"ანუკი არის მაგალითი ოჯახისშვილობის, სიყვარულის, მეგობრობის, დათმობის, თავდადების. ანუკი არის და მერე ვარ მე" - ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახური ბედნიერება - Marao

"ანუკი არის მაგალითი ოჯახისშვილობის, სიყვარულის, მეგობრობის, დათმობის, თავდადების. ანუკი არის და მერე ვარ მე" - ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახური ბედნიერება

2024-02-15 13:47:09+04:00

"გელა გამორჩეულად თბილია, ისეთი ენერგიით შეუძლია სიყვარულის გამოხატვა, როგორითაც მღერის. არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ გაიბზარა, იმ ურთიერთობის გამთელება არ ხდება, ან ბზარი რჩება. ჩვენს მაგალითზე ვიტყოდი, რომ არანაირი ბზარი არ რჩება ურთიერთობაში, ყველაფრის გამთელება შეიძლება!" - ამბობს მუსიკოსი ანუკი ცქვიტინიძე მეუღლეზე, გელა დონაძეზე. წყვილი  გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახურ ურთიერთობებზე გელა დონაძემაც ისაუბრა:

  • "თუ გინდა მიზეზის მოძებნა, ყოველთვის იპოვი მიზეზს…შენ შეგიძლია გაბზარულიც გაამთელო და ნამსხვრევებიც აკრიფო და ისიც გაამთელო. სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად რთულია… ანუკი არის მაგალითი ოჯახისშვილობის, სიყვარულის, მეგობრობის, დათმობის, თავდადების. ანუკი არის და მერე ვარ მე"- ამბობს ის. 

  • ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახი 

ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი... ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა "მიყვარხარ!" სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან და ასე ერთმანეთის გულებს ათბობენ. პროექტი "მიმღერე" და ყველა მონაწილე ოჯახი გამორჩეულად კარგია. დონაძეების ოჯახზე გასულ კვირას სცენიდან სიმღერით ახსნილ სიყვარულზე, სიმღერის ("მე ისეთი გოგო მიყვარს") მუსიკის ავტორი და ამავე დროს, ადრესატი ანუკი ცქვიტინიძე თავად მოგვითხრობს.

"ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო - და გამიტაცა" - ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი 

- მე და გელა მუსიკამ დაგვაკავშირა, ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით, თუმცა ამ შეხვედრამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. საერთო სამეგობრო აქტიურად არ გვაკავშირებდა, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ხშირადაც არ ვხვდებოდით. შემდეგ ერთ პროექტზე ვიმუშავეთ, ერთმანეთსაც მეტად დავუახლოვდით. "ბასიანს" გასტროლი ჰქონდა საზღვარგარეთ და საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავი.

- მანამდე ერთმანეთისადმი სიმპათია არ გქონდათ?

- არა. ამ გასტროლზე "ბასიანის" ბიჭებს დავუმეგობრდი. გელა, როგორც ერთ-ერთი აქტიური წევრი, საორგანიზაციო საქმეში ჩემი საკონტაქტო პირი იყო. ყველა დეტალზე, რეპეტიციებზე, სასტუმროში განთავსებაზე და ა.შ. მას ვუთანხმდებოდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ანსამბლის ბიჭები ხშირად მკითხულობდნენ, მირეკავდნენ. მე და გელას გადაკვეთის წერტილებიც ხშირად გვქონდა. მალე მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცდებოდა.

"ჩემთვის ყველაზე ურადღებიანი, მზრუნველი, ყველაზე ახლო მეგობარი ხარ... მუდამ გემღერებოდეს" - კომპოზიტორი ანუკი ცქვიტინიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს 

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- საღამოს ვახშმად ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟა. შინ რომ მაცილებდა, ჭავჭავაძის გამზირზე, ჩემს სახლთან მანქანის გაჩერება რთული იყო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სიგნალით მანიშნა, მობრუნდიო. ვიფიქრე, რაღაც დამრჩა-მეთქი, მივედი და, - ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო და, - გამიტაცა (იცინის). იმ საღამოს მითხრა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, უნდა გამოგიტყდე, ძალიან შემიყვარდიო.

- ამას, რა თქმა უნდა, თავადაც ხვდებოდით, არა?

- მისი ყურადღება, მოკითხვა, საღამოს ზარი, ჩვენ შორის არსებული უხილავი კონტაქტი საგრძნობი იყო. ეს ვახშამი ერთი-ერთზეც არ გახლდათ მოულოდნელი.

- ამ ადამიანმა რით მოგხიბლათ? როგორი მომღერალია, ყველამ ვიცით, მის ადამიანურ თვისებებზე რას გვეტყვით?

- გარდა იმისა, რომ ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, გამორჩეულად კარგი მომღერალია, ადამიანური თვისებებით ძალიან მომხიბლა. არის საოცრად თბილი, ყურადღებიანი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, ჩემთვის საიმედო საყრდენია. ის ყურადღებასა და სითბოს არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ახლობლების, მეგობრების, ხშირად სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი გამოხატავს…