დიდხანს არ დავრჩენილვარ, მიცვალებულს წრე შემოვუარე თუ არა, გარეთ გამოვედი და ერთი სართულით დაბლა ჩავინაცვლე, რომ ბექას არ დავენახე. გიზელამ ჩამომაკითხა.
- რატომ არ შემოდიხარ?
- არ მინდა, ცუდად ვხდები, მიცვალებულს რომ ვუყურებ, - თავი გავიმართლე.
- აბა, აქ ხომ არ იდგები?
- მე წავალ…
- როგორც გინდა, ჩვენ ცოტა ხანს დავრჩებით.
- კარგი, ნახვამდის, გიზელა. ხვალ აღარ მოვალ, რა საჭიროა.
- დაკრძალვაზეც არ მოხვალ?
- აბა, რას ვიზამ, აუცილებლად. ზეგ დილით დაგირეკავ და შეგხვდები სადმე.
- კარგი, სიხარულო, მე ამ საღამოსაც დაგირეკავ.
ხელი დავუქნიე მეგობარს და შინ წამოვედი.
საშინელ გუნებაზე ვიყავი. თვალწინ გამუდმებით ბექას სახე მიტრიალებდა. რას ნიშნავდა მისი მზერა? რა არ მოეწონა? ამაზე ფიქრი არ მასვენებდა. თუმცა ვინ გამცემდა პასუხს…
მთელი ღამე თეთრად გავათენე, მომხდარზე ვფიქრობდი მხოლოდ.
7 7 7
შაბათს ულამაზესი თაიგული ვიყიდე, თეთრი ორქიდეებით და მინდვრის ყვავილებით გაწყობილი და სადარბაზოსთან დავხვდი კლინიკის თანამშრომლებს. ბექა თითქოს გამხდარიყო, მხრებშიც მოხრილი მეჩვენა. როგორ განიცდის, რა დღეშია, - გამიელვა გონებაში. ხელზე ხელი მოვუჭირე, გამაგრდი-მეთქი, ვუჩურჩულე და ვაკოცე. ყინულივით ცივი ჰქონდა ლოყა, ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია. გარეთ რომ გამოვედი, კიბეზე კოჭლობით ამომავალი ბიძინა შევნიშნე. ხელში უზარმაზარი შავი ვარდების თაიგული ეკავა. ალბათ ისეთი, როგორიც პირველად მიუტანა ქალს. გამახსენდა, რომ მომიყვა. ბერიკაცი მოკუნტულიყო, ათი წლით დაბერებულიყო უცებ. გული მომიკვდა მისი შემხედვარეს. რა ძნელია, როცა ერთადერთ და გაუმართლებელ სიყვარულს კარგავ. მესმოდა მისი…
ეზოში შევიკრიბეთ. გიზელამ თვალით მანიშნა და გვერდზე გამიყვანა.
- იცი, დღეს რა ხდება?
- რა? - გონება დავძაბე.
- ის ქალბატონი თურმე აბორტს იკეთებს.
- დღე-ეს? - თვალები გამიფართოვდა.
- ჰო, მაინცდამაინც დღეს. ამით უნდა ბექაზე შური იძიოს.
- შენ ვინ გითხრა?
- თვითონ. გუშინ სასხვათაშორისოდ დავურეკე, სად დაიკარგე, რომ არ ჩანხარ-მეთქი. ისე გადამიშალა გული, თითქოს დიდი დაქალი ვყოფილიყავი. ყველაფერი მომიყვა. ვიჩხუბეთო, დაჟინებით მომთხოვა, გინდა თუ არა, აბორტი გაიკეთეო. ჰოდა, მეც ხვალ მივდივარ და ვიკეთებო. მეც, ხომ იცი, რა საზიზღარი ვარ, გამოგყვები-მეთქი. თავი გაიგიჟა, არ მინდაო. ჯერ მითხრა, მარტო მივდივარო, მერე კი, მეც გამოყვები-მეთქი, რომ შევთავაზე, ჩემი დეიდაშვილი მომყვებაო. შაბათი რომ დასვენების დღეა-მეთქი? არ მოვეშვი. კერძოდ ვიკეთებ, ჩემი გინეკოლოგი სახლში იღებს პაციენტებსო, არ დაიბნა. ასე მგონია, რაღაცას იტყუება.
- არ მაინტერესებს, გიზელა, თავში ქვა უხლია და…
- მუცელში სამართებელი… - დაასრულა ჩემი აზრი გიზელამ და მაჯაში ჩამავლო ხელი, - მართალი ხარ, შენ არ ინერვიულო. ბექა მიხვდა თავის შეცდომას და მალე შეგირიგდება, აგერ ნახავ.
- ქარი თუ ამოვარდება, შემირიგდება, თუ არადა, არა, - წამომცდა ჩემდა უნებურად.
- ქარი? ქარი რა შუაშია?
- ვხუმრობ, - ტყუილზე დაჭერილი ბავშვივით გავწითლდი.
- წარმომიდგენია, რა დღეშია ბექა. აქეთ გასვენება, იქით იმის აბორტი… ჭკუაზე არ იქნება… - გადააქნია თავი გიზელამ.
- არ უნდა მოქცეულიყო ასე, - თითქოს ჩემს თავს ვუთხარი.
- ვინ, ბექა?
- ბექაც და ნანკაც. თუ დაორსულდა, ბექას მუცლის მოშლა არ უნდა მოეთხოვა. და თუ დათანხმდა ამაზე ნანკა, მაინცდამაინც დღეს არ უნდა გაქცეულიყო ამის გასაკეთებლად.
- მაგას არ ვამბობ? ხომ გეუბნები, სპეციალურად იქცევა ასე-მეთქი. ამას უნდა, ნერვები მოუშალოს.
- მაგით ვერაფერს მოიგებს.
- მეც ასე მგონია, მაგრამ თვითონ ხომ აქვს გათვლები! ჰგონია, რომ ამით საქმეს გაიკეთებს და ბექას მოაბრუნებს.
- ბექა მას არასდროს აპატიებს ამას, კარგად ვიცნობ.
- მეც დარწმუნებული ვარ ამაში… მგონი, მოასვენებენ…
თვალებით ნათლიას დავუწყე ძებნა. სასახლეს უკან მოჰყვებოდა ჩამქრალი თვალებით, ხელები ზურგზე დაეწყო. შემეცოდა.
სასაფლაომდე გავყევი პროცესიას. გიზელამ მთხოვა, ბოლომდე დარჩი და ქელეხში წამოდიო, მაგრამ შორს დავიჭირე. ბიძინა მოვძებნე, შინ წაგიყვან-მეთქი, შევთავაზე. გაუხარდა, ფეხი ისე მტკივა ამდენ ხანს ფეხზე დგომისგან, ლამისაა, დავეცეო. მანქანაში ჩავსვი და წამოვედით.
7 7 7
შემდეგი დღეები უღიმღამოდ წაეწყო ერთმანეთს. ორშაბათს სამსახურში გავედი. ნანკაც გამობრძანებულიყო. «კონკურენტუნარიანი» მზერა მესროლა. არ შევიმჩნიე, ცივად მივესალმე და გვერდით ჩავუარე. ბექა ჯერ არ გამოსულა სამსახურში. ალბათ, სანამ სასაფლაოზე არ გავლენ მესამე დღეს, არ მოვა. იმედია, ოთხაშაბათს მაინც გამოჩნდება.
ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. არც ოთხშაბათს, არც ხუთშაბათს და არც შემდეგ დღეებში არ გამოცხადდა სამსახურში. ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი, მაინტერესებდა, როგორ იყო. შაბათ საღამოს ვერ მოვითმინე და დავურეკე. ცივად შემხვდა.
- როდის აპირებ სამსახურში გამოსვლას? - ვკითხე.
- ორშაბათიდან გამოვალ, რა იყო?
- არაფერი, გკითხულობენ გოგოები და ბიჭები… - ალმური წამეკიდა სახეზე.
- გამოვალ, არ დავიკარგები, - მკვახედ თქვა.
- როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები… არა მგონია, ძალიან გაინტერესებდეს.
- რატომ მეუბნები ასე, როგორც ჩანს, ცუდად მიცნობ, მე ვღელავ შენზე, - ნერწყვი ყელში გამეჩხირა ამ სიტყვების წარმოთქმისას.
- ოჰ, - იქედნურად ჩაიცინა, - ღელავ? ეგ რაღაც ახალია. როდის აქედან?
- სულ, - უკან არ დავიხიე.
- მაშინაც ღელავდი, ყვითელი ვარდებით რომ მომადექი სახლში?
- მერე რა?
- რა რა! არ იცი, ყვითელი ვარდები რას ნიშნავს? მივხვდი, მაგით რისი თქმაც გინდოდა.
- რისი თქმა მინდოდა? - ავილეწე.
- რომ გძულვარ, გეზიზღები. გავიგეთ, ბატონო, ხაზგასმა არ იყო საჭირო, - ხმაში გაღიზიანება შეეტყო მამაკაცს.
- რა სისულელეა, ბექა! ყვითელი ვარდები ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილებია და ამიტომ შევარჩიე. ეგრე როგორ იფიქრე? გულშიც არ გამივლია მსგავსი რამ.
ყურმილში პაუზა გაიწელა, ბექა ხმას არ იღებდა.
- კარგი, მეჩქარება, ორშაბათს გნახავთ ყველას, - იმავე ტონით გაიმეორა და არც დამემშვიდობა, ისე დამიკიდა ყურმილი.
უმწეოდ ჩავქინდრე თავი. როგორი იმედი მქონდა, გული მოუბრუნდება-მეთქი. რა მიამიტი ვარ… იქნებ ვცდები? იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან?
* * *
ძალიან ჩამაფიქრა ბექას სიტყვებმა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყოყმანობს, არ არის დარწმუნებული ჩემს სიყვარულში. არც ის უნდა, თავისი დანაშაული აღიაროს, თუ, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ დამნაშავეა ჩემ წინაშე. ან კიდევ… ან კიდევ საკუთარი სისუსტის აღიარება არ სურს. აჯობებს, ისევ მე გადავდგა პირველი ნაბიჯი. ვეცდები, ყველაფერი ავუხსნა, მაგრამ სანდროს ამბავი როგორ მოვუყვე? არა, ამას ნამდვილად ვერ შევძლებ. რომ არაფერი ვუთხრა? დავიჯერო, ის ეტყვის? გაბედავს? რაში სჭირდება? მისთვის ხომ ისედაც დაკარგული ვარ? ამით ხომ ვერ დამიბრუნებს? სამაგიეროდ, ბექასაც დამაკარგვინებს. ამით კი შურს იძიებს ჩემზე, თანაც კარგა გემრიელადაც. არადა, არ მინდა ბექა მოვატყუო. ტყუილებით დაწყებული ურთიერთობა არასდროს იქნება მყარი. ისედაც არ მიყვარს სხვისი მოტყუება. უნდა მოვიფიქრო, უნდა მოვიფიქრო… - სავარძელში მოკალათებული ღრმა განცდებში ვიყავი.
შაბათი საღამო იყო, ცხელოდა. ნიავი კი უბერავდა ღია ფანჯრებიდან, მაგრამ მაინც დახუთული ჰაერი იდგა. კარზე ზარის ხმა გაისმა. გონება დავძაბე, ვინ მოვიდა? ვინ არის? ფეხის წვერებზე ავიწიე და სათვალთვალოში გავიხედე. ელდა მეცა. სადარბაზოში ნანკა იდგა. ხელის კანკალით გავაღე კარი.
- გამარჯობა, - მომესალმა სახეაწითლებული, ნამტირალევი მომეჩვენა.
- გაგიმარჯოს, - მშვიდად ვთქვი.
- ხუთ წუთს ვერ დამითმობ?
- შემოდი.
დაუპატიჟებელმა სტუმარმა ოთახს დაკვირვებით მოავლო თვალი და სავარძელში ჩაჯდა, თან ფეხი ფეხზე გადაიდო.
- მოწევა შეიძლება? - ოფიციალური ტონით მკითხა.
- შეიძლება, - ვუპასუხე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე.
ჩანთა გახსნა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, თავი მაღლა ასწია, მოკუმული ტუჩებით ბოლი ზემოთ გაუშვა და თვალი გააყოლა.
- შენ მე ცხოვრებას მინგრევ… იცი ეს? - ცდილობდა, გულგრილი ყოფილიყო.
- არ ვიცი… რატომ გადაწყვიტე, რომ ასეა? - სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.
- შენ და ბექას სექსი გქონდათ?
წარბები შევჭმუხნე.
- ეგ შენ არ გეხება.
- პირდაპირ მეხება, მიპასუხე, რომ გეკითხები.
- ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმეა, - ხმა გამიმკაცრდა.
- ესე იგი, გქონდათ, არ მოვუტყუებივარ, - თავისთვის ჩაილაპარაკა და ღრმა ნაფაზი დაარტყა თვალებმოხუჭულმა.
რა თქვა? არ მოვუტყუებივარო? როგორ, ბექამ უთხრა, რომ ჩვენ სექსი გვქონდა? რაში დასჭირდა ასეთი სიცრუე? თავი მოიწონა? ის იყო, პროტესტის გამოთქვა დავაპირე, რომ ნანკამ გააგრძელა:
- ასე მითხრა, სოფიოს ჩემგან ბავშვის გაჩენა უნდოდა და ვერ დაორსულდაო…
ხმას არ ვიღებდი, ვუსმენდი მხოლოდ.
- ეს იმიტომ, რომ მე არ შემეძლო ბავშვის გაკეთებაო. მართლა პრობლემები აქვს ამ მხრივ?
გონება მსწრაფლ ამუშავდა. რადგან ბექამ ასე თქვა, როგორც ჩანს, ეჭვი შეეპარა მის ფეხმძიმობაში და გადაწყვიტა, გამოეტეხა.
- დავუშვათ, მერე? - ვცდილობდი, დამემალა ჩემი დაბნეულობა, სახე შემეფაკლა.
- მაშინ მე რატომ დავრჩი ორსულად?
- ეგ იმას ჰკითხე, ვინც დაგაორსულა, - ღვარძლიანად წამოვისროლე და გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე სახეწაშლილ მეტოქეს.
- შენი აზრით, მოვიტყუე?
- მე რა ვიცი, მე გაგსინჯე თუ რა? - ჩავიცინე და მხრები ავიჩეჩე.
- იქნებ თქვენ გქონდათ შეუთავსებლობა?
- არა, არ გვქონია, - მსწრაფლ გაავაპროტესტე, მომწონდა ეს «თამაში».
- არ შეგიძლია, ბექას თავი დაანებო? - მკითხა უცებ.
«ვერ მოგართვი!» დაახლოებით ასეთი სახე მივიღე, თავი ამაყად ავწიე და ჯიქურ შევხედე.
- რატომ, იმიტომ, რომ შენ ასე გინდა?
- იმიტომ, რომ მე ის მიყვარს.
- მეც მიყვარს და არანაკლებ შენზე.
- მე შენამდე მქონდა მასთან ურთიერთობა.
- მარტო მასთან? - ვუკბინე.
- მაგას შენ მეუბნები? შენ რა, ბექამდე სხვასთან არ გქონია სექსი? ვიცი, რომ…
- სანდროსთან მე ლოგინი არ მქონია, - გავაწყვეტინე სახემოქუფრულმა.
- ჰო, როგორ არა, დაგიჯერე!
- ეგ შენი პრობლემაა, თუ არ დამიჯერებ. შენსავით გამოჭერაზე ნამდვილად არა ვარ.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ შენ მისი ფული გაინტერესებს მხოლოდ.
- შენ არა? - არ დამითმო.
მივხვდი, არ ღირდა მასთან კამათი, ამიტომ არ ვუპასუხე.
- ესე იგი, დათმობას არ აპირებ?
- არა! - მტკიცედ ვთქვი და ნიშნისმოგებით გადავხედე.
- კარგი, - ამოოხვრით თქვა, - ვნახოთ, ვისი აჯობებს. ის ისევ მოირბენს ჩემთან, - თითქოს მღერისო, გაწელილად წარმოთქვა და სიგარეტი ჩააქრო.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილს გადავწვდი, გიზელა იყო.
- სოფიო, ის დეგენერატი სამსახურიდან წავიდა, პარასკევს დაუწერია განცხადება.
- ვისზე მეუბნები? - ვერ მივხვდი.
- ვისზე და ნანკაზე, სხვა ვინ უნდა იყოს.
- ჰო-ო. ვიცი, ვიცი, - ხმა გავინაზე, თითქოს მამაკაცს ველაპარაკებოდი, მინდოდა ნანკა შეშფოთებულიყო.
- საიდან იცი?
- ახლა ჩემთანაა და იქიდან.
- შენთან რა უნდა? - იკივლა გიზელამ.
- საყვარელ მამაკაცს ნუ მართმევო, მთხოვს. რა ვუპასუხო? - უდარდელად ვლაპარაკობდი, თან ნანკას თვალს არ ვაშორებდი.
- დაახვიე ახლა აქედან-თქო, ჩემგან გადაეცი.
- კარგი, გადავცემ, საყვარელო. ახლავე დაახვიოს აქედან, არა? - მხიარულად ჩავძახე, რომ ნანკას გაეგონა, - უკვე გადავეცი. სხვა? როდის მოხვალ? მომენატრე.
გიზელა მიხვდა, რა როლსაც ვთამაშობდი და ამყვა.
- ცოტა შემაგვიანდება, ძვირფასო, შემოგევლოს შენი ბექა, სადილი მომიმზადე?
- მოგიმზადე. შენ რომ გიყვარს ის კერძი გავაკეთე, - ღიმილს ვერ ვიკავებდი კმაყოფილი.
- ჰოდა, მოვალ, - გადაიკისკისა გიზელამ.
- გელოდები, გკოცნი, - ვთქვი და ყურმილი დავკიდე.
- გაიგონე, რა შემოგითვალეს?
- ვინ იყო? - ნანკას ტუჩები და სახე გაჰფითრებოდა.
- ვისაც მე ვუყვარვარ და არა შენ, - საზეიმო ტონით განვაცხადე.
დემონსტრაციულად წამოდგა, ჩანთა მხარზე ნერვიულად გადაიკიდა და ქუსლების ბაკუნით გაემართა გასასვლელისკენ. უკან მივყევი, კარი გავაღე და გავატარე. ერთმანეთს არ დავმშვიდობებივართ. უკან ერთხელაც არ მოუხედავს, ისე წავიდა.
ოთახში შემოვბრუნდი და სიამოვნებისაგან გავიზმორე. თითქოს მძიმე ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. თურმე მქონია ნიჭი, ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. ჩემს ორეულს გავუღიმე სარკეში და თვალიც ჩავუკარი. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ამწუთას ყველაფერი კარგადაა, მოხდა ის, რაც მინდოდა - ნანკას სამაგიერო გადავუხადე.
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა სადილის მომზადება. ახლა ერთი გემრიელი კერძი არ მაწყენდა, კარგ მადაზე დავდექი. მარკეტში ჩავედი და აჯაფსანდალისთვის მასალა ვიყიდე. ღიღინ-ღიღინით შევუდექი საქმეს.
ამასობაში მოიღრუბლა, ისეთი შავი ღრუბლები გაწვა ცის კაბადონზე, ხასიათს გაუფუჭებდა ადამიანს, მე კი პირიქით, მხიარულების გუნებაზე ვიყავი. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამინდის გაფუჭებას ძლიერი ქარი მოჰყვა თან, რომელიც ღმუილით ასკდებოდა ღია ფანჯრებს. მინებს ზრიალი გაჰქონდა. ვატყობ, ქარი რაღაცას მიმზადებს, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი… რა? სივრცეს გავუღიმე…
როცა ქარი უფრო და უფრო გაძლიერდა და წვიმის წვეთებმაც წკაპაწკუპი ატეხეს რაფებზე, ავდექი და ფანჯრები დავხურე. ცუდი ამინდი იყო, ელავდა, ჭექდა, ქუხდა, სადღაც მეხიც კი ჩამოვარდა…
ერთ საათში კერძი მზად იყო, ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა ჰაერში, მაძღარსაც კი ჭამას მოანდომებდა.
დაახლოებით ათი საათი იქნებოდა. მობილური რომ ამღერდა. დავხედე და გული შემიქანდა, ბექას ნომერი ვიცანი. ღმერთო, რამდენი რამ ხდება ერთ დღეში, რაშია საქმე?
- გისმენთ, - ათრთოლებული ხმით ჩავძახე.
- აბა, კიდევ ერთხელ გამიმეორე, რატომ მოიტანე პანაშვიდზე ყვითელი ვარდები? - მამაკაცს დახშული ხმა ჰქონდა.
- იმიტომ, რომ ყვითელი ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია, - სხეულიც ამითრთოლდა.
- გასაგებია, - თქვა და გამითიშა.
ვერაფერი გავიგე. რა შეკითხვა იყო?
მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ზარი ხომ არ გაფუჭდა? ფეხები ფოსტლებში ჩავყავი და ფლარტუნით გავედი შემოსასვლელში. სათვალთვალოში გავიხედე, ვერავინ დავლანდე. კარი ოდნავ გამოვაღე და ყურადღებით გავიხედე. სარაფანზე რაღაც შემეხო. დავიხედე… კარზე უზარმაზარი თაიგული მოეყუდებინა ვიღაცას, ყვითელი ვარდების ულამაზესი თაიგული. არ იყო ძნელი მისახვედრი, რაც ხდებოდა. აღელვებულმა თვალები დავხუჭე… რომ გავახილე, ჩემ წინ ბექა იდგა, სველი, თავით ფეხამდე გაწუწული.
- ფეხით მოვედი, მთლად გავილუმპე, - თითქოს დარცხვენით თქვა.
- ჰო, - ამოვთქვი, რადგან სხვა სიტყვები ვერ ვიპოვე.
- რაღაც მაქვს სათქმელი… უფრო სწორად, გასარკვევი… - ჩაილუღლუღა და სველ თმაზე გადაისვა ხელი.
- მეც, - ვთქვი და განზე გავდექი, - შემოდი.
არეული ნაბიჯებით შემოვიდა და შუა ოთახში დაბნეული დადგა. მგონი, ნასვამი იყო. ფხიზელმა ვერ გაბედა მოსვლა? შეუმჩნევლად ჩავიღიმე.
- გშია? - ვითომ არაფერი, შინაურულად ვკითხე.
- მგელივით… - ფართოდ გამიღიმა.
- აჯაფსანდალი მაქვს.
- მივხვდი, სუნი უკვე მეცა.
- სამზარეულოში გავიდეთ.
…ისე გემრიელად ილუკმებოდა, მივხვდი, რომ მართლა ძალიან მშიერი იყო. დედა უკვე აღარ ჰყავდა, ვინღა მოუმზადებდა სადილებს? ვინ იცის, მოენატრა კიდევაც გემრიელი საჭმელი.
- მაგარია, შენ გააკეთე? - ლუკმით გამოტენილი პირით მკითხა.
- მოსამსახურე ჯერ არ მყავს, - კეკლუცად ვთქვი.
- გემრიელია, ძალიან გემრიელი.
- შეგერგოს, - მზრუნველად შევხედე.
- უკვე შემერგო.
შემდეგ ყავა დავლიეთ. ბექა ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა. მე კი ერთი სული მქონდა, როდის მეტყოდა სათქმელს. მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ.
- მე ბევრი ვიფიქრე, სოფი, - თავჩაქინდრულმა დაიწყო, ისევ მოეღუშა სახე, - და ერთ რამეს მივხვდი - ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ.
ხმას არ ვიღებდი, სულგანაბული ვუსმენდი მის აღსარებას.
- სანამ ანიკო არ დაიღუპა, ვერ გავიაზრე, რომ სისულელეების მთელი სერია ჩავიდინე, - ამოიხვნეშა, თავი ასწია და ნაღვლიანად შემომხედა, - და ამ სისულელეებით ქალს სიცოცხლე მოვუსწრაფე.
ახლა კი ვერ მოვითმინე.
- შენ არაფერ შუაში ხარ, ბექა. დედაშენი შენ გამო არ დაღუპულა.
- ნუ მამხნევებ, აზრი არა აქვს. მე ვიცი, როგორც იყო. იმ დილით კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი. ყველაფერი დავამტვრიე, რაც კი ხელში მომხვდა. იმიტომ, რომ სიმართლეს მეუბნებოდა, მე კი მისი სიმართლე ვერ ავიტანე. მან ინერვიულა… ასეთი არასდროს ვუნახივარ… გავაგიჟე ქალი…
- დამშვიდდი, ბექა, იქ სხვა რამე მოხდა, მე ვიცი.
გამომცდელად შემომხედა.
- რა იცი?
- იმ დღეს დედაშენი ერთ კაცს შეხვდა… - არ შემეძლო ამის დამალვა, უნდა მეთქვა ყველაფერი, თორემ მთელი ცხოვრება დაიდანაშაულებდა თავს დედის სიკვდილში.
- ვინ კაცს? - ეს რაღაც ახალი იყო მისთვის.
- ადამიანს, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა…
სახე წაეშალა, თვალები მოჭუტა და ისევ დამაცქერდა.
- შენ რა იცი?
ახლა მე წამეშალა სახე, დავიბენი.
- მე ვიცნობ იმ ადამიანს, ჩვენი ოჯახის ახლობელია.
- რა ჰქვია და ვინ არის? - ხელები მომუშტა, დაიძაბა.
- დაწყნარდი, ძალიან გთხოვ… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის. მათ უნდოდათ ერთმანეთის ნახვა და ნახეს კიდეც. ამან კი ძლიერი ემოცია გამოიწვია… ხომ გესმის? ქალისთვის ძნელია ეს… თანაც ასეთ ასაკში… დილანდელი უსიამოვნებაც ზედ დაერთო ამ შეხვედრას და… ვეღარ გაუძლო გულმა.
- იჩხუბეს?
- არა, პირიქით. იმდენად ამაღელვებელი ყოფილა შეხვედრა, რომ… როცა ადამიანი გიყვარს, როცა გამუდმებით მისი ნახვის მოლოდინი გაქვს და წლების მერე შეხვდები, მერწმუნე, ერთდროულად მტკივნეულიც არის და სასიამოვნოც. ეს უნდა გამოსცადო, რომ ჩასწვდე, რა გრძნობაა.
- როგორც შენ გამოსცადე, არა?
- მე? - გავფითრდი.
- ჰო, შენ… როცა ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეხვდი სანდროს, ალბათ იგივე დაგემართა, არა? - ბოღმა გაერია ხმაში.
- ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობდით, როგორც მახსოვს, - ცივად ვთქვი.
- მე ამ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი აქ და არა დედაჩემის სასიყვარულო თავგადასავლების მოსასმენად. ეგ ამბები დიდი ხნის წინ ვიცოდი.
გული უსიამოვნოდ ამიძგერდა, ეჭვიანობის სცენის მოწყობას ხომ არ მიპირებს?
ხმა არ ამომიღია, მუხლებმოკვეთილი ავდექი, ლარნაკში წყალი ჩავასხი, ვარდებს ბოლოები მოვაჭერი და სათითაოდ ჩავალაგე შიგ.
- თუ შეიძლება, დაჯექი, ეგ საქმე მერეც შეგიძლია გააკეთო, როცა წავალ.
თავი ავწიე და საყვედურით სავსე მზერა შევავლე.
- აქ იმისთვის მოხვედი, რომ ხასიათი გამიფუჭო?
- აქამდე კარგ ხასიათზე იყავი? - სიტყვაზე გამომიჭირა.
- არა, არ ვიყავი, მაგრამ შენ რომ მოხვედი, გამომიკეთდა, ვიფიქრე… - შევყოყმანდი.
- რა იფიქრე?
- მოვენატრე და იმიტომ მოვიდა-მეთქი.
მძიმედ ამოიხვნეშა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ისევ ჩაქინდრა თავი. შუბლი შეეჭმუხნა, ფიქრებმა წაიღო. გადავწყვიტე, სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.
- დღეს ნანკა იყო აქ, - ვთქვი.
მსწრაფლ ასწია თავი და გაკვირვებით შემომხედა.
- ვი-ინ? - თითქოს მოესმაო, ისე აზიდა ცალი წარბი.
- ნა-ნკა, - დამარცვლით გავიმეორე.
- მერე? რა უნდოდა, საქმე გაგირჩია? - ირონიულად ჩაიცინა.
- ჰო, რაღაც ამდაგვარი, - შვებით ამოვისუნთქე, ნანკას ხსენებაზე ასეთი რეაქცია რომ შევამჩნიე.
- დასალევი არაფერი გაქვს? - მკითხა უცებ.
- დასალევი?
- ჰო, სასმელი… ღვინო, არაყი, კონიაკი…
- კონიაკი მაქვს, გოგოებმა რომ ამომიტანეს… ცოტა დარჩა.
- ვინ გოგოებმა?
- ნათია და გიზელა იყვნენ ამას წინათ, ცოტა დავლიეთ.
- ვა! შენც სვა-ამ? - ახლა თბილად გამიღიმა.
- შეძლებისდაგვარად.
- მერე, მოიტა, რაღას უცდი? ამსიგრძე სტუმარი მოგივიდა და ყავით გინდა გაუმასპინძლდე?
- იქნებ არ ღირს? ისედაც ნასვამი ხარ, - შევაპარე.
- ნასვამი რომ ვარ, იმიტომ მინდა, თორემ ფხიზელი რომ ვიყო, არ მომინდებოდა, არც მთვრალს, სხვათა შორის… ახლა კი გრადუსი მაკლია…
- რისთვის? რისთვის გაკლია, მეტი სითამამისთვის? - გავწიწმატდი, - უფრო ძლიერი რომ გამოჩნდე, იმისთვის? უფრო გაბედულად რომ მეჩხუბო, იმისთვის? - მივაყარე ჩქარ-ჩქარა.
თვალები გაუფართოვდა.
- არა, ამისთვის არა… მოიტანე და მერე გეტყვი, - ისე შემომხედა, როგორც პატარა ბავშვს, ლექსი თქვი და კანფეტს მოგცემო.
ხელმეორედ გავაწყვე სუფრა, ახლა უკვე სასტუმრო ოთახში, თან დაძაბული ვიყავი, გული მქონდა დამძიმებული. არ ვიცოდი, სანამდე მივიდოდა დაწყებული საუბარი.
კონიაკი პატარა ჭიქებში ჩამოასხა, ერთი მე მომაწოდა, მეორეთი მომიჭახუნა და პირი გააღო, რაღაცის თქმა დააპირა.
- გაუმარჯოს, - თქვა და გადაჰკრა.
- რას? - ჭიქიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.
- რა ვიცი, ყველაფერს, - თქვა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თან თვალს არ მაშორებდა.
- გაუმარჯოს ყველაფერს, რადგან ასე გინდა, - ჩავილაპარაკე და მოვსვი.
- ეგ არის, დალევა შემიძლიაო? აბა, ბოლომდე, ბოლომდე, - დამაძალა.
- არ მინდა, - თავი გავაქნიე.
- შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა, მიდი, დალიე. გოგოებთან თუ სვამ, ჩემთან რა გემართება? ცუდი თანამეინახე ვარ?
სხვა რა გზა მქონდა, ბოლომდე დავლიე. თავისი ჩანგლით აიღო ერთი ლუკმა აჯაფსანდალი და მაჭამა. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.
- ახლა მომიყევი, იმ ქალბატონს რა უნდოდა… - თქვა და სასმელი ისევ ჩამოასხა.
- ორსულად ვიყავიო…
- მართლა? ვისგანო? - ისე ლაპარაკობდა ბექა, თითქოს საუბარი მას კი არა, ვიღაც სხვას ეხებოდა.
- შენგან.
- აუჰ! საინტერესოა… მერეო?
- მერე ის მკითხა, შენ რატომ არ დაორსულდი ბექასგანო.
უცებ ისევ შეეცვალა სახე, ნერვი აუტოკდა საფეთქელთან და შიშნარევი მზერა მესროლა, ჩემზე ხომ არ არის გაბრაზებულიო. შეგნებულად აღარ გავაგრძელე ლაპარაკი, მისი შეცბუნებული სახის ყურებით ვტკბებოდი.
- რა უპასუხე? - თვალი ამარიდა და თეფშს ჩააშტერდა.
- არაფერი, მან უკვე იცოდა პასუხი. თქმა საჭირო აღარ გახდა. შენც ხომ იცი ამ კითხვის პასუხი? - ჩავეძიე.
- ვიცი…
- და?
- და ის, რომ მე შენთან სექსი არ მქონია… საიდან უნდა დაორსულებულიყავი?
- მან სხვა რამ მითხრა, - ყოყმანი დამეტყო ხმაში, ბექასგან ასეთ პასუხს არ ველოდი.
- ვიცი, რაც გითხრა, - დახშული ხმით თქვა და თვალები დახუჭა, - დალევ კიდევ?
- დავლევ. დედაშენის ხსოვნის იყოს, - ვთქვი და ბოლომდე დავცალე.
ბექა აყოვნებდა, სასმლით სავსე ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელში.
- დედაჩემისნაირი ქალი იშვიათობაა, - თქვა ბოლოს და უთქმელად გადაჰკრა.
- მიაყოლე რამე, - მზრუნველად ვუთხარი.
- არ მინდა… - თავი გადააქნია.
ამ დროს ქარი ისევ მოასკდა ფანჯრებს.
ბექამ გარეთ გაიხედა.
- ხედავ, რა ამინდია? ქარიც ჩემნაირად შფოთავს… - ყრუდ წარმოთქვა.
- შენ ამის მიზეზი არ გაქვს, - მისი დამშვიდება ვცადე.
- მაქვს… თანაც ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს. სამი დღის წინ ვიყავი ექიმთან, ანალიზები გავიკეთე, პარასკევს პასუხი მითხრეს… - შეფიქრიანებული ლაპარაკობდა.
- რა პასუხი? - კინაღამ გული გამიჩერდა.
- თუ არ იმკურნალებ, უშვილოდ გადაშენდებიო, - კარგა ხნის პაუზის შემდეგ წარმოთქვა და შემომხედა.
სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა.
- გესმის? მე კი სინდისი მქენჯნიდა, ნანკას როგორ დავაძალე მუცლის მოშლა-მეთქი. თურმე მომატყუა. მართალი ყოფილა დედაჩემი.
- მისგან არ მიკვირს, თავქარიანი ქალია, მაგრამ შენ? შენ რამ… - შევჩერდი, გამოგაშტერა-მეთქი, ვერ შევკადრე და შევცვალე, - რამ გიბიძგა მასთან ურთიერთობისკენ? არ იცოდი, ვისთან იჭერდი საქმეს?
- აბა, რა მექნა? ვისთანაც მინდოდა, იმან უარი მითხრა, ზურგი მაქცია. გეკითხები, რა უნდა მექნა?
თვალები დავხარე. ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
- ხომ ხედავ? კითხვის დასმა ბევრად ადვილია, ვიდრე პასუხის გაცემა.
- მაგრამ არა ყოველთვის.
- მაშინ გამეცი პასუხი.
- საკუთარი თავის განსჯა ბევრად ძნელია, ვიდრე სხვისი. ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ. როცა შეცდომას უშვებ და მერე ამას ხვდები, ჭკუა უანდა ისწავლო. ამას მონანიებამდე მიჰყავხარ, მონანიებას კი - ცრემლებამდე.
- ამჯერად რომელ შეცდომაზე საუბრობ, სოფი? - მოულოდნელად შეირხა და ხელი ხელზე დამადო, - არსებობს ასეთი გამოთქმა: როცა დილით ადგები, დაიბან და თავს წესრიგში მოიყვან, შენი პლანეტაც უნდა მოაწესრიგოო. შენ არ გიცდია საკუთარი პლანეტის მოწესრიგება. შენ სულ რაღაცას ეძებ, ეძებ და თავადაც არ იცი, რას. იქნებ იცი და არ მეუბნები?
- მხოლოდ ბავშვებმა იციან, რას ეძებენ, ბექა. ისინი საკუთარ სულს დათმობენ, ოღონდ მათი საყვარელი თოჯინა არავინ წაართვან და თუ წაართმევენ, ტირილით დააქცევენ ქვეყანას. მხოლოდ მათ შეუძლიათ თავიანთი მონაპოვარის დაცვა. დიდებს ეს არ ძალგვიძს… ხანდახან სიამაყე გვიშლის ამაში ხელს, პატივმოყვარეობა ან პირიქით, უსუსურობა, შიში… მე ალბათ, უბედურ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ბედნიერება არ მიწერია.
- ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვს, რომელიც მის ბედისწერას განაგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ერთხელ არ გაგიმართლა, ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო. მომავლის არ უნდა გეშინოდეს, თუმცა წარსულსაც პატივისცემით უნდა მოეპყრა. ვისაც მომავლის ეშინია, ის წარუმატებელი ადამიანია, ყოველთვის შეზღუდული იქნება ცხოვრებაში. წარუმატებლობა შენ გგონია, ცუდია? პირიქით, ის საბაბს გაძლევს, რაღაც ეტაპი თავიდან დაიწყო, თანაც უფრო ჭკვიანურად. წესიერი წარუმატებლობა სამარცხვინო არ არის. სამარცხვინო ამ წარუმატებლობის წინაშე შიშია. წარსული რისთვის მისცა ღმერთმა ადამიანს? რა სარგებელი აქვს? ის, რომ შენი მომავალი ცხოვრების გზას ნათლად გიჩვენებს. იქიდან რაც მოგწონს, დაიტოვებ, რაც არ მოგწონს, დაივიწყებ და აღარ გაიმეორებ მომავალში. იფიქრე მომავალზე.
- მე უკვე აღარა მაქვს მომავალი…
- რატომ გგონია?
- იმიტომ, რომ შენ ვერ გხედავ ამ მომავალში.
- რატომ, სად ჩავრჩი? რომელ მონაკვეთზე? - ხელზე ხელი მომიჭირა, ლამის კვნესა აღმომხდა სიამოვნებისაგან, რამდენი ხანი ველოდი ამ წუთებს.
- მე დავკარგე შენი სიყვარულის უფლება, ეგ არის მიზეზი, - ვგრძნობდი, ჩემი აღსარების წამებიც ახლოვდებოდა და ამაკანკალა.
- დაკარგე? რატომ? ვის გამო? რამ შეგიშალა ხელი? გაწყენინა ვინმემ? მითხარი, რატომ მიმალავ? ვინმემ აგიკრძალა ჩემთან ყოფნა? თქვი, მითხარი და ყელს გამოვჭრი, თუ ასეა. მართლა დგას ჩვენ შუა ის…
- არა, არავინაც არ დგას ჩვენ შუა, დამიჯერე! - სასოწარკვეთილმა წამოვიძახე.
- აბა, რა გვიშლის ხელს, ერთად ვიყოთ? რატომ მითხარი მაშინ უარი, რატომ მომკალი? რას მერჩოდი, რა გინდოდა? - ხმას აუწია ბექამ, სასმელი უფრო მოეკიდა.
გაგრძელება იქნება