ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი, დირიჟორი კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდნენ, სადაც ისაუბრეს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორი ურთიერთობა და რა სამომავლო გეგმები აქვთ.
„ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს ჩვენი გაცნობის ისტორია. რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და მეგობარმა მოინდომა, რომ ჩემთვის ფოტოსესია გაეკეთებინა და გადამიღო რამდენიმე ფოტო. პიანინოსთანაც გადავიღე ფოტოები, თავიდან არ ვაპირებდი მის ატვირთვას სოციალურ ქსელში, ესეც ჩემმა მეგობარმა მთხოვა. ავტვირთე და, როგორც ჩანს, კარლომ ნახა ეს ფოტო. პირველი კომპლიმენტი იყო Belissimo და დაიწყო ჩვენი საოცარი ისტორია. ამის შემდეგ 3 დღე ვწერდი კარლოს. წარმოდგენა არ მქონდა, ვის ვემესიჯებოდი. 3 დღის მერე მითხრა, ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე არის და ძალიან ვღელავთ. ხვალ შედეგები დაიდება ოსკარზე, დედაჩემის და ჩემი ძმის ფილმია წარდგენილიო. ვიფიქრე, მეორადი როლი აქვს, ალბათ -მეთქი. და ბოლოს აღმოჩნდა სოფი ლორენი. სასიამოვნო შოკი დამემართა. შთამბეჭდავი იყო სოფი ლორენთან შეხვედრა. ძალიან ემოციური, უშუალო და სასიამოვნო“, – განაცხადა მარიამ შარმანაშვილმა.
კარლო პონტიმ თქვა, რომ მიმოწერის შემდეგ, 1 თვეში ჩამოვიდა საქართველოში:
„ისეთი აღელვებული ვიყავი, როდესაც ვნახე... ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედაჩემს მარიამის შესახებ რამდენიმე თვის შემდეგ ვუთხარი და ერთმანეთს პირველად ჟენევაში შეხვდნენ“, – თქვა კარლო პონტიმ.
"კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.
ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება" - ამბობდა მარიამ შარმანაშვილი.