ცოტა ხნის წინ უამრავი ადამიანი დაამწუხრა ახალგაზრდა მოდელის, ელენე სოფრომიძის გარდაცვალებამ. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე გახდა შეუძლოდ, საავადმყოფოში კი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც აღმოჩნდა, ელენე აქტიური ადამიანი იყო, სამოდელო სფეროში საქმიანობდა და, პარალელურად, სოციალური აქტივიზმითაც იყო დაკავებული. მას მეგობრები და ახლობლები მეგობრულ, კეთილ და ყურადღებიან ადამიანად ახასიათებენ. ელენეს შესახებ ვრცელი პოსტი სოციალური ქსელის არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა:
- "ელენე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გავიცანი, ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად ნივთებს როდესაც ვახარისხებდით პარლამენტის წინ. ბოლოს დამოუკიდებლობის დღეს ვნახე და ევროკავშირის დროშასთან ერთად გადავუღე ფოტო. მეორე ფოტოზე კი ლაზარეს უფლებებს იცავდა სასამართლოს წინ. გავიგე, რომ დაგვტოვა და ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. უაღრესად აქტიური და კეთილი ადამიანი იყო".
- "ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით, მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო, შენი ხმა გონებაში მიტრიალებს".
- "ჩვენი სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც სულ სიხარულს აფრქვევდა გარშემო, გაგვიფრინდა".
გუშინ ღამით მამა შალვა კეკელია კლუბ ბასიანის წინ მივიდა და პარაკლისი გადაიხადა. მას მოქალაქეებიც შეურეთდნენ და კლუბის წინ ერთად იგალობეს. შეკრებილთა შორის იყო ელენე ეფრემიძის ძმაც, რომელმაც პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა:
"სურვილი მაქვს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდა გოგო დაიღუპოს რაღაც ნარკოტიკით, მეტი არაფრის თქმა შემიძლია" - ტქვა ელენე ეფრემიძის ძმამ.
იხილეთ ვიდეო