რძალსა და დედამთილს შორის რომ ცუდი ურთიერთობა უნდა იყოს, ეს თითქოს აქსიომაა და ამის საფუძველი გასული საუკუნიდან გამოყოლილი სტერეოტიპული შეხედულებებია. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ამ თემაზე ანეკდოტებიც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი ფესვგადგმულია ეს შეხედულებები ჩვენს საზოგადოებაში.
რძალსა და დედამთილს შორის, განსაკუთრებით, თუ ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ, კონფლიქტი სხვადასხვა ნიადაგზე შეიძლება წარმოიშვას, მაგალითად, ღირებულებათი სხვაობა, აღზრდის მეთოდების სხვაობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება, ფინანსური საკითხი.
რძალ-დედამთილს შორის პრობლემური ურთიერთობის ჩამოყალიბება ნაწილობრივ გამომდინარეობს კულტურული მოლოდინებიდან და გენდერული როლებიდან, რომლებიც გადაცემულია თაობებს შორის. ეს სტერეოტიპები კარნახობს ქალს, როგორც ცოლს, როგორც დედას, როგორ უნდა მოიქცეს. სწორედ ეს წარმოშობს განხეთქილებასა და უთანხმოებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყველა ოჯახში ასე არ ხდება, არსებობენ რძალ-დედამთილები, რომლებსაც მეგობრული, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ.
ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა ფილოსოფოსმა ლალი ანთიძემ გადაცემაში "დიდი შესვენება“ და ახსნა ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების გამყარებას:
„პრობლემის ინიციატორი ყოველთვის დედამთილია. რძალსა და დედამთილს შორის არსებულ კონფლიქტში გამარჯვებული დედამთილი არ არსებობს. ეს კონფლიქტი დედამთილმა არ უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ჰყავს შვილი, რომელიც მისთვის ძვირფასია. ამ ფსიქოლოგიური ურთიერთობის მთელი პასუხისმგებლობა დედამთილზე მოდის. როდესაც ოჯახში ადამიანი შემოდის, თუკი დედამთილი რეალიზებულია, აქვს საკუთარი საქმე და სივრცე, ის თმობს შვილს და აბსოლუტურად გააზრებული აქვს, რა ხდება. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ისეთ დედამთილებთან, რომლებიც დიასახლისები არიან, რომელთა სფეროც ოჯახია და იქ ვიღაც უცხო ადამიანი ჩნდება, ჭიქას არ დებს ისე, როგორც მას სურს, ქმარს არ უვლის, როგორც ფიქრობენ ხოლმე, სტანდარტულად, უკვე კონფლიქტი იწყება. ამიტომ, ჯობს, ოჯახებმა ცალკე იცხოვრონ. როდესაც ბავშვი იბადება და დედა ფიზიოლოგიურად გამოეყოფა შვილს, ამას თავისი პროცესები აქვს. მერე ძუძუთი კვებაა, მაგრამ ნელ-ნელა დედა ფიზიკურად შვილს შორდება. ამავდროულად, დედამ ფიზიკურ დაშორებას ფსიქოლოგიური გათავისუფლებაც უნდა მიაყოლოს. ქართველი ბიჭები ძალიან მეცოდებიან. ამას შვილი ვერ მოახერხებს, ეს უნდა გააკეთოს დედამ. ბიოლოგიური და სოციალური მოცემულობაა, რომ გავლენები ყოველთვის არსებობს. ქალი აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, რომ ამ ყველაფერს ცნობიერი პროცესი გააყოლოს. ხვდებოდეს, მისი შვილის ცხოვრებაში ჩარევის უფლება რა დონეზე აქვს. მაგრამ, წყვილს შორის ურთიერთობა იმდენად რთულია, დღეს იმდენად გართულებულია, რომ ოჯახი შენარჩუნდეს, მშობლების სახით, ამას გულშემატკივარიც სჭირდება” - ამბობს ლალი ანთიძე.