"მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე უღირსი ადამიანის გვერდით“ - ანიტა რაჭველიშვილი - Marao

“5 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაშორება ტკივილში გადაზრდილიყო…” - ვინ იყო ანიტა რაჭველიშვილის პირველი მეუღლე, როგორია მისი დიდი სიყვარული და განვლილი ცხოვრება

2024-02-08 14:43:34+04:00

ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.

ქართველი მეცო-სოპრანო დაიბადა თბილისში, გურამ რაჭველიშვილისა და მეგი დუმბაძის ოჯახში. მას განსაკუთრებული წარმატება 2009 წელს ლა სკალას სეზონის გახსნაზე, კარმენში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ანიტამ, რამდენიმე წლის წინ Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სულ მალე კი მეცო-სოპრანო The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

2014-2015 წლების სეზონზე ანიტა რაჭველიშვილი დაბრუნდა ლა სკალას სცენაზე, შეასრულა კარმენისა და ამნერისის პარტიები. ამნერისის პარტია ასევე შეასრულა რომის ოპერის თეატრში, ხოლო კარმენი - მეტროპოლიტენ ოპერაში. იგი იყო სოლისტი ჯუზეპე ვერდის რეკვიემში ზალცბურგის ფესტივალზე.

„ახალგაზრდა ქართველი მეცო – სოპრანო ძალიან გაბედული იყო „კარმენში“ და საოცრად შთამბეჭდავი – „თავად იგორში“, რომელიც “მეტროპოლიტენ ოპერის“ ბოლოს სეზონზე დაიდგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა იანვარში, ვერდის „ტრუბადურში“, აზუჩენას როლში, სადაც თავისი არია საოცრად დახვეწილი ბელკანტოთი შეასრულა. პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა. სექტემბერში კი ანიტა შეუდარებელი იყო ვერდის „აიდაში,” – წერდა “The New York Times“ ანიტას შესახებ.

2014 წლიდან ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან, მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. არაერთხელ გამოსულან ნიუ-იორკის, თბილისის, ბერლინის დიდ სცენებზე. 2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“. გამართეს ერთობლივი კონცერტები 2015 წლის ოქტომბერში პარიზში, დეკემბერში - ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში, 2016 წელს - ლა სკალაში , ამავე წლის მაისში — კანადის საოპერო თეატრის სცენაზე.

თუმცა უცხოეთში წასვლამდე ანიტამ საკმაოდ რთული გზა გაიარა. ამაზე თავადაც საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში:"არასოდეს არ მქონია სურვილი,  ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი მუსიკით დაინტერესებული, ვმღეროდი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, შვიდწლედიც დავამთავრე, მაგრამ ოპერის მომღერლობა არასოდეს მნდომებია. გაუცნობიერებლად ჩავაბარე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ გაუცნობიერებლად დავიწყე მომზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა – ასეთი მიდგომა მქონდა.

ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინდოდა კონსერვატორიაში სწავლა. მიუხედავად იმ წლების სირთულეებისა, განსაკუთრებით კი – გაჭირვებისა, კონკრეტულად ჩემი ოჯახის გაჭირვებისა.„ყველაზე საოცარი მომენტი იყო დედაჩემის და მამაჩემის დანახვა „ლა სკალას“ პარტერში, მესამე რიგში. დედას ტირილს მიჩვეული ვარ, ემოციური ქალია, მამაჩემი ღვრიდა ნიანგის ცრემლებს. ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, რომ არ უნდა შემეხედა, მე თვითონაც ტირილს ვიწყებდი. ვხედავდი ჩემს დას სამეფო ლოჟაში და იქიდან მისმენდა… და ეს საამაყო დღე იყო. სამივე ტიროდა ბედნიერებისგან. ვიყავი 25 წლის, პატარა, გამოუცდელი მომღერალი. 130 ქვეყანაში ხდებოდა ამ სპექტაკლის ტრანსლაცია. მახსოვს, ჩემი მენეჯერები ყოველ შესვენებაზე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ახალი შემოთავაზებები გვაქვსო. მაშინ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, ეტაპი, სადაც შემეძლო, რომ ჩემი მშობლების ბინა დამებრუნებინა. ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ… გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში. ყოფილა დღეები, რომ ხახვი და პური მიჭამია და ისე წავსულვარ კონსერვატორიაში. მქონდა სანდლები, რომლებზეც წინდებს ვიცვამდი და ისე მივდიოდი კონსერვატორიაში, რადგან ზამთრის ფეხსაცმელი არ მქონდა. ჩემი მშობლები ბევრჯერ მშივრები  დარჩენილან, რომ მე და ჩემს დას გვეჭამა..“- ამბობდა ანიტა რაჭველიშვილი.

"რატომ აკრიტიკებენ ანიტას? მთელი გრძნობით ცეკვავს, ეს ტანგო ასევე არის შინაგანი თავისუფლების და გამბედაობის გამოხატულება" - ანიტა რაჭველიშვილისა და "სუხიშვილების" ტანგო, რომელსაც განსხვავებული რეაქციები მოჰყვა 

"ჩემი დედამთილი ამბობს თურმე, რა ფორთოხალივით გოგოა, ნეტავ ჩემს ოთოს ასეთი ცოლი მისცაო; ამანაც პირდაპირ ის მოიყვანა ცოლად, ვინც ეკრანზე დაინახა..." - რას ჰყვება ანიტა რაჭველიშვილი მეუღლის, ოთო მაისურაძის შესახებ 

ანიტა რაჭველიშვილს უიღბლო ქორწინების გამოცდილება აქვს. იტალიელ ქმარს, ტენორ რიკარდო მასიას ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

"5 წელიწადზე მეტი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაშორება ტკივილში გადაზრდილიყო. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები, რომელთანაც საერთო ენის გამონახვას თითქმის ვერ ვახერხებ. ქართველმა კაცებმა ქალის სხვანაირი პატივისცემა იციან. იქაურმა კაცებმა ისეთი ელემენტარული რაღაცებიც არ იციან, რაც ქალისთვის სკამის გაწევა ან კარის გაღებაა. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ნელ-ნელა შევეგუე ამ ფაქტს, რომ კარსაც არავინ მიღებდა, მაგრამ ეს საწყენი არ ყოფილა. რადგან ამას მხოლოდ ჩემთან კი არა, არავისთან აკეთებდა. მერე ნელ-ნელა ისწავლა და თანაცხოვრების მეხუთე წელს საკუთარი ხელით მიღებდა კარს.

მიმაჩნია, რომ კაცი უნდა იყოს ის შუქურა, რომლისკენაც ოჯახი მიილტვის. ჩემი ოჯახი მაგალითად მაქვს, სადაც ყოველთვის ერთხმად წყდებოდა ყველაფერი. გენდერული თანასწორობის ბოლომდე არ მწამს, მიმაჩნია, რომ თუ მამაკაცი ძალიან ძლიერია, მას უნდა მიჰყვე. თუ მამაკაცი ძლიერი არ არის, მაშინ ქალი იძულებულია, საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღოს.

ჩემნაირი ძლიერი ქალები, რომლებიც ვცდილობთ, ჩვენი ძალებით რაღაცას მივაღწიოთ, ყოველთვის ვიქნებით პრობლემებში, ძიებაში. მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე უღირსი ადამიანის გვერდით“ - ამბობდა ანიტა რაჭველიშვილი „სარკესთან“ იტალიელ ქმართან განქორწინების შემდეგ.

ანიტას რჩეული ოთარ მაისურაძე პროფესიით მუსიკოსი და მომღერალია. წარსულში მორაგბე იყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის დახმარებით გაიცნეს და ურთიერთობა პირველად მიმოწერით დაიწყო:

"სოციალურ ქსელში ვმეგობრობდით და უბრალოდ, ერთმანეთის ფოტოებს ვალაიქებდით. როცა პირადად შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და პარიზში წამოსვლამდე ოთომ ხელი მთხოვა" -ამბობდა ანიტა.