ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი, მარინე თბილელი იყო.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.
"უამრავი წელი მაქვს დაკარგული უმოქმედოდ, როცა ძალიან მინდოდა თამაში, ვიყავი ახალგაზრდა და უფრო მეტისა და ხარისხიანის კეთება შემეძლო. დაახლოებით 15-20-მა წელმა, ჩემი დახმარებით თუ თავისდა უნებურად, ძალიან ფუჭად ჩაიარა. მომიწია იმ პერიოდში ცხოვრება, როცა ხდებოდა კატაკლიზმები და ჩვენი საქმისთვის დიდად არ ეცალათ. არ მივიჩნევ თავს იღბლიან მსახიობად, რადგან არ შედგა არც ერთი პროექტი, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემს შემოქმედებით გზას" - ამბობდა ბაია დვალიშვილი.
ბაიამ ოჯახი პირველად 17 წლის ასაკში შექმნა და მურმან ჯინორიას მეუღლე გახდა. ამ ამბავს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ყველა ამბობდა, რომ ბაიამ ეს ნაბიჯი ნაადრევად გადადგა - შედეგიც მალე დადგა და წყვილი წელიწად-ნახევარში დაშორდა.
"იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრისას ჩემში ემოციასაც კი არ აღძრავს. ეს იყო გატაცება და მეტი არაფერი. ზოგადად, ამ ასაკში ოჯახები გატაცებით, ვნებით, პროტესტით ან ჯინით იქმნება.
„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში დედა წყვეტდა ყველაფერს, მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით", - ამბობდა მსახიობი.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იყო მარტო. ეს ნაბიჯი მეორედაც გადადგა და ცოლად რეზო ხატისკაცს გაჰყვა, რომელთანაც 18-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებდა. მსახიობს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი, დედობა გვიან ეწვია - მას ერთი შვილი, მაკრინე ხატისკაცი ჰყავს.
"რეჟისორ ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”.