"ჩვენ ყველგან, სადაც მივდივართ, გვაფასებენ: ნიშანს გვიწერენ, გამხდარია, მაღალია... სულ შეფასებითი დამოკიდებულება რომ გვაქვს, ეს ადამიანს აკომპლექსებს, კუმშავს, ცდილობს, რომ რაღაც შთაბეჭდილება მოახდინოს. ჩვენ გვაქვს უფლება, რაღაც ქცევა მივიღოთ, რაღაც - არა. ღირებულებითი სისტემაც ხომ ესაა: რაღაც მისაღებია, რაღაც - არა, მაგრამ თვითონ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში მისაღები უნდა იყოს. ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ მხოლოდ მაშინ გვიყვარს, როცა კარგად იქცევა; ის უნდა ხვდებოდეს, რომ მაშინაც გვიყვარს, როცა არასწორად მოიქცა" - ამბობს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ხშირად საუბრობს ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და იმ შეცდომებზე, რომლბსაც მშობლები უშვებენ. ის განმარტავს, რომ ბავშვობაში თუნდაც ხუმრობით ნათქვამი დამცინავი ფრაზები თვითშეფასების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს:
"ხშირ შემთხვევაში, რასაც გვეძახიან ბავშვობაში, თუნდაც, ხუმრობით – აი, “თავგასიებულო”, რაღაცნაირო… მერე ის ჩვენს თვითშეფასებაში შემოდის, როგორც ჩვენი აზრი და მერე ვიზრდები და ჩემი თავი უშნო მგონია, უნიჭო მგონია… აი, ხელმოცარული, სულ წაგებული მგონია, სულ… და ხელს მიშლის ცხოვრებაში", - ამბობს ის.
როგორც მარინა კაჭარავა განმარტავს, სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მშობლებმა კი ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს:
"ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, რომ დაბალი თვითშეფასება არ არის კარგი. ე. ი. ვიღაცას ჰგონია, რომ დაბალი თვითშეფასება არის ძალიან კარგი რამ. არ არის ასე და დაბალი თვითშეფასება არის არაცნობიერი; ანუ არ ვიცი და არის თავსმოხვეული და ჩამოწოდებული. თავმდაბლობა უნდა ავირჩიო. თავმდაბლობა არის არჩევანი და დაბალი თვითშეფასება არ არის არჩევანი. ეს მე ამკიდეს მშობლებმა, გარემომ და ხურჯინივით მივათრევ და მპრესავს და ამის გამო მე ვერაფერს ვახერხებ ცხოვრებაში. ეს არის წინაპირობა ყველაფრისა, რაც მემართება ცხოვრებაში.
დაბალი თვითშეფასება მყისიერად არ ყალიბდება, მას ბევრი წინაპირობა აქვს: ის ბევრი შეცდომა, რასაც ჩვენ მანამდე ვუშვებთ ბავშვთან მიმართებით, ან ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს ჩვენთან…" - ამბობს ის.
მარინა კაჭარავა არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, «სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმის» დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტი, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებლის დირექტორი, ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის დამფუძნებელ-დირექტორი, წმ.ნინოს სახელობის სკოლისა და წმ.გიორგის სახელობის ბრიტანული სკოლის (BGS) ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგთა ასოციაციის ტრენერი, სამედიცინო, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის ლექტორი.არის სამეცნიერო პუბლიკაციების და წიგნების ავტორი«ოჯახი და შვილების აღზრდა, ფსიქოლოგიური რეკომენდაციები», «ანტისოციალური ქცევის ბიოსამედიცინო ასპექტები», «ნარკოტიკების კლასიფიკაცია და ორგანიზმზე მათი ზემოქმედება».
მარინა კაჭარავა აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ფსიქოლოგია. ასევე უძღვება კურსებს, ტრენინგებსა და ლექციებს ზრდასრულებისა და მოზარდებისათვის.