„დიდი ხანია, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაწუხებს და ძალიან გამიჭირდა ამ გამოწვევებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე“, - თქვა სელენ დიონმა დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ პირველი გამოჩენისას. ის გრანდიოზულ მუსიკალურ საღამოზე დაბრუნდა. მომღერალმა ტეილორ სვიფტს წლის ალბომის ნომინაცია გადასცა. სწორედ 27 წლის წინ სელენმაც ეს ჯილდო დაიანა როსისგან და სტინგისგან მიიღო.
გუშინ ლოს-ანჯელესში პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური ჯილდოს, „გრემის“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა.
ნომინანტები სულ 94 კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოსული სიმღერებისა და ალბომებისთვის. „გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოა, რომელიც 1958 წლიდან გაიცემა.
წელს წლის ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული Midnights by Taylor Swift გახდა. ტეილორი პირველი არტისტია "გრემის" ისტორიაში, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის კატეგორია მეოთხედ მოიგო.
წლის სიმღერის ჯილდო What was I made for? დაიმსახურა. ბილი აილიშს 22 წლის ასაკში 9 "გრემი" აქვს მიღებული.
წლის ჩანაწერი Flowers-მა მოიგო. მაილი საირუსმა პირველი "გრემი" მიიღო კარიერაში.
წლის საუკეთესო ახალი არტისტი კი 34 წლის ასაკში მიქტორია მონე გახდა.
საუკეთესო როკ-ალბომად აღიარეს ჯგუფ Paramore-ის This is Why. რეპის საუკეთესო შესრულებისთვის „გრემით“ დააჯილდოეს მაიკლ სანტიაგო რენდერი, რომლის ფსევდონიმია Killer Mik.