- მერე და მერე. იმ ბავშვს ჭამა არ უნდოდა? სასწრაფოდ მოუძებნიათ ვიღაც ბებერი ქალი, რომელსაც მეწველი თხა ჰყავდა და იმის რძით ორი თუ სამი დღე გაატანინეს ჩვილს. მერე მიხვდა ილია, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. აქეთ სროლები, იქით ბავშვის საჭმელი, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი და თავისი ნაწილის უფროსს სთხოვა თურმე დახმარება. დაჭრილები ხომ გადმოჰყავდათ ვერტმფრენით… როგორმე მეც მომახვედრე მაგაზე, ჩვილი თბილისში უვნებლად ჩავიყვანოო და მართლაც, მოიყვანა ბავშვი სახლში. მაიკო ჰყვებოდა მერე თურმე, ჩვენთან რომ ზაირა მუშაობს, კადრებში, მაგათი ნათესავია. კარზე ზარი რომ დაირეკა და ილია დავინახე, სიხარულისგან ვიკივლე, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტეო. ის კი მეუბნება, ფრთხილად, გოგო, ბავშვი არ გამიჭყლიტოო. მეგონა, ძაღლის ლეკვი მოიყვანა, ყოველთვის ძაღლებზე ჰქონდა გართულება და ალბათ კიდევ მოათრია ვინმეს უპატრონო ლეკვიო, უფიქრია. თურმე ლეკვი კი არა, უბეში ჩვრებში გახვეული ბავშვი ჰყავდა ჩამალულიო.
ამხტარა მაიკო, დამხტარა, სხვისი შვილი რატომ უნდა გავზარდო, მოვძებნოთ იმ ბიჭის დედ-მამა და დავუბრუნოთ თავისი შვილიშვილიო, მაგრამ აბა, ვის უნდა ეძებნა? ალბათ არც მოინდომა ილიამ, თორემ თუ სახელი და გვარი იცოდა, რატომ უნდა გაჭირვებოდა მათი მოძებნა? ერთი სიტყვით, დაიტოვეს ეს ბავშვი. აქეთ ილიას დამ გამოიდო თურმე თავი, შენ თუ არ გინდა გაზარდო, მე მომეცი და მივხედავო, დაანამუსა მაიკო და იმასაც სხვა რა გზა ჰქონდა? მაგრამ არ დასცალდა საცოდავს! რამდენიმე თვეში მანქანა დაეჯახა ქუჩაში და მოკვდა. ოღონდ მაშინვე არა, ორი დღე კომაში იყო, აპარატზე შეერთებული, მაგრამ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან.
- ეს რა მითხარი, თამრიკო! - შეძრწუნდა ნანათე, - რამდენი უბედურება გადაუტანია ამ კაცს!
- აბა?! ამიტომაა ასეთი გულჩათხრობილი. მერე სულ იმის შიში ჰქონდა, ბავშვს ვინმემ სიმართლე არ უთხრას და არ შემიძულოსო, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა.
- ვინ რა უნდა უთხრას ან რატომ უნდა უთხრას! - აღშფოთდა ნანათე, - ან რომც უთხრას, პატარა გოგო აღარაა უკვე და გაიგებს ყველაფერს.
- ჰო, მაგრამ რა იცი, რა ზნისაა. რუსის გაჩენილია და…
- სამაგიეროდ, ქართულ ტრადიციებზეა აღზრდილი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ჰო, ალბათ. რა ჩემი საქმეა, ღმერთმა კარგად ამყოფოს ერთიც და მეორეც. მე ასი წელი არაფრის მთქმელი არ ვარ და…
- რა საოცარი ამბავია… დამბურძგლა… შემეცოდა, იცი?
- აბა რა! ხომ წარმოგიდგენია, რა ტრიალებს ახლა ილიას გულში? თან ისე უყვარდა ცოლი თურმე, რომ არ ვიცი! დათვივით ბღაოდაო, ამბობენ.
- საწყალი… - ნანათეს ცრემლი მოადგა თვალზე, - კარგი გოგოა, თუ იცი?
- არა უშავს, ერთხელ მყავს ნანახი. ლამაზი გოგოა, რუსის სახე აქვს, ქერაა, ცისფერთვალება, აპრეხილი ცხვირით. ოღონდ, მგონი, ღერი რუსული არ იცის, - გაიცინა თამრიკომ.
- მდაა…
- იცი? ახლოს რომ გაიცნობ, ნახავ, როგორი კარგი ადამიანია. მთლად ისეთი უცხვირპიროც არ არის, გარედან რომ ჩანს. თანაც, საუკეთესო უფროსია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია და მარტო მე არ ვამბობ ამას. მთელი განყოფილება მის სიკარგეზე ლაპარაკობს. ყველას ეხმარება, თუ ვინმეს გაუჭირდება. ფულს ურიცხავს, პრემიებს ურიგებს და რა ვიცი… წამითაც არ გაგრძნობინებს, რომ შენ დაქირავებული თანამშრომელი ხარ და ის შენი უფროსი.
ნანათეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- ჯერ მარტო, ელისოს რომ ასე აფასებს, ცოტას ნიშნავს? რომელი უფროსი დაიწყებს თავისი თანამშრომლის ასე ქებას?
- ჰოდა, ამიტომ გითხარი, იქნებ ამასაც მოსწონს-მეთქი.
- არა, გამორიცხულია! აწი ეგ ქალისკენ აღარ გაიხედავს. სადაც აქამდე არ შეირთო არავინ, ახლა რაღა დროსია?
- სწორედ რომ ახლაა დროული. შვილი გაიზარდა, გათხოვდება, ეგ კი მარტო დარჩება.
- რა ვიცი, აბა! ელისოს რომ მაგის შანსი არა აქვს, ეგ კი ვიცი და სხვა რა გითხრა, - ხელი ჩაიქნია თამრიკომ და ჩაის ჭიქას ხელი დაავლო, - ამას გავრეცხავ.
- დაანებე თავი! მერე ერთად გავრეცხავ ორივეს, შეეშვი! - არ დაანება ნანათემ.
- კარგი, რახან არ იშლი…
- ელისო გათხოვილი არ ყოფილა? - ისევ ძველ თემას მიუბრუნდა ნანათე.
- არა, გაუთხოვარია. საცაა, ორმოცის გახდება ალბათ, თუმცა კი მალავს ასაკს. ისე, ლამაზი ქალია, მაღალი, მოხდენილი. ჩვენ კი ყველა ვგულშემატკივრობთ, მაგრამ აბა!.. ეს კაცი ზედ არ უყურებს და… არადა, კარგი ცოლი იქნება, რომ იცოდე. ისეთი მოწესრიგებულია, ისე თავგამოდებით ზრუნავს ილიაზე, თავს ევლება პირდაპირ. საქმეში ხომ საერთოდ! შეუდარებელია!
- ჰო, ეტყობა. ილიას სულ მისი სახელი აკერია პირზე! - თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა ნანათემ და უეცრად მიხვდა, რომ შურდა იმ ქალის, ვის მაგივრადაც დროებით მუშაობდა.
ნეტავ, მართლა კარგ ცოლობას გაუწევს? ილიას თბილი, მოსიყვარულე და მხიარული ქალი სჭირდება, რომელიც ტკივილს გაუნელებს და დაეხმარება ცხოვრების თავიდან დაწყებაში. არის კი ელისო ასეთი? თუმცა, რა მისი საქმეა…
* * *
- არ გადამრიო! - შეიცხადა მეკომ საღამოს, როცა შინ დაბრუნებულმა ნანათემ დაქალს ილიას ისტორია მოუყვა, - როგორი ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია!
- ნუ იტყვი! მე კი რა საშინლად მოვექეცი!
- კარგი, რა! ისეთი არაფერი გაგიკეთებია. ყველაზე სასაცილო ამ ყველაფერში ისაა, რომ საკუთარი უფროსის მაჭანკლობით გაცნობამ მოგიწია! - გადაიკისკისა მეკომ.
- იცინე, ჰო! ასეთი მეგობრები მყავხართ! უკეთესი არ გემეტებათ ჩემთვის! - გაიღიმა ნანათემ, - რას ვიფიქრებდი, ის უჟმური თუ დამხვდებოდა იქ? თან როგორი გამოპრანჭული მივედი! რა ხეირი?
- არა უშავს, სამაგიეროდ, აწი სულ სხვა თვალით შეხედავ. ეგ ყველაფერი კარგი და, დილით კარი ღია რატომ დატოვე?
- აბა, სახლში არ იყავი და რა მექნა? არ ვიცოდი, გასაღები თან გქონდა თუ არა.
- კი მაგრამ, ჩანთან რომ არ მქონდა წაღებული და მობილურიც რომ აქ იდო, ვერ მიხვდი, რომ მაღაზიაში ვიქნებოდი გასული?
- მაგას კი მივხვდი, ბატო! მაგრამ ვაიდა, გასაღები არ გქონოდა თან?
- ოო-ოჰ! - ხელი აიქნია გაღიზიანებულმა მეკომ და ფეხები სულთანივით მოიკეცა.
- დღეს მთელი დღე ამ ისტორიაზე ვფიქრობდი. თან შემრცხვა ჩემი თავის, რაები მაქვს ილიაზე ნათქვამი. ცისიასაც ყველაფერი ჩაუკაკლავს, ასე და ასე ამბობს თავის უფროსზეო.
- არ გინდა, ნან! ნუ იზამ ამას! - უეცრად დასერიოზულდა მეკო.
- რას? - ვერ მიუხვდა ნანათე.
- არ შეიყვარო!
- შევიყვარო? არც მიფიქრია, უბრალოდ, მეცოდება.
- ვიცი, რომ გეცოდება, მაგრამ კარგად გიცნობ. ჯერ გეცოდება, მერე გიყვარდება, - მეკო გამომცდელად მიაჩერდა და ამოიოხრა, - შენც კარგად იცი ეს. გავა დრო და შენს პატარა სამყაროს თავდაყირა დააყენებ, ოღონდ კი ვიღაცას დაეხმარო. ბესოც ასე გეცოდებოდა და კი იცი, როგორც დამთავრდა ეგ ამბავი!
- ეს სულ სხვა შემთხვევაა, - გააპროტესტა ნანათემ, - ილიას ჩემი თანადგომა არ სჭირდება… და საერთოდ, არაფერი არ სჭირდება.
- გეგონოს! არ გიცნობდე მაინც! შენი გულისთვის გეუბნები, თორემ მე რა! არ მინდა, ვიღაცის სიცოდვილით სიყვარულამდე მიხვიდე, - გამაფრთხილებელი ტონი გაისმა მეკოს ხმაში, - მას ისეთი სიმწარე აქვს გადატანილი, ყოველთვის ეგეთი გულჩათხრობილი დარჩება. იქნება სულ უხეში და უხასიათო. ის ცოლს ვერ დაივიწყებს, ამიტომ მისთვის იდეალური ქალი ვერასდროს გახდები. შენ მხოლოდ მეორე ადგილს დაიჭერ მის ცხოვრებაში.
- და რატომ გგონია, რომ მის ცოლობას ვაპირებ? მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ცოტა რბილად უნდა მოვექცე, მეტი არაფერი.
- ჰო, კარგი, კარგი. ფრთხილად იყავი მაინც. შენ ხომ არ მოგწონს იგი. უფრო სწორად, აქამდე არ მოგწონდა. ახლა შეგეცოდა და აზრიც შეგეცვალა. ეს არის, რომ არ მომწონს.
- სულაც არა!
- არა კი არა, ასეა! როცა ცოლიანი გეგონა, ვერ იტანდი, სულ ლანძღავდი. ახლა გაიგე, რომ ქვრივია და სხვანაირად შეხედე. ასე არ არის?
- არა! არ არის ასე! - წამოხტა ნანათე, - შენ რა, არ შეგეცოდა, რომ მოგიყევი? გული არ აგიჩუყდა? მეც ეგრე დამემართა. არც მიფიქრია მასზე სხვანაირად!
მეკომ პასუხი არ გასცა. იცოდა, ახლა თუ შეეკამათებოდა, აუცილებლად იჩხუბებდნენ, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.
ნანათე ერთხანს ზამბარასავით დაჭიმული იდგა და უცდიდა, რას ეტყოდა მეგობარი და როცა პასუხი ვერ მიიღო, მოეშვა, სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
კარგა ხანს ორივენი დუმდნენ. მერე ნანათემ ხმადაბლა, მშვიდად წარმოთქვა:
- მასთან ისეთივე გულგრილი დავრჩები, როგორც ვიყავი, მაგრამ მეტ თავაზიანობას გამოვიჩენ. როგორც ჩანს, მას საქმიანი, მშვიდი სამუშაო გარემო სჭირდება. ჰოდა, მიიღებს კიდეც. და ამას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან. გასაგებია?
- გასაგებია, - მორჩილად დაუქნია თავი მეკომ.
- ახლა შენმა პაემანმა როგორ ჩაიარა, ის მომიყევი, - სიტუაციის განსამუხტავად გაიღიმა ნანათემ.
- ისე რა. ვილაპარაკეთ, ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით და სახლამდე რომ მომაცილა, ერთი-ორჯერ მაკოცა. ეგ იყო და ეგ.
- გაკოცა? სად, სადარბაზოსთან? - ნანათეს ილია წარმოუდგა თვალწინ, ქოლგით რომ მოაცილებდა.
- არა, მანქანაში.
- აჰააა! ანუ, მეზობლები ვერ დაგინახავდნენ.
- ვის რა უნდა დაენახა, ისეთი თავსხმა იყო, ჩვნ ძლივს ვხედავდით ერთმანეთს.
- ესე იგი, კარგი ბიჭია? გამოდგება?
- წავა, რა. ვნახოთ ჯერ, ასე უცებ ხომ არ მივახტები.
- მეტი რაღა უნდა მიახტე, გიკოცნია და…
- ეგ დანაშაულია?
- არა, დანაშაული რა შუაშია. რახან აკოცე და მასაც მიეცი კოცნის უფლება, ეს ნიშნავს, რომ მისაღები კანდიდატურაა შენთვის.
- იმიტომ ვაკოცნინე, რომ მაინტერესებდა, როგორი კოცნაობა იცოდა.
- და დაიკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- ნაწილობრივ! - ხმამაღლა გაიცინა მეკომ, თან ხელი პირზე აიფარა, - რა დღეში ვარ! არა, მართლა კარგი ბიჭია და მოფერებაც კარგი იცის. იმდენად კარგი, რომ ისევ მომინდა!
- გიჟი ხარ! დედალი გიჟი! - ნანათესაც გულიანად გაეცინა.
8 8 8
სამსახურში ატმოსფეროს შეცვლა თეორიულად არ იყო ცუდი იდეა, მაგრამ პრაქტიკულად მისი განხორციელება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. არადა, ნანათე გულით ცდილობდა, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად გამოსვლოდა. დილით აღარ იგვიანებდა. თბილად ელაპარაკებოდა ილიას, ყველაფერზე თავს უქნევდა და კაბინეტიდან კაბინეტში საქმიანი იერით გადი-გამოდიოდა. ჩაცმის სტილიც კი შეიცვალა. სოლიდური, საქმიანი ქალბატონის იმიჯი მოირგო, უფერო სათვალეც დაიკოსა ცხვირზე და ნამდვილ მენეჯერს დაემსგავსა, ოღონდ შინაბერას. როცა ილია რამეზე უხეშად მისცემდა შენიშვნას, ენას კბილს აჭერდა, რომ გაწიწმატებულს თავადაც არ წამოსცდენოდა მკვახე-მკვახე. ის, უბრალოდ, აკეთებდა თავის საქმეს, მშვიდად და მოთმინებით… და ელოდა იმ დღეს, როცა უფროსი შეამჩნევდა მის გარდასახვას. ხოლო როცა ამას შეამჩნევდა, მაშინვე მიხვდებოდა, როგორ შეუმსუბუქდა ცხოვრება.
თუმცა, დრო გადიოდა და საქმეს უკეთესობა არ ეტყობოდა. ნანათეს მცდელობა წყლის უაზრო ნაყვა აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ ილია მისი მადლიერი დარჩენილიყო, ეჭვიანი გახდა.
- რა გემართებათ? - ჰკითხა ერთხელაც, - რაღაც ზედმეტად თავაზიანი მეჩვენებით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს. ან ასე რატომ გაცვიათ? გასაუბრებაზე ხომ არ დადიხართ ახალი სამუშაოს თაობაზე?
- არა, - თავი გადააქნია ნანათემ, - მე მხოლოდ იმას ვცდილობ, პროფესიონალურად გამოვიყურებოდე. მეგონა, მოგეწონებოდათ! - თავი ვეღარ შეიკავა.
ილიამ ყურადღებით შეათვალიერა.
- არა მგონია, ეს პროფესიონალური იმიჯი გიხდებოდეთ, - მშრალად მიუგო.
«სწორედ ამისთანებზეა ნათქვამი, გინდ წინ და გინდ უკანო», - გაჯავრებულმა ქალმა წარბები შეიკრა და პასუხის გაუცემლად დატოვა ბოსის კაბინეტი.
თამრიკო კომპიუტერთან იჯდა და ფრჩხილებიდან ლაქს იცილებდა. ოთახში აცეტონის მძაფრი სუნი ტრიალებდა.
- რაო, ვერ არის ხასიათზე? - იდუმალი ჩურჩულით ჰკითხა მდივანმა.
- როდის არის ეგ ხასიათზე! - ჩაიბუზღუნა ნანათემ, - ნეტავ დროზე გამოვიდეს ის ელისო, რომ გავიქცე აქედან.
- დაიკიდე! არ გათეთრდების ყორანიო, ხომ გაგიგონია! არ მიაქციო ყურადღება.
- არ მიაქციო კარგია! ნერვები არ უნდა ამ ყველაფერს?
- შენც ნუ ინერვიულებ, გაატარე, რა. ცალ ყურში შეუშვი და მეორიდან გაუშვი.
- ეჰ, თამრი, თამრი… - ხელი ჩაიქნია ნანათემ და თავის ოთახში შევიდა.
- ყავა თუ მოგინდეს, დამიზარუნე! - დაადევნა თამრიკომ და ლაქისგან გაწითლებული ბამბა ურნაში მოისროლა.
ერთხანს დაღვრემილი იჯდა და ფიქრობდა. როგორ მოიქცეს? რით მოაწონოს ამ კაცს თავი? ყველაფერს აკეთებს, რომ ნაკლებად ანერვიულოს, ის კი უფრო ღიზიანდება. ისევ ისეთი გახდეს, როგორიც ადრე იყო? ეს უნდა? რა უცნაური კაცია! არაფრის დაფასება არ იცის!
ამ დროს თამრიკომ შემოაღო კარი.
- არ გინდა ყავა?
- უნდა მოადუღო? - გახედა ნანათემ.
- ილიას შევუტანე წეღან და შენც გაგიკეთებ, თუ გინდა.
- მოდი აქ! - ხელით მოიხმო.
- რა იყო? - მდივანს ცნობისმოყვარეობა აღებეჭდა სახეზე და მიუახლოვდა.
- ჩემზე ხომ არ უთქვამს რამე?
- ჩემთვის არა, მაგრამ ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას. ზუსტად არ ვიცი, შენზე ეუბნებოდა თუ არა, მაგრამ რატომღაც, ასე მომეჩვენა. ადრე რომ ვუყურებდი, თვალს მაინც ახარებდა, ახლა კი მონაზონივით აცვიაო.
- გამაგიჟებს ეს კაცი! რა უნდა?
- რომელიმე შეხვედრაზე დეკოლტეიანი კაბა გეცვა?
- რომელ შეხვედრაზე? - ვერ გაიხსენა ნანათემ.
- მე რა ვიცი. ასე თქვა, ისეთი დეკოლტე ჰქონდა, მერიდებოდა, გამეხედაო. იქნებ შენზე არ ლაპარაკობდა?
- ხომ გეუბნები, ვერ არის ნორმალური! აბა, საქეიფოდ მივდიოდი და შარვალ-კოსტიუმში ხომ არ გამოვეწყობოდი? რას ელოდა? ან მე რა ვიცოდი, ის თუ დამხვდებოდა იქ?
- სად იქ? მომიყევი, გეხვეწები! - თამრიკო მოხერხებულად მოკალათდა მაგიდასთან და გაფუებული ძუძუები ხელებზე დაილაგა.
ნანათემ მოკლედ მოუთხრო, რაც მოხდა. მასთან დასამალი არაფერი ჰქონდა. გაცნობის დღიდან გაუგეს ერთმანეთს და დამეგობრდნენ. ან კი რა იყო დასამალი? ისეთი განა რა მოხდა? არაფერი.
- ნეტავ ვის ელაპარაკებოდა?
- ალბათ კახას ან ცისიას, სხვას ვის. უცხოებთან ჩემზე არ დაიწყებდა ჭორაობას.
- ნუ ღიზიანდები, გთხოვ. ხომ იცი, როგორი ტიპია. საერთოდ არ იფიქრო ამაზე. შენ შენი საქმე აკეთე და ყურადღება არ მიაქციო მის კაპრიზებს. ვიცი მე, ასე ჯობია.
მიუხედავად ილიას შენიშვნისა, ნანათე იმიჯის კვლავ შეცვლას სულაც არ აპირებდა. არა უშავს. რაც უნდა, ის იფიქროს. ის კეთილსინდისიერად იმუშავებს. მთავარი მართლა ესაა. იმუშავებს და ერთ მშვენიერ დღესაც დაუმტკიცებს, რომ ელისოზე ნაკლები არ არის. მართალია, ეს უკანასკნელი არასდროს უნახავს, მაგრამ გული უგრძნობს, რომ ელისო ერთადერთი და განუმეორებელი სულაც არაა, სხვასაც შეუძლია იყოს მისნაირი კომპეტენტური.
8 8 8
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ნანათემ პუნქტუალურად დაიწყო სამსახურში გამოცხადება. ერთ დილითაც, როცა თითქმის მიუახლოვდა ოფისს, საშინელმა წვიმამ დასცხო. ქალი შეჩერდა, რომ ჩანთიდან ქოლგა ამოეღო და გაეშალა. ამასობაში თმა დაუსველდა და ისედაც დაუმორჩილებელი კულულები მთლად ფაფარივით გაუხდა. ამაოდ ცდილობდა, ხელისგულით დაეტკეპნა სველი თმა. სანამ სამსახურს მიუახლოვდებოდა, წვიმას ქარიც დაემატა და მისი სანაქებო ქოლგის ფრთები აქა-იქ ზამბარებიდან ამოხტა.
- ჯანდაბა! ეგღა მაკლდა! - წამოიძახა გაბრაზებულმა და ქოლგის დაკეცვას შეეცადა. რის ვაივაგლახით მოახერხა ამის გაკეთება და ჰოლში ერთიანად გაწუწულმა შეირბინა. დაცვის ბიჭს თავის დაქნევით მიესალმა და უხასიათოდ აუყვა კიბეს.
თამრიკო ჯერ არ ჩანდა. სამაგიეროდ, მის სავარძელში ვიღაც უცხო გოგონა შენიშნა, რომელსაც მობილური მოემარჯვებინა ხელში და გამალებით ამესიჯებდა.
- დილა მშვიდობისა, - ოდნავ დაბნეული მიესალმა.
- გამარჯობა, - უცნობი ფეხზე წამოდგა და გაუღიმა.
- იყავით, იყავით, - ხელით ანიშნა ნანათემ, - თამრიკოს ელოდებით?
- არა, მამაჩემს, - კვლავ გაიღიმა გოგონამ.
ნანათეს თვალები გაუფართოვდა. ილიას ქალიშვილი ყოფილა! მაშ, ეს არის ლიკატო? მშვენიერი გოგოა! - გაიფიქრა თავისთვის.
- ააა! გასაგებია! მე… მე ნანათე ვარ.
- მივხვდი. მე კი ლიკა ვარ, ილიას შვილი.
- სასიამოვნოა. თქვენ როგორ მიხვდით, მე ვინ ვიყავი? - ცნობისმოყვარეობამ სძლია.
- მამამ მიამბო თქვენ შესახებ… თმით გიცანით.
- თმით?
- ჰო, ხუჭუჭა თმა აქვსო… მოწითალო ფერისო… თამრიკოს ხომ ისედაც ვიცნობ და…
- საინტერესოა! - ღვარძლმა გაიჟღერა ნანათეს ხმაში.
თურმე მისი უფროსი სახლშიც კი მასზე ლაპარაკობს.
- კიდევ რაო, მამამ? უპასუხისმგებლო მენეჯერი მყავსო? - თავი ვეღარ შეიკავა გაღიზიანებულმა.
- არა, რას ამბობთ! მამამ არ იცის სხვების გაკილვა.
- ვითომ? - ურწმუნოდ გადააქნია თავი, ქოლგა დაფერთხა, კედელს მიაყუდა და ლაბადის გახდას შეუდგა.
- დედას გეფიცებით!
ამ სიტყვებმა შემაძრწუნებლად იმოქმედა ნანათეზე. თითქოს დენმა დაარტყაო, ისე შეკრთა. გოგონას ქვემოდან გახედა. ლამაზი, მაგრამ სევდიანი თვალები ჰქონდა ლიკას, დიდრონი, ცისფერი და წყლიანი.
- მჯერა, დაფიცება საჭირო არ არის, - თბილად უპასუხა და უფრო თბილად გაუღიმა.
- დასველებულხართ… მე კი შემოვასწარი დროზე.
- მოსულია? - თვალებით კაბინეტისკენ ანიშნა ნანათემ.
- ჰო, კადრებშია გასული. მალე შემოვა.
- დღეს მომასწრო. მე უფრო ადრე მოვდივარ ხოლმე.
- ვიცი. სახლში შუქი არ გვქონდა და ამიტომ ადრე გამოვედით. დილით ყავის გარეშე არ შემიძლია. მითხრა, ჩემთან დავლიოთო.
- მოგიდუღებ.
- არა, გმადლობთ, უკვე დავლიეთ, მამამ მოადუღა.
- მამამ? ილიამ… ბატონმა ილიამ ყავის მოდუღება იცის? - გაკვირვებით იკითხა.
- მამამ ყველაფერი იცის. სადილებსაც კი ამზადებს, - გულწრფელი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე გოგონას.
- ყოჩაღ, კარგი მამიკო გყოლია!
- საუკეთესო! - დაეთანხმა ლიკატო და მხოლოდ ახლაღა დაჯდა.
ამ დროს თამრიკომაც შემოაღო კარი.
- ვა! ლიკა?! გამარჯობა, როგორ ხარ, საყვარელო? - მდივანი გოგონასკენ გაეშურა.
- არა მიშავს, თავად? - ლიკატო წამოდგა და ერთმანეთი გადაკოცნეს.
ნანათემ შურით გახედა ორივეს. მოუნდა, თვითონაც ასეთი შინაურული დამოკიდებულება ჰქონოდა ბოსის ქალიშვილთან.
- შენ თავს ზემოთ არ წვიმდა თუ როგორაა საქმე? - გაეხუმრა ნანათე «მშრალ» მდივანს.
- ჩემმა ძმამ მომიყვანა მანქანით. უი, როგორ დასველებულხარ, - ახლაღა შეამჩნია თამრიკომ თავიდან ფეხებამდე გაწუწული მენეჯერი.
- საშინლად.
- არ გაცივდე! გინდა, ჩემი ჟაკეტი მოგახურო?
- არა, არ მინდა. გავშრები, არაფერია, - ჩაიდუდღუნა თავისთვის და კაბინეტის კარი შეაღო, - თუ მიკითხოს, აქ ვარ, - ესროლა თამრიკოს და კარი შეიკეტა.
ოთახში შესულმა შიშისგან შეჰყვირა. დამლაგებელს ფანჯარა ღია დაეტოვებინა და წვიმა შიგნით ასხამდა. რაფის გასწვრივ, მთელ მონაკვეთზე, იატაკი მთლიანად დასველებულიყო. სირბილით მიირბინა ფანჯარასთან, მაგრამ სახელურისთვის ხელის ჩავლება ვერ მოასწრო, რომ ფეხი დაუსხლტა და იატაკზე ბრაგვანი მოადინა. ხმაურზე თამრიკო და ლიკატო შემოცვივდნენ.
- რა მოხდა? - შეშფოთებულებმა თითქმის ერთდროულად იკითხეს.
- დავეცი. ფეხი დამიცურდა და… - ნანათეს ისე ეწვოდა მარცხენა მუხლი, წამოდგომა გაუჭირდა.
- უი, სისხლი მოგდის! - შეიცხადა თამრიკომ, მიირბინა, ხელი ჩასჭიდა და წამოაყენა, - ლიკა, ჩემი მაგიდის უჯრაში აცეტონი და ბამბაა, მოიტანე, რა.
- არ მინდა, იყოს, - ტკივილისგან სახე დაემანჭა ნანათეს.
ლიკატო გავიდა და მალევე შემობრუნდა.
- აცეტონი დამწვავს, თამრი.
- არა უშავს, სამაგიეროდ, მალევე გაგივლის.
- რა ხდება აქ? - მოულოდნელად კარის ზღურბლს ილიამ გადმოაბიჯა.
- იატაკი სველი ყოფილა და წაიქცა, ბატონო ილია, - «უპატაკა» თამრიკომ.
- რამ დაასველა, კი მაგრამ? - მამაკაცმა ფანჯარას გახედა.
- ალბათ დამლაგებელს დარჩა ღია, - წამოიკვნესა ნანათემ.
- ეგღა აკლდა თქვენს პროფესიონალიზმს, - ცინიკურად შენიშნა ილიამ და გავიდა.
ნანათეს გულზე შემოენთო. იმის მაგივრად, რომ ერთი-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვა, აქეთ დაამადლა და თან დასცინა.
ღრმად ამოიოხრა და თვალები ცრემლით აევსო. ამ დროს ილიამ თავი შემოჰყო ოთახში.
- წადით სახლში, გამოიცვალეთ და ადამიანს დაემსგავსეთ.
- ამ თავსხმაში როგორ წავა, ბატ…
- ტაქსი გამოიძახეთ, - გააწყვეტინა უფროსმა თამრიკოს და გაუჩინარდა.
- ტაქსი გამოიძახეთ, - გამოაჯავრა მდივანმა ბოსი და ლიკატოს შეხედა, - არ გეწყინოს, მაგრამ ხანდახან ძალიან ურევს მამაშენი. საერთოდ არ იჩენს ზრდილობას.
- მეც ეგრე მექცევა ხანდახან, საწყენი რა არის. ჩემზე კარგად ვინ იცნობს მამაჩემს, - გაიღიმა ლიკატომ და ნანათეს შეხედა, - მე გაგაცილებთ.
- არა, თქვენ როგორ შეგაწუხებთ, არ არის საჭირო.
- სულაც არ ვწუხდები. საქმე მაინც არაფერი მაქვს. თან მეგობარმა უნდა გამომიაროს მანქანით, - შეცვლილი ხმით დააყოლა და მობილური მოიმარჯვა, კვლავ დაუმესიჯა ვიღაცას.
თამრიკომ და ნანათემ მრავლისმეტყველად გადახედეს ერთმანეთს. მიხვდნენ, როგორ მეგობარზეც იყო საუბარი.
- ლიკა, მომისმინე, გენაცვალე, - თამრიკომ იდაყვზე წაავლო ხელი, - ახლა შენ აქ მეგობარი რომ დაიბარო მანქანით და ნანათეც თან გაიყოლო, ეს უბედური სამსახურს დაკარგავს. არ ღირს… ჯობია, მართლა ტაქსი გამოვიძახოთ, კარგი? იმ მეგობარს მერე შეხვდი.
- არა, შეხვედრას არც ვაპირებ. თან ამ დილაუთენია, - ბავშვურად გაიცინა ლიკატომ.
- ჰოდა, მით უკეთესი. მე გავალ, დავრეკავ, შენ კი, თუ მართლა აპირებ, გააცილო, მამას უთხარი, იქნებ არ გიშვებს?
უეცრად ისევ გამოჩნდა ილია. სამივე ყურადღებით შეათვალიერა, თითქოს შეთქმულების მონაწილეებს აკვირდებაო, მერე მზერა ნანათეზე შეაჩერა.
- ტაქსი ათ წუთში აქ იქნება. აი, ფული! - თქვა და ათლარიანი მაგიდაზე დადო.
- არ არის საჭირო, ფული მაქვს, - შორს დაიჭირა მენეჯერმა.
- ვიცი, რომ გაქვთ, მაგრამ არც ეგ გაწყენთ! ჩათვალეთ, რომ სამსახურებრივი ტრავმის საფასურია, - უღიმილოდ გაიხუმრა და კარისკენ დაიძრა.
- მამა, მეც მივყვები.
- შენ? - მამაკაცი შეჩერდა და მკაცრად გახედა ქალიშვილს, - ერთი წუთით! ვერ გავიგე…
- ყველაფერი რიგზეა, ილია, რა მოგივიდა? - ტოლივით მიმართა მამას გოგონამ და გაიცინა, - ცოდოა მარტო, გავაცილებ.
ილიამ ვერაფერი თქვა. დაბნეული იდგა და შვილს შესცქეროდა.
- მერე მობრუნდები უკან თუ რას იზამ?
- არა, იქიდან სახლში წავალ. შუქი უკვე მოვიდოდა.
- როგორც გინდა… ფული გაქვს?
- კი, მაქვს, არ იდარდო. პურს მე ვიყიდი დღეს, შენ არ მოიტანო.
- კარგი, - ჩაიბურტყუნა ნირწამხდარმა და გავიდა. აშკარა იყო, ქალიშვილის გადაწყვეტილებით სულაც არ დარჩა კმაყოფილი.
სანამ ტაქსი მოვიდოდა, ნანათე ტუალეტში გავიდა და ხელები დაიბანა. შეძლებისდაგვარად, ქვედაბოლოც გაიწმინდა და ბოლოს თმაზეც გადაისვა სველი ხელი.
- ყველაფერს შეიძლება ეშველოს და ამ თმას აღარაფერი ეშველება, - თქვა გაგულისებულმა და იქვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შელეოდა თავის კულულებს და შაბათს ბიჭურად შეეკრიჭა თავისი ბუდესავით აგორგლილი თმა.
8 8 8
ერთი საათის შემდეგ ნანათე და ლიკატო მეკოს დაწკრიალებულ სამზარეულოში ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ, თან დიდი ხნის მეგობრებივით ბაასობდნენ.
- მამაჩემი ბრაზობს, ბევრად უფროსია შენზეო. მერე რა არის ამაში ცუდი? მთავარია, გვიყვარს ერთმანეთი. ასაკს რა ჭკუა აქვს? ბევრი მინახავს ტოლები, მაგრამ მალევე რომ დანგრევიათ ოჯახი. ამის გამო ხშირად ვკამათობთ.
- თუ კარგი ადამიანია, ასაკი არაფერ შუაშია, - მხარი აუბა ნანათემაც.
- მეც მაგას არ ვამბობ? ის კი არ მეთანხმება. უნდა, რომ მეც ყველაფერზე მისნაირი შეხედულება მქონდეს. ვერ იტანს, როცა რამეში არ ეთანხმებიან. შენ სულ არა ხარ ელისოსნაირიო, თავის მენეჯერს მადარებს, - გაიცინა ლიკატომ.
- მაგას მეც ხშირად მეუბნება, - ნანათემაც ვერ შეიკავა სიცილი, თან უხაროდა, ასე მალე რომ გამონახა ილიას ქალიშვილთან საერთო ენა.
- არ მომწონს ის ელისო! - გააგრძელა ლიკამ, - ისე მელაპარაკება ხოლმე, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო. და კიდევ… შეყვარებულია მამაზე.
- და მამაშენი არ არის შეყვარებული? - თავი ვერ შეიკავა ნანათემ, თუმცა იცოდა, რომ ასეთი შეკითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა.
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა გოგონამ, - ვფიქრობ, რომ არა. სულაც არ მჭირდება დედინაცვალი. მშვენივრად ვარ ასე.
«საწყალი ელისო», - გაიფიქრა ნანათემ.
- აი, რომ გავთხოვდები, მერე მოიყვანოს, თუ უნდა. მე მაინც ქმართან ვიცხოვრებ და… მერე კი დასჭირდება მომვლელი.
- შენი შეყვარებული რას წარმოადგენს?
- ბანკირია, - ამაყად განაცხადა ლიკატომ, - მალე უფრო დააწინაურებენ. მმართველის მოადგილე გახდება და მერე მამაჩემთან აპირებს მისვლას, რომ ჩემი ხელი სთხოვოს.
- ჭკვიანურია, - მოუწონა ქალმა გადაწყვეტილება და ლიკატოს თვალი ჩაუკრა.
გაგრძელება იქნება