სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტუალურია ვიდეო „აუტანელი სიმსუბუქიდან“, სადაც რუსკა მაყაშვილი მშობლის ფუნქციებსა და უფლებებზე საუბრობს.
„შენი შვილი არის შენი შვილი, სანამ არ გახდება სრულწლოვანი. მერეც შენი შვილია, მაგრამ მანამდე გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ მშობლები. ეს ახალი ტენდენცია რომ არის წამოსული, როგორც უნდა, ისე გააკეთოსო, მაგალითად, 4 წლის ასაკში. მას არ უნდა ეს, მას არ მოსწონს ეს… თუ გამარჯობის თქმა არ უნდა, არ თქვას… რატომ, კაცო? მშობელი ეხმარება შვილს, რომ სწორად გაიზარდოს. რატომ არ უნდა თქვას გამარჯობა? მე დედაჩემმა მასწავლა და ჩემს შვილს რატომ არ უნდა შევუსწორო?“, - ამბობს რუსკა.
რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი, მშობლების დაშორების შემდეგ, მოდიოდა და მივყავდით ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი, მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა. თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი, რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი-მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო." - ამბობდა რუსკა.
რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. ისინი ურთიერთობას ორი წელი მალავდნენ. მსახიობი ამბობს, რომ მისი და სანდროს სიყვარული „ერთი ნახვით შეყვარება“ არ ყოფილა. წყვილს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს:
"პირველი შვილი, ილია, რომ გავაჩინე, 31 წლის ვიყავი. ვთვლი, რომ ასაკში გაჩენილი შვილია და დავრწმუნდი, რა დიდი საოცრებაა, როდესაც დედა ხდები. 3 წლისთავზე პატარა გოგო რომ გაჩნდა, ჭკუიდან გადავედი! მეორე ორსულობა ბევრად რთული მქონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ეტყობა, ასაკმა მაინც თავისი ქნა. რომ ვაცნობიერებ, ორი შვილი მყავს, თავი ძალიან მაგარი ქალი მგონია. არადა, ხალხი 6-7 შვილს ზრდის და მათ რაღა უნდა თქვან?! ბედნიერი ვარ, რომ გოგოც მყავს და ბიჭიც, რაღაცნაირად შევკარი ჩვენი ოჯახი.
სიყვარული გაძლიერდა და გაკარგდა. თითოეული ბავშვის დაბადებამ ახალი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა ჩვენს ოჯახში" - ამბობდა მსახიობი.