მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ანი ბებია ახალი თაობის ქართველი მსახიობების გამორჩეული წარმომადგენელია. მაყურებელმა იგი სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო.
"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.
"მე და ილომ ერთად იმდენი რამე გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელია ერთად ვართ. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. თვითონ ილოს როცა მოუნდება და მზად იქნება, თვითონ ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასდროს უშვებენ შეცდომას. როცა ერთი უშვებს შეცდომას, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც.
არ მინდა პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში რთული პერიოდიც გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გადავლახეთ" - ამბობდა ანი ბებია.
ამჯერად მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:
"ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, - ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია. ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება; დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად. ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე. დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით."
პოსტს სოციალურ ქსელში ანი ბებიას მეუღლე ილო ბეროშვილიც გამოეხმაურა. ილოს ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ უსაუბრია და საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაუზიარებია, ამჯერად კი ვრცელ კომენტარს აკეთებს:
"მე ნარკოტიკმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა და ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. ძალიან მძიმე გამოცდილებისა და წარსულის მიუხედავად, უნდა იყოს ამაზე საუბარი აუცილებლად. არ გეხმარება ნარკოტიკი, არა. უბრალოდ, ილუზიაში გამყოფებს, ტყუილში და საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების უნარს ხვეწ. მერე კარგავ საკუთარი თავის პატივისცემას და მერე, დომინოს პრინციპით, მთელი სამყარო გენგრევა თავზე" - წერს ილო ბეროშვილი.