- რა და… - ნანათე წამით ჩაფიქრდა, მერე თვალი თვალში გაუყარა უფროსს და მტკიცე ხმით გააგრძელა, - თქვენ ყველა მონაცემი გაქვთ, რაც წეღან ჩამოთვალეთ, მაგრამ მაინც უქალოდ ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალები თქვენით არ იხიბლებიან და არ ცდილობენ თქვენს ხელში ჩაგდებას, - თქვა და მიხვდა, რომ ყველაზე დიდი სისულელე დააბრეხვა.
- მართლა? - გაეცინა ილიას, - რა საინტერესოა… აი, ამაზე არც კი დავფიქრებულვარ… იქნებ სულაც არ არის ასე და ყველაფერ ამის უკან სხვა რამე იმალება? - ეშმაკურად მოწკურა თვალები შეფმა.
- სხვა? - დაიბნა ნანათე.
- ჰო. იქნებ მე დასაწყისშივე ვხვდები მათ განზრახვას და ამიტომაც ვიგერიებ სუსტი სქესის ამგვარ შემოტევებს?
- ა! - შეახურა ნანათეს, - შეიძლება… - და აჭარხლებულმა თავი ჩაღუნა.
_- მამაკაცისთვის მთავარია, ქალთან თანამშრომლობა იცოდეს. თუ ეს ეცოდინება, კარგის და ცუდის გარჩევა არ გაუჭირდება.
ქალმა კვლავ შეხედა. მის მზერაში რაღაც უცნაური ნაპერწკალი დაიჭირა და კითხვაც უეცრად დაებადა.
- თქვენ ეს არ გიჭირთ და ამიტომაც ხართ მარტო? კარგი ქალი დღემდე ვერ აღმოაჩინეთ, არა?
- ვეძებ… - ისე გაიღიმა ილიამ, თითქოს აქებდა ნანათეს, მის აზრს რომ ჩასწვდა.
- წარმატებას გისურვებთ, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ფეხები ერთმანეთს მიატყუპა და მოკლე ქვედაბოლო მუხლისთავისკენ დაქაჩა.
- კარგი, ახლა საქმეს მივხედოთ. ეს ერთგვარი გონების ვარჯიში იყო, მეტი არაფერი… რა ჰქენი, გადახედე?
- დიახ, ყველა სცენარს გავეცანი, - გამოცოცხლდა ნანათე და ჩანთიდან ორად გაკეცილი ფურცლები ამოიღო, - მესამე ყველაზე მეტად მომეწონა, დამაინტრიგებელია უფრო.
- მესამე? - გოკიელი წელში გასწორდა და ოდნავ წინ გადმოიხარა, - «კარი შეაღე»?
- დიახ… რატომღაც, უფრო დამაინტრიგებელი მეჩვენა.
- კარგი… დიდი მადლობა.
ნანათეს უნდოდა ეკითხა, თქვენ რომელი მოგეწონათო, მაგრამ ვეღარ გაბედა. არადა, როგორ აინტერესებდა, გაეგო, ემთხვეოდა თუ არა მათი გემოვნება ერთმანეთს. ილია კი ჯიუტად დუმდა, მხოლოდ იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
- ახლა კი, თამრიკოს უთხარი, ყავა მომიდუღოს და ქსელის ადმინისტრატორი გამოიძახოს, ჩემს კომპიუტერს რაღაც დაემართა, ვეღარ ჩავრთე ამ დილით.
- დიახ… ახლავე, - ნანათე კარისკენ გაემართა.
- რატომ არ მკითხე, მე რომელი სცენარი მომწონდა? - დაეწია ბოსის ხმა.
ქალი შეჩერდა. ჯერ მხრები აიჩეჩა, მერე ხელები გაშალა და მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა.
მამაკაცი მრავლისმეტყველი ღიმილით მისჩერებოდა. ნანათემ კეკლუცად ჩაიცინა, ცალი წარბი საბედისწერო ქალივით ასწია და მცირე პაუზის შემდეგ მიუგო:
- როგორც ჩანს, ამ ერთ რამეში მაინც დაემთხვა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს.
ილიამ მოწონების ჟესტი ნიკაპზე ხელის მოსმით გამოხატა და ცნობისმოყვარედ იკითხა:
- როგორ მიხვდი, ოკუპანტო?
- ფატალურ ქალებს ასეთი რამ არ ეშლებათ, ბატონო ილია! - მაცდურად შეჰღიმა უფროსს, თეძოები ვნებიანად გაარხია და გავიდა.
8 8 8
ამასობაში შაბათიც დადგა. ნანათე დილიდან ემზადებოდა ლიკატოს დასახვედრად. სახლი დააწკრიალა, ნამცხვრის გამოსაცხობად მასალა მოიმარაგა და ოთახებიც გაათბო.
- რას იცვამ? - ჰკითხა მეკომ, რომელსაც ლაქწასმული თითები გაეფარჩხა და სულს სასაცილოდ უბერავდა.
აი, რა კარგი შეკითხვაა! გაახსენდა უეცრად ნანათეს. მართლა და, რას იცვამს?
არჩევანი რთული აღმოჩნდა. ლიკატო შეიძლება მამამისმა მოიყვანოს. ხალათში ხომ არ დახვდება? ვერც ძალიან გამოიპრანჭება, რომ ილიამ არ იფიქროს, მეპრანჭებაო. იქნებ ჯინსი ჯობია? არც მთლად სადღესასწაულო იქნება და არც მთლად შინაურული.
- ჯინსის შარვალს ჩავიცვამ, - ისე უპასუხა, თითქოს ამაზე უკვე ჰქონდა ნაფიქრი, - უფრო პრაქტიკულია.
- მეც ეგრე მგონია, - მოუწონა დაქალმა არჩევანი, - მე წავედი და საღამომდე არ მელოდო.
- სად მიდიხარ? - არ ესიამოვნა მეგობრის გადაწყვეტილება.
- ავთოს უნდა შევხვდე, აქ ხომ არ ჩამოგიჯდებით, აბა! - უკმაყოფილება გაისმა მის ხმაში.
- მერე რა? შენც დარჩი, ერთად ვიყოთ, რაში შემიშლი ხელს?
- ჯობია, წავიდე, თორემ ჩემი ენის ამბავი რომ ვიცი, რაღაც მწარე წამომცდება და შენ ამას არ მაპატიებ, - თქვა და გავიდა.
ნანათეს გულზე მოხვდა მეკოს სიტყვები. რატომ ერჩის? მის რჩევას ყური რომ არ დაუგდო, იმიტომ? თუ მართლა არ მოსწონს ილია? მაგრამ ის ხომ თვალით არ უნახავს? ახია მასზე, თვითონ გააფუჭა ყველაფერი. ისეთ რამეებს უყვებოდა თავის უფროსზე, თავიდანვე შეაძულა იგი. არადა, რა უცნაურად განვითარდა მოვლენები. როგორ ყველაფერი შეიცვალა!
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ნანათე მობილურს ეცა. ლიკატო რეკავდა.
- მეგობარი რომ მოვიყვანო, შეიძლება? - მორიდებით შეეკითხა გოგონა.
- რა თქმა უნდა, რა პრობლემაა, მოდით, გელოდებით, - უპასუხა და გათიშა თუ არა, მაცივარს ეცა, სასწრაფოდ სუფრის გაშლას შეუდგა.
კიდევ კარგი, გაითვალისწინა და სანოვაგე მოიმარაგა. ეგრეც იფიქრა. მეგობარი არა, მაგრამ ეგონა, ილია მოაცილებდა თავის ქალიშვილს, ნანათე კი შინ შემოიპატიჟებდა. რა ჭკვიანია, როგორი წინდახედული! ნეტავ ვინ მოჰყავს? დაქალი თუ შეყვარებული? რა მნიშვნელობა აქვს, მისთვის სულერთია! მთავარია, კარგად დახვდეს და არ მოაწყინოს. თუ დღეს სწავლების კურსს ვერ ჩაუტარებს, არც ამით დაშავდება არაფერი. სხვა დროისთვის გადადებენ, - ფიქრობდა თავისთვის და იღიმოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა. ნანათე ჰოლში გავიდა და გასაღები გადაატრიალა. ის იყო, კარი გამოაღო და სტუმრებს უნდა მისალმებოდა, რომ ღიმილი პირზე შეაშრა…
სადარბაზოში ლიკატო და ბესო იდგნენ.
8 8 8
ნანათეს თვალები გაუფართოვდა ბესოს დანახვაზე. თავდაპირველად ვერც მიხვდა, რა ხდებოდა. იქნებ ბესო მის სანახავად მოვიდა და ლიკატოს შემთხვევით შეხვდა აქ? ხომ შეიძლება, ერთდროულად მოსულიყვნენ? მაგრამ ლიკას მეგობარი? ის სადღა გაქრა? თან როგორი არაფრის მთქმელი ღიმილი დასთამაშებს ვაჟბატონს ტუჩებზე!
- მობრძანდით! - თავს ძალა დაატანა ნანათემ და განზე გადგა, რომ დაპატიჟებული და დაუპატიჟებელი სტუმრები გამოეტარებინა.
- გამარჯობა, ნანათე! - ლიკატო გადაეხვია, მერე კი თანმხლები მამაკაცისკენ ღიმილით გაიხედა, - გაიცანი, ეს ბესოა, ჩემი მეგობარი.
აჰა! თურმე რა ყოფილა! ნანათეს ალმურმა აჰკრა, მაგრამ არ დაბნეულა. ნაძალადევი ღიმილით დაუკრა თავი ყოფილ შეყვარებულს და ხელი ჩამოართვა.
ღმერთო, როგორ გაოფლიანებია ხელისგული! ნეტავ ვერ იგრძნოს ბესომ! რა სირცხვილია!
- ძალიან სასიამოვნოა, - ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა და მოსულებს სასტუმრო ოთახში შეუძღვა.
- მარტო ხარ? - ლიკამ ირგვლივ მიმოიხედა.
- ჰო, მარტო ვარ. მეკო ახლახან გავიდა. მე ახლავე მოგხედავთ. თქვენ გაიხადეთ და დასხედით, - ნანათე სამზარეულოში შევარდა, კარი მოიხურა და რაც შეიძლებოდა, ღრმად ამოისუნთქა, რომ ნერვები მოეთოკა.
- ხომ არ მოგეხმარო? - რამდენიმე წუთის შემდეგ ლიკამ შემოაღო კარი.
ნანათე უკვე ნამცხვრის ნაჭრებს ალაგებდა თეფშზე.
- კარგს იზამ… ჩაიდანი შემოდგი და ყავა დავლიოთ. ნამცხვარი მაქვს, შოკოლადი, ხილი… ვაშლის ღვეზელიც მექნებოდა, მაგრამ მეგონა, ერთად გამოვაცხობდით და ამიტომ…
- ნუ წუხდები, ნან… ჩვენ არაფერი გვინდა. ყავას დავლევთ და ეგ არის.
- შენი არ მერიდება, მაგრამ ის ადამიანი პირველად არის ჩემთან და თავს ხომ არ შევირცხვენ, - სიმწრით გაიღიმა ნანათემ და გოგონას მზერა აარიდა. ვერ იტანდა, ტყუილის თქმა რომ უწევდა.
ვინ იცის, ბესო რამდენჯერ ყოფილა მასთან. ადრე შინაურივით მოდიოდა, ახლა სტუმრის სტატუსით «დაესხა თავს». რა საშინელებაა! რაღა ბესოს გადაეყარა ეს გოგო? აი, ბედის ირონია! კიდევ კარგი, მეკო წავიდა, თორემ ვერ გადარჩებოდა! ის თავს ვერ შეიკავებდა და ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. როგორ გადარჩა! არა, ამას არ იტყვის მეკოსთან, არც ცისიასთან უნდა წამოცდეს, რა საოცრებაც ხდება მის ცხოვრებაში. როგორმე უნდა დამალოს ეს ამბავი.
ისიც როგორ უტიფრად იღიმის! ვითომ აქ არაფერი! დამპალი! საზიზღარი! გამოდის, ლიკატოზე ამბობდნენ, ვიღაც გოგონასთან ერთად დავინახეთო, რომ ეუბნებოდნენ. ვინ იფიქრებდა! როგორ არ შერცხვა, აქ რომ გამოჰყვა? თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი!
სუფრა რამდენიმე წუთში გაიშალა. სტუმრებთან ერთად, ნანათეც მიუჯდა მაგიდას, მაგრამ ეკლებზე იჯდა. უნდოდა თუ არ უნდოდა, თვალები ბესოსკენ გაურბოდა და ცდილობდა, მზერა აერიდებინა მისთვის. განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როცა მამაკაცი ლაპარაკობდა.
- დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ? - მოულოდნელად ნანათე ყოფილ შეყვარებულს მიუბრუნდა და ისეთი გამგმირავი მზერა ესროლა, თვითონაც კი შეეშინდა, ლიკატო არაფერს მიხვდესო.
ლიკა არა, მაგრამ ბესო მიუხვდა და იდუმალი ღიმილი გამოესახა.
- კი, დიდი ხანია, - თითქოს ნიშნის მოგებით უპასუხა.
ნანათე აილეწა. იგრძნო, რომ ეს რაუნდი წააგო.
- გააჩნია, რას ეძახი დიდ ხანს, - შენიშნა ლიკატომ, - ადრე საქმის გამო ვხვდებოდით ერთმანეთს, მამამ ანგარიში გამიხსნა ბანკში და უშუალოდ ბესოსთან მქონდა საქმე. მერე რაღაც სხვანაირად შემომხედა. მეც სხვანაირად შევხედე. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ორივეს მოგვეწონა ერთმანეთი. ერთხელაც, დამირეკა, რაღაც საკითხია გასარკვევი თქვენს ანგარიშთან დაკავშირებითო და… - ლიკატომ გადაიკისკისა, - აი, გავარკვიეთ.
ნანათემ ძლივძლივობით გაიღიმა. არა, კი არ გაიღიმა, ტუჩები უშნოდ დაებრიცა.
- საინტერესო თავგადასავალია, - ხმადაბლა შენიშნა და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ბესოს.
მამაკაცმა თავი გვერდზე გადახარა, წარბები აზიდა და მიანიშნა, რას იზამ, ასეც ხდებაო.
სწორედ ამ დროს ლიკატოს მობილურის ზარი გაისმა.
- აი, მამა მირეკავს! - წამოიძახა გოგონამ, მაგიდიდან ტელეფონი აიღო და ჰოლში გავიდა.
ნანათე და ბესო მარტო დარჩნენ. ერთხანს უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა.
- მდაა! - რაღაც თქვა ნანათემ.
- ჰო! - რაღაც ბესომაც თქვა და დაბნეულმა მხრები შეარხია.
- მოსალოცი ამბავია, ვერაფერს იტყვი, - დაუნდობლად დაიწყო ქალმა, - ასეთი მდიდარი კაცის ქალიშვილთან რომანი წარმატებას გიქადის - კარიერას, ქონებას, წინსვლას…
- ეგ მე არ მაკლია, ნან, შენც ხომ იცი. არც მე ვარ ღარიბი ოჯახიდან.
- რა თქმა უნდა, არც შენ ხარ, - ირონიული ტონით დაეთანხმა ნანათე, - მაგრამ ხომ გაგიგონია, ფული ფულს აკეთებსო. სად ორის ქონება და სად ერთის.
- არ გინდა… ასეთი რამეები შენ არ გიხდება, არ დევს შენს ხასიათში.
- შენ რა იცი, ჩემს ხასიათში რა დევს? - აჭარხლებულმა ქალმა გაღიზიანებული ტონით მიუგო, - ამის შესწავლის არც სურვილი აღგძვრია არასდროს და არც დრო დაგითმია.
- მე შენ ძალიან კარგად გიცნობ, შენ გაცნობას სულაც არ სჭირდება დრო. ძალიან მარტივი გამოსაცნობი ხარ - თავიდან ბოლომდე სათნოებას აფრქვევ, - თქვა ბესომ და თითები ერთმანეთში გადახლართა.
ვერ მიხვდა ნანათე, მამაკაცი ამწუთას გულწრფელი იყო თუ ირონიულად ამბობდა სათქმელს. ვერც მისმა მზერამ უთხრა ვერაფერი. ბესოს გამოხედვაში სამაგიეროს გადახდის «ნიშანწყალი» არ შეინიშნებოდა.
- სხვა რაღა დამრჩენია, ბედნიერებას გისურვებთ, - დანებდა ნანათე, - თუმცა, არ გეჩვენება, რომ ძალიან ნორჩია შენთვის?
- სიყვარულმა ასაკი არ იცის.
- რა ბანალური ფრაზაა! მხოლოდ ამით შეგიძლია თავის მართლება? - ზიზღით გამოცრა ნანათემ.
- თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს, - არ დაუთმო ბესომ.
ქალი მიხვდა, რომ მათი საუბარი არასასიამოვნო გზით მიდიოდა, ამიტომ ადგა და სამზარეულოში გავიდა. ცრემლებს ვერ იკავებდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, რისგან იყო ეს ცრემლები გამოწვეული - ძველი სიყვარული ენანებოდა თუ ბესო სხვასთან რომ უფრო ბედნიერი ჩანდა, ეს ტკენდა გულს.
- ნანა, აქ ხარ? - ლიკატომ შემოიხედა და სახეზე ხელებაფარებული ნანათე რომ დაინახა, შეშფოთდა, - რა გჭირს? მოხდა რამე? - მსწრაფლ მიეჭრა და მაჯებში წვდა.
ნანათე დაიბნა. ოდნავ გაიღიმა, თვალები ფართოდ გაახილა და ხმადაბლა თქვა:
- არა, არაფერი, ლიკა, - ამჯერად ფართოდ გაიღიმა, - ამ თვალებმა მომკლა! ორი დღეა, მეწვის. ხანდახან ისე ძალიან ამტკივდება, რომ ცრემლები მომდის. ექიმთან უნდა მივიდე.
- რას ამბობ! რა ცუდია! გინდა, მე წაგიყვანო? მამას ჰყავს ძალიან კარგი ოფთალმოლოგი, ვაკეში მუშაობს.
- არა, დიდი მადლობა. მეც მყავს, იმასთან მივალ ამ დღეებში აუცილებლად. არა უშავს, ახლა გამივლის, უკვე ჩავიწვეთე წამალი.
- ახლა? - ლიკატომ უნდობლად შეხედა.
- ჰო, იმიტომაც მქონდა ხელები აფარებული. სანამ შენ მამაშენს ელაპარაკებოდი… - დამაჯერებლად მიუგო ნანათემ, გოგონას გვერდი აუარა, კარადის უჯრიდან ქათქათა ხელსახოცი ამოაძვრინა და თვალებში ამოისვა, - მორჩა, ახლა ყველაფერი რიგზეა, გავიდეთ.
ლიკატო, ცოტა არ იყოს, დაბნეული უკან მიჰყვა…
8 8 8
საშინელი დღე იყო! საშინელი! იმაზე უარესი, ვიდრე მაშინ, როცა ბესოს დაშორდა! მაშინ შეძლებისდაგვარად მშვიდად შეხვდა შეყვარებულის «საბრალდებო დასკვნას», ზედმეტი ისტერიკის გარეშე. ახლა კი… სანამ აქ იყვნენ, კიდევ არა უშავდა, მაგრამ წავიდნენ თუ არა, ისეთი ღრიალი ამოუშვა, აბაზანაში რომ არ შეკეტილიყო, მეზობლები გაიგონებდნენ.
არადა, ვერ ხვდებოდა, ასე ძალიან რამ გაამწარა. ბესო, ფაქტობრივად, უკვე დაივიწყა. უფრო მეტიც, ბოლო ხანს მხოლოდ ილიაზე ფიქრი ურღვევდა სიმშვიდეს, მაგრამ მაინც… ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს საყვარელმა ადამიანმა თავმოყვარეობა შეულახა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა. სინამდვილეში სულაც არ იყო ასე. რა იცოდა ბესომ, ნანათე თუ მისი სასიმამროს თანამშრომელი იყო? ან ლიკატოსთან ასეთი მეგობრული ურთიერთობა თუ ექნებოდა? ეს ხომ შემთხვევით მოხდა?
შემთხვევით… ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო… რაღა ნანათესთვის მოიცალა ბედის ირონიამ? რატომ გაიმეტა ასე? როგორ მოუჭირა თითები დამშვიდობების წინ და როგორი თვალებით შეხედა იმ ნაძირალამ! თითქოს ეუბნებოდა, შენ მაინც სხვა იყავიო… რამდენს იცინებს, ორივეს რომ დაუწყოს დევნა - მასაც და ლიკატოსაც. აი, მაშინ კი მოხვდება ყბაში, აბა, გაბედოს ერთი!
ნეტავ არავინ გაიგებდეს მისი და ბესოს ურთიერთობის ამბავს. იმედია, საიდუმლოდ დარჩება. ან კი საიდან უნდა გაიგონ? ბესოს არაფერში აწყობს ამის გამხელა, ნანათეს - მით უმეტეს. სხვა კი… მეკო? არა, მეკო მათ არ იცნობს. ცისია? აი, ეგ კი არის პრობლემა.
ერთხელაც კახასთან რომ აღმოჩნდნენ სტუმრად ბესო და ლიკატო, ცისია ყველაფერს მიხვდება. როგორმე უნდა გააფრთხილოს, რომ არაფერი წამოცდეს.
ღმერთო! რატომ უფრთხის ასე ამის გამჟღავნებას? რა მოხდა მერე, თუ ადრე ბესოსთან რომანი ჰქონდა? მათი ურთიერთობა ხომ ცოლქმრობამდე და ჯვრისწერამდე არ მისულა? ერთხანს დადიოდნენ ერთად და მერე გაშორდნენ. მაგალითად… ხასიათის შეუთავსებლობის გამო… მშვენიერი ფორმულირებაა.
არა, ამაში არ არის საქმე. ეს სულაც არ აღელვებს ნანათეს. მას სხვა რამის ეშინია. ეშინია იმის, რომ ბესოს გამოჩენამ ილიასთან ურთიერთობაში არ შეუშალოს ხელი. ხომ დანამდვილებით იცის, მისმა შეფმა ეს ისტორია რომ გაიგოს, ნანათეს სამუდამოდ მოიძულებს. და ასეც რომ არ მოხდეს, ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავს მისი სიძისა და ცოლის დამოკიდებულებას. ცოლის!.. აი, სანამდე მივიდა ნანათეს ოცნებები! უკვე შორეულ მომავალში გადაფრინდა და თავი ბოსის მეუღლედ წარმოიდგინა. უკაცრავად! არ წარმოუდგენია! უბრალოდ, დაუშვა შესაძლო ვარიანტი. ხომ შეიძლება, ილია ისე შეეჩვიოს, ერთხელაც ცოლობა სთხოვოს? გამორიცხული არაფერია!
ამ ფიქრებით დამძიმებული გამოცხადდა ორშაბათს სამსახურში. იქ კი უფრო «მძიმე» სიურპრიზი დახვდა.
თამრიკო მის დანახვაზე, რატომღაც, ფეხზე წამოდგა. ნანათე თბილად მიესალმა, მოიკითხა. რატომ არ დადიოდიო, დაინტერესდა. მდივანი დაბნეული მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა.
- რა გჭირს? - ვერაფერს მიხვდა მენეჯერი.
- რომ მოვა, ჩემთან შემოვიდეს ეგრევეო, - ძალიან ხმადაბლა მიუგო თამრიკომ.
ნანათეს ფერი წაერთვა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. როგორც ჩანს, გაიგო ყველაფერი და ახსნა-განმარტებას მომთხოვსო ალბათ.
- რა უნდა? - გამომცდელად ჩახედა თამრიკოს თვალებში, არაფერი გამომაპაროსო.
- არ… არ ვი… ვიცი, - ენის ბორიკით უპასუხა მდივანმა, - თვითონ გეტყვის.
ამ იდუმალმა ტონმა ცოტათი დაამშვიდა მენეჯერი. საქმე რომ ბესოს ეხებოდეს, თამრიკო ასე შეშინებული არ დახვდებოდა. გამოდის, სხვა რაღაც ხდება, რაც თამრიკომაც იცის. რა? სამსახურიდან უნდა დაითხოვოს? რამე ვერ გააკეთა დროზე? მგონი, წინა კვირას შეაქო კიდეც, კარგად მუშაობო!
- კარგი, უთხარი, მოვიდა-თქო და შევალ ცოტა ხანში, - თავისდა გასაკვირად, აუღელვებლად წარმოთქვა და თავის ოთახში შევიდა.
ლაბადა სკამზე გადაკიდა, კომპიუტერი ჩართო და სარკეში ჩაიხედა. რა სევდიანი მზერა გაუხდა. რამდენი საფიქრალი დაუგროვდა ამ ორ დღეში. რა ეშველება!
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ეგონა, თამრიკო ატყობინებდა, ილია გელოდებაო, მაგრამ შეცდა.
- გისმენთ!
- გამარჯობა! ელისო ვარ, ილიას მენეჯერი, - გაისმა ქალის წვრილი ხმა.
- ო! - მოულოდნელობისგან მხრები შეუტოკდა ნანათეს, - დილა მშვიდობისა, ქალბატონო ელისო. როგორ ხართ?
- უკეთ, უკეთ, დიდი მადლობა. აბა, თქვენ როგორ აუღეთ ალღო საქმეს? ხომ არ გაგიჭირდათ? - ბოსის რჩეული მენეჯერის ხმაში ოდნავ შესამჩნევი დამცინავი კილო იგრძნობოდა.
ამან ნანათე ძალიან გააღიზიანა.
- არა, რატომ უნდა გამჭირვებოდა? მშვენივრად მიდის ყველაფერი, - ნიშნის მოგებით მიუგო.
- მოხარული ვარ. ბატონმა ილიამ ალბათ გითხრათ უკვე, არა?
- მითხრა? რა უნდა ეთქვა ილიას?
- არ გინახავთ?
- ჯერ არა, ეს წუთია, მოვედი.
- აჰა… კარგი მაშინ, დავურეკავ მე თვითონ, - მშრალად წარმოთქვა ქალმა, უდავოდ, უკმაყოფილომ იმით, რომ ნანათემ ასე შინაურულად წარმოთქვა მისი სათაყვანებელი მამაკაცის სახელი და გათიშა.
ახლაღა მიხვდა ნანათე, რატომ ჰქონდა თამრიკოს ასეთი დაბნეული სახე. როგორც ჩანს, ელისომ დროზე ადრე გადაწყვიტა სამსახურში დაბრუნება. ამიტომაც არ «ახარა» მდივანმა არასასიამოვნო ამბავი.
…რამდენიმე წუთის შემდეგ ნანათე, უკვე სრულიად დამშვიდებული და მოღიმარიც კი, ბოსის წინაშე იდგა. ილიამ საუბარი ერთობ «დელიკატური» ფორმით დაიწყო.
- როგორ ხარ? - მოიკითხა მენეჯერი და თანამშრომლური ღიმილით დაასაჩუქრა.
- არა მიშავს, გმადლობ, - ნანათემაც გაუღიმა.
- ელისომ დამირეკა.
- ო! - მსუბუქად შეიცხადა ქალმა, ვითომ მოულოდნელი იყო მისთვის ეს განცხადება.
- იქითა ორშაბათს აპირებს სამსახურში გამოსვლას.
- იქითა ორშაბათს? - ცოტა არ იყოს, გაუკვირდა ნანათეს, ეგონა, ხვალვე დაატოვებინებდნენ აქაურობას.
ორშაბათამდე მთელი ხუთი დღეა!
უფროსმა ჩაახველა…
- ველაპარაკე… ავუხსენი, არ არის აუცილებელი, სანამ კარგად არ გამოკეთდები, გამოხვიდე-მეთქი, მაგრამ თავისას არ იშლის, მინდა, დროზე დავბრუნდეო.
- დროზეო… - მრავალმნიშვნელოვნად გაიმეორა ნანათემ.
- დროზეო… - გაიმეორა ილიამ.
- რა თქმა უნდა… აბა, სხვას რას იტყოდა? - გაკენწლა ქალმა ძველი მენეჯერი.
- მეგონა, ცოტა მეტხანს მოგიწევდა აქ დარჩენა, - წარმოთქვა მამაკაცმა.
- მეც მეგონა, - ცივად მიუგო ნანათემ. სხვა რა უნდა ეთქვა?
უხერხული პაუზა გაიწელა, არც ერთმა არ იცოდა, რაზე ჩამოეგდოთ საუბარი.
- ნუ… - თავს ძალა დაატანა მენეჯერმა, - ოდესღაც ხომ მაინც ასე უნდა მომხდარიყო. ეს კარგი ამბავია, ჩემი აზრით.
- ჰო, აბა რა, - უპასუხა ილიამ, თუმცა ხმაშივე ეტყობოდა, მთლად არ იყო ამაში დარწმუნებული.
- ეს კარგი ამბავია, - გაიმეორა ქალმა, თუმცა ამჯერად ხმა შეცვლოდა, - ყველაფერი დალაგდება და სანერვიულოც ნაკლები გექნებათ… ყოველ შემთხვევაში, ჩემსავით არ დაიგვიანებენ და არც ყავა დაეღვრებათ თქვენს ხალიჩაზე თუ მაგიდაზე. არავითარი უსიამოვნება!
- არავითარი, - ჩაიბუტბუტა დაბნეულმა ილიამ.
- მაშინ მე ნელ-ნელა დავიწყებ ჩემი ნივთების ჩალაგებას, - კიდევ ერთი მტანჯველი პაუზის შემდეგ გააგრძელა ნანათემ, - არა უშავს, რამეს ვიშოვი. განცხადებას გამოვაქვეყნებ ან რომელიმე სააგენტოს მივმართავ.
- რა სააგენტოს?
- დასაქმების. იქნებ სადმე რამე უფრო ხეირიანი გამოჩნდეს.
«უფრო» ხაზგასმით იყო ნათქვამი, რაც ილიას არ გამოჰპარვია. თვალები ასწია და კითხვით სავსე მზერა ესროლა მენეჯერს.
- მიმართე… აუცილებლად გამოჩნდება რამე, უფრო ხეირიანი, - უფროსის ნათქვამი «უფროც» ხაზგასმულად გაისმა.
ნანათე წამოდგა და უთქმელად დატოვა ბოსის კაბინეტი. სამდივნოში გამოსულს თამრიკოს ცნობისმოყვარე მზერა შეეფეთა. ახლა მისი თავი არ ჰქონდა. არც გაუღიმა, არც არაფერი უთხრა, ოთახი გადაჭრა და თავის კაბინეტში შევარდა.
მორჩა, ყველაფერი მთავრდება! არა, არა, ის შეყვარებული არ არის. რაც უნდა დაუჟინოს მეკომ, სიყვარული აქ არაფერ შუაშია. ის კი არა, იმდენად გაუცრუვდა იმედი, რომ აღარც კი მოსწონს ეგ ილია! მთელი ცხოვრება მშვენიერი და იდეალური ელისოს შემცვლელად ხომ არ მოიაზრებს თავს? გამოჩნდება ვინმე, უფრო ღირსეული. მამაკაცი, რომელიც მის პიროვნებას მეტად დააფასებს!
* * *
მეკომ ახალი ამბავი რომ გაიგო, გაბრაზდა, მაგრამ როგორ გაბრაზდა. ცოფები ყარა.
- ეგ უნამუსო ეგა! შენ კი ნამდვილი შტერი ხარ! გამუშავა, გეჩხუბა, გამოგლანძღა, ნამცხვრები გაცხობინა, ლამის მოსამსახურედ გაგხადა და ახლა კარგად იყავიო? ეს ვინ ყოფილა! დავიჯერო, ერთი შტატი ვერ გამონახა შენთვის? არ გამონახა, ჩემო კარგო! ახლა დარწმუნდი, რა ნაგავიცაა? თავიდანვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა! მისნაირი უჟმური კაცისგან კარგს არ უნდა ელოდო! მაგას თავის ცოლის მოგონებაში ამოხდება სული! საწყალი მისი შვილი! მარტო ეგ გოგო მეცოდება, შენ კი არა, შენ არ მეცოდები! იმიტომ, რომ დებილი ხარ! ვერ ისწავლე ჭკუა!
გაგრძელება იქნება