ის კაბა ჩაიცვა, «გემრიელად» გულამოჭრილი რომელიც იყო, სხეულზე მოტმასნილი, თანაც წითელი. უხდებოდა ეს ფერი. იფ! მკერდი როგორ ლამაზად გამოუჩნდა. აი, მუცელი რომ არ ჰქონდეს ასე ღიპგამოზრდილი, უფრო კარგი გოგო იქნებოდა. თუმცა, მაღალ ქუსლებზე რომ შედგა, კიდევ უფრო ლამაზი და ასხლეტილი გამოჩნდა. ამან შედარებით დაამშვიდა. აბა რა, ის ჯობია, ნაწუწნ კანფეტს რომ ჰგავდეს? ვინც კი შეხედავს, მოწონების ნიშნად, ეგრევე გაივლებს გულში: «კანფეტ!»
გაღიმებულმა სარკეში ჩაიხედა. საოცარია… მსუბუქ მაკიაჟსაც კი როგორ შეუძლია მისი სახის შეცვლა! მართალია, შავი თმით და წითელი კაბით ბოშას დაემსგავსა, მაგრამ მით უკეთესი! ბოშა ქალები ტემპერამენტიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ! თან თავისი დატალღული კულულებით და წითელი პომადით. ნეტავ მაგ ქვრივს თუ მოსწონს ბოშები? მეექვსე გრძნობამ უკარნახა ნანათეს, რომ არა! იქნებ არ ჩაეცვა ასე გამომწვევად? რამდენად მომგებიანი იქნება მისთვის ასეთი სახით მისვლა? კახა რას იტყვის? ხომ არ ეწყინება?
როგორც იქნა, მორჩა საკუთარი თავით ტკბობას და საათს დახედა. შემცბარმა ტუჩზე იკბინა. 8 საათი უკვე გამხდარიყო!
* * *
- მაპატიე, მაპატიე, მაპატიე! - ადგილზე ცმუკვა დაიწყო ნანათემ, როგორც კი ცისიამ კარი გაუღო, - ვიცი, რომ დავაგვიანე, მაგრამ არ მისაყვედურო. არ მინდოდა, ოღონდ მართლა! საშინელი დღე მქონდა!
- შენ ყოველდღე საშინელი დღე გაქვს ბოლო ხანებში, მაშინაც, როცა მუშაობ და მაშინაც, როცა არ მუშაობ! რა გემართება? ცოტა აზრზე უნდა მოხვიდე! გგონია, ამქვეყნად ყველაზე ცუდად შენ ხარ?
- ვიცი, ვიცი, ვიციიიი! გემუდარები, მეტი არაფერი მითხრა. ვცდილობ, გამოვსწორდე და აი, ამ წუთიდან ვიწყებ ამას, - ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა, წელში ოდნავ მოიხარა, ხელები ზურგზე დაიწყო და ჩურჩულით გააგრძელა, - ის მოვიდა? აქ არის? როგორია?
- მგონი, ცოტა «მუდოა»… უფრო სწორად, თავის თავში ჩაკეტილი, - გამოასწორა ცისიამ, - მაგრამ ახლოს რომ გაიცნობ, აუცილებლად მოგეწონება. ისეთი მომნუსხველი ღიმილი აქვს, გაგიჟდები! სხვათა შორის, ძალიან სიმპათიურია!
- ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ, - წარბები შეათამაშა ნანათემ და დაქალს ჰოლში შეჰყვა.
უყვარდა აქ მოსვლა. სიამოვნებდა მაღალჭერიანი უზარმაზარი ოთახების დათვალიერება, თანამედროვე ევროპული ავეჯით რომ იყო გაწყობილი. თან სადა, სადა, არაფრით გადატვირთული. არც ფერები ღლიდა მზერას და არც ზედმეტი ნივთები, რის გამოც უკიდეგანო სივრცის შეგრძნება გეუფლებოდა.
- ნანათეც მოვიდა! - ფიქრებში წასულს მეგობრის ხმა ჩაესმა, თუმცა ამწუთას მისი ყურადღება იმ ადამიანისკენ იყო მიპყრობილი, ბუხრის წინ მისკენ ზურგით რომ იდგა კახასთან ერთად.
სტუმარი შემობრუნდა და… ნანათემ შეამჩნია, როგორ ჩამოუვარდა მამაკაცს ყბა…
მის წინ საკუთარი ბოსი, ილია გოკიელი იდგა.
არა! ეს შეუძლებელია! ეჩვენება თუ რა მოსდის? ქალმა თვალები რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა, მაგრამ «მოჩვენება» სულაც არ გამქრალა, კვლავ მის წინ იდგა და პირმოკუმული გამომცდელად მისჩერებოდა.
- როგორც იქნა, ვეღირსეთ შენ გამოჩენას! - ხელებგაშლილი კახა ნანათეს მიუახლოვდა და გადაეხვია, - ასე უნდა, ლამაზო? რატომ დაგვივიწყე? ოფიციალური მოწვევის გარეშე არ უნდა დაგვაფასო? - თან მსუბუქად უსაყვედურა.
ნანათეც ჩაეხუტა სიძეს, თან თვალები ბუხართან მდგომი სტუმრისკენ კიდევ ერთხელ გააპარა, იმ იმედით, რომ ამჯერად უცნობ მამაკაცს დაინახავდა, რომელიც მხოლოდ ჰგავდა მის უფროსს.
არა, არ შემცდარა! ნამდვილად არ ატყუებდა მხედველობა. იქ ილია იდგა, ისევე გაოგნებული და გაქვავებული, როგორც თავად ნანათე.
იქნებ ახლავე წავიდეს აქედან? უგუნებობა მოიმიზეზოს და სასწრაფოდ გაეცალოს მეგობრებს?! არა, არ ივარგებს. თანაც, ნანათე არ ეკუთვნის იმ ქალთა რიცხვს, მსგავს შემთხვევებში გული რომ მისდით. ისღა დარჩენია, თავდაჯერებულად მოიქცეს და არავის არაფერი აგრძნობინოს.
აი, რა იცის მეგობრების დავიწყებამ. თავის დროზე რომ მოსულიყო ცისიასთან და ეთქვა მისთვის, სად მუშაობდა, ვისთან, ვინ უმწარებდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიცოცხლეს, ეს არ შეემთხვეოდა. არავინ არ შეიწუხებდა თავს მათი გაცნობით და ყველაფერი თავის ადგილზე დარჩებოდა!
- საღამო მშვიდობისა, - ნანათემ კეკლუცი ღიმილი აიკრა ტუჩებზე და ილიას ხელი გაუწოდა.
უფროსმა დროებით მენეჯერს ცივად დაუკრა თავი და, რატომღაც, მის გამოწვდილ ხელს დააშტერდა…
- ნან, ეს კახას მეგობარია, ილია გოკიელი, გაიცანი. ჩვენ უკვე ველაპარაკეთ მას შენზე, - ცისიამ დაქალს მხარზე ჩამოადო მარცხენა ხელი.
შესანიშნავია! ახლა კი ჭეშმარიტად შეიგრძნობდა პატივცემული ბოსი, თუ როგორი არასაამურია თურმე ცხოვრება! ჰა-ჰა-ჰა!
ილია იძულებული გახდა, ხელი ჩამოერთვა მისთვის.
- ნანათე ნინიძე, - წარმოთქვა ქალმა და შეეცადა, არ შეემჩნია, მამაკაცის თითები როგორ ძლიერად შემოეჭდო მის ხელისგულს…
რა თბილი თითები ჰქონია! ო-ჰო! - წარბები შეუმჩნევლად აზიდა ქალმა და ცნობისმოყვარე მზერა ჩაუდგა თვალებში.
ცოტა არ იყოს, უხერხულობა იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობართან იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მისი უხერხულობის მიზეზი ილიას სრულიად მოულოდნელი გამოჩენა იყო ამ სახლში. ყველაფერს ელოდა, ყველანაირ საოცრებას, მაგრამ აქ მოსულს ილიას თუ დაახვედრებდნენ - არა!
იმისთვის, რომ არ დაძაბულიყო, მამაკაცებს მოშორდა, მაგიდისკენ გაემართა და მინერალური წყლის ბოთლს დასწვდა.
- რა ქნა მეკომ, წავიდა შეხვედრაზე? - მრავალმნიშვნელოვანი სახით შეხედა ცისიამ, სანამ ნანათე წყალს ჭიქაში ასხამდა.
- კი, წავიდა… ჩემზე ადრე გავიდა სახლიდან.
- მეკო ვინ არის? - დაინტერესდა ილია.
- ისიც ჩემი მეგობარია, ერთად ცხოვრობენ. მერე იმასაც გაგაცნობ, დღეს, უბრალოდ, არ ეცალა, - უპასუხა ცისიამ და დაქალს თვალი ჩაუკრა.
ნანათემ კვლავ გააპარა მზერა უფროსისკენ. მას ახალი მენეჯერი ასეთ ფორმაში ჯერ არ უნახავს. ნეტავ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა? როგორც ჩანს, ვერანაირი. მამაკაცი ზედაც არ უყურებდა, აშკარა იყო, გულგრილი რჩებოდა მისი «ბრწყინვალებების» მიმართ. არც ქალის გიტარასავით გამოყვანილი წელისთვის მიუქცევია ყურადღება და არც მისი ნახევრად შიშველი მკერდისკენ გაქცევია თვალი. ჰო, აბა, სხვას რას მოელოდა? რომელი «ახალი ხილი» ნანათე იყო მისთვის? არადა, სულაც არ არის «ხელწამოსაკრავი» ქალი. ძალიანაც «მადისაღმძვრელია»! ნეტავ გულში რას ფიქრობს? ეს რა კარგი ვინმე ყოფილაო, წამითაც არ გაიფიქრა? ბოლოს და ბოლოს, მამაკაცია, შეუძლებელია, რეაქცია არ ჰქონოდა. უბრალოდ, არ შეიმჩნია და ეგ არის, - დაიმშვიდა თავი ნანათემ და ჭიქა ნაზად მიიტანა ტუჩებთან.
გაზიანი «ნაბეღლავის» შიშინი კახას ხმამ გადაფარა.
- ნან, რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში? დაამარცხე დეპრესია?
- ყველაფერი რიგზეა, კახა, კარგად ვარ, - ნაძალადევად გაუღიმა ქალმა და ჭიქა მკერდის ღართან მიიდო… ესიამოვნა ცივის შეხება.
ნეტავ მეკოც წამოსულიყო, იქნებ ის მაინც მოსწონებოდა ამ დეგენერატს! მერედა, რომ მოსწონებოდა? აი, დარდი! ისედაც არ მოსდიოდა თვალში თავისი უფროსი და ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, ნერვიც არ აუტოკდებოდა. თუმცა, რომც მოსწონდეს, მას სანერვიულო სულაც არ ექნებოდა. მეკო ხელოვნურ თოჯინას ჰგავს, პატარა ფაიფურის ქანდაკებას, ცისფერი თვალებითა და ხუჭუჭა ქერა თმით. თან, რა სასაცილოა, თმაზე ხავერდის შავ ლენტს რომ გადაიბანტავს ხოლმე, მთლად ბაღის აღსაზრდელს ემსგავსება. გარდა ამისა, ისეთი შტერია და ისე დაუფიქრებლად იცის ხოლმე სისულელეების წამოყრანტალება, ასეთ ზრდასრულ მამაკაცზე შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენს. ამაში არავინ შეედავოს!
თვითონაც არანაკლები შტერი ყოფილა! რას გამოიპრანჭა? ხომ ფაქტია, რომ მამაკაცი ინფორმირებული იყო - ვიღაც უნდა გაეცნოთ მისთვის. გამოდის, იმასაც მიხვდა, რატომაც ეცვა ნანათეს ასე გამომწვევად. ოხხხ! უკვე მერამდენე რაუნდი წააგო მასთან!
მოიცა, მოიცა! როგორო, რა უთხრა ცისიამ ტელეფონში? ცოლი გარდაცვლილი ჰყავსო? აბა, ის ქალი და ბავშვი ვინ იყო ფოტოსურათზე, კაბინეტის საწერ მაგიდაზე რომ უდევს ჩარჩოთი? ნუთუ ის ლამაზი ქალი ცოცხალი აღარ არის? რა საშინელებაა!
სასწრაფოდ დადგა ჭიქა მაგიდაზე და უსიამოვნო შეგრძნებით შეპყრობილი სამზარეულოში გაპაკუნდა, რათა ჩანთიდან თმის სამაგრი ამოეღო და თმა შეეკრა. ყოველგვარი სურვილი გაუქრა, ბოსს გაპრანჭვოდა.
- ამას წინათ ველაპარაკე და ისეთი შეწუხებული იყო, ვერ წარმოიდგენ. ვერა და ვერ იშოვა ნორმალური სამსახური. იქნებ შენ დაეხმარო, ილია? - მის სმენას ცისიას ხმა მისწვდა.
სასწრაფოდ გამოვიდა სამზარეულოდან, თან ცალი ხელით სამაგრს ისწორებდა, რომ კულულები არ ჩამოშლოდა. უნდოდა, თვალით ენიშნებინა მეგობრისთვის, არაფერი თქვაო, მაგრამ დააგვიანდა.
- მართლა? - ირონიულად ჩაიცინა ილიამ, - ასეთი კაბაში გამოწყობილ ქალს ძნელია, რამეზე უარი უთხრა, - «მსუყედ» ჩააქსოვა გესლი მამაკაცმა ნათქვამს.
ნანათემ კვლავ შეუმჩნევლად აზიდა წარბები. მისთვის უფროსის ირონია სრულიად გასაგები იყო. მან ქალის ჩაცმულობას გაუსვა ხაზი და არა მის სილამაზეს.
- იცი, როგორი კარგი მენეჯერია? - ენას არ აჩერებდა ცისია, - თანაც, შეხედე, როგორ ბრწყინავს! ქალი კი არა, ნამდვილი ფერიაა! ყველაფერს მივცემდი, მე რომ ასე გამოვიყურებოდე! - ახლა კი გადაამლაშა მეგობარმა.
ვერ მიხვდა ნანათე, ცისია ყოველივე ამას გულწრფელად ამბობდა თუ ილიას «თვალთა დასაბრმავებლად», თუმცა გულში თვითონ პირველ ვარიანტს უჭერდა მხარს.
როგორც იქნა, იკადრა ქვრივმა ბოსმა და ცალი თვალით გადახედა თავის კაბასავით წითელ ნანათეს.
- მართლა არაჩვეულებრივი მენეჯერია, ილია, - აგრძელებდა ცისია, - შეუძლია, რჩევები მოგცეს შენს საქმიანობასთან დაკავშირებით, თანაც, ღირებული.
- ნუთუ? - ვეღარ მოითმინა ნანათემ და ირიბი მზერა ესროლა დაქალს, - არ მეგონა, კარგი მენეჯერის მოძებნა დღეს ასე თუ ჭირდა თბილისში. ახლა ვინც გყავთ, ვერ ართმევს თავს სამუშაოს, ბატონო ილია? - გესლიანად შეეკითხა ნანათე და გამჭოლი მზერა ესროლა უფროსს.
- მას დროის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია, - არც ილიამ დაინდო დროებითი მენეჯერი და თავისი ნათქვამის გასამყარებლად კედლის საათს ახედა, აქაოდა, აქაც კი აგვიანებო, მიანიშნა, - მასზე დაყრდნობა შეუძლებელია, წამითაც ვერ ვენდობი.
«ჩემზე დაყრდნობაა შეუძლებელი? ერთი ამას უყურე!» - მოიღუშა ნანათე და ღიმილის გამოსახატავად ტუჩები მობრიცა.
- მოდით, დავსხდეთ, თორემ ყველაფერი გაცივდა, - მოისაზრა ცისიამ და ყველანი სუფრასთან მიიწვია, - თითო მაინც დავლიოთ. კახამ ისეთი შავი ღვინო მოიტანა, გადაირევით!
ნანათე უხალისოდ მიუჯდა სუფრას. ილია დაელოდა, სად დაჯდებოდა მისი თანამშრომელი და თვითონ მხოლოდ ამის შემდეგ მოძებნა ადგილი - იგი კახას მიუჯდა გვერდით და, შესაბამისად, ნანათეს პირისპირ აღმოჩნდა.
- აუ, ნან, კახას ვერ გაუცვლი ადგილს? ჩემი ქმრის გვერდით მინდა ვიყო, - გამოაცხადა მოულოდნელად ცისიამ.
ნანათეს ფერი ეცვალა. ილიასაც წაუხდა ნირი. ისევ კახამ განმუხტა სიტუაცია.
- დარჩი, სადაც ზიხარ. გვაცალე კაცებს ერთი საღამო, არაფერი მოხდება!
დატუქსულმა ცისიამ ტუჩები გაბუსხა და გაჩუმდა.
ოჯახის უფროსმა ღვინო ჩამოასხა და დაილოცა. ნანათემ ყველას მიუჭახუნა თავისი ბოკალი და უთქმელად გადაჰკრა. ისე გაგულისდა, გადაწყვიტა, დამთვრალიყო.
- ნან, შენც მოყევი შენი უფროსის ამბები. ამას ისეთი საშინელი დირექტორი ჰყავს, მიკვირს, როგორ უჩერდებიან თანამშრომლები.
ნანათეს ალმურმა აჰკრა ღაწვებზე. ნეტავ გააჩერებდეს ენას ეს გოგო! რა ატლიკინებს?
- ეგ აქ რა მოსატანია, - თავისთვის ჩაიბურტყუნა და თავი დახარა.
- რატომაც არა? ჩვენ ხომ საქმიანი შეხვედრა გვაქვს, ფაქტობრივად, - დამცინავად გაისმა ილიას ხმა.
«აჰ, ასე, არა? კარგი! მაშინ, მივიჩნიოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა, შენზე ვთქვა ის, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ. ჰოდა, კარგად მომისმინე, შე ბებერო ქვრივო!»
- როგორ გითხრათ, - შეწუხებული სახე მიიღო, - ძალიან უხეში და უზრდელი კაცია, ადამიანებთან ურთიერთობა საერთოდ არ ესმის. მისთვის ეს ჩინურია. თანამშრომლებს ისე უყურებს, როგორც მოსამსახურეებს. არც ესალმება და არც ემშვიდობება… არასდროს. «თუ შეიძლება» და «მადლობა» ხომ საერთოდ… მგონი, არასდროს გამოუყენებია ეს სიტყვები.
- იქნებ ძალიან დაკავებულია და იმიტომ? - კახამ კვლავ ჩამოასხა ღვინო.
- რაც უნდა დაკავებული იყოს ადამიანი, თავაზიანობა არ უნდა ავიწყდებოდეს. ეს არ არის გასამართლებელი არგუმენტი, - მწყრალად შენიშნა ნანათემ.
- ტელეფონზე ლაპარაკსაც კი კრძალავს თურმე, - გააგრძელა ცისიამ მეგობრის დაწყებული, - მეკო გაგიჟებულია, როცა არ უნდა დავურეკო, სულ ეშინია, დროზე მორჩი ლაპარაკს, უფროსი არ შემოვიდეს, თორემ შენიშვნას მომცემსო. მეც სულ ორი წუთით ველაპარაკე დღეს. შენთან როგორაა ამ მხრივ საქმე, ილია?
- ასეთი რამეები არც მე მომწონს, - თავი გააქნია ილიამ.
- რა არ მოგწონთ, რომ უკრძალავენ ის, თუ რომ ლაპარაკობენ, ის? - აენთო ნანათე.
- სამუშაო საათებში ტელეფონზე რომ ჩამოეკიდებიან, ის, - ხაზგასმით აღნიშნა მამაკაცმა, - გასართობად ყველა ადამიანს რჩება დრო - საღამოს საათები ან გამოსასვლელი დღეები. მე ყველაფერი დავბლოკე ჩემს ფირმაში - სოციალური ქსელები, გასართობი საიტები, საფოსტო გზავნილები და ა.შ.
- უი, უი, უი! შენც ძალიან მკაცრი ვინმე ყოფილხარ! - აკისკისდა ცისია და მხარი გაჰკრა ნანათეს, - ამას კი არ ველოდიიი!
- მოდით, დავლიოთ, მაგ წვრილმანებზე მერე ვილაპარაკოთ! - კახამ ჩანგალი შემოჰკრა ბოკალს და სიჩუმე მოითხოვა…
სამიოდე ჭიქის მერე ნანათეს, რომ იტყვიან, შუბლი გაუხურდა. სითამამე შეემატა და «ერთ მშვენიერ წუთსაც», უტიფრად მიაჩერდა თავის უფროსს.
- თქვენი მენეჯერი ვერ მუშაობს სათანადოდ? ასე ვთქვათ, ვერ ქა-ჩავს? - მახვილი დაასვა ბოლო სიტყვას.
- რაღაც-რაღაცებში ვერა, - მშვიდი ტონით მიუგო გოკიელმა.
- იქნებ სცადო ილიასთან მუშაობა? გული მიგრძნობს, ადვილად გამონახავთ საერთო ენას, - გამოვიდა წინადადებით ცისია.
- ო! მშვენიერი იდეაა! - შესძახა ნანათემ, - რას იტყვით, გამომიძებნით თქვენთან რამეს? - და ცალყბა ღიმილით მიაჩერდა უფროსს.
- სრულიად შესაძლებელია, ამ დღეებში მართლა გამოთავისუფლდეს ჩემთან უმცროსი მენეჯერის ადგილი, - ცივად წარმოთქვა ილიამ, - თუმცა, არა მგონია, თქვენ ამან დაგაინტერესოთ. თქვენ ხომ მაღალი რანგის მენეჯერი ხართ! ცისიამ მითხრა, ისეთი მაგარია, პრაქტიკულად, ეგ მართავს ფირმასო. სამწუხაროდ, თქვენს შესაფერის სამსახურს ვერ შემოგთავაზებთ, უმცროსი მენეჯერის ადგილს კი, უბრალოდ, ვერ გაკადრებთ.
მისმა სარკაზმმა ნანათე გააცოფა.
- მე უკვე ვფიქრობ იმაზე, რომ რადიკალურად შევიცვალო კვალიფიკაცია, - თავშეკავებულად წარმოთქვა და ნიშნის მოგებით გადახედა ილიას.
- კვალიფიკაცია შეიცვალოთ? ეს რას ნიშნავს?
ნანათემ დანა-ჩანგალი თეფშზე დადო, თითები ერთმანეთში გადახლართა და ირონიანარევი ტონით ახსნა თავისი ნათქვამი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ დავიღალე იმ ურთიერთობით, როგორიც ახალ სამსახურში მაქვს. იქ ისე მექცევიან, როგორც არარაობას. ამიტომაც მზად ვარ, უფრო დაბალ თანამდებობაზეც ვიმუშაო, ოღონდ კი ადამიანად ვიგრძნო თავი.
- მაგალითად?
- მაგალითად, მდივნადაც კი სიამოვნებით წავიდოდი, მსურველი თუ გამოჩნდება.
- მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე გეზრუნათ და არა «დადაბლებაზე», - ღიმილი ვერ შეიკავა ილიამ.
- არც ეგ არის ცუდი აზრი, - კვლავ გაწითლდა ნანათე, ისე შერცხვა თავისი სისულელის გამო, - ასე იქნება თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა რაღაც ახალი დავიწყო. რაღაც-რაღაცის ნიჭი მეც მაქვს და უნდა მოვსინჯო ჩემი ძალები.
- და რისი ნიჭი გაქვთ?
მართლადა, რისი აქვს?.. რისი და… წარმოსახვის! მას ხომ მდიდარი ფანტაზია აქვს! ეს განა ცოტაა?! მაგრამ ამას ხომ არ იტყვის? მიდი, ცისი, შენ მაინც მიეხმარე დაქალს! როცა არ არის საჭირო, კარგად ქაქანებ?!
- რისი ნიჭი აქვს და, ისეთ კერძებს ამზადებს, თითებს ჩააყოლებ თან! - თითქოს მიუხვდაო, შესძახა ცისიამ.
აჰა! ესეც შენ, ნანათე! «გაგიჩალიჩა» მეგობარმა! ამით რა მინიშნება გააკეთა? ის, რომ ნანათე კარგი კანდიდატურაა ქვრივი მამაკაცისთვის. სულ ეს არის!
- მშვენიერი ნიჭია, ვაფასებ ქალს, რომელსაც გემრიელი ხელი აქვს, - თბილად წარმოთქვა ილიამ.
ნანათემ უეცრად იგრძნო, როგორ შეეცოდა თავისი უფროსი. მას ხომ ცოლი არ ჰყავს, შესაბამისად, არც სადილებს უმზადებს არავინ. ალბათ ამიტომაც არის ასეთი უხეში. ვინ იცის, როგორ უყვარდა ცოლი! შეიძლება ქალიშვილიც აბრაზებს. ამ ასაკის გოგონები ისეთი ჯიუტები არიან!..
- და კიდევ… არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს, კონტაქტში შესვლა არ უჭირს, - აგრძელებდა ცისია, - ბავშვები სიგიჟემდე უყვარს. ის კი არა, ცხოველები და ფრინველებიც უყვარს, განსაკუთრებით, ძაღლები.
- ცის… გეყოფა! - გააწყვეტინა კახამ, - უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ. ეს ადამიანი პირველადაა ჩემს სახლში. მომეცი უფლება, ვასიამოვნო!
- აბა, მეს რას ვაკეთებ? მეც ზუსტად იმავეს ვცდილობ, - თავი იმართლა ცისიამ, - იმ ძაღლის ამბავი გამახსენდა, უბრალოდ.
- რომელი ძაღლის? - დაინტერესდა ილია.
- კარგი, რა, რა დროს ძაღლებია! - დაიღრინა კახამ.
- მოიცა, მაინტერესებს, - შეაწყვეტინა ილიამ, - მომიყევი, ცისია.
- ერთხელ ქუჩაში მოვდიოდით და ის ვიღაცები რომ არიან, მანქანით რომ დადიან და მაწანწალა ძაღლებს იჭერენ, ეგენი დავინახეთ. გამეტებით ურტყამდნენ ერთ გაძვალტყავებულ ძაღლს. საწყალი, სულ დასისხლიანებული იყო. უნდა გენახა, როგორ მივარდა ნანათე, კინაღამ თვალები ამოთხარა ერთს, სულ მხეცი და ნადირი უძახა. მერე ძაღლი ხელში აიყვანა და ვეტკლინიკაში გავარდა. გახსოვს, რამდენი ფული დახარჯე იმ დღეს?
- ჰო, რა დამავიწყებს… ლამის ნახევარი ხელფასი იქ დავტოვე, - გაიღიმა ქალმა.
- და მერე რა მოუვიდა იმ ძაღლს? - ილიამ ქალებს გადახედა.
- რა და, მაშინ სადაც ცხოვრობდა, იმ კორპუსთან მოიყვანა, კიბის ქვეშ ქეჩა დაუგო, რომ თბილად ყოფილიყო და ყოველდღე საჭმელს უზიდავდა. იმასაც ძალიან უყვარდა ნანათე, რომ დაიანახავდა, ამისკენ გამორბოდა ენაგადმოგდებული, მაგრამ ერთხელაც მანქანამ გაიტანა და ეს კინაღამ დააკვდა ამ ამბავს. მთელი კვირა ცხვირჩამოშვებული დადიოდა.
- სამწუხაროა, - თავი გადააქნია ილიამ, - მაგრამ კარგია, რომ ცხოველები გიყვართ. ჩემს გოგოსაც ძალიან უყვარს ცხოველები. ჩვენც გვყავს სახლში ძაღლი.
- მართლა? და ვინ უვლის? თქვენი ქალიშვილი?
- ჰო, ლიკატო უვლის. ყოველ დილა-საღამოს ასეირნებს და თუ არ სცალია, რა თქმა უნდა, მე შემომტენის ხოლმე. მე კიდევ სად მაქვს მაგის გასასეირნებელი დრო და ამის გამო გამუდმებით ვკინკლაობთ, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ილიამ.
- ხომ არ სცემთ ხოლმე? - ცალი თვალი მოჭუტა ნანათემ.
- ა-არა, რას ამბობთ, მთლად ეგეთიც არ ვარ, - მრავალმნიშვნელოვნად მიუგო ილიამ.
- ნანათე ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგოა, მაგრამ ეგეთი რამე თუ შეგამჩნია, ერიდე, იცოდე, თორემ არ დაგინდობს! ისეთი აფთარი ხდება მაგ დროს, მტრისას! - გაიცინა ცისიამ.
- გავითვალისწინებ და დავიმახსოვრებ, - სრული სერიოზულობით განაცხადა მამაკაცმა.
- ეჰ… ეს ისეთი გოგოა, ერთი სახლი უნდა ჰქონდეს სადმე ქალაქგარეთ და ჰყავდეს ბევრი ფრინველი და ცხოველი. ისე მოუვლის, ისე, ისე, ცივ ნიავს არ მიაკარებს.
- რა სისულელეა! - წამოიძახა ნანათემ.
გაგრძელება იქნება