"გამარჯობა, თამუნა... შენი პოსტი ვნახე გოგოზე, რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა... კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე. არ ვიცი, ამ ესემესს თუ ნახავ, მაგრამ გადავწყვიტე, მეთქვა და, რადგან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.
ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე, დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია... ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა, რადგან "ხალხი რას იტყვის" თაობა იყო... ალბათ, 5-6 წლის ვიყავი, პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა, რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე, რადგან მეშინოდა, მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა, რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდა.
ერთ დღეს მთვრალი მოვიდა, დედაჩემს სცემა და გააგდო სახლიდან შუაღამეს. ალბათ, 7 წლის ვიყავი. მაიძულა, მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი, რომ არ მინდოდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა... მეზიზღებოდა.
დავისტრესე, ჩავიკეტე, დავკომპლექსდი. დღეში ასჯერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი, ვინც გამიგებდა. ვიცოდი, ყველა მე დამადანაშაულებდა. 13 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას ამ მდგომარეობიდან.
ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ 3 წლის წინ შემიყვარდა ადამიანი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი. ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმა, ზუსტად ისეთმა ხალხმა, ვინც ახლა იმ გოგონას ლანძღავენ, უსუსურს, რომელიც ვერც კი იაზრებდა, ალბათ, როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა სიმართლე" - ამ ანონიმურ წერილს "ფეისბუკზე" თამუნა მუსერიძე აქვეყნებს. ეს ამბავი მას სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისწერა და მისი გასაჯაროება სთხოვა.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის რეგიონში არასრულწლოვანმა, 17 წლის გოგომ, შვილი გააჩინა. პოლიციამ გოგოს მამა დააკავა. პირველადი ინფორმაციით, მამა 2 წლის განმავლობაში შვილზე სექსუალურად ძალადობდა. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 11 პრიმა - 137 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს.
მსგავსი ამბავი ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს კიდევ არაერთმა ადამიანმა გაუზიარა. ერთ-ერთი მათგანი მან საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა:
"გადამევსო მესინჯერი! გული მისკდება, ხალხო! ეს რა დღეში ვართ? დედებო, დაუჯერეთ შვილებს! დაუჯერეთ! ბავშვობიდანვე ასწავლეთ, რომ არავის აქვს უფლება, შეეხოს! ბავშვობიდანვე ასწავლეთ, რომ თქვენი იმედი უნდა ჰქონდეთ! აუცილებელია სქესობრივი განათლება სკოლებში, აუცილებელი!" - წერს თამუნა მუსერიძე.