ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს. გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ მშობლები, გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის თბილ კომენტარებს იმსახურებენ.
დაავადება
ხათუნა ჟორდანიამ 3 წლის წინ მძიმე დაავადება – სიმსივნე დაამარცხა და იმედი გახდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებსაც ამ რთული ეტაპის გავლა უწევთ. ამ ბრძოლაში ხათუნასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ და ყოველთვის გვერდით ედგნენ. ნინი ქარსელაძე ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციასა და ფოტოებს დედის ჯანმრთელობის შესახებ. მისმა პოსტმა, რომ ხათუნამ სიმსივნე დაამარცხა, უამრავი ადამიანი გაახარა.
ნინის რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ამაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:
"მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება", – ამბობს ნინი.
პირველი ქორწინება
ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ხათუნა ყოფილ მეუღლეს ყოველთვის დადებითად იხსენებდა:
"20 წლის ვიყავი, როცა წითელზე, შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდზე რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე იმიტომ, რომ ბიჭი მიყურებდა. როცა მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი კიდევ ნახევარი საათით, მანქანა ვეღარ დავძარი, გული მიცახცახებდა...
მალევე გავიცანი და, დაახლოებით, 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი. მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება ნინია, რომელიც მისი ასლია. თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო“ - წერდა ხათუნა ჟორდანია.
ამჯერად ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ანასტასიას ფოტოებს გვიზიარებს: