დილა ისე გათენდა, თვალი ვერ მოვხუჭე. თითქოს უზარმაზარი ლოდი მაწვა გულზე, რომელიც სუნთქვას მიჩერებდა, ტკივილს აღრმავებდა სულის სიღრმეში. თითქოს დანა ჩამარტყეს გულში, შიგ ჩამიტოვეს და ასე, დანაგაყრილი დავრჩი. სანამ ტელეფონებს გამოვრთავდი, დედას და მამას ველაპარაკე, გული მოვიოხე მათთან საუბრით, ვუთხარი, ყველაფერი კარგადაა, ჩემზე არ იდარდოთ-მეთქი. არ მინდოდა მათი განერვიულება. მერე კი…
მერე იყო წყვდიადი… გვირაბი… სიბნელე… ხელების ცეცებით მივდიოდი ამ გვირაბში, ძლივს ვიკვლევდი სიბნელეში გზას, სინათლე კი არსაიდან ჩანდა.
მე მიცვალებული ვიყავი, სულგამოცლილი გვამი, რომელმაც დაასრულა სიცოცხლე, სამარცხვინოდ დაამთავრა ცხოვრება, რომელიც გათელეს, ფეხქვეშ ამოიდეს, დაამცირეს, შეურაცხყვეს… მე მკვდარი ვიყავი, მკვდარი, რომელსაც მარადიული ზღაპრული მაგიაც კი ვერ გააცოცხლებდა.
8 8 8
ვერ გეტყვით, რა ხდებოდა იმ ერთი დღის განმავლობაში. გარე სამყაროს მთლიანად ვიყავი მოწყვეტილი. არც არავინ მოსულა და არც არავისთან წავსულვარ. ის ორი ღამე არ მძინებია, არ მიჭამია, ცრემლი არ შემშრობია თვალზე… ეს ჩემი შანაგანი მდგომარეობა იყო, ამას ვერსად გავექცეოდი. სანდროს საქციელი სასჯელი იყო ჩემთვის, თუმცა დაუმსახურებელი… მისი გადასახედიდან, შეიძლება დამსახურებულიც, მაგრამ… ვფიქრობ, რომ მაინც არ უნდა მომქცეოდა ასე.
კვირას, შუადღისას, ტელეფონები ჩავრთე. მობილურზე უამრავი ზარი იყო შემოსული. მათგან უმრავლესობა ბექას ეკუთვნოდა. ერთი ზარი ნათიასგან და ორიც - გიზელასგან. დანარჩენი - ბექასი… ოცდაცხრამეტი უპასუხო ზარი… ეს არც ისე ცოტაა, შეიძლება არც ისე ბევრი… ალბათ მოჰბეზრდა წარამარა დარეკვა… როგორია, როცა ქალი არაფრად გაგდებს, არც ერთ შენს ზარს პასუხს არ სცემს, გამორთული აქვს ტელეფონი. მე მესმოდა მისი. მესმოდა, მაგრამ… არ შემეძლო მასთან ლაპარაკი, ამის უფლება დაკარგული მქონდა.
კვირა უფრო მტანჯველი აღმოჩნდა. ვიცოდი, აუცილებლად უნდა მივსულიყავი კლინიკაში, მორიგეობას ვერ გავაცდენდი. მოვიფიქრე, ვითომ მოულოდნელად გავემგზავრე სოფელში, გასვენებაში, ამიტომ ვერ მოვასწარი ვერავის გაფრთხილება. ვთქვი, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, რომლის სიკვდილმა დამრთგუნველად იმოქმედა ჩემზე. დაუჯერებელი არაფერი იყო, სახეც და განწყობაც შესაბამისი მქონდა. ერთადერთი, ვინც არ დამიჯერა, გიზელა იყო, რომელიც სპეციალურად გამოიძახეს კლინიკაში ახალი პაციენტის მოსანახულებლად. როგორც კი დამინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ცუდად მქონდა საქმე, რომ რაღაც ვერ იყო ისე.
- არ მომწონხარ და ნუ დამიწყებ ახლა იმის მტკიცებას, რომ ვიღაცის გარდაცვალების გამო ხარ ასე, - ეგრევე მატაკა.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, გიზელა, - ამოვიოხრე, - მე ყველაზე ღირებული დავკარგე გუშინწინ, ყველაზე ძვირფასზე ვთქვი უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შანსი არ დამიტოვეს.
გაეცინა.
- შენ იცი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ? - მკითხა.
- არა მგონია. მე არაფრით გავნსხვავდები ჩვეულებრივი ადამიანებისგან.
- განსხვავდები და აი, რატომ - ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის აწუხებს იმის შეგრძნება, რომ არამარტო უყვარდეს ადამიანები, არამედ ადამიანებსაც უყვარდეს იგი. არაჩვეულებრივ ადამიანს კი მხოლოდ უყვარს, უყვარს და მორჩა. ის საპასუხო რეაქციას არ ითხოვს, არც ელოდება. მას ყველა უყვარს, ვინც მოსწონს, და ყველაფერი უყვარს, რაც მის სულთან არის ახლოს, თუმცა არასდროს გამიზნულად და თეატრალურად არ მოქმედებს. მასში ამ დროს ფხიზლობს ე.წ. კონტროლირებადი მიამიტობა, ეგ არის და ეგ. მკითხავ, ალბათ, რას ნიშნავს კონტროლირებადი მიამიტობა? ეს შამანების ფრაზაა. არაჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, რომ ვერასდროს მიიღებს იმას, რასაც გასცემს, მაგრამ მაინც გასცემს, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია, იმიტომ, რომ არა აქვს ზიზღის გრძნობა, არც სიძულვილის, მისთვის უცხოა ეს ორი რამ. მას სიამოვნებს, როცა გასცემს, რადგან მოზღვავებულად აქვს სიყვარული, ჭარბად, ულევად, არ ენანება, ემეტება სხვისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც უღირს, ვინც უყვარს, ვინც ძვირფასია მისთვის. ამავდროულად, ის იყენებს კონტროლირებად მიამიტობას, რომ არ იფიქროს ამაზე, არ შეწუხდეს იმაზე ფიქრით, გაცემული უკან დაუბრუნდება თუ არა. გიყვარდეს ადამიანები ან უყვარდე მათ - ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. როგორც ჩანს, ბექამ ვერ შეგაფასა და ამას განიცდი.
- არა, ამაში არ არის საქმე. ბექამ სწორედ რომ იცის ჩემი ფასი. აქ სხვა, მეორე ადამიანზეა საუბარი, რომელმაც დამამცირა… შეურაცხმყო.
- და ეს ის ადამიანია, რომელიც ბექამ შეცვალა?
- ჰო.
- მომისმინე, სოფიო, კარგად მომისმინე. ჩვეულებრივი ადამიანი ბრძოლის შემდეგ ან გამარჯვებული გამოდის, ან დამარცხებული და ამის შესაბამისად, ან დევნილია, ან მსხვერპლი. გააჩნია, ვის როგორ მოეჩვენება ან როგორ დაანახვებ. სწორედ ამის მიხედვით, ნებისმიერი ჩვენგანი ან გამარჯვებული რჩება, ან დამარცხებული, ან სულაც - ტანჯული. ეს უკანასკნელი ყველაზე უარესი მდგომარეობაა, რომლიდანაც გამოსავალს ძნელად თუ იპოვი. ეცადე, ტანჯულის ნიღაბი არ მოირგო. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, მთავარია, სწორ გზას დაადგე, გარკვეული მიმართულება გქონდეს. ცხოვრება თავის მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მთელი ძალები შენ წინაშე დასახული მიზნის განსახორციელებლადაა მიმართული. რა არის ცხოვრების მიზანი? ნადავლი, მონაპოვარი. ცხოვრების არსი? იგივე. ცხოვრება ცხოვრებით იკვებება. ეს მე არ მითქვამს, ეს ჩემზე ჭკვიანებმა თქვეს. ყველაფერი ცოცხალი დედამიწაზე იყოფა ორ ფენად - ერთი, ვინც ჭამს და მეორე, ვისაც ჭამენ. ამ ცხოვრების კანონიც ასეთია - შეჭამე, თუ არადა, სხვა შეგჭამს. ნუთუ ჩემგან გესწავლება ეს? არც ისეთი გულუბრყვილო ჩანხარ, არ გესმოდეს. მე შენ ჭკვიანი ქალი მგონიხარ. ცხოვრება - ეს დანაყრების დაუოკებელი წყურვილია, ხოლო სამყარო არის არენა, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან დანაყრების მსურველნი, ისინი ერთიმეორეს კვალდაკვალ დასდევენ, უსაფრდებიან, ნადირობენ მსხვერპლზე, სანსლავენ ერთმანეთს. ეს არის არენა, სადაც იღვრება სისხლი, სადაც მეფობს სისასტიკე, ბნელი შემთხვევითობა და ქაოსი თავიდან ბოლომდე. უნდა იყო ეშმაკი, მოხერხებული, რომ ამ ყველაფერს დაუძვრე, თავი გადაირჩინო. ყველაზე მეტად კი მოძრავ საგნებს უნდა ერიდო. უძრავი უძრავია. ის უმოქმედოდ დგას და ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ მოძრავი საგანი ყოველთვის საშიშია, მას განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდე. იმიტომ, რომ მოძრაობს და წინასწარ არასდროს იცი, რა მომენტში სად ჩაგისაფრდება და რას მოიმოქმედებს.
- მეშინია, გიზელა, ხვალინდელი დღის მეშინია.
- ყველას თავისი შიში აქვს, სოფიო, ყველა ადამიანის შიში განსხვავებულია. მთავარია, საკუთარი «მე» შეინარჩუნო, შიშის დაძლევა კი ყოველთვის შეიძლება.
- ჰო, მაგრამ მე ისიც არ ვიცი უკვე, რას ნიშნავს საკუთარი «მე»…
- ძალიან კარგად მესმის შენი. შინაგანი «მეც» განსხვავებულია ყველა ჩვენგანში. ყველას თავისი «მე» აქვს. ამას თავად უნდა მიხვდე. ჩემი «მე» ის არის, რაც ჩემი თავმოყვარეობის შელახვის უფლებას არ მაძლევს, რაც თავად მე მეწინააღმდეგება, თავს არ მახრევინებს, სხვის მონად არ მხდის, გესმის?
- მესმის, - ჩურჩულით წარმოვთქვი, თან ვგრძნობდი, რომ ამ ქალის ყოველი სიტყვა ჩემზე ჯადოსავით მოქმედებდა, უხილავი ენერგიით მავსებდა, უკეთესი ცხოვრების სტიმულით მმუხტავდა.
- ჰოდა, ასწიე თავი და იარე წინ, დასახული მიზნისკენ, ნურანაირ დაბრკოლებას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩათვალე, რომ ეს წვრილმანი ბარიერია, რომელსაც ფეხის ერთი მოქნევით, როგორც კენჭს, ისე მოისვრი გზიდან. და მეორედ ასეთ ფორმაში არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. შენ რა გგონია, შენზე ნაკლები პრობლემები მაქვს? იცი, რამდენი დამცირება შემხვედრია ცხოვრებაში? რამდენი შეურაცხყოფა გადამიტანია? მაგრამ არასდროს შევრიგებივარ სიტუაციას, ყოველთვის საბრძოლო განწყობით ვარ, ჟანა დარკივით შემართული დავდივარ, რომ თავი არავის დავაჩაგვრინო, ჩემი ბედნიერება მევე მოვიპოვო, მევე შევიტანო ყველაზე დიდი წვლილი საკუთარი მომავლის მოწყობაში. გაუფრთხილდი მხოლოდ იმას, რაც ყველაზე ღირებულია შენთვის, დანარჩენი დაიკიდე, ბოლომდე დაიკიდე და გულზე მოგეშვება.
- დიდი მადლობა, გიზელა, შენ ჩემი გაჭირვების ტალკვესი ხარ, - მადლიერებით აღსავსე მზერა მივაპყარი.
- მადლობა შენ, რომ არსებობ, რომ გაგიცანი, რომ ასეთი ხარ. ბედნიერება ისაა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ შენნაირი ადამიანები ამქვეყნად. აქამდე მეგონა, რომ მე ვიყავი სათნოების უკანასკნელი მოჰიკანი. შენი სახით კი უკეთესი მომავლის იმედი ჩამესახა. და რაც მეტს მოვაქცევთ აქეთკენ, მით უკეთესი იქნება არამარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნიერებისთვის. ეს იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ჩვენს მაგალითებზე იზრდებიან. ნუ იცრემლები, გთხოვ, ვერ ვიტან სუსტ ქალებს და არ მაფიქრებინო, რომ სუსტი ხარ. მე შენ ისეთივე ძლიერი მგონიხარ, როგორიც მე ვარ და ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქალები ვიყოთ ამქვეყნად…. თუ ასე მოხდება, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ხომ გაგიგონია, ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო… ასე რომ, ყურები არ ჩამოუშვა, არ გატყდე, ბოლომდე იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის.
- ვეცდები.
გიზელა მომეხვია, მომეფერა და გავიდა. მისმა ნათქვამმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. რატომაც არა! ვინ მიგდია სანდრო! რატომ უნდა გავათელინო ჩემი მომავალი, ჩემი ხვალინდელი დღე?! მერე რა, რომ რაღაც მომენტში დამჯაბნა, მაჯობა, ეს ხომ ყველაფერი არ არის? ამით ხომ არ მთავრდება ცხოვრება? ყველა ადამიანს წინ უამრავი სიურპრიზი ელის. მთავარია, ვინ როგორ მიიღებს ამას, ვინ როგორ გაუძლებს ბედისწერის დარტყმას. არა აქვს მნიშვნელობა, ბედნიერებით იქნება ეს დარტყმა გამოწვეული, თუ უბედურებით. მთავარია, გაუძლო, მომზადებული შეხვდე, მთავარია, არ გატყდე, არ დანებდე…
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ბექამ დამირეკა. ცივმა ოფლმა დამასხა, მისი ნომერი რომ დაფიქსირდა მობილურზე.
- სოფი, როგორ ხარ, სად დაიკარგე, რა გჭირს? - დამაყარა შეკითხვები, - ორი დღეა, გირეკავ, ხმა ვერ მოგაწვდინე… ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა, ბექა, უბრალოდ… ახლობელი გარდამეცვალა, სოფელში მოულოდნელად წავედი, ვერავის გაფრთხილება ვერ მოვასწარი, - ვიმართლე თავი.
- რაღაც ხმა არ მომწონს შენი, არ მატყუებ, რომ ყველაფერი კარგადაა?
- არა, არ გატყუებ. უახლოესი მეგობარი დავკარგე და ამიტომაც მაქვს ასეთი ხმა, მეტი არაფერი.
- სიმართლე მითხარი, იქნებ დედაჩემმა გაწყენინა? რამე ისეთი ხომ არ გითხრა, რამაც შენზე იმოქმედა?
- არა, რას ამბობ, ისეთი სიყვარულით დავშორდი მას, თითქოს საუკუნეა, ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანია. ეგ როგორ იფიქრე!
- რა ვიცი… ახლა სად ხარ?
- სამსახურში, დღეს მორიგეობა მიწევს.
- იმედია, ხვალ ჩვენი პაემანი შედგება.
შევყოყმანდი.
- ალო, გესმის? - გაისმა ბექას ხმა.
- მესმის, მესმის, მაგრამ… ვფიქრობ, პაემანი არ შედგება…
* * *
ის დღე ისე მიილია, ბექას არ დაურეკავს. მოუსვენრობამ შემიპყრო. არ ველოდი მისგან ასეთ უყურადღებობას. ნუთუ ასეთი თავმოყვარეა? იმდენად ცუდად ვიყავი, ნათიას დავურეკე და ვთხოვე, გაეცვალა ჩემთვის მორიგეობა. სამაგიეროდ, სამშაბათს მე შევცვლიდი. მიხვდა, რომ სერიოზული მიზეზი მქონდა და უარი არ უთქვამს. ნათია მოვიდა თუ არა, შინ წამოვედი, არაფრის ახსნა არ დამიწყია მისთვის, არც თვითონ უკითხავს, რა გჭირსო. მიხვდა, შეკითხვები უადგილო იქნებოდა.
დაღამდა… ბექასგან არაფერი ისმოდა. არც მოვიდა, არც დამირეკა… თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი ღამე ვბორგავდი ლოგინში. როგორც ჩანს, გამთენიისას ძილმა წამართვა თავი, კოშმარები მესიზმრა, თითქოს უფსკრულში ვიჩეხებოდი და ვიღაცის ძლიერმა ხელმა გადამარჩინა. დაფეთებული წამოვხტი, ერთიანად ოფლში ვიყავი გაწურული. აბაზანაში შევედი და გრილი წყალი გადავივლე. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. პირველად მივხვდი, რა გრძნობა ყოფილა სიძულვილი. მძულდა ყველა და ყველაფერი - ჩემი თავი, სანდრო, ბექა, თანამშრომლები, მშობლები, სამსახური, სახლი… სიცოცხლე შემჯავრდა. არ დაგიმალავთ და თავის მოკვლაზეც კი ვიფიქრე ერთ მომენტში. არა, ამას არ ვიზამ. ვისთვის, რისთვის? ღირს კი, სანდროს გამო ყველაზე დიდი სისულელის ჩადენა? გიზელა მართალია, აქ ხომ არ მთავრდება ყველაფერი. გამოსავალი უნდა ვიპოვო.
დილის შვიდი საათი იყო, თავგზააბნეული ბოლთას ვცემდი ოთახში. როგორ მოვიქცე? რით დავიწყო? იქნებ სამსახურიდან წამოვიდე, რომ ყველაფერი დავივიწყო? არ აჩქარდე, სოფი, კარგად დაფიქრდი, - თან ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს. ნუთუ კლინიკის მიტოვებაა საუკეთესო გამოსავალი? იქნებ სხვა გზაც არსებობს? იფიქრე, სულელო, იფიქრე. ასე ადვილად ნუ დაყრი ფარ-ხმალს. ხომ ამბობენ, იმედი არ კვდებაო. ჰმ, იმედი… რისი? ვისი? და საერთოდ, რა არის იმედი? კეთილი მომავლის რწმენა? თან რომ გჯერა და თან რომ არ გჯერა? ან უწერია ასრულება და ან არა? იქნებ სულაც უიმედობაა ყველაზე დიდი იმედი? იგი ან არსებობს, არ არ არსებობს, აქ შეცდომის დაშვება შეუძლებელია. რატომ გამწირა ღმერთმა ასე, რატომ დამსაჯა? რა დანაშაული მიმიძღვის ან ვის წინაშე?
ახია ჩემზე, ახი! რა სიყვარულობანა ამიტყდა, რა მინდოდა! ახლა მაინც ხომ მიხვდი, რომ სიყვარული მტაცებელი მხეცივითაა, რომელიც ბრჭყალებით გონებას გიპორჭყნის? სანამ სული არ დამისერა, იქამდე არ მოვისვენე. არ შეიძლება, შეცდე და ვერ მიხვდე, რომ შეცდი. იმის უნარი უნდა შეგწევდეს მხოლოდ, რომ აღიარო ეს. არა, უნდა მოვერიო თავს. როგორმე უნდა გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე ვცხოვრობ, მარსზე ხომ არა? ამ სამყაროს თავისი კანონები აქვს. ზოგი იმარჯვებს, ზოგიც მარცხდება. უნდა შევძლო შეგუება. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად, მეტჯერ ხომ არა? სიცოცხლე, სიკვდილი, ადამიანები და სხვა დანარჩენი - აი, ეს არის ჩვენი სამყარო, ეს არის ის, რაც ჩვენ გარშემო არსებობს. იგი უსაზღვრო და მიუწვდომელია. ვერასდროს შევძლებთ, ბოლომდე გავუგოთ მას. ვერასდროს ამოვხსნით მის საიდუმლოს. ამიტომაც იძულებული ვართ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის, თავისი საოცარი საიდუმლოებებით.
მე ახალ ცხოვრებას დავიწყებ. მე შევძლებ ამას და წინ ვერავინ გადამიდგება. ჯანდაბას, სიყვარული! მერე რა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ ან თუნდაც იმედგაცრუელებული? ზოგმა საერთოდ არ იცის, რა გრძნობაა ეს. მე კი იმით მაინც განვსხვავდები მათგან, რომ ვიცი, გამომიცდია… მაგრამ… ღირს კი ცხოვრება ასეთი ბობოქარი შეგრძნების გარეშე? სულაც არ არიან შესაშური ის ადამიანები, ვისაც გული გაქვავებია ან ამურის ისარი აუცდენია. ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვისაც მძაფრად შეუძლია ამ გრძნობის აღქმა, ისე მძაფრად, რომ მწვავე ტკივილიც სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა ისეთებიც ხომ არსებობენ, რომლისთვისაც სიყვარული თავბრუდამხვევი გრძნობაა და ისე ეწაფებიან, როგორც ეგზოტიკურ ნუგბარს, გამორჩეულ ტკბილეულს? ჩემი აზრით, ადამიანმა უნდა გაიაზროს ყველა ის განცდა, რაც სიყვარულს ახლავს - ტკბილიც და მწარეც, გაავსოს ამით სული და მერე შეისრუტოს ამ ყველაფრისგან ან ყველაზე ღვთაებრივი ან ყველაზე მტანჯველი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად რომელი გაწყობს, რომელი უფრო ახლოა შენთვის, რომელი უფრო მისაღები. ნამდვილად არ მინდა, ბექასგანაც იგივე დამრჩეს, რაც სანდროსგან მერგო «მემკვიდრეობით». მეყო, რაც ვიტანჯე, რაც გადავიტანე. მეც ხომ მაქვს ბედნიერების უფლება? მაქვს იმის ამბიცია, ერთხელ მეც ვიყო ბედნიერი. სხვას ხომ არ ვპარავ? ჩემით ვცდილობ ამის მოპოვებას და ნუ შემიშლით ხელს, მაცალეთ, მაცალეთ… თუ შეიძლება…
8 8 8
შინ ვერ გავძელი და დილით ადრე წამოვედი სამსახურში. ჩემ დანახვაზე ნათიას გაოცება აღებეჭდა სახეზე.
- გამოგაგდეს სახლიდან? - თბილად მკითხა და ლოყაზე მაკოცა თანაგრძნობის ნიშნად.
- უძილობა დამჩემდა, თანაც მარტო ვარ და მომბეზრდა, თქვენთან ყოფნა მირჩევნია, - მის ღიმილს ღიმილი შევაგებე.
- ხომ მშვიდობაა, სოფიო, მე შემიძლია რამით დაგეხმარო, გარდა მორიგეობის გაცვლისა? - გამომცდელად შემომხედა.
- არა, დიდი მადლობა, ნამგზავრი ვიყავი და ისე გადავიღალე, ღამისთევის თავი არ მქონდა, მეტი არაფერი, - თვალი ავარიდე თანამშრომელს.
- რა ვიცი, თუ დაგჭირდი, შენ გვერდით ვარ, იცოდე! - მხარზე გადამდო ხელი და მომეხვია.
ამ სიტყვების გაგონებაზე გული ამიჩუყდა. ლამის იყო, ავტირდი, დროზე შევიკავე თავი. თავი უაზროდ დავუქნიე გოგოს, ჩქარი ნაბიჯებით გავერიდე და ჩემს ოთახში განვმარტოვდი, სანამ ყველანი მოგროვდებოდნენ და დილის თათბირი დაიწყებოდა.
გული გამალებით მიცემდა. დღეს ერთდროულად ორივე უნდა მენახა - სანდროც და ბექაც. რომელს რა რეაქცია ექნებოდა ჩემ დანახვაზე, წარმოდგენა არ მქონდა, ან კი მე როგორ უნდა შემეხედა მათთვის. ნამდვილი წამების წუთები მელოდა, მაგრამ უნდა გადამელახა ეს მდგომარეობა. მოსალოდნელი შეხვედრებით დათრგუნვილი და დაძაბული კაბინეტიდან გამოსვლას ვერ ვბედავდი.
ათის ნახევარზე ნათიამ შემომძახა, მთავარი ექიმი გვიბარებსო. მეგონა, გული გამიჩერდა. რამდენიმე წუთი სარკის წინ დავყავი, რომ თავი ხელში ამეყვანა. მერე საკუთარ ორეულს შევუძახე, ყოჩაღად იყავი, არ დამაღალატო-მეთქი და მშვიდი სახით გავედი ოთახიდან. პირველი, ვისაც თვალი მოვკარი, სანდრო იყო, ნანკას რაღაცაზე გაცხარებული ეკამათებოდა. ჩემ დანახვაზე უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და გამომცდელი მზერა მესროლა. დილა მშვიდობისა-მეთქი, ჩავილაპარაკე და ჩავიარე, არ შევჩერებულვარ. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა, ვგრძნობდი, ფერი არ მედო სახეზე.
დანარჩენებს უკვე მიხეილის კაბინეტში მოეყარათ თავი… არასდროს დამავიწყდება ბექას შემოხედვა… საყვედურიც, გულგრილობაც, ორაზროვნებაც… ყველაფერი ერთად იკითხებოდა მის მზერაში, თუმცა მხოლოდ წამიერად. მერე მთელი ერთი საათის განმავლობაში, სანამ შემოვლას დავამთავრებდით, ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. ერთი სიტყვაც არ გამიგია არც თათბირიდან და არც პაციენტების მონახულებიდან. ასე მეგონა, ეს მე არ მეხებოდა, სხვა სამყაროში მოვხვდი, ყველასგან გარიყულად ვგრძნობდი თავს.
მთელი დღე საქმეში ვიყავი ჩაფლული, თუმცა მთელი ყურადღება კარისკენ მქონდა მიპყრობილი. ბექა არ შემოსულა, არ დაინტერესებულა, რატომ ვუთხარი ცივი უარი შეხვედრაზე. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ სანდრო ვერ დავივიწყე და ამიტომაც ვკარი ხელი. იქნებ იცის კიდეც, რაც მოხდა? სანდროსგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ მიეხარებინა ორი დღის წინანდელი ამბავი. ნუთუ ასე დაკნინდებოდა? ნუთუ იკადრებდა ამას? არა, არა, არც მინდა დავიჯერო. ასეთ შემთხვევაში რაღაცას მაინც მეტყოდა, მწარედ გადამიკრავდა სიტყვას. ალბათ პირველი ვერსია უფრო მისაღებია. ჰგონია, რომ სანდროზე მაბოდებს. ეგონოს… ალბათ ასე აჯობებს. სიმართლის გაგებას, მირჩევნია, ასე ეგონოს. მიდი მერე და დააჯერე, რომ მე არ მინდოდა, რომ მასთან სექსის სურვილი ჩემი ნება არ იყო. როგორ გინდა ადამიანი დაარწმუნო შენს სიმართლეში? ის არც ისე კარგად მიცნობს. ის კი არა, თურმე მე არ მცნობია საკუთარი თავი. ახლხან არ იყო, ჩემს კაბინეტში შემოსულს რომ ვეხვეწებოდი, შენთან მინდა, მიყვარხარ-მეთქი? ნიტას რომ შევხვდი, არ განვიცდიდი სინდისის ქენჯნას? მაშინ ხომ სხვა აზრზე ვიყავი? ახლა ჩემში სხვა სოფიმ გაიღვიძა, რომელმაც სხვანაირად შეხედა მოვლენებს. ასეა, ღირებულებების გადაფასება მოხდა.
ხუთი საათი ხდებოდა, წამლების აღწერას რომ მოვრჩი, საქმე ბოლომდე მოვამთავრე. ხვალ ერთი ოპერაციაა დაგეგმილი, ეს ისტორიაც შევავსე. თანაც, ხვალ ნათიას მაგივრად უნდა ვიმორიგეო. ოპერაცია გელამ უნდა გააკეთოს. რა კარგია, ეს ერთგვარი შვებაა ჩემთვის. ოღონდ მაგ ორთან არ მომიწიოს მუშაობამ ცოტა ხანს და ყველაფერზე თანახმა ვარ. ის იყო, თავი მოვიწესრიგე და წამოსვლას ვაპირებდი, რომ ოთახის კარი ფართოდ გაიღო და სანდრო გამოჩნდა შეშლილი სახით. მის დანახვაზე შევკრთი, სიწითლემ გადამირბინა ღაწვებზე. მართალი გითხრათ, არ ველოდი, ძალიან დავიბენი.
- არ წახვიდე, საქმე მაქვს შენთან, - ცივად თქვა.
მექანიკურად ჩამოვჯექი იქვე მდგარ სკამზე, ხელები ამიკანკალდა.
- რა გინდა? - ჩემს ხმას ვერ ვცნობდი.
- რაღაც უნდა გკითხო, - ყრუდ წარმოთქვა და ჩემს პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა ფეხმორთხმით.
- გისმენ, დიდი დრო არ მაქვს, - რაც შეიძლებოდა, ოფიციალური დავიჭირე.
- როგორ თქვი ჩემზე? - თავი გვერდზე გადახარა და გამჭოლი მზერა მესროლა.
თვალი გავუსწორე. ამას სიცხე ხომ არა აქვს, რა დაესიზმრა ნეტავ, ვფიქრობდი ჩემთვის.
- არ მესმის, რისი თქმა გინდა, - ავუწიე ხმას.
- როგორ თქვი-მეთქი, ჩემზე, გაიმეორე, შენგან მინდა მოვისმინო.
- როგორ ვთქვი და ვისთან, იქნებ დააზუსტო? - შევუბრუნე კითხვა.
- ჯერ ის მითხარი, როგორ ხარ?
- გადასარევად.
- რაღაც არ გეტყობა.
- მაშინ რაღას მეკითხები?
- შენც მართალი ხარ. ჰო, რაო, რას ვამბობდი?
- არ ვიცი, შენ წამოიწყე ლაპარაკი და შენგან უნდა გავიგო, ამისთანა რა ვთქვი.
- სანდროს როცა უნდა, მაშინ დავაჩოქებ და ოჯახს დავანგრევინებო, შენ არ თქვი?
- მართლა? საინტერესოა, ვისთან წამომცდა ამისთანა უმსგავსობა? - დამცინავად გავიღიმე.
- ნანკასთან.
იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ნანკას სახელის ხსენება, თვალები გამიფართოვდა.
- ვის-თაან? - ჩავეკითხე, ხომ არ მომესმა-მეთქი.
- ნან-კას-თან! - დამარცვლით გაიმეორა.
სიმწრის სიცილი ამიტყდა.
- როდის ერთხელ მნახე მაგ ქალთან მოლაპარაკე, ან რა საერთო მაქვს, რომელი ჩემი მეგობარი ნანკაა, ხომ ვერ მეტყვი? - ამრეზით გადავხედე სავარძელში გაშხლართულს.
- რისთვის მოუყევი ჩვენი ამბავი, რა საჭირო იყო? ყველას სალაპარაკო გინდა გამხადო? რატომ გინდა, რომ ყველას ეგონოს, თითქოს უკან დაგდევ?
- მე არაფერი მინდა შენგან, სრულიად არაფერი, ეს დაიმახსოვრე. ერთხელ უკვე გითხარი, სამუდამოდ ამოგშალე ჩემი მეხსიერებიდან-მეთქი. თუ ვინმე რამეს მიგონებს, ეგ მისი პრობლემაა და არა ჩემი, - ფეხზე წამოვდექი წამოჭარხლებული.
- გიგონებს? რატომ გგონია, რომ გიგონებს? თუ არა შენ, მაშინ ვისგან იცის, რა ხდებოდა ჩვენ შორის?
- და რა ხდებოდა, ხომ ვერ მეტყვი? თუ არ ვცდები, არაფერიც არ ხდებოდა, ამიტომ მოსაყოლიც არაფერია. ეგ ბრალდებები შენს ტოლებს წაუყენე, რა! ახლა კი, კეთილი ინებე და გადი აქედან, შენთან მეტი სალაპარაკო არაფერი მაქვს, - დავაკვესე თვალები.
- გინდა, ნანკას დავუძახო? - წამოიწია და წელში გასწორდა, თან ხელი ტელეფონისკენ გასწია.
- დაუძახე, თუ ძალიან გინდა, მე არავისი მეშინია.
- სხვა გზა არა მაქვს, უნდა დაგაპირისპიროთ.
- მიდი, მოიყვანე, ვნახოთ ერთი, რას იტყვის.
სანდრომ საორდინატოროს შიდა ნომერი აკრიფა, თან თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.
- სოფიოსთან ვარ, ერთი წუთით შემოდი, - მშვიდად უთხრა.
თავს ვერ ვიკავებდი, ცოტაც და ტირილი წამსკდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი ნერვების მოთოკვას.
ნანკა ისეთი მედიდური სახით შემოვიდა, ისეთი ნიშნის მოგებით გადმომხედა, თითქოს უდიდესი სამხილი ჰქონდა ჩემ წინააღმდეგ.
- უჩემოდ ვერ მორიგდით? - ირონიულად თქვა და იმ სავარძლის სახელურზე ჩამოსკუპდა, რომელშიც სანდრო იჯდა.
- არ მითქვამსო, მიმტკიცებს. რომელია თქვენ შორის მართალი? - სანდრო ხან მე გადმომხედავდა, ხან ნანკას.
- აბა, ხომ არ გეტყვის, მე ვთქვიო? შენ რა გგონია, დამესიზმრა? - ფეხი ფეხზე გადაიდო ნანკამ და ვიწრო კაბა მუხლს ზემოთ აუხტა.
- როდის გნახე მე შენ სალაპარაკოდ, იქნებ გაიხსენო?
- შენ რა, აღარ გახსოვს? - წარბები გამომწვევად აზიდა.
- არათუ შენთან საუბარი, შენი არსებობაც კი მავიწყდება ხანდახან, - ვალში არ დავრჩი თანამშრომელს და თავხედურად ავხედე.
- მაპატიე, საერთოდ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა. მე დიდი ხანია სანდროს ვიცნობ და არ მინდა ვიღაცის გამო ოჯახი დაენგრეს. ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, საქმის კურსში ჩამეყენებინა.
- რომელი საქმის კურსში, ნანკა? მე შენთან გაცნობის დღიდან თითქმის არ ვკონტაქტობ, საიდან მოგაქვს ეს სისულელეები? რატომ მიგონებ ასეთ საზიზღრობებს, რამე დამიშავებია შენთვის ოდესმე? იქნებ ჩასმენები გაქვს და ვერ ხვდები?
- აბა რა, ეს ყველაფერი დამესიზმრა? მე საიდან უნდა მცოდნოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ, როგორ გგონია? შენ თვითონ არ მითხარი, ვუყვარდი და ჩემზე აბოდებდაო? ბოლოს ადგა და ნიტა მოიყვანა ცოლადო? ყველაფერი არ მომიყევი? რაში მჭირდებოდა რამის მოგონება, მე რა, შენი ჯინი მჭირს? რა გამორჩენა მაქვს აქედან?
- როგორც ჩანს, გაქვს და თანაც - ძალიან სერიოზული. არ ვიცი, საიდან იცი ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, ცდილობ, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენო. არ მაინტერესებს, რა გაქვს ჩაფიქრებული. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ღმერთმა ყველა ჩვენი სიმართლით გვატაროს. რაც გინდა, ის იფიქრე, სანდრო, არ მადარდებს. მეტსაც გეტყვი, არ მადარდებს, რას ფიქრობ ჩემზე. შენნაირ არარაობაზე ფიქრით თავს არ დავიღლი, ეს იცოდე. არც შენი ოჯახის დანგრევა მჭირდება არაფერში და არც შენი სიყვარული. ყოველთვის არაკაცი იყავი და ასეთად დარჩი. აი, ეს არის ჩემი პასუხი. მე წავედი და როცა ერთმანეთში ყველაფერს გაარკვევთ, აგერ არის გასაღები, დაკეტეთ და მერე დაცვასთან დატოვეთ, - დემონსტრაციულად წამოვდექი, გასაღები სანდროსკენ გავაჩოჩე, თავი ამაყად ავწიე და ოთახიდან მტკიცე ნაბიჯებით გამოვედი.
გაგრძელება იქნება