პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.
რეპრესიების პერიოდს არაერთი გამოჩენილი ადამიანი შეეწირა - მათ შორის იყო ქართველი დირიჟორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ევგენი მიქელაძე.
ევგენი მიქელაძეს ცოლად ჰყავდა მამია ორახელაშვილის(კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი) ქალიშვილი, ქეთევანი.
19 წლის ქეთევანს თავდავიწყებით უყვარდა ევგენი და მალე ცოლად გაჰყვა. ქორწინება მათ ორი შვილი შეეძინათ, ვახტანგი და თინათინი.
"როდესაც ევგენიმ ცოლი შეირთო, დედამ სახლში პატარა სადილი გამართა. 10 თუ 12 კაცი იყო. მოვიდნენ ევგენი და ქეთუსია. მე ასეთი სილამაზე თვალითაც არ მინახავს..." - იხსენებდა ევგენი მიქელაძის ნათესავი.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მამია ორახელაშვილი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, მისი მეუღლე მარიამი კი - განათლების კომისრად. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას ოპერა ძალიან უყარდა და ევგენი მიქელაძესაც დიდ პატივს სცემდა, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა ევგენიმ ცოლად მამიას ქალიშვილი შეირთო.
ლავრენტი ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს ქეთევანი, მანქანა გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირმიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო...
ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...
შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში. გადასახლებიდან დაბრუნებული საქართველოში გარდაიცვალა...
ცნობილია, რომ სწორედ ქეთევან ორახელაშვილისა და ევგენი მიქელაძის ისტორია გახდა კინოფილმ "მონანიების" ინსპირაცია.