ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. "შადრევანი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი - სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. სიცოცხლის მანძილზე ლიკამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა, საზოგადოებამ კი განსაკუთრებულად მის მიერ თენგიზ აბულაძის შედევრ "ნატვრის ხეში" განსახიერებული მარიტა შეიყვარა. ლიკა ქავჟარაძემ ასევე დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: "პეპელა", "სათადარიგო ბორბალი", "ოჯახი" და ა.შ.
1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ორი ქართველი მსახიობი გამოარჩია, ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოს, ხოლო ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარეს...
ბევრმა არ იცის ამბავი იმის შესახებ, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი, თავის დროზე, ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც იხსენებენ, "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში ლიკა ქავჟარაძეც იყო მიწვეული. საფრანგეთში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს "ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშნავს. საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, მის წინ მანქანა გაჩერდა. ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო. დელონი გაჩერდა და მასთან გამოლაპარაკება სცადა. ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ...
თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას:
"მე ღამე მოვდიოდი ქუჩაში, პარიზში. უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი და ხომ იცი, ისეთი მომენტი იყო, კონტაქტი რომ უნდოდა და... მე ჯერ ეს ერთი შემეშინდა, შევხედე და ეგრევე განვაგრძე გზა. აუ, ყველა ამბობდა ამის შემდეგ, რომ როგორ არ გაეცანი და ვერაფრით ვერ გავბედავდი."
ამჯერად დინი ვირსალაძე „შენი დილის“ ეთერში ლიკა ქავჟარაძესთან დაკავშირებულ საინტერესო ამბავს იხსენებს:
„ასეთი ისტორია გამახსენდა, როდესაც ვმუშაობდი მოდელად დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილთან. წელიწადი, წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი და გამოვდიოდი ჩვენებებზე. სხვათა შორის, ლიკა ქავჟარაძეც ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდა ამ ჩვენებებზე. მერე ჩავთვალე, რომ ამოვწურე ეს ამბავი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ დროს მართმევდა, ჩემს სპეციალობას ვერ ვუთმობდი დიდ დროს. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ეს ამბავი დამემთავრებინა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. 10 წლის წინ დამიკავშირდა მაკა ნაცვლიშვილი, დიდი პაუზა მქონდა და ისევ უნდა გამოვჩნდე, მინდა, ჩვენება მოვაწყო და ძალიან მჭირდება შენი თანადგომა, ლიკა ქავჟარაძე უკვე დამთანხმდაო. მიმიწვია შეხვედრაზე. მივედი და ძალიან ბევრი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა დამხვდა, მოდელი, რომელიც მონაწილეობდა ამ ჩვენებაში. მაკას ვუთხარი, ჩემო კარგო, გაიხედ-გამოხედე, რა დროს ჩემი გამოსვლაა, 18 წლიდან დაწყებული, ერთიმეორეზე ლამაზი გოგონა მონაწილეობს-მეთქი. უცებ ლიკა წამოხტა, რას ლაპარაკობ, ჩვენ ამათ ყველას ფორას მივცემთო. ეს ისტორია იმით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ლიკა როგორ საოცრად გულწრფელი იყო, მეორე მხრივ კი, დღევანდელ სამყაროში, როცა ადამიანები გახდნენ ტანკები და ისე გააქვთ თავი, ალბათ, საჭიროა, ცოტა თვითდაჯერებული იყო…“