მალე შემოვიდა, თან პაკეტის ყავა შემოიტანა.
- რძიანი თუ ჩვეულებრივი?
- ა! მეგონა, ნალექიანს სვამდი.
- ვერ ვიტან. ისედაც მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. რძიანი კარგია, არაფერს არ აღიზიანებს. ის კი არადა, ამბობენ, მკერდს ზრდისო. მეც ვსვამ და ვსვამ, მაგრამ რად გინდა!
სიცილი ამიტყდა.
- მაინც არ დაადგა შენს მკერდს საშველი, არა? - წელზე ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე, - დიდ მკერდს რა ჭკუა აქვს, ჩემო ნათი, მთავარია, გული გქონდეს დიდი.
- ისე, მართალი ხარ. დიდი მკერდი ნანკასაც კი აქვს, მაგრამ…
- არ გინდა, შეეშვი, ნურასდროს განსჯი სხვას, დამიჯერე.
- ვერ ვიტან გულღრძო ადამიანებს, დიდი წარმოდგენა რომ აქვთ საკუთარ თავზე და შენ რომ არარაობად მიაჩნიხარ. რომელი მოგიდუღო? - ნათიამ მადუღარა ჩამოიღო თაროდან.
- მე ნალექიანს დავლევ, ნათი, წუხანდელი უძინარი ვარ და ცოტას გამომაფხიზლებს.
- მაშინ ჯერ წყალს ავიდუღებ ჩემთვის და მერე შენ გაგიკეთებ, კარგი?
- მოსულა.
ნათია საქმეს შეუდგა.
- წეღან ჟენია მელაპარაკებოდა. გუშინწინ მისი ქმრის წლისთავი ყოფილა და რაღაცები მოუტანია სახლიდან - საჭმელი, ნამცხვრები, ხილი… ნანკას პირი არ დაუკარებია არაფრისთვის. ის კი არა, ამდგარა და ქალის თვალწინ, პირდაპირ ურნაში ჩაუყრია, რაც დარჩა. ჯინაზე ავდექი, ვაშლი გავრეცხე და მივაწოდეო. რა უქნია, იცი? ქაღალდით აუღია, ხელახლა გაურეცხავს, მერე გაუთლია და ისე შეუჭამია. აზრზე ხარ, რა დონის «ტრიპაჩია»? ვითომ ჟენიაზე სუფთა იყოს თვითონ. მიმიფურთხებია მაგის სილამაზისთვის. მაგდენი პლასტიკური რომ მქონდეს გაკეთებული, მეც ლამაზი ვიქნებოდი.
მეღიმებოდა მის ნათქვამზე.
- მერედა, ვინ გითხრა, რომ ლამაზი არ ხარ? ჩაიხედე მაინც სარკეში, შესანიშნავი ხარ.
ამ დროს ბექამ შემოაღო კარი.
- მეც მინდა ეგ შოკოლადისფერი საოცრება, - თავით ყავის პაკეტისკენ ანიშნა ნათიას და მერე მე შემომხედა მრავლისმეტყველი მზერით.
- რომელი გინდა?
- რძიანის სუნი მცემს, გააქვს?
- მაშა! - შესცინა ნათიამ.
- ჰოდა, რძიანი გამიკეთე.
- შე-ენც, ბექა? - გადაიკისკისა ნათიამ და სახე რომ დაემალა, წელში მოიხარა. მეც ვერ შევიკავე სიცილი.
- თქვენ რაღაცას მიმზადებთ, მგონი. აბა, მომახსენეთ, რაშია საქმე? - ბექა კისერში წვდა გოგოს და ხელი წაუჭირა.
- გამიშვი, გამიშვი, დედას გაფიცებ, არ მომიჭირო, დამილურჯდება!
- მაშინ მითხარი, რატომ იცინით.
- რატომ და, რძიანი ყავა მკერდს ადიდებს თურმე, - სიცილისგან დაოსებულმა ძლივს მოვითქვი სული და «მივახარე» ბექას ახალი აღმოჩენა.
- ვა, რა კარგია! ესე იგი, ძუძუებში რძე ჩამიდგება? გამიკეთე, გამიკეთე! - ბექა სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
8 8 8
ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა. სანდროს ნანკა ეხმარებოდა. ნერვიულობდა მაესტრო, ვერ შეუნარჩუნა პაციენტს თირკმელი. როგორ ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- მგონი, ფხიზლდება, - წამოიძახა უცებ ნანკამ.
- დაამატეთ ნარკოზი! - გასცა ბრძანება სანდრომ ისე, თითქოს მე კი არა, სხვას მიმართავდა.
- ეს საშიშია, შეიძლება ვერ გაუძლოს, - გავაპროტესტე.
- გააკეთე, რაც გითხარი, მე ვაგებ პასუხს, - ტონს აუწია.
- აბა, რა ქნას, შუა გზაზე ხომ არ მიატოვებს ოპერაციას? - გამოექომაგა ნანკა.
მტრულად გავხედე.
- სანდრო, ეს ცუდი აზრია, ადგილობრივს გავუკეთებ, - ჩემსაზე ვიდექი.
- დაამატე ნარკოზი, რომ გეუბნები! - მოულოდნელად მთელი ხმით იღრიალა.
ადგილზე გავშეშდი. ასეთი სანდრო პირველად ვნახე. პასუხი არ გამიცია, უხმოდ მივტრიალდი და რაც შეიძლებოდა, მინიმალური დოზა ავიღე.
საშიში იყო დაუძლურებული ორგანიზმისთვის ამდენი ნარკოტიკი. შეიძლება ვერც გამოსულიყო ნარკოზიდან. მე მაინც შევასრულე მისი ბრძანება. მართალია, ამით პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნიდი, მაგრამ თუ რამე მოხდებოდა, ჩემთან ერთად ისიც დაისჯებოდა…
…მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და რასაც ვვარაუდობდი. ოპერაციიდან ორი საათი გავიდა და პაციენტი ვერ გამოვაფხიზლეთ. მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. ექიმები და ექთნები აქეთ-იქით დარბოდნენ, უკვე ვეღარ ვარკვევდი, ვინ რას აკეთებდა. ყურებში საშინელი გუგუნის ხმა ჩამესმოდა. ლამის იყო, გული წამსვლოდა ნერვიულობისგან. მერე გიგუშას ძმა შემოვარდა, რატომ არ გამოგყავთ რეანიმაციიდან, რა ხდებაო. ვაჟამ ხელი ჩამავლო ამ არეულობაში და შეუმჩნევლად გამარიდა იქაურობას, როგორც ყველაზე დიდი დამნაშავე. იყო ერთი გაწევ-გამოწევა და დედის გინება, ძლივს დააშოშმინეს ის ბიჭი. ბოლოს მთავარმა ექიმმა თავის კაბინეტში შეიყვანა ძმა და რძალი სალაპარაკოდ.
ძალიან ცუდად ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა. რომ დაეჯერებინა სანდროს ჩემთვის, ეს ხომ არ მოხდებოდა? ნანკამაც რომ აუბა მხარი?
- ახლა არაფრის თქმა არ ღირს, მერწმუნე, ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, - გიზელა მიმიხვდა, რომ სანდროზე «თავდასხმას» ვაპირებდი, - სათქმელი ხვალ უთხარი, გესმის?
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და კაბინეტში შევიკეტე. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მხოლოდ ის მახსოვს, გელა რომ შემოვარდა ოთახში, გონს მოვიდა, რეფლექსები აღუდგა, შეკითხვებზე რეაგირებას ახდენსო… შვებით ამოვისუნთქე. ისიც გადარჩა და მეც. სანდროც, სხვათა შორის…
რვა საათი იყო, რომ გავთავისუფლდი. გარეთ გამოვედი. მესიამოვნა სუფთა ჰაერი. ღრმად ჩავისუნთქე. ბექა ფეხდაფეხ მომყვა, ჩვენ ხომ ერთად უნდა გაგვესეირნა. თანაც, ასეთი დაძაბული დღის მერე ნამდვილად არ მაწყენდა განმუხტვა. ბექა კი მისწრება იყო ამ საქმისთვის. - დღეს ჩვენ დიდი გასეირნება გველის, - შემომცინა სახეგაბრწყინებულმა ბექამ, - დიდი გასეირნებისთვის კი დიდი მადლობა.
მეც გავუცინე, ხელი მკლავში გავუყარე და დავეყრდენი. მექანიკურად მაღლა ავიხედე. საორდინატოროს ფანჯარას სანდრო მოდგომოდა და თვალს არ გვაშორებდა… ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე… მისი გულგრილობა სადღაც გამქრალიყო…
* * *
სასიამოვნო საღამო მელოდა. ბექასთან არ მოიწყენდი. დიდხანს ვიხეტიალეთ. მერე რესტორანში დამპატიჟა. ვიუარე.
- რატომ? - შეჩერდა და გაოცებულმა შემომხედა.
- არ მინდა, რა, უბრალოდ, არ მინდა და მორჩა, - ჩემსაზე ვიდექი.
- ახლა არ მითხრა, რომ ჩემს ჯიბეს უფრთხილდები.
- ასეც შეიძლება ითქვას, - თავი დავუქნიე დამორცხვებულმა.
- აპ-აპ-აპ! ეგეთები არ იყოს! ჩემს ჯიბეს შენი მოსაფრთხილებელი არაფერი სჭირს, ლამაზმანო. ის არც გარღვეულია, არც გახეული და არც დაკერებული. შენ წარმოიდგინე, ხელის ჩამყოფიც კი არავინ ჰყავს… ჩემ გარდა. ერთი სიტყვით, თითდაუკარებელია, მე ვიტყოდი - ქალწული.
- მართლა? - სიცილი ვერ შევიკავე, - რა საინტერესოა.
- მართლა, მართლა. ასე მითხრა, მხოლოდ სოფის დავნებდებიო. მხოლოდ მას ექნება უფლება, ჩემს ტერიტორიაზე ხელები აფათუროსო.
- ძალიან დიდი პატივია, ამას დაფასება უნდა.
- აი, ხომ ხედავ, შენც კი შეგაწუხა სინდისმა. ამიტომ წავედით, რესტორანი გველოდება.
- რა გაეწყობა, რადგან ასეა, უკან მიმაქვს ჩემი უარი.
- როგორი «თავგანწირული» უარი თანაც… შემეცოდა, - ღიმილით აკანტურებდა თავს ბექა.
გაგრძელება იქნება