მსახიობ მანანა აბრამიშვილის პერსონაჟმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, მით უფრო, მისმა მკვლელობამ, მაყურებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მანანა აბრამიშვილი: ისე გამოვიდა, რომ ჩემი პერსონაჟის სიკვდილის დრო მალე მოვიდა. ამას არავინ ელოდა (იცინის). არ ყოფილა ანგელოზი და ტორტის ნაჭერი, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც დაენანათ. კომენტარებს რომ გადავხედე, ეს ვიგრძენი და გამიხარდა. უარყოფითი პერსონაჟი იყო, მაგრამ ლაოში უარესი აღმოჩნდა. საერთოდ, გემოვნებიანი პერსონაჟი იყო და ლაოშის არჩევაში რატომ შეცდა, არ ვიცი (იცინის). ალბათ, ეს ორივე პერსონაჟი იმის კარგი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.
– ამ პერსონაჟთან პარალელის გავლება ცოტა რთულია, მაგრამ მგონია, რომ სიძლიერის თვალსაზრისით გაქვთ საერთო. ძალიან ბევრი რთული პერიოდი გაქვს გამოვლილი...
– კი, ის უშიშარი ტიპი იყო და მე მართლა ასეთი ვარ რეალურ ცხოვრებაში. არცერთი ქალი არ მეგულება, ვისაც უნდა, რომ ძალიან ძლიერი იყოს და ამ თვალსაზრისით, მასზე მაგარი არავინ იყოს. ყველას უნდა, რომ იყოს ქალი, ნაზი, ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს, სასიამოვნო პირადი ცხოვრებითა და კარიერით. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება და მძიმე სიტუაციები და მათგან მიღებული გამოცდილება გაქცევს ძლიერად. მე 21 წლის ასაკში, ცხოვრების არმცოდნე, მარტო დავრჩი ერთი შვილით, მეორეზე ფეხმძიმედ. ცარიელი ხელებით აღმოვჩნდი ჩემი შვილებით ცხოვრების პირისპირ და მივხვდი, რომ მე ვიყავი ის, ვისაც მათი კეთილდღეობის შესაქმნელად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. სკოლაში რომ დადიოდნენ, სულ ვფიქრობდი, რადგან მამა გარდაცვლილი ჰყავდათ, ვინმეს არ დაეჩაგრა, მაგრამ იქვე ვფიქრობდი, მე ისეთი არანორმალური ვარ, ჩემს შვილს რომ ვინმე შეეხოს, გამორიცუხულია, იმიტომ, რომ საშინელ სიგიჟეს ჩავიდენ-მეთქი. მართლა არ მახსოვს, მათ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნოდეთ. ყველაფერს ვაკეთებდი. ყველანაირად ვცდილობდი, მატერიალურად თუ სულიერი თვალსაზრისით, ორივე მშობლის პასუხისმგებლობა მეკისრა. მახსოვდა, ჩემი მოსწავლეობის დროს, ობოლ ბავშვებს როგორ უჭირდათ მატერიალურად და ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა, მომხდარიყო. მოვახერხე კიდეც, ჩემი ვერცერთი შვილი ვერ იტყვის, რომ რამე აკლდათ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერი ჰქონდათ, რაც მათ ასაკში იყო მნიშვნელოვანი. ამას უფლის მადლით ვახერხებდი. იტყვიან ხოლმე, ბავშვი რომ იბადება, ღმერთი იმას თავის დაფინანსებას აყოლებსო და ალბათ, მართლა ასეა. დღეს გაგას ჰკითხავ თუ თეკლას, ორივე გეტყვის, რომ არცერთ მომენტში არ უგრძნიათ უმამობა.
– რა გაძლევდა ძალას ყველაფრისთვის?
– პასუხისმგებლობა ორი შვილის მიმართ. მე უნდა ვყოფილიყავი მათთვის ყველაფერი. დღეს ვუყურებ და მიხარია, იმიტომ, რომ ორივე ისეთი წარმატებულია, თვითონ მოუვლიან ბევრს. როცა დედა ხარ, არ უნდა დაეცე, მყარად უნდა იდგე ფეხზე. უნდა გწამდეს, რომ მარტო არ ხარ, ღმერთის იმედი უნდა გქონდეს. მქონია გამოუვალი მდგომარეობები, მიფიქრია, ახლა რა უნდა ვქნა-მეთქი, მაგრამ სასწაული მომხდარა. ამქვეყნად, სიკვდილის გარდა, გამოუვალი და მოუგვარებელი მდგომარეობა არ არსებობს. ცხოვრების არ უნდა შეგეშინდეს. მე ძალიან ცოტა ხანი მქონდა ეს განცდა. როცა ჩემი მეუღლე ახალი გარდაცვლილი იყო, ძალიან შემეშინდა ცხოვრების. ეს იმდენად საშინელი შეგრძნება იყო, რომ დღემდე ვერაფერს ვადარებ. მოვერიე ამას და მას შემდეგ ცხოვრების აღარასდროს შემშინებია. შიში ძალიან ცუდია, ყველაფერში გიშლის ხელს და ამიტომ არაფრის შიში არ უნდა გქონდეს, მხოლოდ უფლის სიყვარული უნდა იყოს ადამიანის გულში. ბევრჯერ დავმდგარვარ ხატების წინ, მთელი გულით მითხოვია რაღაც და მაშინვე მიგრძნია, რომ ეს მოხდებოდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკუთარ მხრებზე აიღე, ქალურობა არ დაგიკარგავს...
– სხვათა შორის, დღემდე რომ მეორე ნახევრის გარეშე ვცხოვრობ, სულ მეკითხებიან, რატომო. საერთოდ არ ვარ უბედური. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. მე რომ თავს ცუდად ვგრძნობდე, მაშინ ხომ აუცილებლად შევცვლიდი რამეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მეუღლეც გყავდეს და კიდევ მეტი შვილი, თან, მე სულ ვოცნებობდი ბევრ შვილზე, მაგრამ მე ის ჩემი მეუღლე მინდა მყავდეს ცოცხალი, რაც წარმოუდგენელია.
– გამოდის, რომ შენს სიყვარულს უერთგულე...
– თავიდან, რამდენიმე წელი, ამაზე არც ფიქრობ. მერე ძალიან შემეშინდა, კიდევ რომ ასეთი ტრაგედია მოხდეს, მერე რა ვქნა-მეთქი?! რატომ უნდა მოგიკვდეს ადამიანს მეორე ქმარიც, მაგრამ ამის შიში გრჩება. ეს ფიქრებიც ძალიან დიდხანს გამყვა. მერე ბავშვები იყვნენ პატარები და სანამ მათ გავზრდიდი და ფეხზე დავაყენებდი, სხვა ოჯახს ვერ შევქმნიდი. ხდება ასეთი რამეები, მაგრამ ჩემთვის ეს გამორიცხული იყო. ახლა კიდევ იმხელები არიან... (იცინის). კი მეუბნებიან, დედა, გათხოვდიო, მაგრამ მაინც არა (იცინის).
– ამ სიყვარულის ხატი დღესაც გაქვს?
– თუ ვინმე ამას იტყვის, რომ ბოლომდე გარდაცვლილი სიყვარულის ერთგული რჩება, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. მკვდარი აღარ გენატრება, გამორიცხულია. სიყვარული იქ რაღაცნაირად მთავრდება. სანამ ახალი გარდაცვლილია, იმდენად გტკივა, სული ისე გიმწარდება და მას რომ შეეჩვევი, სიყვარულსაც ვეღარ გრძნობ. ახლა ქმარი რომ გამიცოცხლონ, მე მის მიმართ იგივე გრძნობა აღარ მექნება, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ იმ ტრაგედიებისა და სიმძიმეების ფონზე ეს სიყვარული ქრება. ხანდახან გაბრაზებაც მიგრძნია მიცვალებულის მიმართ. დავფიქრებულვარ ამის მიზეზზე და მივმხვდარვარ, რომ რადგან მოკვდა, მასზე გაბრაზებული ვიყავი. შეიძლება გაეცინოს ადამიანს, მაგრამ ასეა. სანამ მე დამემართებოდა ასეთი ტრაგედია, ჩემს ახლო მეგობარს გარდაეცვალა მეუღლე. ყველა მის გვერდით ვიყავით და კი გვტკიოდა, მაგრამ როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა, მერე მივხვდი, სინამდვილეში ეს რა ტკივილი იყო. თუ ეს სიმწარე თვითონ არ გამოგიცდია, ვერ წარმოიდგენ. ქვრივ ქალს მე ყოველთვის ყველაფერს ვპატიობ. ვინ რა გზით ცდილობს ტრაგედიის გადატანას – ვიღაც მალევე ქმნის მეორე ოჯახს და ასეთი შემთხვევა ბევრი მინახავს.
იცი, რატომ? ის სხვანაირად ვერ მოერია ამ ტკივილს. ქართველი ხალხის დამოკიდებულება ხომ ვიცით, ასეთ ქალს „მიწაში ჩადებენ“ ხოლმე, ეს როგორ გააკეთაო?! არადა, ადამიანი ცოცხალი დარჩა და ცდილობს, როგორღაც ცხოვრება გააგრძელოს. მე ამ მდგომარეობიდან ჩემმა შვილებმა და განსაკუთრებით, მეორე შვილზე ორსულობამ გამომიყვანა. ისეთი სიმწარეა, შეიძლება თვითმკვლელობამდეც მიხვიდე, მაგრამ მე ამას ვერ დავუშვებდი, რადგან ჩემს ორგანიზმში ახალი სიცოცხლე იყო და ის როგორ უნდა მომესპო?! მერე ბიჭი რომ გაჩნდა და მამამისის სახელი დავარქვი, ეს ჩემთვის გაგას მეორედ დაბადება იყო, ნამდვილი საოცრება. ამან გადამარჩინა.