მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ქართულმა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, საცად ის ზაზას როლს ასრულებდა.
მსახიობის ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ მამა ადრე დაეღუპა და დედამ გაზარდა:
"მე უმამოდ გავიზარდე. რვა წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა; ამასთან ერთად, დედაჩემი და მამაჩემი გაშორებული იყვნენ და ფიზიკურადაც არ ვიყავით ერთად. მამის დანაკლისი მიგყვება მთელი ცხოვრება, თითქოს ხელი არ გქონდეს და ფეხი არ გქონდეს, დაახლოებით ასეთი რამეა და სწავლობ ცალი ხელით ცხოვრებას. ბავშვი რომ თვითმყოფად პიროვნებად შედგეს, ამისთვის აუცილებელი კომპონენტია, როგორ არიან ჩართული მშობლები სრულფასოვნად მის აღზრდაში. ხშირად მშობლები ბავშვებთან არიან, მაგრამ არ აქვთ ემოციური კავშირი მშობლებს და შვილებს. ეს ემოციური კავშირის უქონლობა, რაც ჩემი გამოცდილებიდან მახსოვს, უმამობა არის მუდმივი შიში საზოგადოებისადმი, უხერხემლობა, თითქოს არავინ არის ისეთი, ვინც შენ ზურგს გაგიმაგრებს და დაგიცავს. ეს დანაკლისი რომ გამეაზრებინა და მიმეღო, ბევრი დრო დამჭირდა ამისთვის".
გიორგის პირველი მეუღლე მსაიობი ეკა დემეტრაძე იყო. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილი, თომა ჰყავთ.
"ეკატერინე ჩემი კურსელი იყო. მისი ჯგუფის საკურსო სპექტაკლში ჩემი უახლოესი მეგობარი - გიორგი კალანდარიშვილი თამაშობდა. გიორგის სანახავად მისულმა ეკატერინე გავიცანი და მის მიმართ სიმპათია მაშინვე გამიჩნდა. მოგვიანებით ერთმანეთს შევხვდით. სიყვარულში მალე გამოვუტყდი და ოჯახიც მალევე შევქმენით.
როცა ცოლი შევირთე, ცხოვრების მთელ სიმძიმეს ვერ აღვიქვამდი, რაღაცებს ქარაფშუტულად ვუდგებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი იოლი არ იყო, როგორიც მეგონა. როცა ოჯახს ქმნი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ცოლთან სრულყოფილი ურთიერთობა გქონდეს, რომ შვილი სრულყოფილ ადამიანად აღზარდო, მატერიალურ პრობლემებს უნდა გაუმკლავდე... მე და ჩემმა ცოლმა ერთად რთული გზა გამოვიარეთ. რეპეტიციაზე რომ წავსულიყავით, უამრავი დაბრკოლების გადალახვა გვიწევდა. მაგალითად, ხან ისეთ ადამიანს ვერ ვპოულობდით, ვინც ბავშვს დაიტოვებდა, ხან - გზის ფული არ გვქონდა... ხშირად ვსვამდი - ხომ იცი, ქართველებს საქეიფოდ მიზეზი არ დაგველევა. თან, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალს ვერ უსწორებ, ცდილობ, დარდი ალკოჰოლის დახმარებით გაიქარვო. მოკლედ, ასეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მეუღლე ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა" - ამბობდა გიორგი ბოჭორიშვილი.
ეკა დემეტრაძესთან დაშორების შემდეგ მსახიობმა თაკო ვალიშვილზე იქორწინა. თაკო ვალიშვილი „არქიტექტურული ბიუროს“ 25 პროცენტის მფლობელია. სკანდალში ის პირველად მაშინ გაეხვია, როდესაც სოციალურ ქსელებში მისი და ირაკლი ალასანიას ვიდეორგოლი გამოჩნდა. წყვილი პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, ვალიშვილმა ორჯერ მოიგო თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. ერთ-ერთი ტენდერის ღირებულება 100 ათას ლარსაც კი აჭარბებდა. თავად ვალიშვილის განმარტებით, ტენდერში მისმა ფირმამ გაიმარჯვა და მას ამ გამარჯვებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.