ის არავის ჰგავს. სადაც უნდა იყოს, თავისი სამყარო ყოველთვის თან დააქვს. მისთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა და არავის აძლევს საშუალებას, შეუზღუდოს. ის ექსტრაორდინარული ხელოვანია. მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენი სტუმარი უნიჭიერესი მანანა მენაბდეა.
- გასული წელი ძალზე დატვირთული გქონდათ... რით იყო გამორჩეული 2023 წელი?
- ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემთვის ყველა წელი თავისებურად გამორჩეულია. საერთოდ, როდესაც რაღაცას ვიწყებ, განსაკუთრებით, წლის დასაწყისში, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს, მაგრამ გასული წელი სხვა წლებისგან სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ განუწყვეტლივ ვმუშაობდი, რაც არ დასრულებულა და წელსაც გრძელდება… - ვგულისხმობ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელზეც მუშაობას ვაგრძელებ და სულ ცოტა ხანში უნდა დავასრულო. რაც შეეხება 2023 წელს, წლის ბოლოსკენ ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა, გორის ქალთა გუნდის ლოტბარმა თეონა ცირამუამ თავის არაჩვეულებრივ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. ეს ჩემთვის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო! ვფიქრობ, ჩვენი ტანდემი შედგა! განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი და პროფესიონალი კოლეგა შევიძინე და ამიტომაც მიმაჩნია, რომ გასული 2023 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნად დაგვირგვინდა! დარწმუნებული ვარ, ამ ურთიერთობას არა მარტო ადამიანური, არამედ პროფესიონალური გაგრძელებაც ექნება!
- როდის იხილავს დღის შუქს რომანი?
- გულწრფელად გითხრათ, მხოლოდ მხატვრული რომანი რომ ყოფილიყო, უკვე დასრულებული იქნებოდა. ავტობიოგრაფიული რომანი გაცილებით რთული გამოდგა. ალბათ, იმიტომ გამიგრძელდა წერის პროცესი, რადგანაც ტექსტში მხატვრული ელემენტები შევიტანე, რამაც გაამდიდრა ჩემი ავტობიოგრაფიული პროზა და გაცილებით მეტი სირთულეც შესძინა. დიდი მოცულობის ტექსტი რთული დასაძლევია. ყველაფერს ისე უნდა მოუყარო თავი, რომ გასაგები იყოს და თან საინტერესო მკითხველისთვის.
- ძირითადად, წერა ემიგრაციაში დაიწყეთ. ხომ არ გაიხსენებთ იმ დღეს, როდესაც საქართველოს დატოვება მოგიწიათ?
- ბერლინში 1991 წლის 15 მარტს ჩავედი. თბილისიდან გამგზავრება დაუვიწყარი იყო. ბარგი გაივსო ტყემლისა და აჯიკის ბოთლებით, სუნელებით, ჩურჩხელებით, ჩირებითა და ამ ყველაფერს კი ტორტი აგვირგვინებდა. რა თქმა უნდა, ეს დოვლათი ჩემი ნაცნობ-მეგობრების მშობლებმა გამატანეს თბილისიდან. ტორტს ისეთი სურნელი ასდიოდა, კინაღამ გზად შემომეჭამა. რამდენჯერმე ძლივს შევიკავე თავი, მაგრამ მთელი და უვნებელი ჩავაბარე ადრესატს! ძალიან კარგად მახსოვს გზა, რომელიც ბერლინის რკინიგზის სადგურიდან სახლამდე ჩემს მასპინძლებთან ერთად გავიარე. არ მეგონა, ცოცხლები თუ მივაღწევდით სახლამდე. ჩემი მასპინძლები ტყემლისა და აჯიკის ბოთლებით გატენილ უმძიმეს ჩანთებს მიათრევდნენ, მე კი უზარმაზარი ტორტით ხელში, არც კი ვირხეოდი, ვაიდა, გერმანიამდე ჩატანილ ტორტს ძირს არ მოედინა ზღართანი. ჯერ ტრამვაით, შემდეგ უბანით (ასე ჰქვია მეტროს გერმანიაში), შემდეგ ფეხით, გულამოვარდნილები და ოფლად გახვითქულები მივიწევდით წინ, ზაარბრიუკენშტრასე 6-ისკენ, იმ სახლისაკენ, სადაც ბედმა მარგუნა ჩემი ცხოვრების 5 უმშვენიერესი და საოცარი, ისტორიებით სავსე წელი გამეტარებინა!
- რამდენად რთულია ისეთი ადამიანისათვის, როგორიც თქვენ ხართ, ემიგრაციაში ყოფნა?
- ვფიქრობ, ყველასთვის რთულია სამშობლოსა და მეგობრებისგან მოწყვეტა. მე პირადად უკვე მქონდა ოჯახსა და სამშობლოსთან დიდხნიანი განშორების გამოცდილება. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული არ ყოფილა. თუმცა მთლად არც ია-ვარდით იყო მოფენილი ჩემი გზა. საერთოდ, ახალ ცხოვრებას ახლავს სირთულეები, მაგრამ, როგორც ვთქვი, ასეთი მდგომარეობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ჯერ კიდევ შორეული 70-იანებიდან 21 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, როდესაც მოსკოვში გადავედი უმაღლესში სასწავლებლად. ჩემს თავს და მას, ვინც 90-იანებში დატოვა სამშობლო, ემიგრანტებს ვერ დავარქმევ. ნამდვილი ემიგრანტები ისინი იყვნენ, ვინც სამშობლო 20-21 წლებში მოუბრუნებლად დატოვეს. მათ არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა ოდესმე მშობლიურ კერას. ჩვენგან, 1990-იანელებისაგან განსხვავებით, მათ არ დაუტოვეს სხვა არჩევანი. ეს იყო იძულებითი განშორება სამშობლოსთან. წარმომიდგენია, რას განიცდიდნენ, როდესაც გაურკვეველი დროით ემშვიდობებოდნენ ყოველივე სანუკვარსა და საყვარელს. საშინელებაა, როდესაც მშობლიურ ადგილს სამუდამოდ ეთხოვები და წარმოდგენაც კი არა გაქვს, სად ამოყოფ თავს, ოდესმე იხილავ თუ არა შენს მიწა-წყალს. ეს მართლაც დამანგრეველი განცდაა. ბევრმა ძველმა ემიგრანტმა ამ საშინელ დარტყმას ვერ გაუძლო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - მე ემიგრანტი არა ვარ, მე აუსლენდერი ვარ, როგორც გერმანელები ამბობენ, ანუ უცხოელი, რომელიც თავისი ნებით გაემგზავრა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, რათა საკუთარი თავი ეპოვა. 90-იანელებს შეგვეძლო ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნებულიყავით უკან და ეს დიდი პრივილეგიაა. ამ არჩევანის წინაშე ჩემი თავი თავად დავაყენე, რადგანაც სიახლე და ექსტრიმი მიყვარს, მიყვარს გამოწვევები. მომწონს, როდესაც საკუთარ თავს ახალ პირობებში ვაყენებ. როდესაც ახლობლები, ოჯახი გვერდით არ არის, შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი ეცემა. ეს იგივეა, ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის, შუა ზღვაში გადააგდო. მან ან უნდა გაცუროს, ან უეჭველად დაიღუპება. ასეთი გამოწვევა გაფხიზლებს, ახალ გამოცდილებას გძენს, ამჟღავნებს, რამდენად ძლიერი ხასიათი გაქვს, რომ წამოჭრილ პრობლემებს გაუძლო, გადალახო ახალი ბარიერები. ეს ყველაფერი გზრდის, გაძლიერებს და ადამიანად გაყალიბებს. როდესაც სხვა კულტურულ სივრცეში გიწევს ცხოვრება, თუ რაღაცის ნიჭი გაქვს, რომელიც მიძინებული იყო, ის შენში უეჭველად ამოხეთქს. მე, მაგალითად, კერამიკის მოხატვა დავიწყე, რაც სრულიად ახალი იყო ჩემთვის. ასევე აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ფერწერული ტილოების ხატვა შემიძლია, არამედ ქაღალდზე მუშაობა და აპლიკაციების კეთებაც. ასევე დავიწყე წერა და თარგმნა. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში რომ არ წავსულიყავი, არასდროს იქნებოდა არაკების წიგნი და დანიილ ხარმსის პროზა, რომელსაც ბერლინში ვთარგმნიდი. თითქოს გაუგებარი იყო, რატომ ან რისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფუჭი შრომა კი არ იყო, არამედ წინაპირობა, რომ შემდეგ "წიგნები ბათუმში" გამოეცა ჩემი თარგმანი!