მაგრამ აქ უარესი პირობებია. უარესი კი არა, კაბალური! დაგვიანებაზე ჯარიმებია დაწესებული. არავითარი გაფრთხილება, პირდაპირ ჯარიმა და მორჩა! პირველ ჯერზე ხელფასის ერთი პროცენტი, მერე სამი, მერე ხუთი, მერე ათი და ბოლოს… «მშვიდობიიიით, უკან მოხედვა ძნეეელიააა!» - გონებაში ერთი უნიჭო სიმღერის მელოდია ამოუტივტივდა ნანათეს. კვლავ გაეღიმა.
ილია კი არ ჩერდებოდა, ბურტყუნებდა და ბურტყუნებდა თავისთვის.
- მე ხომ მოგიხადეთ ბოდიში, მეტი რა ვქნა? - ვეღარ მოითმინა ბოლოს გოგონამ და შეწუხებული სახით შეხედა უფროსს.
მისმა ნათქვამმა ილიაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მისი ისედაც ლურსმანივით გამოხედვა უარესად გამჭოლი და ბრაზიანი გახდა. მან ვაჭრული მზერით აათვალიერა გოგონა ქვემოდან ზემოთ და ბოლოს მის გაწეწილ თმას დააშტერდა დაჟინებით. ვინ იცის, ამწუთას იქნებ ფიქრობს - ამან რა უნდა გამიკეთოს, საკუთარი თმა ვერ დაუვარცხნია წესიერადო! ამის მაგივრად უფროსმა სხვა რამე თქვა:
- მე ხელფასს ვუხდი ჩემს თანამშრომლებს და მოვითხოვ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს. თქვენ ალბათ, გგონიათ, რომ ხელფასს მხოლოდ ლამაზი თვალების გამო გიხდიან!
ნანათეს თანდათან ელეოდა მოთმინება. რა სიამოვნებით მიატოვებდა ახლა აქაურობას, პრობლემები რომ არ ჰქონდეს! როგორი ხისთავიანი კაცია! ხომ მოუბოდიშა? რატომ აგრძელებს ისევ თავისას? თვითონაც იცის, რომ დააგვიანა და დამნაშავეა, მეტი რა ქნას?
- გარდა ამისა, სხვებსაც უშლით ხელს მუშაობაში, მათი გაცდენის მეტს არაფერს აკეთებთ!
ამის გაგონებაზე ყბა ჩამოუვარდა.
- მე… მე არავის ვაცდენ! - შეეცადა, წყობილებიდან არ გამოსულიყო და ყვირილი არ დაეწყო, ისე გაგულისდა.
- რა ვიცი, მთელი დღე ან დერეფანში დგახართ, ან რომელიმე ოთახიდან ისმის თქვენი ლაპარაკის ხმა.
- იცით, რა? მე იმისთვის ველაპარაკები სხვებს, რომ გავიცნო და ეს ხდება, სხვათა შორის, ძალიან იშვიათად. აქ, როგორც ვატყობ, რობოტების საწარმოა, სადაც ადამიანებმა სამუშაო საათებში ერთმანეთს ხმა არ უნდა მიაწვდინონ. მე ასე არ ვარ მიჩვეული. ერთი კვირაა დავდივარ და თქვენგან ერთ «დილა მშვიდობისას» ვერ ვეღირსე! - გააპროტესტა ნანათემ და თვალები დააკვესა.
ილიას შავი წარბები ღრუბლების გროვას დაემსგავსა.
- წუწუნებთ კიდევაც? ელისოს ასე არ…
- ელისო ელისოა, - თავხედურად გააწყვეტინა, - მე მე ვარ! მას ალბათ მოსწონს, როცა პრინტერივით ექცევიან. ჩადებენ შიგ ქაღალდს და ისიც მორჩილად ამობეჭდავს.
მამაკაცმა გაოცებით შეხედა. ნათლად ჩანდა, თანამშრომლებისგან ამგვარ პროტესტს არ იყო მიჩვეული.
- თქვენ რა გინდათ, ნანათე? დაგიჯდეთ ყოველ დილით და გეჭორაოთ? მე ამის დრო არ მაქვს! - გაღიზიანდა ილია.
- ზრდილობიან მისალმებას დიდი დრო სულაც არ მიაქვს, ბატონო ილია! - არ დაიხია გოგონამ უკან, - სულაც არ არის აუცილებელი, დამიჯდეთ და მეჭორაოთ. ძალიან მარტივი სიტყვებითაც შეიძლება დილა დაიწყოს. მაგალითად, «როგორ ხართ, ნანათე?» «იმედია, სამუშაო განწყობაზე ხართ» ან რამე ამდაგვარი. და ეს როცა გამოგივათ, მერე შედარებით რთული ფრაზების გამოყენებასაც შეძლებთ, როგორიცაა: «გმადლობთ, დახმარებისთვის».
ილიას სიცილი წასკდა. ეს ლაწირაკი გოგო თანამშრომლებთან ურთიერთობას ასწავლიდა!
- როგორც ვატყობ, ამ რთული ფრაზის გამოყენება აღარ დამჭირდება, სანამ თქვენ აქ მუშაობთ, - კვლავ სერიოზული სახით გააგრძელა, - და თუ თქვენ აქამდე ვერ შენიშნეთ, რომ აქ უფროსი მე ვარ და მე ვიძლევი განკარგულებებს, მაშინ გავაფრთხილებ კადრების განყოფილებას, ახალი კანდიდატურა მიპოვოს.
ოოო! საუბარმა აშკარად სხვა მიმართულება მიიღო. ნანათე მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო, თორემ სამსახურს დაკარგავდა. ისედაც ძლივს იშოვა ადგილი. თავისი გამოცდილებით მენეჯერად ვინ დანიშნავდა? თუნდაც უმცროს მენეჯერად.
- მაპატიეთ… ზედმეტი მომივიდა… უბრალოდ, რაღაცები არ მომწონს და მგონი, მაქვს უფლება, ვთქვა, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და თვალი თვალში გაუყარა ილიას.
- თქმის უფლება გაქვთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ყველაფერი მოგწონდეთ. მე რომ აქ ყველას მოწონებაზე ვიარო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ქაოსი დატრიალდება? ასე რომ, დავანებოთ თავი ამ უაზრო ლაპარაკს და შევუდგეთ მუშაობას. დღეს ბევრი საქმე გველის, ისედაც დიდი დრო დავკარგეთ. დაჯექით და ჩაინიშნეთ, რასაც გიკარნახებთ!
ნანათემ ძლივს მოასწრო ლაბადის გახდა და სკამზე გადაკიდება, რომ ილიამ მთელი სისწრაფით დაიწყო კარნახი. გოგონამ წესიერად დაშოშმინებაც ვერ მოასწრო. გამალებით შეუდგა წერას. ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა და შვებით ამოისუნთქა. მხოლოდ მაშინღა იგრძნო, როგორ დაღლოდა ცერი და საჩვენებელი თითი. როგორც ჩანს, მთელი ძალით უჭერდა კალამს.
სანამ ილია ტელეფონზე საუბრობდა, ნანათე მას აკვირდებოდა. მამაკაცი შიგადაშიგ რეპლიკებს ისროდა, ხან უწონებდა ვიღაცას საქციელს, ხან უსწორებდა ნათქვამს, პარალელურად ბლოკნოტში კვადრატებს ხატავდა და ხელის გამალებული მოძრაობით აშავებდა მათ.
* * *
ნახატის მიხედვით შეიძლება ადამიანის ხასიათის ამოცნობა, - სადღაც ინტერნეტში თუ ჟურნალში ამოკითხული ტესტი გაახსენდა. რას ნიშნავს შავი კვადრატები? ალბათ ჩაკეტილი ბუნების მანიშნებელია. მისი უფროსი ხომ სწორედ ასეთია. სულ მოღუშულია და დაღლილი გამომეტყველება აქვს. მერე მზერა ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე გადაიტანა. ლამაზ ახალგაზრდა ქალს წლამდე გოგონა მიეხუტებინა ლოყით და იღიმოდა. ეს ერთადერთი საბუთი იყო, რაც ილიას პირად ცხოვრებაზე მეტყველებდა. «რა ლამაზი ცოლი ჰყოლია!» - გაიფიქრა ნანათემ, - «საინტერესოა, როგორ მოახერხა ამ ბებერმა ასეთი გოგოს შებმა? ვერც წარმომიდგენია, ამ კაცს საერთოდ თუ შეუძლია გაღიმება, აღარაფერს ვამბობ სიყვარულის ახსნასა და კოცნაზე».
რა აზრები გაუჩნდა. ნეტავ, ვინ ეკითხება! უეცრად შეკრთა, რადგან უფროსის ცივი თვალები დაჟინებით მისჩერებოდნენ. ილიას სატელეფონო საუბარი დაემთავრებინა და ამჯერად მისი «დათვალიერებით» იყო დაკავებული.
- გაიღვიძეთ? წამიკითხეთ, რა ჩავიწერეთ.
«დიახ, ახლავე», - უნდოდა ეთქვა, მაგრამ ისე გაბრაზდა, მიხვდა, ახლა ლამაზი მანერების გამოყენება მხოლოდ მის მლიქვნელობას დაამტკიცებდა.
ხმადაბლა შეუდგა კითხვას. როცა დაამთავრა, ილიამ თავი დაუქნია.
- ახლა ეს ყველაფერი კომპიუტერში შეიტანეთ და დანარჩენს მერე მივხედოთ.
ნანათე წამოდგა, თავის ჩანთას და ლაბადას ხელი დაავლო და გაღიზიანებულმა დატოვა უფროსის კაბინეტი.
…კარგა ხანს აკაკუნა კლავიატურაზე. «ამას მე თავისი მდივანი ხომ არ ვგონივარ?!» - თან ბეჭდავდა, თან გაგულისებული ფიქრობდა, - «წავიდეს და თავის მდივანს აბეჭდინოს! როგორ მომაბეზრა თავი!» ცოტა ხანში მაჯები ეტკინა. შეატყო, რომ მთელი ძალით ურტყამდა თითებს კლავიატურაზე. შეისვენა და ჯერ თითები აათამაშა, მერე მაჯებით წრიული მოძრაობები გააკეთა.
- არ გადამიყოლა ამ კაცმა?! - ხმამაღლა წამოსცდა და მაშინვე კარისკენ გაიხედა, შემთხვევით ილიამ არ შემოიხედოს და არ გაიგონოსო.
სწორედ ამ დროს მობილურზე დაურეკეს. მეკო იყო.
- ჰო! - ისე უკმეხად ჩასძახა, თავადაც იუცხოვა.
- რა იყო, რა ხმა გაქვს? - გაუკვირდა მეგობარს.
- ნერვები დამაწყვიტა უკვე! ისეთი უხეშია, ისეთი, რომ… არ ვიცი, რა!
- სიმპათიურია?
- შენ კიდევ სხვა არაფერი გადარდებს! რაში მჭირდება მაგის სიმპათიურობა, თუკი მომინელა?
- რაო, რა მინდაო?
- დამაგვიანდა და ერთი ამბავი დამაწია!
- რატომ დაგაგვიანდა? სახლიდან ხომ დროზე გახვედი?
- ოოჰ! მერე მოგიყვები! ახლა არ მაქვს მაგის დრო! საქმე მაქვს.
- მოიცა, არ გამითიშო! ცისია გვეპატიჟება დღეს თავისთან.
- რასთან დაკავშირებით?
- ვიღაც უნდა გაგაცნოს, - აკისკისდა მეკო.
- მე თუ შენ?
- შენ, შენ! - «დააზუსტა» დაქალმა, - მაგარი ტიპიაო, ფულიანიო, უცოლოო… უფრო სწორად, ქვრივი ყოფილა. ერთი შვილი ჰყავსო და ცოლს ეძებსოოოო! თან მგონი, თანაშემწესაცო, თავის ოფისში.
- აუჰ! დამცემია ტუზი და ეგ არის! - ირონიულად შენიშნა ნანათემ.
- რატომაც არა? სცადე! ცდა ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგია!
- და შენ რატომ არა?
- იმიტომ, რომ მე პაემანზე მივდივარ და ვერ შემოგიერთდებით.
- აჰაა! ვინ არის ის ბედნიერი?
- ბედნიერი? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, ბედნიერი იქნება, თუ უბედური ჩემს ხელში.
- რატომ, გოგო, რა გჭირს? ვეღარ გცნობ.
- რა მჭირს და, ცისიას ქმარზე ნაკლებს აღარ გავყები ცოლად და ეგ, მგონი, მაგის ნახევარი არ ჩანს. აი, რატომ!
- მაშინ რას მიგეჩქარება პაემანზე?
- ცდა ბედის მონახევრეა, რა იცი, რა ხდება! - ისევ აკისკისდა მეკო.
- გიჟი ხარ ნამდვილი. თვითონ რატომ არ დამირეკა?
- რა მნიშვნელობა აქვს? დღეს, 8 საათზე გელოდება და გამოიპრანჭოსო.
- თუ ცოცხალმა გავაღწიე აქედან, მივალ. ვნახოთ ჯერ, არ ვიცი, რა იქნება.
- მთლად ეგრეა საქმე? უკვე მოსაკლავად მოგდევს?
- იცი, როგორია? აი, შუბლზე რომ აწერიათ დევიზი: «ჩემი სამუშაო ჩემი ცხოვრებაა!»
- მერე რა? მე მომწონს მკაცრი მამაკაცები.
- ჰოდა, შენი იყოს, გადმომილოცნია, თან ერთი წყება ცოლ-შვილიც მოჰყვება! - ნანათესაც გაეცინა.
- დიდი მადლობა, არ შეწუხდე. როგორმე მივხედავ თავს. რომელ კაბას იცვამ ამაღამ?
- რა იყო, რო?
- შავი ატლასის მე მათხოვე, რესტორანში მივყავარ «ბიჭუნას»!
- ჩაიცვი, რა პრობლემაა.
- გაიხარეეე! - პატარა გოგოსავით აჭყლოპინდა მეკო.
ნანათეს ხასიათი გამოუკეთდა. გაუხარდა, დაქალს პაემანი რომ «ეჭყანებოდა».
_ შენ ოღონდ გეშველოს და სულ გაჩუქებ მაგ კაბას.
- მართლა?
- გეფიცები!
- დაიმახსოვრე შენი სიტყვა!
- ვიმახსოვრებ, ბატონო! - უფრო ხმამაღლა გაეცინა ნანათეს.
- არადა, ერთი სული მაქვს, ვნახო, ვის გირიგებენ. ხომ იცი, რა ცნობისმოყვარე ვარ.
- დიდად არ მაინტერესებს.
- იმდენი შენ რა გითხარი! არ გიცნობდე მაინც! ისე, მაგარია, როცა «ბრმა» პაემანზე მიდიხარ. არ იცი და ელოდები, ვის «შემოგაპარებენ». ამ დროს ხომ შეიძლება, მართლა მაგარი ტიპი იყოს?
- მე მაგის ბედი ვინ მომცა. რა ჰქვია, არ იცი? რამდენი წლისაა?
- წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ მთლად ახალგაზრდა ვერ უნდა იყოს.
- ჰო, რა თქმა უნდა. თვითონ დაითრია ახალგაზრდა და რა ენაღვლება! - გაიხუმრა ნანათემ, - ბებერი და უცხვირპირო ესეც მეყოფა, აგერ რომ ზის, გვერდითა ოთახში! - ილიას მიმართულებით გადააქნია ნანათემ თავი.
- კარგი რა. შეეჩვევი ნელ-ნელა. თუ დააგვიანე, მოგცემდა შენიშვნას, აბა, რას იზამდა!
- არა, მე რატომ არ დამირეკა ცისიამ, ახლა მაგაზე ვბრაზდები.
- გინდა, სიმართლე გითხრა? ჯობია, არ იცოდეს და ასე უფრო ბუნებრივი იქნება მაგათი გაცნობაო. აი, რატომ და არ გამცე, იცოდე! მე კი გითხარი, მაგრამ არ შეიმჩნიო, კარგი?
- ო! შენ რა ხარ!.. კარგი, კარგი, მე თვითონ დავურეკავ და ვათქმევინებ, შენ არ გაგრევ მაგ საქმეში, - ნანათემ დაემშვიდობა მეკოს და მაშინვე ცისიასთან დარეკა.
- ცისი… რა ხდება? გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, ნან… ისეთი არაფერი, სტუმარს ელოდება კახა და…
- ჰოდა, ვინ სტუმარია? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.
- გითხრა იმ საზიზღარმა, არა? ენაზე არაფერი დაადგება! - მოჩვენებითად გაბრაზდა ცისია, - კახას მეგობარია, თან უცოლო…
- თუ ქვრივი? - ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ნანათემ.
- რა განსხვავებაა? აღარ ჰყავს ცოლი და მორჩა! კარგი ადამიანია ძალიან, თანაც შეძლებული!
- და გადახრჩუებული, არა?
- რას ამბობ! სულაც არ არის გადახრჩუებული, სადღაც 40-42 წლის იქნება.
- მას ისედაც ბევრი კრიზისი ჰქონდა, შენი ირონია სრულიად უადგილოა. თუ არ მოგეწონება, არავინ დაგაძალებს, - იწყინა ცისიამ.
- კარგი, ჰო, რას ავარდი? ქვრივებზე ხომ იცი, როგორ მეცინება.
- ერთი გოგო ჰყავს. რაც ცოლი დაეღუპა, მას მერე არის ასე, მარტომ გაზარდა თურმე.
- საწყალი! - ტუჩი აიბზუა ნანათემ, - შემეცოდა.
- 16 წელია გასული. ახლა უკვე დროა, ჩემს თავზეც ვიფიქროო.
- რაო? და გოგო რამდენი წლისაა, არ დამიმალო!
- მგონი, 20-ის, ზუსტად არ ვიცი. ცალკე ბინა უყიდა. ის თავისთვის გადავა, მე კი ჩემს თავს მივხედავო. ჩვენ კიდევ იმდენი გაქეთ, გადავრიეთ კაცი.
- გიჟები ხართ ორივე ცოლ-ქმარი! შენგან არ მიკვირს, მაგრამ კახა რაღამ გააგიჟა?
- კახა ორ კურდღელს ერთად დაიჭერს. შენც გაგაბედნიერებს და ძმაკაცსაც.
- თუ სამს?
- სამს? მესამე ვიღაა?
- შენ, რა თქმა უნდა. შენც ხომ გაგიხარდება, შენ ქმარი ორ კურდღელს რომ ერთად დაიჭერს? - გაეხუმრა ნანათე.
- თუნდაც!.. მოხვალ, ესე იგი, ხომ? - შეცვალა თემა ცისიამ.
- არ ვიცი, ცისი… ვეცდები, მაგრამ არა მგონია, მაგ ასაკის გოგოსთვის კარგი დედინაცვალი გამოვდგე!
- მაგასთან შენ ნაკლებად გექნება საერთო. აგერ ნახავ! ჯერ გაიცანი და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. იქნებ საერთოდ არ მოგეწონოს, რა ვიცი მე!
- კარგი, მოვალ. სხვა თუ არაფერი, იქნებ სამუშაოდ მაინც ამიყვანოს. ამას ვეღარ ვუძლებ.
- ჰოდა, მით უკეთესი. მანდედან წამოხვალ და ეგ იქნება.
- კარგი, წავედი, თორემ საქმე მაქვს და დროზე თუ არ მოვუსწარი, გადამდგამს!
- აბა, შენ იცი, გელოდები. ისე, მართლა კარგი ვიღაცაა.
- სექსუალური და მიმზიდველი?
- არა, კეთილი და სათნო.
- აჰა… ესე იგი, მახინჯია, რადგან ასე დამიხასიათე.
- მოხვალ და ნახავ. არ მიყვარს წინასწარ რამის თქმა. შენ თვითონ შეაფასე! წავედი!
- ეგრე იყოს, საღამომდე, სიხარულო!
ის იყო, მობილური გათიშა, რომ კარი გაიღო და ოთახში ილია გამოჩნდა.
- ვის ელაპარაკებოდით? - წარბები შეყარა უფროსმა.
აუჰ! ახლა ამას რომ სიმართლე უთხრას, კიდევ ერთ შენიშვნას მიიღებს! რაღაც უნდა მოიფიქროს. ისე, იცოცხლე! მდიდარი ფანტაზია კი აქვს, არ გაუჭირდება!.. და მოხსნა გუდას თავი.
- საქმროა, საზღვარგარეთ მუშაობს და დამირეკა. ფეხი მოიტეხა თურმე და…
- მზად არის ტექსტი?
- ხუთ წუთში შემოგიტანთ. გადავიკითხავ და…
- აი, ხომ ხედავთ, ისევ აგვიანებთ! ნაკლები უნდა ილაპარაკოთ ტელეფონზე, როცა სამსახურში ხართ. უკვე მთელი საათი დამაკარგინეთ!
- 5 ხუთი რამეს წყვეტს, ბატონო ილია?
- მაგ 5 წუთს წეღანდელი დაგვიანებაც მიუმატეთ, ნანათე და მთლიანად კი გამოგივათ ერთი საათი… და თუ თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაშინ დარჩით სამსახურის შემდეგ კიდევ ერთი საათი და იმუშავეთ. მე არსად მეჩქარება! - უკმეხად მიუგდო მამაკაცმა და გავიდა.
- სიამოვნებით, მაგრამ დღეს არ შემიძლია. ხვალ დავრჩები! - მიაძახა ნანათემ და წამოხტა.
ილია შემობრუნდა.
- რატომ არ შეგიძლიათ?
- მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
- ჰოდა, დაურეკეთ იმ შეხვედრის მონაწილეებს და უთხარით, რომ სამსახურში შეყოვნდით. აქ ნუცას სკოლა კი არ მაქვს მე! - ხმა გაიმკაცრა უფროსმა და თვალებიც დააბრიალა.
- ჩემს თაყვანისმცემელს ეს არ ესიამოვნება, - სხვათა შორის ჩაილაპარაკა.
- თაყვანისმცემელს? აკი საქმრო მყავსო?
- ის… ის ჩემი დაქალის საქმროა… არ მითქვამს? მგონი, გითხარით.
- ეს კი თქვენი საქმროა, არა?
- ნუ… ჯერ არ არის, მაგრამ გახდება. სწორედ ამ საღამოს აპირებს ამის თქმას, - უფრო და უფრო წითლდებოდა, ისე უხურდა ღაწვები, თითქოს გახურებულ ღუმელში იჯდა.
- ახ!… ამიტომაც ხართ ასე დაბნეული? თუ საერთოდ ასეთი ხართ? იმედია, ჭკვიანი ადამიანია ის თქვენი თაყვანისმცემელი! - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ილიამ და დაამატა, - სხვა დროს უკეთესი ტყუილი მოიფიქრეთ, თქვენთვის აჯობებს!
- მართლა გეუბნებით, ბატონო ილია, არ გატყუებთ! - მეტი დამაჯერებლობისთვის ნანათემ გულწრფელი ტონი გაურია ხმაში, - ის კი არა, გუშინ მითხრა, მალე სამსახური აღარ დაგჭირდებაო. მიმანიშნა, რომ მზად არის ოჯახის შესაქმნელად. თან ბანკში მუშაობს, კარგ თანამდებობაზე!..
- მაშინ შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ სამსახურიდან, არავინ გაკავებთ! თან, თუ ასეთი შეძლებული საქმრო გყავთ, რა ძალა გადგათ?
ნანათე შეცბა. მიხვდა, რომ გადააჭარბა, მაგრამ არც ახლა დაიბნა.
- პრინციპის ამბავია! არ მინდა ეგონოს, რომ დამოუკიდებლად თავის გატანა არ შემიძლია! მერე ვნახოთ, რა იქნება!
- უკეთესი იქნება, თქვენს პრინციპად სამსახურში დროზე მოსვლას თუ აქცევთ! - მშრალად უპასუხა ილიამ და კარი გაიხურა.
ეჰ… ამ კაცის გული ვერ მოიგო, რა! ნეტავ მართალი მაინც იყოს, რაც წეღან იქაქანა! ფანტაზიორობა უფრო ეხერხება, ვიდრე ცხოვრების მოწყობა. სანამ უნდა იცხოვროს ამ ოცნებებით? სამი წელია, 30-ის გახდა. ვაი, ვაიიი! როგორ გარბის წლები! უსიამოვნოდ გადააქნია თავი და კვლავ მონიტორს მიუბრუნდა.
იმ დღეს მართლა ბევრი იმუშავა. ორი წერილი გაამზადეს და ფაქსით გაგზავნეს. შემდეგ ხელშეკრულებებს გადახედეს და შეამოწმეს, რომელს უმთავრდებოდა ვადა და რომელი საჭიროებდა განახლებას. რამდენიმე ადგილას დაარეკინა ილიამ და მითითებები მისცა, ვისთან რაზე უნდა ელაპარაკა. ამასობაში დამთავრდა სამუშაო დღე. მეშვიდე საათი დაიწყო. მოასწრებს კი შინ მისვლას, თავის მოწესრიგებას ისე, რომ ცისიასთან არ დააგვიანოს?
დააგვიანოს, რა! ქალს უხდება დაგვიანება! იქაც ხომ უფროსი არ დახვდება, რომ საყვედური უთხრას? დიდი ამბავი!
არა, ასე გაგრძელება არ შეიძლება! ძალიან უპასუხისმგებლო გახდა ბესოს დაკარგვის შემდეგ! არადა, პატარა აღარაა. რას მიაღწია 33 წლის განმავლობაში? არც კარიერა, არც სახლი… ერთადერთი, რაც შეემატა, წონაა. კარგა გვარიანად ჩათქვირული გახდა. შეევსო გვერდები. ახლა უწევს სიმსუქნესთან ბრძოლა. არა, მთლად მსუქანიც არ ეთქმის, მაგრამ ასე თუ მიუშვა, მალე გოგრას დაემსგავსება. კიდევ კარგი, სიმაღლეს არ უჩივის, თორემ ლოტოს კოჭივით იქნებოდა. ახლა დედას რომ დაანახვა მისი თავი, შემოიკრავდა ლოყაზე ხელს, რას დამსგავსებიხარო! მერედა, როგორ პრანჭია დედა ჰყავს! სულ გარეგნობაზე ფიქრს უნდებოდა, მთელი წლები. ქმრისგან რომ დისკომფორტი შეექმნა, ადგა და გაშორდა კიდეც. საწყალი მამა! ის კი გადაჰყვა ლოთობას. 19 წლის იყო ნანათე, მამა რომ გარდაეცვალა. საწყალს იმდენი გაუსტუმრებელი ვალი დარჩა, მამის დანატოვარი 2-ოთახიანი ბინა გაყიდეს და ძლივს დაფარეს მისი ვალები. დარჩა დედა-შვილი უბინაოდ. კარგა ხანს იცხოვრეს ნაქირავებში. დედა ხან ოფიციანტად მუშაობდა, ხანაც მარკეტში, გამყიდველად. კარგა ხანს პატივი სცა ქმრის ხსოვნას. უამრავი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ მთელი 12 წელი კაცი არ გაიკარა ახლოს, თუმცა სულ ფორმაში იყო. მერე საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. იქიდან უგზავნიდა ნანათეს ფულს. ეხვეწებოდა კიდეც, შენც წამოდი, აქ მოგაწყობ, ფული ერთად დავაგროვოთ და ბინასაც იყიდიო, მაგრამ ნანათემ არ ქნა. ბოლოს გამოჩნდა ვიღაც, ვისაც ქალბატონი ლანა მოეწონა და ცოლადაც შეირთო. აგერ, უკვე მეორე წელია, დედა გაუთხოვდა. მალავს ნანათე. ვისთან თქვას, დედა გამითხოვდაო. ჰოდა, არის ჩუმად. გოგოებმაც კი არ იციან დედამისის ამბავი. ახლა ძველებურად ვეღარ უგზავნის ფულს. ქმარს ვერ ართმევს, თვითონ კი აღარ მუშაობს, აუკრძალა ახალმა მეუღლემ მუშაობა. კიდევ კარგი, ცისიამ შეიფარა, თორემ ვეღარც გაწვდებოდა ალბათ ბინის ქირის გადახდას.
ეჰ, როგორი იმედი ჰქონდა, ბესოს რომ გაშორდა, წონაში დავიკლებო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! თუკი მეკო და ცისია ნერვიულობის დროს საერთოდ კარგავენ ჭამის მადას, ნანათეს პირიქით მოსდის. მას მერე პირი არ გაუჩერებია. ღამის 12 საათზე გამოაღებს ხოლმე მაცივარს და გემრიელად ილუკმება. ამიტომაც გასივდა და გასივდა, წავიდა სიგანეში. იმ დღის მერე მეკოს ყოველი დილა ასეთი შეკითხვით იწყება.
- ნანათე, როგორ ხარ?
და ნანათეს ყოველი დილა ასეთი პასუხით მთავრდება:
- დეპრესიაში ვარ.
და ამ დეპრესიას ბოლო არა და არ მოეღო. ილიამ ხომ საერთოდ! უფრო გააღრმავა იგი! რაღა ასეთი უხეირო ბოსი შეხვდა? ბუზღუნა? უხასიათო? ნეტავ ცოლი როგორ უძლებს სახლში? არადა, რა ლამაზი ქალი ჩანს. ბავშვიც როგორი საყვარელია! ვინ მიაშავა ასეთი ქალი ეგეთ «ბოღმის ბუკეტს»?
მორჩა! ხვალიდან დიეტაზე დაჯდება და მთელი ძალებით ეცდება, იპოვოს საუკეთესო სამსახური და საუკეთესო მამაკაცი. გარდა ამისა, ტრენაჟორებზე დაიწყებს სიარულს ან ცურვაზე და ტანს დაიყენებს! პირობა პირობაა! უნდა შეასრულოს! დააცადეთ, გაიცნოს ჯერ კახას მეგობარი!
რაღაც ძალიან ოპტიმისტურ გუნებაზე დადგა, რაშია საქმე? ასე მხოლოდ მაშინ მოსდის, როცა რამდენიმე ჭიქა ღვინო ან შამპანური აქვს დალეული. აი, მაშინ ყველაფერი ადვილი ეჩვენება და სიცოცხლე უხარია. ახლა კი ფხიზელია. სამაგიეროდ, ცოტა ხანში მოუწევს დალევა და ისევ კარგ ხასიათზე დადგება. იმ კაცსაც გაამხიარულებს და ვინ იცის, თუ ძაააალიან მახინჯი არ არის, თავიც კი შეაყვაროს! თუ კარგი ცოლი უნდა ჰყავდეს, მასზე უკეთესს ვის იპოვის? მაღალი, ლამაზი, ჯიშიანი ქართველი ქალი, ლამაზი ქართული სახელით და გვარით. ნინიძე! აგე! ერთობლიობაში რა მშვენივრად ჟღერს!
გარეთ მარტის სუსხიანი საღამო იდგა. ხელები ლაბადის ჯიბეებში ჩაიწყო, მხრები აიწურა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას, თან წარამარა უკან იხედებოდა, სამარშრუტო ტაქსიმ არ გამასწროსო…
შინ მისულს მეკო სარკის წინ დახვდა თმაში ბიგუდებგარჭობილი, თვალებს იხატავდა.
- კიდევ არ წასულხარ?
- ჯერ ადრეა. ცივა გარეთ?
- საკმაოდ. მგონი, წვიმას აპირებს, - ამოიოხრა ნანათემ და ჩანთა სკამის სახელურზე გადაკიდა.
- უი, თუ დამეშალა ჩემი «პრიჩოსკა»!
- ქოლგა წაიღე.
- ვერ ვიტან ქოლგას! თან პაემანზე მივდივარ, ქოლგა სად ვათრიო?
- მაშინ სამლარიანი ტაქსი გამოიძახე. შორს მიდიხარ?
- რა ტაქსი, გაგიჟდი? მანქანით უნდა მომაკითხოს.
- მაშინ რაღას წუწუნებ. მანქანამდე როგორმე მიაღწევ დაუსველებლად. საჭმელი გვაქვს რამე?
- რა საჭმელი? ცისიას ნაირ-ნაირები ექნება სახლში, სოსისით ნუ გასკდები ახლა! მოითმინე ცოტა, ისედაც გასუქდი, ვერ ხედავ, კანში რომ ვერ ეტევი?
- ვერ ვხედავ! - გაღიზიანებულმა მიაძახა დაქალს და საძინებელში შევიდა.
რა ბედნიერია მეკო. წავა ახლა, შეხვდება ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცს, გაეკეკლუცება, რესტორანში მოილხენს… მან კი ვიღაც ქვრივს უნდა უპრაწოს თვალები, იქნებ თავი მოაწონოს. უკეთესი არ ერგო! ღრმად ამოიოხრა და კარადა გამოაღო ტანსამცლის შესარჩევად…
ორთქლი ასდიოდა, სააბაზანოდან რომ გამოვიდა. ახლა უფრო გაუმძაფრდა შიმშილი. რა მოხდება, ცოტა რომ წაიხემსოს? იქ ხომ არ მიასკდება საჭმელს? უხერხულია უცხო ადამიანთან. არ იტყვის, რა მსუნაგი ყოფილაო? თავზე პირსახოცგაკრული სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან ძეხვი გამოიღო. პურის სქელი ნაჭერი მოიჭრა, სიგრძეზე სამი ნაჭერი ძეხვი დაალაგა და უკვე გაპრანჭულ მეკოს ზურგიდან დაუდგა.
- მაინც ვერ მოითმინე, არა? - სარკიდან გამოხედა მეგობარმა.
- რა ლამაზი ხარ, მეკო? არ მოგიტაცოს იმ ბიჭმა. რა ჰქვია?
- ავთო.
- ვაუ! კაცური სახელია! - ირონია არ დაიშურა დაქალის მისამართით.
- ნუ გასკდები ახლა! - უსაყვედურა მეკომ, - დაიცავი დიეტა, ჯობია შენთვის. არ შეგიძლია, ნაკლები ჭამო? ძეხვი როგორ ასუქებს თან.
- მაშინ მოგიწევს მაცივრის დიეტური კერძებით გავსება.
- დიეტურიც მოიძებნება იქ, შენ რომ გინდოდეს!
- შემეშვი! ვიცი, რასაც ვაკეთებ. ან რა აზრი აქვს დიეტის დაცვას, როცა საქეიფოდ მივდივარ?
- რაღაც უხალისოდ მიდიხარ ცისიასთან.
- ერთი ვნახავდი, როგორი ხალისი გექნებოდა, ის შენი ნოდიკო ქვრივი რომ აღმოჩენილიყო!
- კარგი რა! მერე რა მოხდა? ქვრივები ქმრად არ გამოდგებიან, თუ? ფული ჰქონდეს და სულ არ დავეძებ, ქვრივი იქნება და სამჯერ ნაცოლარი! - თავი უდარდელად გადააქნია მეკომ, პალტო ჩაიცვა, სარკის წინ დატრიალდა, გვერდიდან შეხედა თავის ორეულს და მოწონების ნიშნად ქვედა ტუჩი დაიბრიცა.
- არა მიშავს რა… მშვენიერ ფორმაში ვარ.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
- ე! მოვიდა! გავიქეცი, ნან, აბა, შენ იცი! არ შემარცხვინო, იცოდე! - აჩქარდა მეკო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, მობილური ყურთან მიიდო და გავარდა.
ცოტა არ იყოს, შურიანი მზერა გააყოლა მეგობარს… ხასიათი დაუმძიმდა. მერედა, რატომ? ხომ შეიძლება, იქ მართლაც ოცნების მამაკაცი დახვდეს? მისნაირ უიღბლოს? გამორიცხულია!
გაგრძელება იქნება