წაგებული თამაში - თავი 1 - Marao

წაგებული თამაში - თავი 1

2024-02-14 10:39:48+04:00

ბესო კიბის ბოლოში ელოდებოდა. ნანათე ზემოდან მოადგა მოაჯირს, გაღიმებული და ოდნავ ანერვიულებული. იქნებ ძალიანაც, თუმცა ცდილობდა, არ შეემჩნია. სარკემ, რომელშიც გამოსვლის წინ ჩაიხედა, უთხრა, არაჩვეულებრივად გამოიყურებიო. ბესომ ამოხედა და მისმა თვალებმა მეტი უთხრეს, ვიდრე საკუთარმა სარკემ. ამას მიხვდა ნანათე და იმასაც  მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, ოღონდ ამის გაფიქრებაც არ უნდოდა. ბოლო დროს რამდენმა «ახარა», ბესო ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახეთ, საეჭვოდ ჩახუტებულნი შარდენზე სეირნობდნენო. როცა იგი ამის გარკვევას შეეცადა, მამაკაცს წარბიც არ შეუხრია, ბავშვობის მეგობარია ჩემი, პრობლემები აქვს და ვეხმარებიო… როგორც ჩანს, მართლა გაუჩნდა ბესოს პრობლემები, ოღონდ არა იმასთან, ვისთანაც ბოლო დროს სეირნობდა, არამედ მასთან, ნანათესთან. ახლავე გაირკვევა ყველაფერი. ნელა ჩამოუყვა საფეხურებს, რაც შეიძლებოდა ლამაზად, როგორც ჩვეოდა, რხევა-რხევით. კარგად დააკვირდეს ვაჟბატონი და მიხვდეს, როგორ ქალს კარგავს.

- გამარჯობა!

- გაგიმარჯოს!

მშრალად მიესალმნენ ერთმანეთს. ბესო თვალს ვერ უსწორებდა შეყვარებულს… ალბათ, უკვე ყოფილს. ამას აშკარად გრძნობდა ნანათე.

რამდენიმე წუთი არც ერთი ხმას არ იღებდა.

- სულ ეს არის? - ცალყბად გაიღიმა გოგონამ.

- ჰმმმმმ! - ყრუდ ამოიგმინა ბესომ და პიჯაკის საყელო ისე აიწია, თითქოს სიცივემ შეაწუხაო.

- ალბათ, ჩემსავით საწყალი არ არის, რადგან ასე მოგხიბლა, - ცივად დაასკვნა ნანათემ.

- მართლა ძალიან ვწუხვარ, ნან, არ მეგონა, ასე თუ წავიდოდა საქმე, - ტუჩები ლამის ყელის კოვზზე მიიბჯინა მამაკაცმა.

- არა უშავს, - მშვიდად უპასუხა გოგონამ და ხელისგული კისერზე მოისვა, - მჯერა შენი, მაგრამ ალბათ, უმჯობესია, წახვიდე. არაფრის ახსნა არ არის საჭირო.

- მაგრამ მე…

ქარის საიდუმლო - თავი 9 

- ძალიან გთხოვ! ნუ მაიძულებ, სცენები გაგიმართო! ხომ იცი, არ მიყვარს! ახლა მარტო მირჩევნია ყოფნა. წადი და შენს სინდისზე იყოს! - მეორე ხელი გაშლილად აიფარა წინ, თითქოს შეაჩერა მამაკაცი, მერე გამომცდელად შეხედა მის აღელვებულ სახეს და ნიშნის მოგებით გაიღიმა.

ბესომ თმაზე გადაისვა ხელი. ასეთი დაბნეული ნანათეს ჯერ არ უნახავს იგი. იქნებ არ ეთმობა?

- კარგი, წავალ. ალბათ, მართლა ჯობია, თავი დაგანებო, - ძლივს გასაგონი ხმით ჩაიბურტყუნა და თავი დახარა.

იცოდა ბესომ, რომ ის ღალატს არასდროს აპატიებდა და არც მის ბოდიშებს მიიღებდა. ამიტომ ახლა საუკეთესო გამოსავალი იყო, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას.

ასეც მოიქცა. თავი უაზროდ გადაიქნია, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ხტუნვა-ხტუნვით ჩაუყვა საფეხურებს.

ნანათემ ნაღვლიანი მზერა გააყოლა… ცრემლიანიც. აი, ამ წამს იგრძნო, როგორ აუწყლიანდა ლამაზი თვალები… რა ჯიუტია ეს ცრემლი! როცა ნანათეს სურს ტირილი, მაშინ არა და არ აეტირება და როცა არ უნდა, მაინცდამაინც იმ მომენტში წვიმის წვეთებივით დაეკიდება თვალის უპეებზე! ამ დროს საკმარისია, ქუთუთოები აახამხამოს, რომ მლაშე ცრემლები წკაპანით ჩამოუგორდება ღაწვებზე. არა უშავს, იტიროს, მერე რა? მთავარია, ბესომ არ დაინახოს. ოღონდ ახლა არ ამოიხედოს მაღლა, ოღონდ ახლა არ შეამჩნიოს ფრთებდაჭრილი და სასოწარკვეთილი თეთრი ანგელოზის ცრემლები.

თეთრი ანგელოზი… გაცნობის დღიდან ასე შეარქვა მამაკაცმა. აწი ვინღა შეადარებს ანგელოზს, თანაც თეთრს? არც არავინ. რა ქნას, ხომ არ დაუძახოს? იქნებ მოაბრუნოს? ასე როგორ გაუშვას? არ ჯობია, გულში დაგროვილი ბოღმა მასზე გადაანთხიოს და შვება იგრძნოს? მაგრამ მოგვრის კი შვებას ისტერიკა და წივილ-კივილი? რომ არ ჩვევია ასე? ყოველთვის მდუმარედ რომ ხვდება ხოლმე რთულ სიტუაციებს? მუდამ ვაჟკაცურად რომ იტანს ბედისწერის შემოტევებს? არა, არ დაუძახებს…

ის მაინც ეთქვა, რაც წამის წინ მოხდა. რომ სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა ამ შეხვედრის შემდეგ, ბნელ, ცივ, უწყლო და უჰაერო სივრცეში, სადაც თვალთან თითს ვერ მიიტანს ადამიანი… ხოლო მისი სამყარო, ჩვეულებრივი, თბილი, ნათელი და ბედნიერებით გაჯერებული, წამში ნამსხვრევებად იქცა და არც კი შეეცადა ამ ნამსხვრევების შეგროვებას და შეკოწიწებას.

რა უნდოდა საერთოდ, რას ერჩოდა? რატომ შეაყვარა თავი, თუკი ასე გაწირავდა? ჯერ მხოლოდ 6 თვეა, ერთად არიან და უკვე ყველაფერი მორჩა. ბესომ შინაგანად აიძულა, ნანათეს მისთვის ყურადღება მიექცია, შეემჩნია, ეგრძნო იგი, ეფიქრა მასზე. აიძულა, სიხარულით მეცხრე ცაზე აფრენილიყო და ბოლოს მონადირის ტყვიით ჩამოგდებული მერცხალივით დანარცხებოდა ქვაფენილს. თანაც როგორი ტკივილი იგრძნო დაცემისას. მიზეზი მათი განშორებისა, ერთდროულად, მარტივიც იყო და რთულიც, ისევე, როგორც ცხოვრება. ეს მიზეზი ერთ უბრალო და ძალიან ლამაზ სიტყვაში ეტეოდა - სიყვარული. ნანათეს უყვარდა ბესო, ბესოს კი სხვა… ხოლო ის სხვა მასზე ყოჩაღი აღმოჩნდა, მასზე მოხერხებული. ერთი თვეც არ დასჭირვებია, რომ აეწაპნა ნანათესთვის საყვარელი მამაკაცი. სულ რაღაც ერთი თვე!

ქალები ბნელში - თავი 10 

ბესო თავდგირიძე! მისი თანამშრომელი. ოფისის უფროსი მენეჯერი. პირველად რომ დაინახა, ეგრევე შეუქანდა გული. მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა. ჯერ შორიდან ესიყვარულებოდა, არაფერი უგრძნობინებია. ის ლამაზი იყო, მოხდენილი, ქალების გულთამპყრობელიო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი, თანაც შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა თანამშრომლებში. სწორედ ამით იზიდავდა ყველას. მერე, დროთა განმავლობაში, ნანათე სხვა ქალებისგან «გამოაცალკევა» და თავისი ყურადღების ღირსად ჩათვალა, რამაც საგონებელში ჩააგდო გოგონა. ვერ დაიჯერა, რომ მას ხვდა პატივი წილად, ბესოს რჩეული დარქმეოდა. არადა, მის დაქალებს არასდროს მოსწონდათ იგი. ძალიან თავმომწონეა, ეგოისტი, ზემოდან გვიყურებს, აშკარად გვაგრძნობინებს, რომ ჩვენზე მაღლა დგასო… და რატომ? რით იყო ბესო მასსა და მის მეგობრებზე უკეთესი? მხოლოდ იმით, რომ სიმდიდრე ჰქონდა. მამამისი ცნობილი ბანკირი იყო და მათ ოჯახს თბილისში ყველა იცნობდა. შესაბამისად - ბესო სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა დედაქალაქში.

ნანათე კი კბილებით იცავდა შეყვარებულს. გოგონებს არწმუნებდა, თქვენ მას ახლოს არ იცნობთ და ასე იმიტომ მსჯელობთო. თქვენ ისე არ გესმით მისი, როგორც მე მესმისო. მისი ეგოიზმი კი აღზრდის ბრალია, თორემ შინაგანად პატარა ბავშვივითაა, მიმნდობი და გულუბრყვილოო. ზერელედ არ ამბობდა ამას, მართლა სჯეროდა თავისი სიტყვების. ეგონა, რომ ერთადერთი, რაც ბესოს ცხოვრებაში აკლდა, კარგი ქალის სიყვარული იყო… ისიც ეგონა, რომ სწორედ თავად იყო ასეთი ქალი და ადვილად შეძლებდა მის გარდაქმნას. რა სულელი ყოფილა! ბესო ბესოდ დარჩა, თვითონ კი სწორედ რომ შეიცვალა.

მორჩა! დამთავრდა მისი სიყვარულის ისტორია, ბესომ დანა გამოუსვა ამ ისტორიას ყელში და მოკლა!

ნანათემ ამოიკვნესა, თან ისე მწარედ, რომ ცრემლი ღვარად დაედინა ღაწვებზე. მუშტებით ამოისრისა თვალები და კიბეს მძიმედ აუყვა. ახლა აღარ იგრნობოდა მის მიმოხვრაში წეღანდელი გრაცია. ახლა აღარაფერი უხაროდა, აღარავის ეპრანჭებოდა და არც არავისთვის უხდებოდა დამტკიცება, როგორ ქალს კარგავდა მისი სახით…

8 8 8

სამი დღე აწყნარებდნენ ცისია და მეკო. სამი დღე გვერდიდან არ მოსცილებიან დაქალები. ორ ხმაში აგინებდნენ ბესოს, ლანძღავდნენ. წამითაც არ დაინდეს მოღალატე შეყვარებული და არც ნანათეს დააკლეს საყვედურები - ხომ გეუბნებოდით, რა ნაგავიც იყო, შენ კი არ გჯეროდაო.

პარალელურად, სამსახურიდან ურეკავდნენ, რატომ არ დადიხარ, ცუდად ხომ არ ხარო. ცდილობდა, მხიარულად ეპასუხა, წამოვედი თქვენგან, ახალი სამსახური ვიშოვე, უკეთესი პირობებით და უკეთესი თანამდებობითო. არადა, ისეთ დღეში იყო, სად ეცალა სამუშაოდ! დანა პირს არ უხსნიდა. ისე, მეორე დღესვე დაურეკა დირექტორს და უთხრა, მუშაობას თავს ვანებებ, ამ დღეებში გამოვალ და საბუთებს წავიღებო.

ასეც მოიქცა. მეოთხე დღეს გამოიპრანჭა. ისე ლამაზად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს და მაღალ ქუსლებზე შესკუპებულმა სულ პაკიპუკით შეაღო ოფისის კარი. მის დანახვაზე ატყდა ერთი ჟრიამული, ხვევნა-კოცნა, მოკითხვები, გამოკითხვები… ძლივს გაითავისუფლა თავი თანამშრომლებისგან, მერე კადრების განყოფილებაში გადავიდა, განცხადება დაწერა გათავისუფლების თაობაზე და საბუთებიც წამოიღო.

ბესო არ უნახავს. ან არ იყო იმ დროს ადგილზე, ან დაემალა. აბა, სად ჰქონდა გამოსაჩენი თავი. სამსახურში ისედაც მალავდნენ ურთიერთობას. ბესო სულ ეუბნებოდა, არ მინდა, ვინმემ გაიგოს ჩვენი ამბავი. რაც მეტს ეცოდინება ჩვენ შესახებ, მით მეტი ჭორი აგორდებაო. როგორც ჩანს, სამსახურებრივ რომანს გაურბოდა. სხვანაირად როგორ აიწევდა კარიერისტულ კიბეზე მისნაირი რეპუტაციის «ყმაწვილი»!

ახლა როგორ მოიქცეს? ისედაც როგორ უჭირს. ჯერ იყო და, მთელი წელი ნაქირავებში ცხოვრობდა, მერე ცისიამ შეიკედლა. უფრო სწორად, თვითონ გათხოვდა და თავისი ოროთახიანი ბინა ნანათეს გადაულოცა, სანამ გაგიხარდება, იცხოვრე, მე ისეთი მდიდარი კახა შემხვდა, ბინის გაქირავებაც კი არ მჭირდებაო. გაახარებს ღმერთი! გადაარჩინა ბავშვობის მეგობარმა.

როგორ გაუმართლა ცისიას. კარგია, რომ ასეთი მეგობრები ჰყავს. ნეტავ ყველა მდიდარი იყოს და ყველამ ასე იზრუნოს მასზე. რაღა უჭირდა მაშინ! აი, მეკოსაც რომ ასე გაუმართლებდეს, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ისიც ამოუდგება მხარში. ჰმ!.. გაეღიმა. მთელი ცხოვრება ასეა. სულ სხვებზე ფიქრობს, სულ სხვებზე ზრუნავს და თავისთვის ერთხელ არ ინატრებს არაფერს.

აი, მეკო დროებით მასთან გადმოსახლდა. შეეცოდა დაქალი, დარდისგან არ გაგიჟდესო და «სოლიდარობა» გამოუცხადა. კარგია, რომ გადმოვიდა. ერთად რომ იქნებიან, ნაკლებად შეაწუხებს სულის ტკივილი.

შინ დაბრუნებულს მეკო თვალებგაბრწყინებული დახვდა.

- აი, რა მოვიპოვე! - თაბახის ფურცელი ააფრიალა და შიშველი ფეხებით ლოგინზე ახტა.

- ეს რა არის? - მის მაღლა აწეულ ხელს მზერა გააყოლა ნანათემ.

მეორე ნაპირი - თავი 2 

- მისამართები.

- რა მისამართები?

- ვაკანსიების. ჩვენ უკეთეს სამსახურს ვიშოვით! - წამოიძახა მეკომ და ისე ახტუნავდა საწოლზე, თითქოს ბატუტზე იდგა.

- რა ვაკანსიებია?

- უამრავი. ინტერნეტით უნდა გადავაგზავნოთ შენი სივი და დაველოდოთ. სხვა თუ არაფერი, შენს ფოტოს რომ დაინახავენ, მარტო მაგის გამო მიგიღებენ.

- კარგი რა, ნუ სულელობ! - უიმედოდ ჩაიქნია ხელი ნანათემ.

- აგერ ნახავ, თუ ვსულელობ! მაცალე ცოტა ხანს!

ნანათემ ამოიოხრა და საბუთებიანი ფაილი მაგიდაზე მოისროლა.

- ჰო, მართლა, ცისია იყო მოსული და 100 ლარი დატოვა.

- 100 ლარი? რისთვის?

- ისე, უბრალოდ, საჭმელი არ მოიკლოთო.

- ბევრი მაქვსო? - სამზარეულოში გასულმა ნანათემ თავი გამოყო და ისე გამოსძახა მეგობარს.

მეკო საწოლიდან ჩამოხტა და ხალათის ჯიბიდან ასლარიანი ამოიღო.

- ასეთები იმდენი მაქვსოოოო! - რაც შეიძლებოდა, მხიარულობდა, რომ მეგობრისთვის სევდა გაექარვებინა.

- მერე მეტი ვერ დატოვა, მაგდენი თუ აქვს? - გაიხუმრა ნანათემაც და ყავის მოდუღებას შეუდგა.

8 8 8

- თქვენი აზრით, საათის რომელია?

წარბებშეჭმუხნილმა გოკიელმა მისკენ ირიბად გამოიხედა. ნანათემ კედლის თეთრ საათს ახედა.

- ახლა ეეე… თითქმის ათის ნახევარია, - ქოშინით ამოთქვა.

- და თქვენ რომელზე გეწყებათ სამსახური?

- ცხრაზე.

- ყოჩაღ! - თეატრალური ტაშით «დააჯილდოვა» ახალმა უფროსმა გოგონა.

ნანათემ იგრძნო, როგორ გაუხურდა ღაწვები. ახლა, ალბათ, შემწვარ კიბორჩხალას დაემსგავსა. რა საშინლად გამოიყურება, როცა გაწითლებულია. ვერ იტანს თავის თავს ამ დროს. ოფლმა დაასხა და უხერხულობის დასაფარავად ჩაახველა. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. აბა, რა ქნას? მეტროდან აქამდე მთელი გზა სირბილით გამოიარა და მაინც დააგვიანდა, არადა, დროულად გამოვიდა სახლიდან. რა მისი ბრალია, თუკი ხელოვნური პრობლემა შეექმნა გზაში? ლიფტში რომ ჩაჯდა, პირველ რიგში ჩაჩაჩული კოლჰოტი ამოიწია და მერე ჩაიხედა სარკეში. ლამაზად დაყენებული თმა ისე გაწეწვოდა, როგორც ზღაპრებში ბოროტ ჯადოქრებს. ესეც ასე! დღე ბრწყინვალედ დაიწყო, აი!

თან რა საცოდავად გამოიყურება ახალ უფროსთან შედარებით! ილია გოკიელი შავ პიჯაკსა და ნაცრისფერ შარვალში, ნაცრისფერივე პერანგითა და შავი ჰალსტუხით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. «ეს ღილი მაინც შეეხსნა პიჯაკზე», - გაიფიქრა ნანათემ, - «რა მრისხანე გამომეტყველება აქვს!»

მამაკაცს მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, ხოლო ამღვრეული ტალღისფერი თვალები გაბრაზებულს კიდევ უფრო ამღვრეოდა. საუბრისას შავ წარბებს მორიგეობით აზიდავდა ხოლმე. ამწუთას ტუჩები ძლიერად მოეკუმა და მის გამოხედვაში მრისხანების მეტი არაფერი იკითხებოდა.

- იცით, რომ დააგვიანეთ? - თითქოს დასცინა ილიამ.

- ვიცი, რომ დავაგვიანე, - ირონიულად დაეთანხმა გოგონა და, როგორც იქნა, ქოშინი შეწყვიტა, - მაგრამ ვიღაც მოხუც ქალს დავეხმარე. მეტროში ვერ ჩადიოდა საწყალი და ჩავაცილე…

- თქვენ გარდა, სხვა არავინ გამოჩნდა გამცილებელი?

- არ ვიცი… ალბათ გამოჩნდებოდა, მაგრამ მან მე მთხოვა და რა მეთქვა? იცით, ბებო, სამსახურში მაგვიანდება და ვერ დაგეხმარებით-მეთქი? წამით ჩემი თავი წარმოვიდგინე სადღაც, მაგალითად… - სერიოზულად ჩაფიქრდა ნანათე, მნიშვნელოვან შედარებას ეძებდა, - ეეე… მაგალითად, ჯუნგლებში რომ დავკარგულიყავი და ვინმესთვის დახმარ…

- შეწყვიტეთ უაზრო ლაპარაკი, თუ შეიძლება! - გაუწყრა ახალი უფროსი, - საერთოდ არ მაინტერესებს, რატომ დააგვიანეთ. ერთადერთი, რაც ახლა მანაღვლებს, თქვენი უპასუხისმგებლობაა. ასეთ პრესტიჟულ ფირმაში მუშაობა თქვენ რა, ღომის ჭამა გგონიათ? - დაღლილი მზერა ესროლა გოკიელმა.

- არა, არ მგონია, - თავი გააქნია გოგონამ, - ღომის ჭამა სულაც არ არის ადვილი, განსაკუთრებით, დანა-ჩანგლით.

- როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მოვრიგდებით ასე! - ხმას აუწია უფროსმა, - თუ ასე გააგრძელებთ, ვადაზე ადრე დავემშვიდობებით ერთმანეთს! იცით, ელისო როგორი მოწესრიგებული მენეჯერია? არ მახსოვს, ერთხელ მაინც მიმეცა მისთვის შენიშვნა. მასზე ყოველთვის შემეძლო დაყრდნობა, თქვენ კი დამაღალატეთ.

«მოწესრიგებული!» - ეს სიტყვა უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ნანათეს, უკვე მერამდენედ ესმოდა. არ გაუხურა საქმე ამ ელისოთი?! წარმოუდგენია, როგორი იქნება! მობეზრდა უკვე იდეალური ელისოს ხოტბების გაგონება. თურმე ისეთი კვალიფიციურია, რომ მისნაირს მეორეს ვერ იპოვი, საქმეში სწრაფი, გონებაგახსნილი და იდეების გენერატორი! ნეტავ, რატომ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია? გრძელი და მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა? თუ ამ ბებერს ეპრანჭება?! - ღიმილის დამალვა სცადა გოგონამ.

დაიღალა ნანათე. უკვე ერთი კვირაა მუშაობს და ვერა და ვერ დაუდო გული საქმეს, ვერ შეეგუა აქაურობას. არ მოსწონს არც თავისი კაბინეტი, რომელიც სინამდვილეში ელისოს ეკუთვნის, არც თავისი უცხვირპირო უფროსი, სულ რომ ჯუჯღუნებს და დისციპლინას მოითხოვს და არც თანამშრომლები მაინცდამაინც, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაუახლოვდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომაც, რომ დროებითია მისი სამსახური? მხოლოდ ელისოს გამოსვლამდე უნდა იმუშაოს, ეგ არის და ეგ. არც ეს უნდოდა, მაგრამ მეკომ ტვინი შეუჭამა, თავი გამოიჩინე, დაანახვე, რომ შეგიძლია და ვინ იცის, იქნებ დაგტოვონ კიდევაცო. უჰ… ტყუილი იმედია. დატოვებას პირი არ უჩანს. დატოვება კი არა, ახლა ისეთი დღე დააყარა ილიამ, შეიძლება დღესვე დაითხოვოს სამსახურიდან. არადა, სხვა არც არავინ გამოეხმაურა მის სივის. ან კი ვინ დაინტერესდებოდა მისით? რომელი მდიდარი სივი მას აქვს? ერთი კინკილა უნივერსიტეტი დაამთავრა და ორი წელი იმუშავა ბანკში. მორჩა! ისე, ბანკში ნამუშევარი ალბათ მაცდურად ჟღერს. იქ ხომ ყველაზე მოწესრიგებული ატმოსფეროა, საათივითაა აწყობილი მუშაობის მექანიზმი. ჰმ!.. ეს გარედან ჩანს ასე, თორემ… არც იქ არის ყველაფერი რიგზე. თუმცა, დისციპლინას იქაც მკაცრად ითხოვდნენ. აბა, ერთი კარგი დედის შვილი იყავი და ერთი წუთით დაგგვიანებოდა?! ეგრევე გაფრთხილებას მოგაკრავდნენ შუბლზე…

გაგრძელება იქნება