- ეს ასეა ჩაფიქრებული, საქმეს სჭირდება. ჯერჯერობით მინდა მიყვარდე ყველა შენი «არათი», რომ მერე ერთად მომეძალოს შენი ყველა «ჰო», - თქვა და მრავლისმეტყველად შემომხედა.
- ეს ფრაზა შენ გეკუთვნის თუ სადმე ამოიკითხე? - ეშმაკურად შევხედე.
- არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? ხომ შეიძლება, ორ ადამიანს ერთნაირი აზრი მოუვიდეს თავში? იქნებ ჩემდა უნებურად მოვპარე კიდეც სხვას. არა უშავს, თუ ასეა, მაპატიებს «ორიგინალის» ავტორი, თუმცა მაინც მგონია, რომ მე მეკუთვნის, - ნიშნის მოგებით მოკუმა ტუჩები.
- რომ იცოდე, რა საყვარელი ხარ, თბილი, თბილი, თბილი, - მისკენ გადავიხარე.
- ამ სითბოს შენ მაწვდი მხოლოდ და მხოლოდ და… იცი, რის მაგივრად? - ისე დააყოლა ბოლოს, ვიცოდი, რაღაც «უბედურებას» იტყოდა.
- არ ვიცი, მითხარი.
- მზის სხი-ვე-ბის, - დამარცვლით წარმოთქვა და გემრიელად გაიცინა.
- რა არის აქ სასაცილო? - მიამიტურად გავიკვირვე.
- რა ვიცი, ვიფიქრე, ბანალურობაში ჩამითვლის-მეთქი.
- არა, სულაც არ არის ბანალური. ასეთი რამ პირველად მესმის.
- ესე იგი, ჩემს სასიყვარულო ლექსიკონში პროგრესი იგრძნობა… ძალიან ლამაზი ხარ, სოფი… კარგია, რომ ბუნებამ სილამაზით დაგაჯილდოვა და არა მარტო სილამაზით.
- არც შენთვის დაუკლია ბუნებას ჯილდო.
- რას მელაპარაკები, მაინც რითი?
- ჩემნაირი «დაჯილდოებული» ქალით, - კეკლუცად გავიცინე და მხარზე დავადე თავი.
მოულოდნელად თმაზე მისი ტუჩების შეხება და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი.
- მიყვარხარ, სულელო, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ, - აღგზნებით მიჩურჩულა.
სასიამოვნო ტალღამ სხეულში დამიარა, ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა მკერდის ღარი.
- მინდა გავწელო შენთან დაახლოების დრო, რაც შეიძლება დიდხანს. მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ შენ ამისთვის მზად ხარ და არა მარტო შენ… ისიც. არ მინდა, სხვისი ოცნების ქალი გახდეს ჩემი ცოლი, გესმის? - იმავე ხმით გააგრძელა ბექამ.
წამით გავქვავდი. რამდენი ხანია, «ის» არ უხსენებია. აი, თურმე რაშია საქმე, რა აღელვებს. შემეცოდა.
- მე შენ არ დაგაღალატებ, ბექა, მეყო, რა სისულელეებიც ჩავიდინე, - არ გავნძრეულვარ, ისე ჩავილაპარაკე.
- ეჰ, სოფი, სოფი… ქალების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი სჩადის სისულელეს, მაგრამ მეასე პროცენტი მამაკაცებზე ეშმაკი გამოდგება ხოლმე, - თქვა და ისე ამოიხვნეშა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო.
- მაინცდამაინც იმ ერთ პროცენტში რატომ მიგულისხმე? - თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე.
- იმიტომ, რომ სწორედ იმ ერთ, ყველაზე ჭკვიანი ქალების პროცენტს განეკუთვნები, - მითხრა და მზერა ამარიდა, - მე, შენ და სანდრო სიყვარულის სამკუთხედს ვქმნით, ძალაუნებურად ასე გამოდის. მე კი არ მინდა ამ სამკუთხედში ბისექტრისას როლში აღმოვჩნდე ან არასაჭირო გვერდი ვიყო.
- სამკუთხედს იმიტომ ჰქვია სამკუთხედი, რომ ყველა გვერდი სჭირდება, - ყრუდ ვთქვი, - ერთადერთი გამოსავალი ისაა, დაიშალოს სამკუთხედი.
- ჰო.
- მე დავშლი მას, პირობას გაძლევ და დავშლი ჩემ სასარგებლოდ.
- მხოლოდ შენ სასარგებლოდ? - ისე ფრთხილად იკითხა, მივხვდი, რისი გაგებაც სურდა.
- ჩვენ სასარგებლოდ - შენ და ჩემ სასარგებლოდ. ხომ იცი, რომ არ მოგატყუებ, - ისევ გავუყარე თვალი თვალში.
ნაღვლიანად გამიღიმა.
- ვიცი, ტყუილი ხომ ღალატის ტოლფასია, შენ კი ღალატი არ გჩვევია, - თქვა და მხრებში ხელი ჩამავლო, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაკვდა…
8 8 8
ვინ თქვა, კოცნას სურნელი არა აქვსო. მთელი საღამო ბექას კოცნის სურნელი არ მომშორებია, მისი ტუჩების სიტკბოსაც ვგრძნობდი ამავდროულად. არც მივახშმია და არც ჩაი დამილევია, სარკესთან მოკალათებული კმაყოფილებით ვილოკავდი ბაგეებს, თან ზედა ტუჩს ცხვირს მივუშვერდი, რომ უფრო შემეგრძნო და დიდხანს გამყოლოდა იმ კოცნის სუნი და გემო.
ტელეფონმა დარეკა. პატარა გოგონასავით ვისკუპე სკამიდან და ყურმილს მივვარდი, ბექა მეგონა. მართალია, თუ მორიგე არ ვიყავი, ისე არც მირეკავდა და არც მიმესიჯებდა, მაგრამ ეს საღამო რაღაცით გამორჩეული იყო სხვებისგან და ამიტომაც ვიფიქრე, რომ ის იქნებოდა. არავინ მიპასუხა. უსიამოვნოდ გამკრა, სანდრო არ იყოს-მეთქი. გულისცემა ამიჩქარდა. ხომ არ მამოწმებს? ახლა დაკიდებს ალბათ და ბექასთანაც დარეკავს, იმასაც შეამოწმებს. იქნებ ვცდები? იქნებ ვიღაცას შეეშალა? მაშინ რატომ არ მიპასუხა?
დუმილი ყურმილს იქიდან რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე კი წყვეტილი ზუმერი გაისმა ტელეფონში.
ისევ სარკესთან გადავჯექი და საკუთარი თავი შევათვალიერე. მართლა ლამაზი ვარ, მე თვითონაც მსიამოვნებს, როცა ჩემს ორეულს ვუცქერი. საცოდაობა არ არის, ასეთი სხეული უკაცობას განიცდიდეს? მას ხომ ახლა, სწორედ ამ ასაკში სჭირდება მამაკაცის ვნებიანი მკლავები, მოფერება, ალერსი… სექსი, ბოლოს და ბოლოს! რას ვუცდი? რა მიშლის ხელს? ბექას ხომ ვუყვარვარ, ვუნდივარ… იქნებ ლოგინმა უფრო დაგვაახლოვოს? სანამდე გაწელავს პაუზას? როცა ერი ლოთდება, სახელმწიფოს «მშრალი კანონი» შემოაქვს. ბექამ კი «მშრალი სექსის კანონი» დამიწესა. ნუთუ მოჭარბებული ვნების გამო? მე უფრო ძალიან მინდა მასთან დაწოლა თუ მას? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ მე ძალიან მინდა. ხომ არ დავურეკო და მოვიყვანო? არ ჯობია, მოსახდენი დროზე მოხდეს? არა, არა, რა სისულელეა, ამას არ ვიზამ. არ იფიქრებს ბექა, ეს ვინ ყოფილაო?
ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. ამრეზით გადავხედე აპარატს. ჯინაზე არ ვუპასუხებ, რეკოს რამდენიც უნდა. კარგა ხანს ისმოდა ზარის ხმა, მე კი ადგილიდან არ დავძრულვარ. ბოლოს შეწყდა, მაგრამ ახლა მობილური ამღერდა. ჩანთას ვეცი, ეკრანს დავხედე, ბექა მირეკავდა. ნუთუ ჩემი ფიქრები გამოიცნო? ათრთოლებულმა დავაჭირე ღილაკს თითი, რაღაც ჯერარგანცდილის მოლოდინში.
- ყურმილს რატომ არ იღებ, არ ხარ სახლში? - მისმა სასიამოვნო ბარიტონმა გული გამითბო.
- როგორ არა ვარ, მაგრამ ვიწექი და დამეზარა ადგომა, - ვიცრუე, - ახლა დარეკე და ავიღებ.
- არა, იყოს. ერთი ამბავი მაქვს შენთვის, ოღონდ არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა.
- მითხარი, - დავიძაბე, ასეთი რა აქვს სათქმელი?
- დედაჩემი ხვალ საღამოს ვახშამზე გეპატიჟება, შენი გაცნობა უნდა.
- რას ამბობ, - ღაწვები გამიხურდა ამის გამგონეს.
- რა ვქნა, სოფი, ჩემი ბრალი არ არის. გინდა თუ არა, მოიყვანეო, რა ვუთხრა?
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. სიჩუმე გაიწელა.
- ალო, სოფი, ალო! გესმის ჩემი? - მესმოდა მისი შეცვლილი ხმა.
- მესმის, ბექა, მესმის. წამოვალ, რა თქმა უნდა, მაგაზე დაფიქრება შეიძლება?
- მე კი მომეჩვენა, რომ დაფიქრდი.
- არა, არა, უბრალოდ… არ ველოდი და…
- აი, ხომ ხედავ, ცხოვრება როგორი სიურპრიზებით არის სავსე. კარგი, მეტს აღარ შეგაწუხებ, ხვალისთვის მოემზადე. აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო.
- რა საძაგელი ხარ, - სიცილი ვერ შევიკავე, - რა უთხარი ამისთანა, რომ ჩემი გაცნობა მოისურვა? - ცნობისმოყვარეობამ მძლია.
- ერთი გოგო ძალიან მაბრაზებს-მეთქი. ჰოდა, მაიყვა, გამაცანი და ჭკუას ვასწავლიო.
- …
- რა იყო, ხომ არ შეგეშინდა, ლამაზმანო?
- ცოტა. ხვალიდან ვეცდები, აღარ გაგაბრაზო, - სითბო ჩამეღვარა სხეულში.
- ჰოდა, მოემზადე გადამწყვეტი რაუნდისთვის.
- კარგი, - ბედნიერმა ჭაღს გავუღიმე, ბექას დავემშვიდობე და მობილური გულში ჩავიხუტე.
8 8 8
დილით ჩვეულ დროს გამოვცხადდი სამსახურში. ასეთი გამოპრანჭული ალბათ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, თან საშინლად ვღელავდი. არავის გამოპარვია ჩემი «საგანგებო მდგომარეობა». «რა ლამაზი ხარ, სოფიო», «რა ხდება? სად მიდიხარ?» «ვა, რა სხვანაირი ხარ?» - ამ სიტყვებით შემხვდნენ თანამშრომლები. მეც ვიფერებდი კომპლიმენტებს და კეკლუცი ღიმილით ვიხდიდი მადლობას. სანდროს ჩემ დანახვაზე თვალები გაუშტერდა. აშკარად ძლიერი ეფექტი მოვახდინე მასზე. გამომწვევად შევხედე და გვერდი ისე ავუარე, მივახვედრე, ეს ყველაფერი შენ არ გეკუთვნის-მეთქი. ბექას კაბინეტს მივუახლოვდი, დავაკაკუნე და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე შევედი. თავი ასწია, შემომხედა და გაშეშდა.
- ნუთუ?.. - მხოლოდ ეს თქვა.
- ნუთუ, - ვუპასუხე მეც.
- ჩათვალე, რომ ქალბატონი ანიკო უკან აღარ გამოგიშვებს, - კმაყოფილმა წარმოთქვა და წამოდგა, ჩემკენ გამოემართა.
- მეც დავრჩები, რა მენაღვლება.
მომიახლოვდა, თავი ჩემკენ გადმოხარა და ჰაერი შეისუნთქა.
- არომატი, არომატი… სიმართლე გითხრა, მე შენი ბუნებრივი სურნელი უფრო მომწონს, - ჩურჩულით მითხრა.
- ესე იგი, მოვეწონები დედაშენს?
- მას უკვე მოსწონხარ, ამიტომაც როგორ ფორმაშიც უნდა იყო, მნიშვნელობა არა აქვს.
- როგორ მოვწონვარ, როცა ერთხელაც არ ვუნახივარ?
- როგორ და ჩვეულებრივად. მე და დედას ერთნაირი გემოვნება გვაქვს, - ხმამაღლა გაიცინა, - მთავარია, შენც მოგეწონოს.
- გამოდის, რომ მეც მომეწონება.
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა. მე და შენც ხომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს, - მაცდურად შევცინე.
- იცი? მე დღეს მორიგე ვარ, ასე რომ, შენ და დედაჩემს მარტო მოგიწევთ ყოფნა.
- ხუმრობ? - შევცბი.
- არ ვხუმრობ, მართლა გეუბნები. მიგიყვან, ცოტა ხნით დავრჩები და მერე წამოვალ.
- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ, ბექა? - წინასწარ წარმოვიდგინე, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და გამაცივა.
- არა, ის დღეს გელოდება. მას ასე სურს. რა მოხდა მერე, ბოლოს და ბოლოს, აქედანვე ხომ უნდა მიეჩვიო იმას, რომ ოდესმე უჩემოდაც მოგიწევთ ერთად ყოფნა? - საზეიმო ხმით თქვა და გაღიმებულმა თმაზე გადამისვა ხელი.
გავწითლდი…
8 8 8
მომეჩვენა, რომ ჩემ დანახვაზე ბექას დედას სახე შეეცვალა, ჩრდილმა გადაურბინა. არ მესიამოვნა. ასეთ შეხვედრას არ მოველოდი. უმწეოდ გადავხედე მოღიმარ ბექას.
- ეს ის არის? - ცივი ხმით იკითხა ქალმა, თან თვალს არ მაშორებდა.
- ის არის, კი, - თავი დააქნია ბექამ.
გეგონებოდა, თითქოს ჩემი გარეგნობის შეშურდაო, მაგრამ თვითონ ისეთი ლამაზი იყო, ენით ვერ აწერდი. აი, თურმე ვისი თვალები გამოჰყოლია ბექას, ვის ჰგავს ასეთი კარგი. ქალს მაღალი, მოხდენილი თეძოები ჰქონდა, დიდი მკერდი და არისტოკრატიული მიხვრა-მოხვრა.
ქალბატონი ანიკო, თითქოს ფიქრებიდან გამოერკვაო, უცებ დატკბა.
- მოდი, შვილო, მოდი, კეთილი იყოს შენი მობრძანება, - მითხრა და წინ გამიძღვა.
მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. რატომ შემხვდა ასე? რა არ მოეწონა? ზედმეტად გადაპრანჭული ხომ არა ვარ? ვულგარულად ხომ არ გამოვიყურები? შეგნებულად ჩავიცვი გრძელი კაბა, გულდახურული, რომ სადად გამოვჩენილიყავი. რა გამოვიდა? აშკარად რაღაც ცუდი გაიფიქრა, რომ შემომხედა, მაგრამ რა? ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა.
- აგერ დაჯექი, გენაცვალე, ახლავე მოგხედავ, - კეთილად გამიღიმა ქალმა და სკამზე მიმითითა.
- თქვენ დასხედით და მე მოგემსახურებით, - «სიტყვით გამოვიდა» ბექა, - როგორც ყოველთვის, ჟასმინის ჩაი, ქალბატონო ანიკო, არა? - ხუმრობანარევი ოფიციალურობით მიმართა დედას.
- ჰო, შვილო, წყალი უკვე ადუღდებოდა, გადმოდგი ჩაიდანი, - გასძახა სამზარეულოსკენ მიმავალს.
სუფრა გაშლილი დამხვდა. ოთხნაირი ლამაზი ნამცხვარი შევნიშნე მაგიდაზე და კიდევ ანტიკვარიული ჭურჭელი - თეთრი, ქათქათა, შავზოლიანი თეფშები და ჩაის ჭიქები.
- მინდოდა, პირველ შეხვედრაზე სიტკბოთი დაგხვედროდი. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ ვეცადე, - ისევ გამიღიმა მომავალმა სადედამთილომ, - ხომ დალევ ჩაის?
- დიახ, - მოკლედ მოვჭერი, ძალიან შებოჭილად ვგრძნობდი თავს.
მიმოვიხედე. ბინა უზადო გემოვნებით იყო მოწყობილი, ჭერი, კარ-ფანჯარა და ძველებური ყაიდის ავეჯი თეთრ ფერებში იყო, ხოლო კედლები, ფარდები და სამეული - შინდისფერში. ულამაზესი ანტიკვარიული ლარნაკები და ფაიფურის ფიგურები ამაყად იწონებდნენ თავს შეფერილმინიან ვიტრინაში. ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ორი დიდი ტილო მდიდრულ იერს ჰმატებდა სასტუმრო ოთახს.
- ისეთი ჩაი დავაყენე, მტერსაც კი დაუბრმავებს თვალს, - ბექამ სამისთვის განკუთვნილი ცხელი ჩაი სინით შემოიტანა.
- იქ შოკალადებია, მაცივარში, შვილო, არ დაგავიწყდეს, - ქალბატონი ანიკო სინიდან ფინჯნების მაგიდაზე გადმოლაგებას შეუდგა.
- ეწევი, სოფი? - მკითხა და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს ჩემს სულში ჩაძრომას ლამობსო.
- არა, არ ვეწევი, - მორიდებით ვთქვი.
- კარგია, რომ არ ეწევი. ჩემი ბექაც არ ეწევა. მე კი მომკლა ამ სიგარეტმა, ვერა და ვერ გადავეჩვიე. რაც ქმარს გავშორდი, იმის მერე დავიწყე, თექვსმეტი წელია უკვე.
შევეცადე, გაოცება არ შემტყობოდა. არ ვიცოდი, თუ ბექას მშობლები გაშორებული იყვნენ.
- შენ გყავს დედ-მამა? - ისევ ისე გამბურღა მზერით.
- დიახ… ამჟამად მოსკოვში არიან, მამას იქ ბიზნესი აქვს ჩემს ძმასთან ერთად, დედა კი უვლის, - წამწამები დავხარე, ვერ გავუძელი მისი თვალების «შემოტევას».
- და ასეთი წარმტაცი გოგონა მარტო დაგტოვეს? - გაიღიმა.
- ჰო. მორიგეობით ჩამოდიან ხოლმე, ახალ წელს კი ყველანი ერთად ვიკრიბებით.
- გადაიღე რამე, ყველაფერი გემრიელია, რასაც ხელს მოკიდებ, თვითონ გამოვაცხვე.
- მართლა? - გამოვცოცხლდი, სალაპარაკო თემა მომეცა, - ისეთი ლამაზი ნამცხვრებია, აშკარად ეტყობა კარგი კულინარის ხელი, - ვთქვი და ერთი ნაჭერი გადმოვიღე.
- ეჰ… თავის დროზე, როცა ძალიან მიჭირდა, ვაცხობდი და საკონდიტროში ვაბარებდი. მერე ბექას მამას მივთხოვდი და აღარ დამჭირვებია, მხოლოდ ამათთვის თუ შევიწუხებდი თავს.
- დე, მე ახლა ჩაის დავლევ და დაგტოვებთ, თორემ მომხსნიან სამსახურიდან, - ბექა შოკოლადით სავსე ვაზით შემობრუნდა, - სოფი, შენ ხომ არ გამიბრაზდები?
- არა, რას ამბობ, - უხერხულად შევიშმუშნე.
საუბარი მაინცდამაინც ვერ აეწყო. ქალბატონი ანიკო გამომძიებელივით მისვამდა შეკითხვებს, ჩემი ცხოვრების ამბებით ინტერესდებოდა - ოჯახი, მშობლები, სამსახური… მეც სკოლის მოსწავლესავით ფრთხილად ვცემდი პასუხს იმის შიშით, რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა და არ «ჩავჭრილიყავი». ცოტა ხნის მერე ბექა წამოდგა, მოგვიბოდიშა, უნდა დაგტოვოთო, დედას აკოცა, მე თვალი ჩამიკრა და წასასვლელად გაემზადა.
- დამირეკე, წასვლას რომ დააპირებ, - მითხრა დედის ზურგს უკან მდგარმა ბექამ.
- მობრუნდები, შვილო? შენ უნდა გააცილო სოფი? - ანიკო შვილისკენ შეტრიალდა.
- არა, არა, რა საჭიროა, მე ხომ მანქანით ვარ, - ავწრიალდი.
- მაშინ, სახლში რომ მიხვალ, დამირეკე, - იდუმალი ღიმილი გამოეხატა ბექას სახეზე.
- დაგირეკავ, - სახე შემეფაკლა მისი ღიმილის შემხედვარეს.
ბექა წავიდა. დავრჩით მე და ქალბატონი ანიკო მარტო. ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შიშით თვალს ვერ ვუსწორებდი ქალს, ასე მეგონა, თავისი გამოხედვით მაკონტროლებდა.
- ალბათ შეამჩნიე, როგორც შეგხვდი, არა? - ხელზე ხელი დამადო ანიკომ. ფაფუკი, რბილი ხელისგული ჰქონდა.
- ჰო, - ალმური წამეკიდა.
- რომ დაგინახე, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა… საშიში სილამაზის პატრონი ხარ, სოფი, არ დაგიმალავ. ასეთი სილამაზე დამღუპველია ქალისთვის. ერთ დროს მეც ჩამადენინა სისულელე ჩემმა გარეგნობამ. ღმერთმა იმისთვის შექმნა ლამაზი ქალი, რომ მამაკაცებს შეუყვარდეს. ეს კი რთული მომენტია ქალისთვის. ამ დროს იბნევა, არ იცის, რომელზე შეაჩეროს არჩევანი. ჭკვიანი ქალი არასდროს შეიყვარებს მამაკაცს, მხოლოდ ჩვენ, სულელები თუ წამოვეგებით ხოლმე ანკესზე.
გაოცებულმა შევხედე.
- ნუ მიყურებ, ასე, სიმართლეს ვამბობ. ახალგაზრდობაში ისეთი ვიყავი, თვალს ვერ მაშორებდნენ კაცები, მოსვენება არ მქონდა. ვერც ერთის შეყვარება ვერ შევძელი, თავი მქონდა მათგან გაბეზრებული. ავდექი და ყველაზე ღირებული შევარჩიე მთხოვნელთა შორის. უსიყვარულოდ გავთხოვდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდი, უზრუნველი ცხოვრება მელოდა ვაჟას ხელში. ასეც იყო. მართალია, არ მიყვარდა, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემდი. რაღაც გრძნობა თანდათან მაინც მოვიდა. მერე დაიბადა ბექა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. იმდენად ძლიერი იყო შვილის სიყვარული, ქმარი საერთოდ დამავიწყა. მის გვერდით ცხოვრება ჩემთვის მხოლოდ ცოლის მოვალეობის შესრულება გახდა. ნამდვილი სიყვარული კი მერე მეწვია, მოგვიანებით, ეს გრძნობა მაინც ვერ ავირიდე თავიდან. ვერ ვძლიე ცდუნებას, ვერ ვაჯობე საკუთარი ხორცის ამბოხს და ვუღალატე ვაჟას… მან არ მაპატია და წავიდა, მიგვატოვა, დავშორდით ერთმანეთს.
- ქალბატონო ანიკო, რატომ მიყვებით ამას… - ისე ვიყავი დათრგუნული, კანკალმა ამიტანა, - რა საჭიროა, მე ეს ვიცოდე.
- საჭიროა, შვილო, საჭირო… ბექამ იცის ყველაფერი, მისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს. გიყვები იმიტომ, რომ აქედანვე იცოდე, რა გამოცდის მოწყობა შეუძლია ცხოვრებას. ქალების უმრავლესობა იმიტომ კი არ ღალატობს ქმარს, რომ მათი გრძნობა ძალიან ძლიერია, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათი სისუსტეა უფრო ძლიერი. ამიტომაც სარგებლობენ ქალებში მეტი წარმატებით ფხიანი მამაკაცები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სილამაზით არ გამოირჩევიან. არ მინდა, ჩემნაირი შეცდომა სხვასაც მოუვიდეს, მით უმეტეს ადამიანს, რომელიც შეიძლება ხვალ-ზეგ ჩემი ოჯახის წევრი გახდეს. ბექას რომ მსგავსი გადახდეს, ვერ გადავიტან. ამიტომაც გიყვები. თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ ნამდვილად გიყვარს, საკუთარ თავზე მეტად გიყვარს, ნუ გადადგამ ასეთ ნაბიჯს.
- ნანობთ? - გავბედე, მეკითხა.
- ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვნანობ. თუმცა ნებისმიერი ქალის შეცდომაში წვლილი აუცილებლად მიუძღვის ქმარსაც. ვნანობ, რადგან ოჯახი დავანგრიე, მეგონა, ის ცოლად შემირთავდა, სულ ერთად ვიქნებოდით, იმან კი… იცი, რა მითხრა? შვილი ქმარს დაუტოვე და ისე წამოდი ჩემთან, ბავშვიან ქალს დედაჩემს რძლად ვერ დავუსვამო. ჩემმა მეუღლემ კი არაფერი გააკეთა იმისთვის, შევენარჩუნებინე, გონიერება არ ეყო, არც ძალა… ერთი რამ დაიმახსოვრე, სოფი… ქალის ყველაზე დიდი უბედურება მისი ცხოვრების მამაკაცია, რომელიც არავინ იცის, რა დროს გამოჩნდება, როდის დაგანახვებს თავს… ხანდახან ისე აღფრთოვანდები ერთით, გგონია, რომ ეს ის არის, ის ერთადერთი, ვისაც ელოდი, მერე კი, გავა დრო და ხვდები, რომ თურმე სხვა ყოფილა, ის სხვა, რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა სრულიად უადგილო ადგილას.
მოსმენილმა შემძრა. გაქვავებულივით ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი.
- არადა… ის დღესაც უცოლოა… ცხოვრობს მარტო და პატრონი მომკითხავი არ ჰყავს…
ერთხანს ჩუმად ვიჯექი, რაღაცას ვაანალიზებდი ჩემთვის. მერე თავი ავწიე და ქალბატონ ანიკოს ჯიქურ გავუსწორე თვალი.
- მე დარწმუნებული ვარ ჩემს სიყვარულში, ჩვენ შორის ღალატი არასდროს იქნება.
- არასდროს… - ჩაფიქრებულმა ქალმა თეფშს დახედა, - მიხარია ამის გაგონება… შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომლის სახელიც, როგორც შეყვარებულის, პირველად გავიგონე ჩემი შვილის პირიდან. ამიტომაც მეშინია…
8 8 8
თავზარდაცემული დავბრუნდი შინ. ქალის ნაამბობმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ის მართალი იყო. ბექა ახლახან გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სულ რამდენიმე თვეა, სანდრო კი წლების განმავლობაში მიყვარდა. ვიყავი კი საკუთარ თავში დარწმუნებული? შევძლებდი კი, ბექასთვის ბედნიერება მიმენიჭებინა?..
გარეთ თავსხმა წვიმა იყო. ყური მივუგდე წვეთების ხმაურს. ავისმომასწავებელი იყო ეს ხმა, უსიამოვნო… ბექას მობილურზე დავურეკე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლში მშვიდობით დავბრუნდი-მეთქი. გაუხარდა. მეც კმაყოფილი ვიყავი საღამოს შეხვედრით. ამ დროს ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ავიღე. ხმას არავინ იღებდა. გაბრაზებულმა ყურმილი ბერკეტზე დავახეთქე. ტანსაცმელი გავიხადე, პირსახოცის ხალათი ჩავიცვი და ის იყო, აბაზანაში დავაპირე შესვლა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. არავის ველოდი, ვიფიქრე, მეზობელია-მეთქი და შემოსასვლელისკენ გავემართე. არც გამიხედავს სათვალთვალოში, ისე გავაღე კარი და გაოგნებული ადგილზე გავშეშდი… ერთიანად სველი სანდრო წინ გაშვერილი ხელით სადარბაზოს კედელს დაყრდნობოდა…
თავი ასწია და შემომხედა, ნასვამი მომეჩვენა.
- მარტო ხარ?
* * *
სანდრომ ამღვრეული თვალებით ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, მერე კი ჩემზე გადმოიტანა მზერა, ინტერესით შემათვალიერა. არყის მძაფრი სუნი მეცა.
- აქ იმის გასაგებად მოხვედი, მარტო ვარ თუ არა? - უხეშად შევუბრუნე კითხვა.
- არა, შენთან ლაპარაკი მინდოდა. სხვათა შორის, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი იყავი… არ შემომიშვებ?
- მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მით უფრო, როცა ნასვამი ხარ.
- ცდები, გაქვს და თანაც ძალიან ბევრი. მერე რა, რომ ნასვამი ვარ, დიდ დროს არ წაგართმევ, არც არაფერს დაგიშავებ, ნუ გეშინია.
- სულაც არ მეშინია, - ხელები გადავიჯვარედინე, რომ კანკალი შემეკავებინა.
- თუ არ შემომიშვებ, ძალით შემოვალ, იცოდე, - ხმას აუწია და ერთი ნაბიჯით ახლოს მოიწია.
მივხვდი, რომ სხვა გზა არ მრჩებოდა.
- მობრძანდი, - გაგულისებული განზე გავდექი და გზა დავუთმე, თან ერთიანად ავცახცახდი, ძრწოლამ ამიტანა.
არ ვიცი, რა იყო ეს - შიში თუ ქვეცნობიერი მოლოდინი რაღაც იდუმალის მოხდენის? ყოველი შემთხვევისთვის, კარი მხოლოდ მივხურე, არ დამიკეტავს და მაშინვე მივხვდი, რომ შიში იყო, მხოლოდ შიში…
- ლამაზად მოწყობილხარ, შეცვლილია აქაურობა, - გაიხედ-გამოიხედა სანდრომ და პირდაპირ საწოლზე ჩამოჯდა.
ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე, ქამარი შევიკარი და იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი, ფეხებში ძალა მელეოდა.
- მთელი საათია, გირეკავ… სად იყავი? - კუშტად შემომხედა.
- ჯერ ერთი, რა შენი საქმეა და მეორეც, როცა რეკავ, ხმა უნდა ამოიღო.
მზაკვრულად ჩაიცინა.
- ჰმ, მიხვდი, არა? ესე იგი, მელოდი, რადგან მიხვდი.
- არ გელოდი, მე შენ დიდი ხანია, არ გელოდები, აღარ გელოდები, არა! - ჯიუტად ვიმეორებდი ჩემსას.
- ის სამსახურშია, შენ სად დადიხარ ამ დროს?
- ძალიან გაინტერესებს? გეტყვი… მასთან ვიყავი სახლში, - გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე, სურვილმა მომიარა, გამებოროტებინა.
- მასთან სახლში? იქ რა დაგრჩენია უიმისოდ? - აშკარად არ დამიჯერა.
- დედამისი გავიცანი.
- ო-ჰო! ძალზე სერიოზულად ყოფილა საქმე, თუ ასეა. რაო მერე, მოეწონე დიდად პატივცემულ ქალბატონ ანიკოს?
- რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვი, რამ მოგიყვანა აქ? - თანდათან მელეოდა მოთმინება, წონასწორობიდან გამოვდიოდი, შიში თითქოს სადღაც გაქრა.
- შენმა სიყვარულმა, სხვა რა მომიყვანდა. შენ ხომ გიყვარვარ, ჰოდა, მეც მოვედი.
- მე შენ უკვე დაგასამარე, აღარ არსებობ ჩემთვის.
- რას მელაპარაკები! რამდენიც უნდა მიმტკიცო, აღარ მიყვარხარო, არ დაგიჯერებ, ხომ იცი. ეგეთები არ გამოგივა.
- უკვე გამომივიდა, ასე რომ, შეგიძლია გაიხურო კარი და წახვიდე.
- ასე ადვილად ვერ დააღწევ თავს ჩემგან. ეს თამაში შენ წამოიწყე და შენვე გააგრძელებ, იცოდე, ოღონდ ჩემთან ერთად.
- მორჩა თამაში, მე შენ არ მაინტერესებ, აღარ არსებობ ჩემს ცხოვრებაში.
- მაგით რა გინდა თქვა? კაცი გადამრიე, ჭკუიდან შემშალე, ყველაფერი თავიდან დამაწყებინე და ახლა მოგინდა ყველაფრის დავიწყება? შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ თუ ადამიანი ერთხელ გამოძვრა თავისი ტყავიდან, მერე უკან ვერ შებრუნდება. გასაგებია?
- ასე გველებმა იციან და არა ადამიანებმა.
- შენც ჩათვალე, რომ გველი ვარ.
- ეგ ისედაც ნათელია, - ამრეზით ავიჩეჩე მხრები.
- ჰოდა, ისე მოვიქცევი, როგორც გველს სჩვევია, - მუქარის ტონით წარმოთქვა, წამოდგა და ჩემკენ დაიძრა.
ელვის სისწრაფით წამოვხტი და ჰოლისკენ გავქანდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, გამომეკიდა, დამეწია და მკლავები ძლიერად შემომაჭდო. აძაგძაგებული კედელს ავეკარი. იქვე მიმაწყვდია, კართან. ხელები დამიჭირა და კოცნა დამიწყო. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. ვცდილობდი, გავსხლტომოდი, მაგრამ უშედეგოდ. ხალათი გადამეღეღა, შიშველი მკერდი გამომიჩნდა. თავს ცოფიანივით ვატრიალებდი აქეთ-იქით, რომ მისი ტუჩები ამერიდებინა, ის კი ჟინმორეული ხვნეშოდა, აზარტში შესული მკოცნიდა ყელზე, მკერდზე, მკლავებზე, თან ხმაურიანად, ხარბად ისრუტავდა ჩემი სხეულის სურნელს. მერე ხალათი მხრებზე გადამიწია, მკერდი მთლიანად მომიშიშვლა და სველი ტუჩებით დაუწყო ალერსი - მბრძანებლურად და ოსტატურად, სწორედ ისე, როგორც მას ჩვეოდა, სწორედ ისე, როგორც ერთხელ იქ, მაშინ, წლების წინ… მან იცოდა, როგორ მომფერებოდა, როგორ დაეხვია ჩემთვის თავბრუ, მას არ დავიწყებია ეს. სხეულში ტკბილი კრუნჩხვის ტალღამ დამიარა, სიამოვნებისაგან თვალები დამებინდა, თრთოლვამ მომიცვა, წამით თითქოს დავყევი კიდეც მის ნებას, მაგრამ გონება ჯერ კიდევ მემორჩილებოდა და წინააღმდეგობის გაწევა არ შემიწყვეტია. ცალი ხელი წელზე ჰქონდა ჩემთვის შემოხვეული, მეორეთი შიშველ ბარძაყზე მიჭერდა. ისე დამცხა, ოფლმა დამასხა. სუნთქვა გამიძნელდა, თითქოს ვიხრჩობოდი. მაინც ვეწინააღმდეგებოდი. ვიცოდი, რომ ალერსზე ალერსით არ უნდა მეპასუხა, არ მქონდა ამის უფლება. არა, ბექას გამო არა, იმწუთას ბექა არაფერ შუაში იყო, მასთან არ მინდოდა, მასთან არ შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა და მორჩა! მე იგი აღარ მიყვარდა და ჩვენი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელი იყო. მე აღარ ვიყავი მასთან დამბრუნებელი.
თვალები დავხუჭე. თავზე თითქოს ცეცხლი მეკიდა. მისი ხელები ხან აქ აღმოჩნდებოდა, ხან იქ, სადაც მოესურვებოდა, იქ დაეხეტებოდა. ახვნეშებული, გახელებული მამაკაცი თითქოს ხარბად იკვლევდა იმ ადგილებს, რომლებიც წლების წინ მას ეკუთვნოდა.
- თოთხმეტი წელი ამაზე ვფიქრობდი, - ჩურჩულებდა იგი, - თოთხმეტი წელი!
სანდროს ცხელი ხელები განაგრძობდნენ რონინს ჩემს ტანზე.
- თოთხმეტი წელი, თითქმის ყოველღამე!
ამის გაგონებაზე კინაღამ გონება დავკარგე.
- სხვა ქალთან სექსის დროსაც კი შენ წარმოგიდგენდი ყოველთვის, ამ ასხმარტალებულ სხეულს, ამ გემრიელ ტუჩებს, ამ მკერდს…
მივხვდი, რომ ძალა მელეოდა. მოვეშვი და ლამის გონდაკარგული მის მკლავებში ჩავესვენე.
- შენ კი, კახპავ, გინდა რომ იმ ახვარს ჩაუწვე ლოგინში! - დაიღრიალა უცებ და ხელი მკრა.
მაშინვე ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით ორივე და ხმამაღლა ვსუნთქავდით, აწითლებულები და ტანსაცმელაჩაჩულები. როგორც იქნა, მისი სიტყვების აზრი დავიდა ჩემამდე. ხალათი კვლავ შემოვიხვიე და ქამარიც შევიკარი. სანდრო თვალმოუშორებლად მიყურებდა, როგორ ვიწესრიგებდი თავს. როცა მოვრჩი, ზიზღით შევხედე, მან კი მთელი ძალით სილა გამაწნა. მერე ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და სახით თავისკენ მიმატრიალა. ცრემლები მახრჩობდა, იძულებული გავხდი, თვალებში შემეხედა… და მეორეჯერაც გამარტყა, ამჯერად მეორე ლოყაში, თან უფრო ძლიერად.
- მეტკინა, სანდრო, - დავიკვნესე.
- ძუკნა ხარ, ნამდვილი ძუკნა, შენი ადგილი ცირკთანაა! - კბილებში გამოსცრა და გამშორდა, თან პერანგს ისწორებდა.
თავი კედელს მივადე და ამოვისლუკუნე. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარ მიყვარდა. მიყვარდა? ტყუილია, იგი მე არც აქამდე მყვარებია, უბრალოდ, მასთან სექსი მინდოდა მხოლოდ. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მტანჯავდა, ეგ იყო და ეგ. როგორ შეიძლებოდა, ასეთი პირუტყვი მყვარებოდა? ახლა ხომ მიხვდი, სოფიო, როგორ ტყუვდებოდი? მორჩა, საბოლოოდ უნდა დავივიწყო წარსული, მისი ხსოვნა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვისროლო სანაგვეზე იმ ტანჯვიანად, რომლითაც მთელი ცხოვრება «დამაჯილდოვა»… იგი ჩემთან კაცურად არასდროს მოქცეულა, მე კი არ ვუტყდებოდი ამაში საკუთარ თავს. მე რაღაც არგანცდილი, არარსებული მიყვარდა მასში, ის, რაც არ ვიცოდი, ის, რასაც არ ვიცნობდი, რაზეც თვალს ვხუჭავდი და ამაში შევცდი. სწორედ ეს აღვიქვი სიყვარულად, სინამდვილეში კი არ მყვარებია, ეს არ ყოფილა სიყვარული. ეს არის სიმართლე. თურმე საერთოდ არ მცოდნია, რა არის სიყვარული. ამ გრძნობას სულ ვეძებდი, წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე… დღემდე. ახლაღა ვხვდები, რომ ბექა ყოფილა ის მეორე ნაწილი ჩემი, რომელსაც ველოდებოდი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვეძებდი… ვეძებდი… ვეძებდი… ვიპოვე, მაგრამ… როგორც ვიპოვე, ისევე დავკარგე…
სანდრო კვლავ საწოლზე ჩამოჯდა. არეული თვალებით შემომხედა, არაადამიანურად, ცხოველურად, მსხვერპლზე მონადირე მანიაკებს რომ სჩვევიათ, ისე.
- მოდი აქ! - მიბრძანა და მარჯვენა ხელი ლოგინზე დაატყაპუნა.
ჟრჟოლამ ამიტანა, ცივმა ოფლმა დამასხა. არ შევრხეულვარ.
- არ გესმის, რას გეუბნები! მოდი-მეთქი, აქ დაჯექი, ჩემ გვერდით.
- არ გინდა, სანდრო, გთხოვ. შენ ახლა ნასვამი ხარ… ხვალ გამოფხიზლდები და მერე ვილაპარაკოთ, - ხმააკანკალებულმა ამოვთქვი, ცრემლები მახრჩობდა, ინსტინქტურად აივნისკენ ავიღე გეზი, ჰაერზე მინდოდა გასვლა. ლოყები მიხურდა.
- გახსოვს, ამას წინათ რომ მითხარი, ერთხელ მაინც გამოსცადე ეს საოცრება, დაწექი მასთან, ვინც გიყვარსო… გახსოვს? წამდაუწუმ ჩამესმის ეს სიტყვები, ყველგან, ყოველ წამს, ყოველ წუთს…
- მაშინ მე სხვა რამეც გითხარი და ისიც უნდა გახსოვდეს.
- აბა, რომელი? გამახსენე.
- სიყვარული იქამდე იზრდება, ვიდრე მისი შემჩერებელი არ გამოჩნდება-მეთქი. დაგავიწყდა?
- და გინდა მითხრა, რომ გამოჩნდა?
- ჰო, გამოჩნდა და ეს შენც კარგად იცი, - რასაც ვამბობდი, ვიცოდი, ჩემ საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, მაგრამ მაინც ვთქვი, ჩემდა უნებურად ვიწვევდი, ვაღიზიანებდი, ვაბოროტებდი, აზარტში შევედი თითქოს.
გახელებული წამოხტა და ისევ წამოვიდა ჩემკენ.
- მე მას შენს თავს არ დავუთმობ, იცოდე. შენ მხოლოდ მე მეკუთვნი, მე! დაიმახსოვრე ეს, პატარა კახპავ! - დაიყვირა და გამძვინვარებული მომვარდა.
ხელი ვკარი და გავექეცი. ისევ გამომეკიდა. ჩემი ერთადერთი მშველელი ამწუთას მაგიდა იყო, მის გარშემო დავიწყე სირბილი გამწარებულმა, რომ როგორმე დრო მეხელთა და კარისკენ მომესწრო გაქცევა. ის ღია იყო, გარეთ უკვე აღარ მეშინოდა. ერთ მომენტში მომატყუა, ცრუ მოძრაობა გააკეთა და წინ ამესვეტა. სკამი ავაყირავე და დავუსხლტი, გავქანდი კარისკენ… არა, მაინც ვერ მოვასწარი, დამეწია და ისევ შემომაჭდო მკლავები.
- ახლა კი ვერსად წამიხვალ! - ბოღმით ამოთქვა და კართან მიმჭეჭყა. ამჯერად არ მკოცნიდა, არც მეფერებოდა, ქამრის შეხსნა დამიწყო მხოლოდ.
- არა, სანდრო, არ გინდა, გთხოვ, გემუდარები, - ნიკაპი ამიკანკალდა, ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები.
- მეტი ლოდინის სურვილი აღარ მაქვს, ამაღამ ჩემი უნდა გახდე, მინდიხარ, სიგიჟემდე მინდიხარ, სო-ფი! - ღვარძლიანად მესროლა და ბოროტად გამიღიმა.
გავიბრძოლე, ფრჩხილებით მთელი სახე დავუკაწრე, მაინც არ მეშვებოდა.
- მიყვარხარ, გესმის? მიყვარხარ, - ბოდავდა თითქოს, - და შენც გიყვარვარ, ასე არ არის? შენც გინდა ჩემთან, მე ვიცი. გამოტყდი, რომ გინდა.
პირველად მესმოდა მისგან ასეთი სიტყვები. მას ხომ არასდროს აუხსნია ჩემთვის სიყვარული, არასდროს დასცდენია მსგავსი რამ, მხოლოდ მის თვალებში ვკითხულობდი ყოველთვის ყველაფერს…
მერე ერთი ხელის მოსმით გამხადა ხალათი და მის პირდაპირ სრულიად შიშველი აღმოვჩნდი. ნეტავ მოვიდეს ვინმე, ნეტავ მოვიდეს, - ვნატრობდი ჩემთვის, - ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და მეტს არასდროს არაფერს გთხოვ, ოღონდ ახლა მიშველე, - ვიმეორებდი გულში, ხელებით ვცდილობდი შიშველი ადგილების დაფარვას და თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი აქეთ-იქით…
კარგა ხანს ვუწევდი წინააღმდეგობას. ვცდილობდი, მომეშორებინა თავიდან, დავსხლტომოდი, გავქცეულიყავი… ვერა, ჩემზე ბევრად ძლიერი იყო, ვერ მოვახერხე. მცემდა და მკოცნიდა, მკოცნიდა და მცემდა, სახე ამიწითლდა დარტყმებისგან, თანდათან მისივდებოდა ნაკოცნი ტუჩები. ის თითქოს ნადირობდა ჩემზე. ოდნავ შემიშვებდა ხელს და როგორც კი გაქცევას დავაპირებდი, ისევ ჩამიჭერდა, ისევ მკოცნიდა და ისევ მცემდა.
დავიღალე… უკვე აღარ შემრჩა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ლამის იყო, გული წამსვლოდა, თანდათან შევსუსტდი და… ჩავიკეცე, დავნებდი, ბედს მივენდე…
იატაკზე გამაწვინა. უხეშად, ყოველგვარი ალერსის გარეშე დამეუფლა. არადა, როგორ ვოცნებობდი მასთან სექსზე, მეგონა, ღვთაებრივი სიამოვნება მელოდა, ენით აუწერელი ნეტარება… არა, ეს არ იყო საყვარელი მამაკაცის ალერსი, მისი ყოველი ქმედება დაუოკებელი, პირუტყვული ჟინის დაკმაყოფილებას უფრო ჰგავდა. არც ერთი სასიყვარულო სიტყვა, არც ერთი სასიყვარულო ჟესტი… არაფერი, არაფერი… ისე მომეპყრო, როგორც ქუჩის ქალს შეეფერებოდა. მე კი, წლების განმავლობაში სხვა მოლოდინი მქონდა. როგორ ვცდებოდი თურმე…
უაზროდ შევყურებდი ჭერს. აღგზნება, რომელიც მისი პირველი შეხებისას ვიგრძენი, სადღაც გაქრა, ზიზღმა შეცვალა. არა, ამას ზიზღიც არ ერქვა, არც სიძულვილი ერქვა, საერთოდ არანაირ გრძნობას არ განვიცდიდი მის მიმართ, არც ჩემი სხეული, ისიც არაფერზე რეაგირებდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა მხოლოდ, მთელი ჩემი ცხოვრება მძულდა, მთელი წარსული. ყოველთვის ყველაფერს უკუღმა ვაკეთებდი, ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდიოდი.
და ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რაც ახლა ხდებოდა…
8 8 8
ისე წავიდა, კრინტი არ დაუძრავს, ისე გავიდა ოთახიდან, გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მხოლოდ…
არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე იატაკზე, დრო თითქოს გაჩერდა… მერე ძლივს ავითრიე წელი, ერთიანად დანგრეული ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. აბაზანაში შევედი და სხეული ცხელ წყალს მივუშვირე. გამწარებული ვიბანდი ტანს, სახეს, ფეხებს, ხელებს… დიდხანს, ძალიან დიდხანს, მინდოდა ყველა ის დამცირება, შეურაცხყოფა, სანდროს მიერ დატოვებული ბინძური კვალი წყლისთვის გამეტანებინა. მორჩა, იგი სამუდამოდ წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან, მის ადგილას სიცარიელემ დაისადგურა, დარჩა მხოლოდ თეთრი ფურცელი, ზედ კი _ უზარმაზარი შავი ლაქა.
ხვალ მთელი ტანი დამილურჯება, ნაცემს დავემსგავსები. კიდევ კარგი, რომ შაბათი მოდის, არ გავალ სახლიდან, არც ზარებს ვუპასუხებ, ორივე ტელეფონს გამოვრთავ. მერე? მერე რა ვქნა? კვირა მოდის, კვირას რა მეშველება? საღამოს მე მიწევს მორიგეობა კლინიკაში, როგორ მოვიქცე? არ გამოვცხადდე? ვთქვა, ავად ვარ-მეთქი? იქნებ არაფერი შევიმჩნიო და ჩვეულებრივად მივიდე სამსახურში? რა გავაკეთო? ვის შევჩივლო? რა უბედური ვარ… რა გაანელებს ამ ტკივილს… ბექა, ბექა, ბექა… როგორ დაგკარგე… სამუდამოდ… საბოლოოდ… ახია ჩემზე, - ლამის ხმამაღლა მოვთქვამდი…
ვიდექი სარკესთან და საკუთარ გამოსახულებას გულსაკლავად შევყურებდი. ჩემს იდილიურ სახლში, ჩემს საყვარელ სარკეში, თავს ვერ ვცნობდი, საკუთარი ორეული უცხოდ მეჩვენებოდა. მოკრუნჩხული და მობუზული, განადგურებული სახე და სხეული ჩემს კარიკატურას უფრო მაგონებდა. რატომ შევიცვალე ასე?
ეს იმიტომ, რომ ცრემლმა თვალები დამიბინდა…
ეს იმიტომ, რომ ვტირი, - დავასკვენი ბოლოს და ამით დავიმშვიდე თავი…
გაგრძელება იქნება