ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ცოტა ხნის წინ ეკა რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარი იყო, სადაც ახალ სიმღერაზე C’est La Vie-ზე, საკუთარ შემოქმედებასა და ელდარ შენგელაიას ახალ ფილმზე ისაუბრა, რომელშიც მისი მამა – ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი და შვილიშვილები მონაწილეობენ.
"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ 86 წლის იმედა ერთდროულად ორ ფილმში მონაწილეობს. ელდარ შენგელაიას ფილმის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება, ამასთანავე, უკვე დაიწყო მეორე ფილმზე მუშაობა, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილს განასახიერებს და ძალიან ღელავს. სიამოვნებით გავეცანი გადაღებულ მასალას და ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მამა და ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საოცრად ემოციური ფილმია, განსაკუთრებით, უნივერსიტეტში მისვლის ეპიზოდი, რომელმაც ყველას გული აგვიჩუყა და აგვატირა. ჯანმრთელობას ვუსურვებ მამას, რათა კიდევ დიდხანს შეძლოს ფილმებში მონაწილეობა.
რაც შეეხება ჩემს ახალ სიმღერას, კომპოზიციას, რომელსაც ფრანგულად C’est La Vie, ქართულად კი, „ასეთია ეს ცხოვრება“ ჰქვია, რუსა მორჩილაძემ დაწერა ირინა სანიკიძის ტექსტზე. რუსა ყოველთვის მანებივრებს სიმღერებით, ახალი ნამუშევარი მაჩუქა გასულ ზაფხულსაც, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. რუსას რამდენიმე სიმღერა შევასრულე და ყველამ ერთნაირი პოპულარობა მოიპოვა.
მამასგან განსხვავებით, მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორსა და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა.
ბევრად წარმატებული აღმოვჩნდი მუსიკაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა ბავშვობაში, „მზიურით“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი ნინიმ და ანრიმ შეასრულეს ანრის სოლო-კონცერტზე. ძალიან მინდა საიუბილეო წელს კიდევ ერთი საავტორო საღამოს მოწყობა, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას.
არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა" - ამბობს ეკა კახიანი.