ქარის საიდუმლო - თავი 18 - Marao

ქარის საიდუმლო - თავი 18

2024-02-10 10:50:53+04:00

წინა თავი

_ ბექა პატარა ბიჭი აღარ არის, ქალბატონო ანიკო, მან იცის, რასაც აკეთებს. იქნებ მისთვის ასე უმჯობესია? იქნებ ამ ეტაპზე საჭიროც კია, ნანკასთან ურთიერთობა მისთვის? მოვა დრო და გადაუვლის, მერე ვინმე ნორმალურს შეხვდება და…

_ ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ, არა? ნუ, სოფი, ნუ. შენ არ იცი, რა ხდება. არაფერიც არ გადაუვლის. იცი, წუხელ რატომ დაგირეკე? მთვრალი მოვიდა, გალეშილი. დამსვა და მელაპარაკა. ჯერ შენზე მითხრა, სამსახურიდან მიდისო, მერე ნანკა ორსულად არისო, გესმის? ახლა შენ მირჩიე, როგორ მოვიქცე _ აბორტი გავაკეთებინო, თუ ცოლად მოვიყვანოო, გაიგე? ეს არის, რომ მკლავს. ის გოგო ყველაფერს აკეთებს, ბექას რომ თავგზა აუბნიოს. შვილი მეღუპება და ვერაფერს ვშველი, აი, ეს არის უბედურება.

ამის გაგონებაზე თითქოს ურო ჩამარტყეს თავში. ჩემდა უნებურად კვნესა აღმომხდა.

_ ამიტომ დაგიბარე, ჩემო კარგო, ამიტომაც მინდოდა შენი ნახვა. რას მირჩევ, რა გავაკეთო? შენ რომ ჩემს ადგილას იყო, როგორ მოიქცეოდი? იმ ქალს ასი კაცი ჰყავს გამოცვლილი, ეს დანამდვილებით ვიცი. რაღა მაინცდამაინც ჩემს შვილს დაადგა თვალი? ერთი წესიერი გოგო გაწყდა ჩემი ბექასთვის?

_ უმწიკვლო და ქალწული არც მე ვარ, ქალბატონო ანიკო, _ დავიწყე კარტების გახსნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, _ მეც მყოლია მამაკაცი წარსულში.

_ ეგ სხვა ამბავია, გენაცვალე. მაგას არ ვგულისხმობ. გააჩნია, როგორ გყოლია. გაუთხოვარ ქალს საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს, სხვა რამეა. სიყვარულის გამო ქალი მსხვერპლზე ყოველთვის მიდის. მე გათხოვილს მყავდა საყვარელი მამაკაცი, მერე რა? ამას არ ჰქვია ბოზობა. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. სულით არ უნდა იყო ბოზი, სულით. იმ ქალის თვალებში ისეთ რამეს ვკითხულობ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რომ მიუღებელია. ის ვერასდროს იქნება კარგი ცოლი, ყოველთვის უღალატებს ჩემს შვილს და არა მარტო ცოლქმრობაში, ყველაფერში. მას ბექა შირმად სჭირდება მხოლოდ. ეს მაღელვებს და მანადგურებს, ჩემო სიხარულო. შენ სხვა ხარ, შენგან უდიდესი სითბო მოდის, საოცრად დადებითი მუხტი. ვიცი, როგორიც ხარ და ამიტომაც მომწონხარ.

თავდახრილი ვუსმენდი ანიკოს აღსარებას.

_ გარდა ამისა, ერთი რაღაცის ეჭვიც გამიჩნდა. ეს ჩვენ შორის დარჩეს, იცოდე, _ ხმა გაუმკაცრდა ანიკოს, მივხვდი, დიდ საიდუმლოს მანდობდა, _ არ მგონია, ნანკა ორსულად იყოს. ორი წლის წინ, როცა ბექა ჯერ კიდევ არ იყო, ასე ვთქვათ, «დადუღებული» და წარამარა ქალებში დარბოდა, ცუდად გახდა. როგორც ჩანს, სქესობრივი კავშირის დროს ვიღაცამ გასვარა, ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები შეექმნა. იმკურნალა და მალევე გაუარა, მაგრამ ანალიზები რომ გაიკეთა, უთხრეს, სხვა სახის მკურნალობაც გჭირდება, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე საქმეს, თორემ შეიძლება შვილი ვერ გაგიჩინოს ცოლმაო. ორმოცდღიანი კურსი დაუნიშნეს, თუმცა არც მიუქცევია ყურედღება, არ ჩაუტარებია მკურნალობა. მას შემდეგ შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო? თუ ორი წლის წინ არ შეეძლო ქალს მისგან დაორსულება, უკეთესობისკენ რა უნდა შეცვლილიყო? ამ ხნის მანძილზე ხომ უფრო გაუუარესდებოდა მდგომარეობა? არ იცი, როგორ მაინტერესებს. მგონია, რომ ის გოგო იტყუება, ამის გამოჭერა უნდა. იცის, ბექა როგორი მგრძნობიარეა და ამით სარგებლობს.

_ ღმერთო ჩემო, ასეთი ტყუილის თქმა როგორ შეიძლება? _ აღმომხდა, _ როგორ გაბედავდა ამას, ქალბატონო ანიკო?

_ ო-ო-ო! შენ არ იცნობ, როგორია. ბოროტი ნაპერწკალი უელავს თვალებში. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამიკვირდება, ასე რომ იყოს, მაგრამ როგორ გადავამოწმო? რაც უნდა ვუჩიჩინო ბექას, მიდი ექიმთან და გაესინჯე-მეთქი, არ დამიჯერებს, ჩემს სიტყვაზე არ გაივლის, ისეთი თავისნათქვამაა. იუკადრისებს და თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის. რა მოვიფიქრო, რა…

_ იქნებ ის მაინც გაარკვიოთ, რომელ პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში დადის? ვინ არის მისი გინეკოლოგი?

_ მაგას ვინ გამაგებინებს, გენაცვალე, გგონია, პირს მოაღებს და რამეს იტყვის? მით უმეტეს, თუ მართლა ტყუის?

_ და თუ არ ტყუის?

_ მით უარესი მაშინ. ყველაფერს იღონებს, რომ ბექას შინ დაუჯდეს. თუ ტყუილს ამბობს, მაშინაც არ გაუჭირდება თავისი ნათქვამის დამტკიცება. ეყოლება ნაცნობი გინეკოლოგი და ცნობის გაკეთებას რა უნდა დღევანდელ პირობებში? გადაუხდის ფულს და მორჩა, რა პრობლემაა? ნებისმიერს შეუძლია ეგრე უმტკიცოს ვიღაცას, რომ ორსულადაა. ასე არ არის?

_ ჰო, რა თქმა უნდა…

_ რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ასეთი გაუგონარი, ასეთი თავნება? ფუფუნებაში მე არ გამიზრდია, არც მამამისს მოუკლავს თავი მისი განებივრებით. რატომ არ ესმის ჩემი? ასე მგონია, ბოლო ხანებში უფრო და უფრო დავშორდით ერთმანეთს. სანამ პატარა იყო, კაბის კალთაზე მყავდა გამობმული, თვალებში შემომყურებდა, ჩემი ყველა სიტყვა კანონი იყო მისთვის. გაიზარდა და… ეჰ, ასეა, ასე. შვილი მანამ არის შენი, სანამ შენზეა დამოკიდებული. ახლა უკვე გვიან არის. მე კი მის გამო გავიუბედურე ცხოვრება, მის გამო დავსაჯე საკუთარი თავი და ხელი ვკარი ბედნიერებას. ამას გამიგებს ბექა? არა, რა თქმა უნდა.

_ მე ის ვნახე, ქალბატონო ანიკო, _ ვერ მოვითმინე და წამომცდა.

_ ვინ? _ გაკვირვებით შემომხედა ანიკომ, _ ნანკა?

_ არა, არა… ბიძინა… _ ვთქვი და სიმწრის ოფლმა დამასხა.

ქალს სახე გაუფითრდა. ტუჩები აუკანკალდა მოულოდნელად.

_ ბიძინა?.. ვინ ბიძინა? _ ჩურჩულით თქვა და ნახევარი ტანით ჩემკენ შემოტრიალდა.

_ მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით… ის ჩემი ნათლიაა, მამაჩემის მეგობარი. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ… ვმეგობრობთ კიდეც… ყველაფერი მომიყვა თქვენზე…

_ მამაშენის მეგობარი? ვინ არის მამაშენი?

_ თქვენ არ გეცოდინებათ, ის მოსკოვშია.

_ ვეჭვობ, ჩვენ ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვლაპარაკობდეთ. ალბათ რაღაც გეშლება, სოფი, _ მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ მისი ცხოვრების მამაკაცს ვიცნობდი.

_ არ მეშლება… ის ავად არის, მარტო ცხოვრობს, სულ მარტო… მიმხედავი არავინ ჰყავს, როგორც თქვენ მითხარით. ხანდახან და და დისშვილები აკითხავენ ხოლმე. მეც დავდივარ. ეს მან მომაწყო სამსახურში. ახლახან ფეხი იღრძო, წევს. გუშინ ვინახულე და სრულიად შემთხვევით მელაპარაკა თქვენზე, არც იცოდა, მე თუ გიცნობდით. არ ვცდები, იმიტომ, რომ ყველაფერი ემთხვევა… მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ უკვე ყველაფერი ვიცი.

ანიკოს ნიკაპი აუკანკალდა, ხელებიც აუცახცახდა. კარგა ხანს იჯდა ხმის გაუღებლად, უაზროდ მისჩერებოდა კედელზე ერთ წერტილს, თითქოს გაქვავებულიყო. მერე, დიდი ხნის მერე, შეირხა და უმეტყველო მზერა ჩემზე გადმოიტანა.

_ ისევ იქ ცხოვრობს?

_ დიახ.

_ ძალიან ცუდად არის?

_ არა, ძალიან ცუდად არ არის, მაგრამ… თავისი ბაღი აქვს, ყვავილებს უვლის. იმაზე წუხს, რომ რამდენიმე დღე ვერ შეძლებს ფეხზე ადგომას, ძალიან აქვს კოჭი გასივებული.

_ ყვავილებს… _ თითქოს ოცნებას გაუპასუხა ანიკო, თვალები მაღლა აღაპყრო, _ მუქი წითელი ვარდებით ექნება ეზო მოფენილი.

_ ჰო, ეგეთები ძალიან ბევრია… _ გამეღიმა.

_ რაო, რა თქვა ჩემზე?

_ რა ვიცი… თქვენი სიყვარულის ისტორია მომითხრო. მას ახლაც უყვარხართ, ქალბატონო ანიკო, თქვენს მერე სხვა ქალზე არც უფიქრია, ამიტომაც დღემდე უცოლოა.

_ იმედია, დღესაც მე არ მელოდება, _ გაღიმება სცადა ქალმა.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, გელოდებათ. მითხრა, ასე მგონია, ერთ მშვენიერ დღესაც, კარი გაიღება და ანა შემოვა ოთახშიო.

_ ასე თქვა?

_ ზუსტად ასე, _ ვთქვი და ვიგრძენი, როგორ დავმშვიდდი.

მან უკვე ყველაფერი იცოდა. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მას უნდა სცოდნოდა სიმართლე.

_ სოფი, მამტყუნებ? _ მკითხა უცებ.

_ რაში?

_ მასთან მტყუანი ვარ? შენი აზრით, სწორად მოვიქეცი?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით… არ მიფიქრია ამაზე, _ დავიბენი.

_ მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. სხვა გზა არ დამიტოვეს _ არც მან და არც ჩემმა ქმარმა. რჩევის მომცემიც არავინ მყავდა, სასოწარკვეთილი ვიყავი, თანაც უაზროდ ამაყი. ვერ გადავახტი ჩემს სიამაყეს. მერე კი ვინანე, მაგრამ გვიან იყო უკვე.

_ გვიან არასდროს არის ქალბატონო ანიკო, არასდროს, _ მტკიცედ ვთქვი.

_ შენ ამბობ ამას? შე-ენ? თუ ასეა, მოაბრუნე ჩემი შვილი, სანამ გზიდან გადაჩეხილა, _ თითქოს გამოცოცხლდა.

_ არა, არ შემიძლია. მე არ ვიმსახურებ მის სიყვარულს, მე…

_ მას შენ უყვარხარ, გოგონი, დაიმახსოვრე ეს.

_ ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც არ შემიძლია. მე დამნაშავე ვარ მის წინაშე და ამ დანაშაულს ვერანაირად ვერ გამოვისყიდი.

_ რატომ გგონია, რატომ? განა რა მოხდა ისეთი, რატომ არ მეუბნები?

ღრმად ამოვიოხრე, თავი დავხარე, ხელები ერთმანეთში ნერვულად გადავხლართე და ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი.

_ არის ერთი, რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა. ის მოსვენებას არ მაძლევს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბექას დამაშოროს…

_ და ბექამაც იეჭვიანა?

_ არა… არ ვიცი… უფრო ჩემი პრობლემაა, ვიდრე ბექასი. მე თვითონ ვერ ვბედავ, თავს ბექას სიყვარულის უფლება მივცე. არ ვიმსახურებ ამას.

_ გიყვარს?

_ ვინ, ის? _ თავი ავწიე და საყვედურით სავსე მზერა მივაპყარი.

_ ან ის, ან ბექა.

_ ის არ მიყვარს, დიდი ხანია, ის ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდა. ბექაზე კი… ბექაზე დღედაღამ ვფიქრობ, _ ალმურმა გადამიარა სახეზე.

_ მაშინ მოუგვარებელი არაფერია. ერთი კაცის გზიდან ჩამოშორება ძნელი არ არის. როცა დარწმუნდება, რომ არაფერი გამოუვა, თავისით წავა. ვიცნობ კაცებს, არც ამ შემთხვევაში შევცდები, _ ხელზე ხელი დამადო ანიკომ, _ შენ შენი სცადე, მეც დაგეხმარები, რაც შემიძლია. ვიყოთ ერთად და ყველაფერი გამოგვივა, მერწმუნე.

_ არ ვიცი, არ ვიცი, ქალბატონო ანიკო…

_ სამაგიეროდ, მე ვიცი. ხომ გაგიგონია გამოთქმა, «სუსტმა მამაკაცმა არ იცის, როგორ შეიტყუოს ქალი ლოგინში, ძლიერმა კი ის არ იცის, როგორ გამოაგდოს ქალი იქიდანო». ბექასაც ეს სჭირს, არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ნანკას. შენ უნდა დაეხმარო ამაში. გთხოვ, ძალიან გთხოვ, გააკეთე ეს, ჩემი ხათრით გააკეთე.

_ როგორ უნდა გავაკეთო, ქალბატონო ანიკო, ის საერთოდ აღარ იხედება ჩემკენ, არ მირეკავს, არ მელაპარაკება… ხმას არ მცემს, გესმით?

_ მერე რა, სამაგიეროდ, შენ გაეცი, შენ დაურეკე, შენ დაელაპარაკე… როგორც შეგიძლია, ისე აუხსენი შენი სიტუაცია. ის მიხვდება, ბრიყვი ნამდვილად არ არის, ასეთად არ გამიზრდია.

_ ვიცი…

_ ჰოდა, დაურეკე. ახლავე დაურეკე, ამწუთას… _ და ანიკო წამოდგა, მაგიდაზე შემოდებულ ტელეფონის აპარატს ხელი დაავლო, შავი კაბელი მოქაჩა და ყურმილი ხელში მომაჩეჩა.

ავილეწე, სულმა ფორიაქი დამიწყო. ვერც უარს ვეუბნებოდი ქალს, ვერც დარეკვას ვბედავდი.

_ გაბედე, _ თითქმის მიბრძანა ბექას დედამ.

უძლური ვიყავი მის წინაშე.

_ სად დავრეკო?

_ საავადმყოფოში. მობილურზე რომ დაურეკო, მიხვდება, საიდანაც იქნება ზარი.

აცახცაცებულმა ძლივს ავკრიფე საორდინატოროს ნომერი. კარგა ხანს არავინ მპასუხობდა. მერე რომელიღაც ექთანმა აიღო ყურმილი და ახლავე დავუძახებო, მითხრა… ჯერ ნაბიჯების ხმა გავიგონე ტელეფონში, მერე ბექას სუნთქვა და…

_ გისმენთ, _ მისი ხმის გაგონებამ წამით გამაბრუა, ამაკანკალა.

_ მე ვარ… _ უცნაურად ჟღერდა ჩემი ხმა.

_ ვინ შენ? _ აგდებით მიპასუხა. დავიჯერო, ვერ მიცნო? უსიამოვნოდ გამცრა ტანში.

_ სოფიო… _ უფრო მკაფიოდ ვთქვი.

_ ასეთს არ ვიცნობ, ნომერი შეგეშალათ, _ უხეშად წარმოთქვა და გამითიშა.

ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. ირგვლივ ყველაფერი ატრიალდა, გავშრი, გონება დამებინდა. გაურკვეველი გუგუნის ხმა ჩამესოდა ყურებში, საკუთარი გულის ბაგაბუგს ყელსა და საფეთქლებზეც კი ვგრძნობდი.

_ სოფი, სოფი, რა დაგემართა? _ ანიკოს ყვირილმა გამომაფხიზლა, ლოყაზე გამიტყაპუნა გაშლილი ხელისგული.

_ კარგად ხარ? როგორ შემაშინე, რომ იცოდე, _ ბექას დედასაც არ ედო ფერი სახეზე. _ კი მაგრამ, რა გითხრა ამისთანა? _ ქალი სულს ძლივს ითქვამდა.

_ ნომერი შეგეშალათო… _ პირგამშრალმა ძლივძლივობით წარმოვთქვი.

ანიკო გავიდა და ჭიქით წყალი შემომიტანა. ოდნავ მოვსვი. სუნთქვა გამიხშირდა, პულსის ძლიერ დარტყმებს ვგრძნობდი.

_ იქნებ ვერ გიცნო, შვილო?

_ არა, მიცნო… ასეთს არ ვიცნობო, ასე თქვა…

_ ასეთს არ ვიცნობო? მართლა ასე გითხრა? მე მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა შენთან ასე ლაპარაკი, _ გაწიწმატდა ანიკო და ტელეფონს მივარდა, მაგრამ მაჯაზე ჩავავლე ხელი.

_ არ გინდათ, არ ღირს… _ ღონემიხდილმა შევაჩერე.

_ რას ჰქვია, არ ღირს. როგორ გაგიბედა ეს, როგორ მოუტრიალდა ენა მაგ საზიზღარს! _ ქალი ანერვიულდა, ისე ცუდად გახდა, გულზე წაივლო ხელი. ახლა ის გახდა მოსაბრუნებელი.

_ იქ, უჯრაში… წვეთებია გულის… _ თითით მანიშნა კომოდისკენ.

8 8 8

რამდენიმე წუთში ორივე დავწყნარდით, ადამიანური ფერი დაგვიბრუნდა.

_ ხომ კარგად ხართ, ქალბატონო ანიკო? _ მზრუნველად ვკითხე.

_ შენ როგორ ხარ, ჩემო სოფი, თორემ მე რა მიჭირს, ამისთანები გადამიტანია? ხედავ, რას უშვრება ის გოგო? ბიჭი ჭკუაზე არ არის. არა, ნამდვილად რაღაც აქვს გაკეთებული. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება? ასე უცებ რამ შეცვალა ამგვარად? _ ვიშვიშებდა ბექას დედა.

_ მე წავალ, თუ არ გეწყინებათ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, ცოტა ხნით დავწვები… _ ვლუღლუღებდი ჩემთვის რაღაცას.

_ წადი, შვილო, წადი, მაგრამ არ მოეშვა იცოდე, არ მოდუნდე, უკან არ დაიხიო, გენაცვალე. მაგას მე დაველაპარაკები ხვალ დილით, როგორც კი მოვა. თუ ჰგონია, რომ ჩემთან მსგავსი რამეები გაუვა, ძალიან შემცდარა.

ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე აფორიაქებულ ქალს და წამოვედი.

არ მახსოვს, როგორ გამოვიარე მთელი გზა, ისეთი სისწრაფით მოვქროდი. ეს რა ვქენი, რა ჩავიდინე… როგორ დავრეკე, როგორ შევრცხვი… რას იფიქრებს ბექა… ჩათვლის, რომ ვეტენები, ვეხვეწები… არა, არ უნდა დამეჯერებინა ანიკოსთვის… კიდევ ერთი შეცდომა, კიდევ ერთი სამარცხვინო შეცდომა… როდის უნდა ვისწავლო ჭკუა? ახლავე დავუმესიჯებ და მივწერ, რომ დედამისმა მთხოვა მასთან დარეკვა, რომ სულაც არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ამით რა? ის ქალიც უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენო, მან რა დააშავა? ანიკოს მხოლოდ კარგის გაკეთება უნდოდა, მეტი არაფერი. ის რაღა შუაშია? რაც არის, არის, როგორც უნდა, ისე იფიქროს, ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

ძლივს მოვარგე გასაღები კარს. ოთახში შევაღწიე თუ არა, საწოლზე მივესვენე გამწარებული და მთელი ხმით ავღრიალდი.

8 8 8

მეორე დღეს, დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა. ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, არ ავმდგარვარ. ტირილისგან თვალები მქონდა შესიებული. წუხელ ტანსაცმელიც არ გამიხდია, როგორც მივესვენე საწოლზე, ისევე დავრჩი, პლედი გადავიფარე მხოლოდ გამთენიისას, ძალიან რომ შემცივდა. თანდათან ჩავთბი და მერეღა ჩამეძინა… ყურმილს დავწვდი.

_ ალო! _ ნამძინარევი ხმით ჩავძახე.

_ რატომ შემოდიხარ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დაუკაკუნებლად, რა გინდა? _ ბექას ხმა ვიცანი.

შევკრთი, ასეთ სიტყვებს არ ველოდი. ხმა არ გამიღია.

_ შენ გელაპარაკები, არ გესმის?

_ რა გინდა, ბექა…

_ მე რა მინდა? კიდევ მე რა მინდა? ეგ შენ უნდა გკითხო, შენ რა გინდა? რისთვის დამირეკე? შენ და დედაჩემმა პირი შეკარით, არა? არ დამანებებთ თავს?

_ მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, ეს შეცდომა იყო, _ წართმეული ხმით ვთქვი.

_ შეცდომა… ახლა მეუბნები, რომ შეცდომა იყო? იქნებ მითხრა მაინც, რა გინდოდა? ისე ხომ არ დარეკავდი, ესე იგი, რაღაც გინდოდა. თქვი, ბოლოს და ბოლოს, რა გაქვს სათქმელი! _ მთელი ხმით ყვიროდა.

_ არაფერი… შევცდი, რომ დავრეკე. მსგავსი რამ არასდროს განმეორდება, გეფიცები.

_ მართლა? მართლა? რატომ მახსენებ თავს, რა გინდა? ხომ მითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, რაღა გინდა ჩემგან? _ მომეჩვენა, რომ მისი ზარი მხოლოდ საბაბი იყო ჩემთან დალაპარაკებისა, ის რაღაცას ელოდა ჩემგან.

მოთმინებიდან გამოვედი. ყვირილი ასე არ უნდა-მეთქი და…

_ რას მიყვირი, რომ მიყვირი! შენი ბავშვი ვარ? რა დავაშავე ასეთი? ჰო, დაგირეკე, რა მოხდა მერე? არ შეიძლება შენთან დარეკვა, თუ რა? ბოდიში ბატონო, თუ არ შეიძლება, არ ვიცოდი! _ ერთიანად ვკანკალებდი.

როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ რეაქციას. მის პასუხს დაველოდე, მაგრამ კარგა ხმა არ გაუღია, ალბათ ფიქრობდა, რა ეთქვა. მე კი ამით ვიხელთე და გავაგრძელე.

_ ან როდის გითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, გითხარი? მიპასუხე, გითხარი? რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდი, რატომ ვთქვი უარი შეხვედრაზე, რა მიზეზი მქონდა, იქნება და რა ხდებოდა? კიდევ აქეთ მდებ შარს? უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, ათასი ბოდიში, მომავალში მეცოდინება და აღარ შეგაწუხებთ, იმედია, თქვენც ასევე მოიქცევით! _ გავკიოდი ტელეფონში, _ მეტჯერ აღარ დარეკო ჩემთან, აღარ გაბედო! _ დავამთავრე «ტირადა» და ყურმილი დავახეთქე.

საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ისე ვიყავი განრისხებული, თავადვე მიკვირდა, ასეთი რამ თუ შემეძლო. თუმცა კმაყოფილი დავრჩი. ხომ დავტოვე გაოგნებული, ასე მოუხდება. იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, ასე ადვილად თავს არავის დავაჩაგვრინებ. მნახა რა, დაბალი ღობე!

ადგილს ვერ ვპოულობდი. წინ და უკან დავდიოდი ოთახში. ალბათ ანიკოს შვილთან მწვავე კამათი ჰქონდა ჩემ გამო. ისიც გაბრაზდა და სამაგიეროს გადახდა მოინდომა. ნეტავ ანიკო სად იყო ამ დროს? დავიჯერო, ესმოდა ეს ყველაფერი? დავიჯერო, ასე გაანერვიულებდა დედას?

ორი საათიც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა. არ ავიღე, მეგონა, ისევ ბექა იყო. კარგა ხანს ისმოდა ზარის ხმა. მერე მობილური ამღერდა. ნომერს დავხედე, გიზელა მირეკავდა. მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე.

_ სოფიო, სად ხარ? _ გიზელა აღელვებული ჩანდა.

_ სახლში, რა მოხდა, რა ხმა გაქვს?

_ ცუდი ამბავი მოხდა ძალიან…. ცუდი ამბავი.

_ რა იყო, არ იტყვი? _ ძრწოლამ ამიტანა და მექანიკურად სავარძლიდან წამოვდექი.

_ ანიკო გარდაიცვალა…

_ რა? _ განწირული ხმით ვიკივლე, _ ვინ ანიკო, როდის, სად?! _ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, სიზმარში მეგონა თავი.

_ უზნაძის ქუჩაზე იპოვეს ნახევარი საათის წინ გარდაცვლილი, _ სლუკუნი აუტყდა გიზელას, _ ყველანი აქ ვართ, საავადმყოფოში, შენც გამოდი, რა, გელოდებით…

უზნაძის ქუჩაზე? ღმერთო ჩემო, იქ რა უნდოდა? ღონემიხდილი იატაკზე დავეშვი…

 

 

 

 

* * *

მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანას. ისეთი ქარი ამოვარდა, ყველაფერი მიჰქონდა, ანგრევდა არემარეს. რაღა ახლა მოუნდა ამ ქარს თავის შეხსენება, როცა ასეთი ამბავი ხდება? განა რა უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ? ეჰ, როგორი ცრუმორწმუნე ვარ, ქარისაც კი მჯერა. როგორ შემეცოდა ბექა, წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა. ნეტავ სწორად ვიქცევი, რომ მივდივარ? რა რეაქცია ექნება ჩემს დანახვაზე? ტელეფონზე რომ დამირეკა და გაბოროტებული მელაპარაკებოდა, მივხვდი, რომ დედამისთან ჩხუბი მოუვიდა. ხომ იფიქრებს, დედამ ამაზე ინერვიულა და ცუდად იმიტომ გახდაო., მან რა იცის, რა მოხდა სინამდვილეში…

უზნაძის ქუჩა… ღმერთო, ნუთუ მე გავაფუჭე ყველაფერი? იქნებ არ უნდა მეთქვა ანიკოსთვის? ალბათ ბიძინას სანახავად წავიდა, გულმა არ მოუთმინა. მერე რა? დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში შეკამათება არ მოუვიდოდათ. იქნებ ზედმეტ სიხარულს ვერ გაუძლო გულმა? არ ვიცი, ამას ალბათ მხოლოდ ნათლიასგან თუ გავიგებ.

გულამოვარდნილი მივვარდი კლინიკაში. გიზელა, ნათია და ბიჭები ინტენსიური პალატის წინ იდგნენ სახეწაშლილები. გიზელას თვალები ჩაწითლებოდა. რაც მთავარია, ნანკა არსად ჩანდა.

_ მოხვედი? _ ნათია გადამეხვია და ასლუკუნდა, _ არ იცი, როგორ შემეცოდა.

გიზელაც მოგვიახლოვდა.

_ ცოცხალს ვერ მიუსწრეს, ხომ? _ ხან ერთს შევხედავდი, ხანაც მეორეს.

_ არა, უკვე გარდაცვლილი იყო. ბექა ადამიანს არ ჰგავს, ისეთ ხმაზე ღრიალებდა, მთელ შენობას ესმოდა.

ცრემლები ვერ შევიკავე, ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე.

_ სად არის?

_ ეგერ, საოპერაციოში გადაიყვანეს, უნდა გაკვეთონ, _ თავით მანიშნა ნათიამ.

_ რა საჭირო იყო, რატომ დაანება ბექამ?

_ რა ვიცი, ასე ამჯობინეს, თან ბალზამირებასაც გაუკეთებენ.

_ რაო, რას ამბობენ, რა მოხდაო? _ ცრემლებს მუშტებით ვიწმენდდი.

_ ინსულტიო ასე თქვეს, როგორც ჩანს, ინერვიულა, _ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა გიზელამ, _ შენ რომ ნახე, როგორ იყო?

_ ჩვეულებრივად, რა ვიცი… ცოტას კი ნერვიულობდა, მაგრამ ისე, რომ გული გახდომოდა ცუდად… არ ყოფილა, მშვენივრად დავტოვე. გამიმასპინძლდა კიდევაც, _ კონკრეტული საუბრის დეტალები არ მოვყევი და გოგოებს თვალი ავარიდე.

სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. ასე მეგონა, ანიკოს გარდაცვალებაში ლომის წილი მე მიმიძღვოდა.

კარგა ხნის მერე საოპერაცაოს კარი გაიღო და თვალებჩაწითლებული ბექა გამოჩნდა. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. შეშინებული მივაჩერდი. წამით თითქოს მზერა გაუშეშდა, ალბათ ჩემს გამოჩენას არ ელოდა. მივუახლოვდი, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, ჩავეხუტე და მივუსამძიმრე. მადლობა გადამიხადა.

_ მე შემიძლია რამით დაგეხმარო? _ გავბედე და ვკითხე ისე, ზრდილობის გულისთვის.

_ ჰო, მჭირდები, _ დახშული ხმით მითხრა, მხარზე ხელი მომხვია და გვერდზე გამიყვანა.

სუნთქვა გამიჩერდა. რა დაემართა, ასე კარგად რომ მექცევა?

_ გასაღებს მოგცემ და იქნებ ჩვენთან სახლში შეიარო, სანამ აქ ყველაფერს მოვრჩებით და გადავასვენებთ.

_ რა უნდა გავაკეთო? _ გული გამითბა.

_ იქ რაღაც სისულეები ჩავიდინე, ცუდი რამეები… იქნებ მიალაგო ცოტა. მაპატიე, შენ გარდა სხვას ვერ ვთხოვ… სანამ ნათესავები მოვლენ… არ მინდა, ვინმემ ნახოს. შენ გამიგებ, ვიცი… _ მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს პატიებას მთხოვდა.

_ რა თქმა უნდა, ახლავე წავალ, _ თავი დავუქნიე, გასაღები გამოვართვი და გოგოებისთვის არაფერი მითქვამს, ისე ჩავუყევი კიბის საფეხურებს.

ვიცოდი, მათი ცნობისმოყვარე თვალები უკან მომყვებოდა, მაგრამ ახლა ახსნა-განმარტების დრო არ მქონდა, სირბილით ჩავირბინე ბოლო სართული და ეზოში გასული მანქანის საჭეს მივუჯექი…

ბექას ბინაში შესულს საშინელი სურათი დამხვდა. როგორც ჩანს, მაგრად უჩხუბიათ. იქაურობა ბრძოლის ველს დამსგავსებოდა. მთელ იატაკზე ჭურჭლის ნამსხვრევები და დანა-ჩანგალი იყო მიმოფანტული. იქვე, ტახტზე, ანიკოს და ბექას ტანსაცმელი არეულად ეყარა, ალბათ სარეცხი თუ ჩამოხსნა შინიდან გასვლის წინ ქალმა.

_ ღმერთო, რა ხდება აქ, _ აღმომხდა გაოგნებულს და კედელს მივეყრდენი დაბნეული, უნდა მომეფიქრებინა, საიდან დამეწყო.

ჯერ ნამსხვრევები ავკრიფე, მერე იატაკი მოვხვეტე, მოვწმინდე და ბოლოს ტანსაცმლის დაკეცვას შევუდექი. არ ვიცოდი, სად რას ინახავდნენ, ამიტომ კარადაში, სადაც შედარებით უფრო ცარიელი ადგილი ვნახე, იქ შევდე. მერე აივანზე გავედი და სარეცხის გასაფენ თოკებს შევხედე. ანიკოს თეთრეულიც გაეფინა. ხელი შევავლე, ბოლომდე არ გამშრალიყო, მაინც ჩამოვხსენი, ნამიანი უკეთ დაუთოვდებოდა. უთო ჩავრთე და საქმეს შევუდექი. დიდი გულმოდგინებით დავაუთოე ორი ხელი თეთრეული, თან მსიამოვნებდა, ბექას სახლში რომ ვტრიალებდი კარგი დიასახლისივით, თან გული მიკვდებოდა, დედამისის საკეთებელი საქმის კეთება რომ მიწევდა. ნეტავ ის ქალბატონი სად ბრძანდებოდა, რომ არ მოვიდა? ხომ არ იჩხუბეს? ნეტამც… რა ბედნერი ვიქნები, ასე რომ იყოს. აი, თურმე, რატომ ამოვარდა ქარი. ისევ უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა. ვიღაც ქალი იყო, ანიკოს ბიძაშვილი ვარო, მცხეთიდან რეკავდა. მოვუყევი, რაც ვიცოდი. უცნობი ატირდა. სხვებსაც გავაგებინებ და ორ საათში მოვალთო, დაიბარა.

საქმეს მოვრჩი, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ცოტა არ იყოს, დავიღალე. რამდენ ხანში მოვლენ? ამის გაფიქრება და ბექამ დამირეკა.

_ რა ჰქენი? _ ნაღვლიანად მკითხა.

_ ყველაფერი მივალაგე, არ ინერვიულო.

_ დიდი მადლობა, ჩვენ უკვე გამოვდივართ.

_ აქ დაგელოდო?

_ არა, არა, არ მინდა ვინმემ გნახოს, მიხვდებიან. შენ წადი, მერე მოხვალ…

უცნაურად მეჩვენა მისი ნათქვამი. რას ნიშნავს, მიხვდებიან? რას მიხვდებიან? სახლი რომ მივალაგე? მერე რა მოხდა? ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს. თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, ნირი მეცვალა. მხრებჩამოყრილმა დავკეტე ბინა და უკან, კლინიკაში დავბრუნდი. გოგოები იქ დამხვდნენ.

_ გაასვენეს, _ თანაგრძნობით წარმოთქვა ნათიამ.

_ ვიცი, _ ამოვიოხრე და სკამზე ჩამოვჯექი.

_ სად იყავი?

_ მთხოვა, სახლი მიალაგეო…

_ ხედავ? შენ დაგირეკა, მიხვდა, რომ მიჰქარა, ახლა კი ამით პატიებას გთხოვს, დანაშაული უნდა, გამოისყიდოს.

_ რა ვიცი, რა გითხრათ, _ მხრები ავიწურე.

_ ის ალქაჯი რომ არ გამოჩნდა, არ გიკვირს? _ წამოიწყო გიზელამ.

პასუხი არ გამიცია, მხოლოდ შევხედე.

_ ორსულად ყოფილა ქალბატონი.

_ გიზელა! _ საყვედურით სავსე ტონით წამოიძახა ნათიამ.

_ რა გიზელა, რა გიზელა! სანამ უნდა ვმალოთ, არ უნდა იცოდეს? ლამისაა, ხელში ჩაგვაკვდეს ეს გოგო მაგ დეგენერატის გულისთვის და… _ გაწიწმატდა გიზელა და გვერდით მომიჯდა, _ შენ არ ინერვიულო, მაგას ნახე, რა დღეს დავაყრი.

_ ვიცი ეგ ამბავი, ასე რომ, ტყუილად საყვედურობ გიზელას, ნათი, დედამისმა უკვე მითხრა.

_ ვინ, ანიკომ? იმანაც იცოდა?

_ ჰო, იცოდა, ამიტომაც უნდოდა ჩემთან შეხვედრა.

_ თვითონ დაურეკა ალბათ და მიახარა. გაუსკდებოდა იმ ქალს გული, აბა რა იქნებოდა.

_ არა, არა, იმას არა, ბექას უთქვამს.

_ ბექას უთქვამს? _ თითქმის ერთდროულად აღმოხდა ორივეს.

_ ჰო, რჩევა უკითხავს _ მოვაშლევინო მუცელი თუ ცოლად შევირთოო.

_ მერე?

_ რა მერე, ანიკო კარგს რას ეტყოდა, თვალის დასანახად ვერ იტანს ნანკას, _ ცრემლი კვლავ ყელში მომებჯინა.

_ ახლა გასაგებია ყველაფერი. როგორც ჩანს, ბექამ უთხრა, აბორტი გაიკეთეო, ამიტომაც არ ჩანს, _ დაასკვნა გიზელამ.

_ არაფერიც! ტოქსიკოზი მაქვს, გული მერევა და ვწევარო, სანდროსთვის დაურეკავს ამ დილით, სამსახურში ვერ მოვალო. გაიგე? ევაჭრება ბექას, როგორც ჩანს. უნდა, რომ ამ მეთოდით დაითრიოს. ან ამ სანდროს რას ურეკავდა, ვერ გავიგე. საზიზღარი! ნეტავ იცოდეს, როგორ მეჯავრება.

_ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოდ არის კი ორსულად? _ ეჭვი გამოთქვა გიზელამ.

_ ანიკომაც ეგ თქვა, არ მჯერაო, _ დავუდასტურე კოლეგას.

_ აი, ხომ ხედავ! აბა რას ვამბობდი.

ამ დროს ბატონმა მიხეილმა შემოაღო კარი.

_ სოფიო, ერთი წუთით გამოდი, გენაცვალე! _ სათვალის ზემოდან გამომხედა მთავარმა ექიმმა.

წამოვხტი და დერეფანში გამოვედი. თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობსო, ჩურჩულით მითხრა.

_ ბიძინასი ხომ არაფერი იცი?

მივხვდი, რაც აწუხებდა. ისიც მიხვდა ალბათ, ანიკო რომ მასთან იქნებოდა. მე ისეთი სახე მივიღე, ვითომ არაფერი ვიცოდი.

_ არა, დღეს არ მილაპარაკია, ამ დღეებში ვიყავი. უკეთესად იყო.

_ ჰმ… _ რაღაცის თქმა დააპირა მიხეილმა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, _ კარგი, მე გავალ, ვინახულებ… შენ როდის აპირებ სამსახურში დაბრუნებას? _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მთავარმა ექიმმა.

_ იმ ორშაბათიდან გამოვალ, ბატონო მიხეილ.

_ გამოდი, გამოდი. გვიჭირს უშენოდ, თანაც ძალიან მოგვანატრე თავი, _ გამიღიმა მამაკაცმა და მხარზე მომითათუნა ხელი, _ მოიწყინეს გოგოებმა უშენოდ.

_ ვიცი, იყვნენ ჩემთან სახლში.

_ მართლა? უყურე შენ! რა ყაჩაღანები არიან! _ თქვა და გატრიალდა.

7 7 7

საღამოს ბიძინას ნახვა გადავწყვიტე. ვერ მოვისვენე, მინდოდა გამეგო, რა მოხდა, რა ილაპარაკეს ამისთანა.

ზარი დავრეკე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. სახელური ჩამოვწიე, ახლაც ღია დამიხვდა კარი. ოთახში შევიხედე. ბიძინა კვლავინდებურად საწოლზე წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა. ასე მეგონა, ბოლოს რომ ვნახე, მას შემდეგ პოზა არ შეუცვლია-მეთქი.

_ გამარჯობა, ნათლია, _ ხმადაბლა მივესალმე.

მძიმედ მოატრიალა თავი, თვალები ცრემლით ავსებოდა.

_ მოდი, სოფიო, მოდი, შვილო.

_ ცუდად ხართ?

_ როგორ ფიქრობ, კარგად ვიქნები? ეს რა გავიგე, კაცო, ეს რა გავიგე, მე მოვმკვდარიყავი, არ მერჩივნა? რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რა უსამართლო, _ მთელი გულით მოთქვამდა ბიძინა.

მეც ავტირდი. მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ხმას ვერ ვიღებდი.

_ შენ ხომ არ იცი, სოფიო, როგორი იყო ჩვენი შეხვედრა, რა ბედნიერი წუთები განვიცადეთ ორივემ. გულმა ვერ გაუძლო ალბათ ამ სიხარულს. ჩემმა გულმა როგორ გაუძლო ნეტავ, რატომ ის არ დამიწდა და დასამარდა? _ გოდება აღმოხდა კაცს.

მისი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი.

_ მიხვდი, ხომ აქ რომ იქნებოდა? მიშაც მიხვდა და მაშინვე ჩემთან წამოვიდა. ოქრო კაცია მიშა, ოქრო. მე სასიკვდილემ კი არაფერი ვიცოდი. გამიხარდა, რომ დავინახე. რას ვიფიქრებდი… როგორ გაუჭირდა თქმა, რომ იცოდე, ერთი სიკვდილი გაათავა, სანამ ამოღერღავდა.

_ ჰო, მეც მივხვდი, უზნაძის ქუჩა რომ ახსენეს, მაშინვე ვიფიქრე, აქ იქნებოდა-მეთქი. ჩემი ბრალია ყველაფერი…

_ შენ რა შუაში ხარ, გენაცვალე. შენი კი არა, ჩემი ბრალია. ამ სიბერეში რა სიყვარულის ახსნა ამიტყდა, ვერ გავჩუმდი? ისეთი სიტყვები ვუთხარი, ცხოვრებაში რომ არ მითქვამს. თავის დროზე რომ გეთქვა ასეთი რამეები, რა გამაჩერებდა, ეგრევე შენთან გამოვიქცეოდიო, გამეხუმრა. ნეტავ დარჩენილიყო, ნეტავ არ აჩქარებულიყო… იქნებ დავხმარებოდი, იქნებ გადამერჩინა… _ თავს იტანჯავდა ნათლია.

_ ნუ ნერვიულობთ, ბიძინა ძია, ალბათ ასე ეწერა ბედად, თქვენ ვერას გახდებოდით.

_ მეჩქარებაო, ბექა გავანერვიულე და ბიჭმა თავს რამე არ აუტეხოსო, მაინც იმაზე ფიქრობდა. დალევას შეეჩვია ბოლო ხანებში და ცუდი სიმთვრალე დასჩემდაო. ნახევარ საათზე მეტხანს ვერ შევძელი მისი გაჩერება, ისევ გამექცა, ისევ… ახლა კი სამუდამოდ. აქამდე კიდევ იმედი მქონდა. სულ მიგრძნობდა გული, აი, ახლა შემოაღებს კარს, ან აი ახლა-მეთქი. ყოველთვის ღია მქონდა სახლის კარი მის მოლოდინში.

_ ახლაც ღია იყო… _ შევნიშნე მე.

_ ალბათ ქვეშეცნეულად ახლაც ველოდები, შვილო… ის ჩემთვის მკვდარი არასდროს იქნება.

_ ბექამ იცის, თქვენ რომ იყავით მისი?.. _ მომერიდა მეკითხა, მისი საყვარელი-მეთქი.

_ ალბათ იცის, შვილო, დედამისი არაფერს უმალავდა. ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება არც იცის, კონკრეტულად მე რომ ვარ. ეჰ… ჩემთვის უკვე სულერთია… ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.

ორი საათი მაინც დავყავი ნათლიასთან, ისე განიცდიდა, შემეშინდა მისი მარტო დატოვება, ცუდად არ გახდეს-მეთქი. მერე მისი და და დისშვილი მოვიდნენ და სამივეს დავემშვიდობე.

7 7 7

ანიკოს დაკრძალვა შაბათს გადაწყდა. ხუთშაბათს და პარასკევს პანაშვიდები დაინიშნა.

მდიდრული ყვითელი ვარდები ვიყიდე და თანამშრომლებთან ერთად სამძიმარზე წავედი. ჩემს დანახვაზე ბექას სახე მოექუფრა, რატომღაც თვალები მოხუჭა და დაჟინებით მომაჩერდა. მივხვდი, რაღაც არ ესიამოვნა, მაგრამ რა, ვერ გავიგე. ნუთუ არ უნდა მოვსულიყავი? ალბათ მე მაბრალებს მომხდარს და იმის ბრალია. თუმცა მე რა შუაში ვარ? თვითონ ნანკას გადაეკიდა და მე რა? ნანკა იმ დღესაც არ გამოჩენილა, პანაშვიდზეც არ ინება მობრძანება. გოგოები ცოფებს ყრიდნენ. სანდროც მოვიდა, ნიტაც, ოღონდ ცალ-ცალკე. ნიტას მივესალმე, სანდროსკენ კი არც გამიხედავს. მოსალმება დააპირა, მაგრამ თვალი ავარიდე, ვითომ არც შემიმჩნევია.

გაგრძელება იქნება